დედა ღვთისმშობელი - ასე ეძახიან ქართველები მარიამ ღვთისმშობელს. დედა ღვთისასაც ამბობენ, მაგრამ დედა ღვთისმშობელი თითქოს უფრო გვაახლოებს უფლის მშობელთან. იგი ჩვენთვისაც დედაა და ყოველი გაჭირვების თუ დალხინების ჟამს მას შევთხოვთ თანადგომას, უფალთან შუამდგომლობას.
ღვთისმშობლის სახე, მისი ნაღვლიან-სევდიანი, მაგრამ სასოებით სავსე გამოხედვა ოდითგანვე რწმენით აღავსებდა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. ღვთისმშობელი ყოველთა მეოხი და ყველა გაჭირვებაში შემსმენელია.
გურამი (25 წლის): - დედა რომ გარდამეცვალა, საშინელი სასოწარკვეთა დამეუფლა. გიკვირთ ხომ ახლა, ჩვენს გრძნობებისგან დაცლილ სამყაროში ბიჭისგან დედის ასეთი სიყვარული? მაგრამ მე მის გარდა არავინ გამაჩნდა. მამა და დედა ადრე დაშორდნენ ერთმანეთს. მამას თურმე სხვა ქალი უყვარდა და მასთან წავიდა. დედამ ისე გამზარდა, უმამობა არ მაგრძნობინა. ისე, ამ სიტყვებში მხოლოდ სურვილია მარტო დარჩენილი ქალისა (უმამობა არ ვაგრძნობინოო), თორემ როგორ შეიძლება მამა არ გიყვარდეს და უმამობა ვერ იგრძნო, მით უმეტეს, ბიჭმა. დედა მორწმუნე ქალი იყო და ყოველ შაბათ-კვირას მასთან ერთად დავდიოდი ეკლესიაში. ისე მშვიდად წავიდა ამ ქვეყნიდან, გეგონებოდა, მეჯლისზე მიდისო, თუმცა ვიცოდი, რომ ძალზე უჭირდა ჩემთან განშორება. მითხრა კიდეც: - ჩემს წინაპრებთან მივდივარ და არ მეშინია, შენი მიტოვება მიჭირს, მაგრამ ვიცი, ღვთისმშობელი იქნება შენი მფარველი, იგი ხომ უდედოდ დარჩენილთა განსაკუთრებული მეოხიაო. ზოგჯერ მართლა თვალნათლივ ვგრძნობ მის შემწეობას, მაგრამ ერთი რამ მაშფოთებდა დიდხანს - ღვთისმშობლის ხატთან რომ ვდგებოდი, დედაჩემს ვხედავდი. ამას ვინანიებდი, მაგრამ მოძღვარმა დამამშვიდა, დედა ღვთისას სახეში საკუთარი მშობელი რომ დაინახო, ეს ცუდი არ არის, ოღონდ ეგაა, დედას, მკვდარსაც და ცოცხალსაც, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული სჭირდებაო. ახლა უკვე ცოლშვილიანი კაცი ვარ, ჩემს გოგონას მარიამი დავარქვი, არა ამპარტავნებით, არამედ იმის სურვილით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი გაიზარდოს.
დარეჯანი (60 წლის): - ღვთისმშობელს ასე მიმართავს ქართველი კაცი: "ღვთისა სძალო", "ყოვლადწმინდაო დედუფალო", "უხრწნელო დედაო ქალწულო"... დიდი სიყვარული, რიდი და სასოებაა დაუნჯებული ამ სიტყვებში. ღვთისმშობელი ჩვენი ცოდვილი სულებისთვის ნავთსაყუდელია და უამრავი რამ გამახსენდება დედა ღვთისასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული მფარველობა ბავშვების ავადობის დროს მიგრძნია. უფროსი გოგონა რომ მეყოლა, მხოლოდ 19 წლის ვიყავი. მე და ჩემი ქმარი, ორივენი ობლები ვიყავით და თბილისში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. მე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვსწავლობდი, ჩემი მეუღლე ჩემზე ორი წლით უფროსი იყო და უნივერსიტეტს ამთავრებდა. რომ იტყვიან, კაცი არ იყო ჩვენი პატრონი, სტიპენდიით ვცხოვრობდით - ბინის ქირას ვიხდიდით და ხანდახან ხმელა პურზე გადავდიოდით, მაგრამ ბედნიერები ვიყავით. ერთ რამეში კი უნდა გამოვტყდე - წირვა-ლოცვა და ეკლესიაში სიარული ჩვენთვის მაშინ უცხო ხილი იყო. ბავშვი საოცრად ჯანმრთელი იყო, მაგრამ ეტყობა, ვერ მოვუარე - გამოცდილება არ მეყო და ავად გამიხდა. სამი დღე-ღამე იწვოდა ბავშვი. ექიმი მეზობლებმა გამოიძახეს, იმან კი ისეთი წამალი დაუნიშნა, მაშინ რომ არსად იშოვებოდა. ტირილით ვკვდებოდი, ჩემს გოგონას რომ ვუყურებდი. იწვა და თვალს არ მაშორებდა, თითქოს გრძნობდა ჩემს უმწეობას და ვეცოდებოდი. ერთ საღამოს მე და ჩემი მეუღლე სასოწარკვეთილი ვისხედით და უმწეოდ შევყურებდით ერთმანეთს. ბავშვის ნათლია გვესტუმრა - მორწმუნე გოგონა იყო და ყოველ ლოცვაში იხსენიებდა ჩვენს ოჯახს, განსაკუთრებით თავის ნათლულს. გვითხრა, - როცა ღვთისმშობელთან ვლოცულობდი, თითქოს მზერით რაღაცას მანიშნებდა და თქვენ გამახსენდითო. ჩვენი ამბავი რომ გაიგო, ჯერ კარგად გამოგვლანძღა, - პირი რად დაგიღიათო, მერე ახლობელთან გავარდა და ის წამალი მოგვირბენინა. ასე გადაარჩინა ჩვენი გოგონა დედა ღვთისამ.
ნინო (72 წლის): - ადრე დავქვრივდი და ერთი გოგონა დამრჩა. უნიჭიერესი ბავშვი იყო, მაგრამ, მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს პატრონიც იყო საჭირო. მისაღებ გამოცდებზე თბილისში ნასესხები ფულით და ნათხოვარი ფეხსაცმლით გავუშვი. პირველი გამოცდა წერა იყო და ხუთიანზე ჩააბარა, მერე, ზეპირში "არ დაინდეს" და დიდი ბრძოლით მიიღო ოთხიანი. ეს რომ გავიგე, ტირილით გავსკდი, ამპარტავნება კი არ მატირებდა - იმ წელს რომ დარჩენილიყო, მეორე წელიწადს მის მომზადებას ვერ შევძლებდი. ასე ჩამეძინა და ძილში ღვთისმშობელი ვნახე. ნუ გეშინია, დედაო, - მითხრა მე უღირსს და რომელიღაც მაღალი შენობის კიბეზე დიდი თასი ჩამოდგა. სიზმრის ნაკლებად მჯეროდა, მაგრამ ამას რომ ნახავ, რა ჭკუაზე დადგები? იმ დღესვე გადამალული ხატები გამოვფინე და ჩემი მეზობელი აღმასკომის მუშაკი ქალი რომ შემოვიდა, შიშით ლამის გული წაუვიდა, - რას ბედავ, ნინო, შენო. ვერ ვიტყვი, არ შემეშინდა-მეთქი, მაგრამ იმ ხატებისთვის ბოლომდე, სანამ ის სახლი არ გავყიდეთ, ადგილი არ მომიცვლია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი