საქართველოს ისტორია ერთი გრძელი ამბავია ჭირთა თმენისა. ჩვენი ვაჟკაცები "ჭირთა არ გამოიტყოდნენ", ჩვენი ქალები კი თითქოს ამისთვის იყვნენ დაბადებული...
როგორც კი მოთმინებაზე ჩამოვარდება სიტყვა, თითქოს ერთბაშად ჩამორიგდებიან თვალწინ ჩვენი წმინდანები, მათი ცხოვრება ხომ მოთმინება იყო, ისინი ხომ მამულისა და რჯულისათვის ანუ ჯვარცმული ღვთისთვის ეწამებოდნენ. დღეს კი რამ დაგვავიწყა ჭირთა თმენა და მორჩილება?
მერაბი (51 წლის): - მოთმინება? ჩვენი ცხოვრება მოთმინება არ არის? სული კბილით გვიჭირავს და მაინც ვითმენთ, ვითმენთ იმიტომ, რომ სხვა საშველი არ გვაქვს. წინაპრებზე ქართველი კაცი აუგს როგორ იტყვის, მათ შეგვინახეს ენა, მამული და სარწმუნოება, მაგრამ იქნებ ისინიც ტყუიან ჩვენთან. როცა ქართველებს გვიჭირდა, მაშინ გამოგვერეოდა ათასი ჯურის მოღალატე. როგორ უნდა მოითმინო, როცა საქართველოს მესამედიც არ შემოგვრჩა? მომავალი თაობებიც ისევე დაგვადანაშაულებენ ახლანდელებს, როგორც ჩვენ - ზოგიერთ წინაპარს. უღირსებო ადამიანი, შენიც და სხვისიც, ძნელი ასატანია და პირში როგორ არ უნდა უთხრა სათქმელი? ისე, ჩვენს ისტორიას რომ ჩავუფიქრდები, ვხვდები, დაუთმენლობამ და ღვთის ურჩობამ დაგვაზარალა, თორემ ალბათ ასეთ დღეში არ ჩავცვივდებოდით. ვერ ვიტყვი, რომ მოთმინებით გამოვირჩევი, მაგალითად, იეღოველი რომ შემხვდება, მუშტებზე ვიყურები. ერთხელ მოთმინება დავკარგე და მოსაკლავად გავეკიდე. კვირაცხოვლობა იყო. წირვიდან ნაზიარები მოვდიოდი და ეშმაკივით არ დამიდგა წინ? ვიფიქრე, გაჭირვებული ქალები არიან და მივეხმარები-მეთქი. ქადაგება რომ დაიწყო, მივხვდი, ვინც იყვნენ. სამართალზე დამიწყეს ლაპარაკი. გავგიჟდი კაცი... არ მომეშვნენ. თვალზე ბინდი გადამეკრა და გაცეცხლებულმა მივაძახე, - თქვე ქრისტეს მოღალატეებო-მეთქი. ნიშნის მოგებით მომიგეს, - ეს გასწავლა ქრისტემო? მაშინ მოვეგე გონს და მოძღვრის დარიგება გამახსენდა - ცუდად არ მიმართოთ, თქვენი თავგზააბნეული მოძმეები არიან და მათზე ილოცეთო...
ელისო (45 წლის): - ყველა დედას მინდა ვუთხრა, არ აჰყვეს ნერვებს და შვილები მოთმინებით, შეგნებული მოთმინებით გაზარდოს... ერთხელ ჩემი უფროსი ქალიშვილი მტირალი დაბრუნდა სკოლიდან. ვერაფრით დავამშვიდე, ვერც ვერაფერი ვათქმევინე. ძალიან გავბრაზდი, ვერ მოვითმინე და ვცემე. დიდი ხნის მერე მითხრა, - დედა, მაშინ რომ გამარტყი, თავის მოკვლას ცოტაღა დამაკლდაო.
მოზარდობისას ღაწვებზე თმა ამოუვიდა. ერთი ბიჭი მოსწონდა და იმან წამოსძახა თურმე - შე ბაკებიანო მაიმუნოო. თავმოყვარე და მგრძნობიარე ბავშვი იყო, გაუჭირდა. თურმე როგორი გულდაკოდილი იყო და... ხანდახან ჩვენვე ვაიძულებთ შვილებს, პატივი არ გვცენ. ახლა, როცა, უფლის ნებით, მოთმინება ასე თუ ისე ვისწავლე, გული მეკუმშება, როცა დავინახავ, დედა შვილს უჯავრდება. ამას წინათ ჩემმა 3 წლის შვილიშვილმა დედამისს, რომელიც დაემუქრა, - გაჩერდი, თორემ გაგლახავო, მიახალა - გალახვა რად გინდა, წესიერად მითხარი, მომეფერე და დაგიჯერებო. ახალგაზრდობისას გვიჭირს მოთმინებით აღჭურვა, არადა ახალგაზრდული შეცდომები მერე და მერე იჩენს თავს.
ნანა (55 წლის): - მოთმინება არასოდეს მყოფნიდა, მაგრამ ჩემმა შვილმა რომ ცოლი შეირთო, სულ შევქანდი და გადავირიე. რძლისა არაფერი მომწონდა, არადა ახლა თავს მირჩევნია. ვეჩხუბებოდი, ყველაფერზე შენიშვნას ვაძლევდი, ის კი ხმას არ იღებდა. ერთხელ მითხრა, - ვიცი, ცუდად მოვიქეცი, რომ თქვენი თანხმობის გარეშე გავყევი სანდროს, მაგრამ თუ შეგიძლიათ, მაპატიეთ და თვალით არ დაგენახვებითო. მართლაც, შეკრა ბარგი და წავიდა... საშინელ დღეში ჩავვარდი, მივხვდი, საიდან მოდიოდა ჩემი ასეთი დამოკიდებულება ამ სათნო და ჩუმი გოგონასადმი. მორწმუნე, ღარიბი ოჯახის შვილი იყო, ჭირთა დათმენას ბავშვობიდან იყო შეჩვეული, იცოდა, რომ ვერანაირი საჩუქარი ვერ შეცვლიდა სულიერებას. თუ გუნებიანად დამიგულებდა, მირჩევდა, მოძღვართან მივსულიყავი. როცა ჩემი მოუთმენლობისა ვიწვნიე, ეკლესიაში წასვლა გადავწყვიტე. მართალია, უცბად ვერ შევიგნე, რომ ვტყუოდი, მაგრამ მივხვდი, რომ რძალი და შვილიშვილი შინ უნდა დამებრუნებინა. მივხვდი, ჩემი მოუთმენლობით როგორ ვვნებდი შვილს.
დარეჯანი (70 წლის): - ვინც მოითმენს, ის მოიგებსო, - უთქვამს ჩვენს წინაპარს. ეს არ არის ლიტონი სიტყვები. მოუთმენლობაა სათავე ყველა იმ ცოდვისა, რომელიც ათ მცნებადაა ჩამოყალიბებული. აბა, დააკვირდით, თუ ასე არ არის? - ხორცის ძვრას აჰყვები - იმრუშებ, გაჭირვებას ვერ დაითმენ - იქურდებ და ა.შ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი