სიხარული და მწუხარება სულის ლხინისა და ჭირის გამოვლინებაა. სულიერი სიხარული ნეტარია და ღმერთთან მიახლოების მაუწყებელი. განსაცდელთა დათმენაც მართებს ადამიანს, რამეთუ "სოფელმან უფალი მოიძულა" და ჩვენ, მის მიმდევრებს, რა უფლება გვაქვს, სასოწარკვეთას მივეცეთ და პირიქით, მადლობა არ შევწიროთ შემოქმედს ამისათვის?
ძნელია ხომ? - უფალთან მისასვლელი გზაც ვიწროა და ეკლიანი, მაგრამ იგი დიდი სიხარულით მთავრდება. და მაინც, რა არის ჭირი და რა - ლხინი, ვართ კი საღმრთო პატივის ღირსნი და როგორ უნდა დავხვდეთ ნებისმიერ განსაცდელს. აზრი ამის შესახებ მრავალგვარია...
ანდრია (53 წლის) - მრავალი ჭირი მინახავს, ალბათ სიხარულიც, მაგრამ განსაცდელმა უფრო დამამახსოვრა თავი. წუთისოფლის ამაოების განცდა მაშინ უფრო მომეძალა, როცა შვილი გამომეცალა ხელიდან. ეს საშინელი კოშმარი იყო, თავზარდაცემულმა არ ვიცოდი, რა მექნა, რა დამრჩენოდა ქვეყანაზე, მაგრამ მისი გარდაცვალებიდან მესამე დღეს თითქოს უფალმა გამომიხსნა - ეკლესიაში მივედი... საოცარი სიმსუბუქე ვიგრძენი. ვერ გეტყვით, რა იყო ეს, თითქოს ჩემი შვილი ჩემ გვერდით იყო, თუმცა უსხეულო, მაგრამ უფრო ბედნიერი, ვიდრე ამქვეყნად. ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა და ჩემს ტანჯვას ბოლო მოეღო, მაგრამ ვგრძნობ, რომ უფალმა გამომცადა. ჩემი სიხარული ახლა იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მზადებაა, თუმცა სხვა შვილებიც მყავს და სიცოცხლეს ვაგრძელებ. მეტის თქმა არ შემიძლია...
დავითი (60 წლის) - ჭირი და ლხინი ძმები არიანო, ნათქვამია. მეც, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა, ვიცი, რა რა არის, სიხარულიც და მწუხარებაც სულიერი მდგომარეობა უფრო მგონია. ერთი შემთხვევა მახსენდება და მინდა, თქვენც გითხრათ, რადგან ამაზე ლაპარაკის საშუალება მომეცით. სამარშრუტო ტაქსიში ავედი და უკანა სკამზე კუთხეში მივიყუჟე. მეორე კუთხეში ერთი სიმპათიური, კეთილსახიანი ხანში შესული მამაკაცი იჯდა. მალე ფეხმძიმე ქალი ამოვიდა, იმ კაცს სახე გაუნათდა, წამოდგა და ხელი შეაშველა, მობრძანდი, ჩემო ქალბატონოო და გვერდით დაისვა... მივხვდი, ის გოგონა მისთვის უცნობი იყო, მაგრამ იმ კაცის სიხარულმა გამაოცა, პირზე ღიმილი არ სცილდებოდა, ისე მოწიწებით შესცქეროდა იმ გოგონას, თითქოს ღვთისმშობელს შეჰყურებდა. მე ეკლესიაში მოსიარულე კაცი ვარ და შემშურდა მისი. ამ შურს კეთილი შური ჰქვია და არ მრცხვენია ამის აღიარება - ასეთი ნათელი სიხარული არასოდეს მიგრძნია, ბედნიერია ის ადამიანი, ვინც სხვისი სიხარულითYასე ხარობს.
მიხეილი (25 წლის) - როცა ეკლესიაში სიარული დავიწყე, ბევრი რამ გადავაფასე: ის, რაც ადრე სასიხარულო მეგონა, მწუხარების დასაწყისი უფრო გამოდგა და პირიქით, რაზეც ვწუხდი, იმან სიხარული მომიტანა. მერე, როცა უფრო მოვინდომე ეკლესიური ცხოვრება, მცირე ხნით დავითგარეჯის უდაბნოს შევაფარე თავი. ეს ჩემთვის მთელი სიცოცხლე გამოდგა - მე ახლა იმ წუთებით ვცხოვრობ, ბერების შეხედულებები ღმერთსა და ამქვეყნიურ განსაცდელზე ჩემი კრედო გახდა. თუმცა თავი მორწმუნე მეგონა, ხშირად პატარა უიღბლობა ისე მატკენდა გულს, რომ ლამის სიცოცხლეზე მეთქვა უარი. როცა ბერებისაგან მოვისმინე და არაერთხელ - ღმერთო, მომივლინე განსაცდელიო, მივხვდი, რა უსუსური ვიყავი. ვერ დავიტრაბახებ, რომ ახლა შემიძლია, დიდ გასაჭირს მომზადებული შევხვდე, მაგრამ ცოტათი მაინც შემეცვალა შეხედულება, ერთი რამ ვიცი: როცა ირგვლივ ყველა ჯანმრთელი და ტანმრთელი გყავს, წუწუნი არ ვარგა, ჭირთა თმენა გვმართებს.
დარეჯანი (54 წლის) - ცოტა არ იყოს, მიჭირს ამომწურავი პასუხის გაცემა. მხოლოდ ის მახსენდება, როგორ ვწუწუნებდი ყველაფერზე, როგორ მეშინოდა უფულობის, ავადმყოფობის, შვილების სკოლაში წასვლის. სულ უმიზეზოდ ავტირდებოდი. მივხვდი, რომ ეს არ იყო მთლად ბუნებრივი და ნორმალური მდგომარეობა და მეგობრის რჩევით ეკლესიაში მივედი. ამას ჩემმა ავადმყოფობამაც შეუწყო ხელი - გრიპი გამირთულდა და ერთი თვე ლოგინად ჩავვარდი. ფიქრის საშუალება მქონდა და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს განსაცდელი უფალმა საკუთარ სულში ჩასახედად მომივლინა.
ელისაბედი (35 წლის) - მე ფილოლოგი გახლავართ და რუსთაველს დავესესხები: "დიდი ლხინია ჭირთა თქმა"... აღსარება ჭირთა თქმა, ანუ სულიერი შეჭირვების შემსუბუქებაა. სულიერი შეჭირვებაც და სიხარულიც ამქვეყნიური ცხოვრების თანამდევია, მაგრამ თუ უფალი გვერდით გეგულება, ალბათ, ორივეს სიმშვიდით შეხვდები, განცდათა გამოხატვაში ზომიერებას გამოიჩენ. ვერაფრით ვიტყოდი, რომ როცა ადამიანს დიდი უბედურება ეწვევა, გრძნობები არ გამოხატოს-მეთქი, მაგრამ ჩვენი უბედურება ჩვენგანვე მოდის და უმჯობესია საკუთარ შეცდომაზე ვიფიქროთ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი