უფლის გზაზე სიარული ნუ მოგვიშალოს ღმერთმა...
მართლმადიდებლობაზე ძალიან ბევრი რამ გავიგე თქვენი ჟურნალის დახმარებით. გავიგე, რომ თუ გვინდა, უფალმა დახმარების ხელი გამოგვიწოდოს, აუცილებელია ყველამ ღვთის სიყვარულით ვიცხოვროთ. ძალიან მომეწონა მეუფე კალისტრატეს (მარგალიტაშვილს) პასუხი:
"- მეუფეო, ცხონების გზას როგორ უნდა დაადგეს ადამიანი?
- როცა არ გინდა რაიმე საქმის გაკეთება, სწორედ მაშინ უნდა გააკეთო, როცა ეკლესიაში წასვლა არ გინდა და მაშინ წახვალ, უკვე ქრისტეს გულისთვის მიდიხარ".
ეს შინაგანი კულტურა ყველამ უნდა აღვიდგინოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
ვარ 63 წლის. ვმუშაობ ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. მაპატიოს უფალმა და, სამსახურებრივი მოვალეობის გამო ვეწეოდი ათეისტური ლიტერატურის პროპაგანდას, თუმცა შინაგანად ღმერთი მწამდა, რადგან ბებია და დედა მორწმუნენი იყვნენ. მახსოვს, როგორ ლოცულობდნენ დილა-საღამოს. გამოცდების ჩაბარების წინ მე და ჩემი ამხანაგებიც ვიპარებოდით ქაშვეთის ეკლესიაში და ვლოცულობდით...
ლოცვას რომ მართლაც დიდი ძალა აქვს, ჩემს თავზე გამოვცადე. ექვსი წლის წინ მძიმედ გავხდი ავად. მმკურნალობდნენ. თან ჩემი შვილები ეკლესიაში ევედრებოდნენ უფალს ჩემს გადარჩენას. ღმერთმა ისმინა ლოცვა-ვედრება და თანდათან უკეთესობა დამეტყო. როგორც კი შევძელი წამოდგომა, მეც დავიწყე ეკლესიაში სიარული და შინაც მოვაწყვე სამლოცველო კუთხე. მადლობა უფალს, რომ გამომაჯანმრთელა. ახლა ვარ მორწმუნე ქრისტიანი და ვეწევი მართლმადიდებლური ლიტერატურის პროპაგანდას.
ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მოწყობილი გვაქვს გამოფენა - "ვიაროთ მხოლოდ ქრისტეს გზით", გამოწერილი გვაქვს ჟურნალი "კარიბჭეც".
ეკლესიურობა გახდა ჩემი ცხოვრების წესი. ვერ ვიტყვი, რომ ამ თვალსაზრისით სამაგალითო ვარ, მაგრამ ვფიქრობ, ბედნიერია ყველა, ვინც ეკლესიური ცხოვრებიდან მადლს მიიღებს და ტაძრის გარეთაც ამით აგრძელებს ცხოვრებას. ყველამ ვიცით, დღეს როგორ სჭირდება ღვთის დახმარება და მფარველობა საქართველოს; უნდა აღვავლინოთ ვედრება უფლისადმი, რომ ღმერთმა მოგვანიჭოს წყალობა, მშვიდობა, ბარაქა, სიყვარული, ჯანმრთელობა, მოგვცეს გრძნობა სინანულისა, თავმდაბლობისა, ცოდვათა მიტევებისა.
ციალა თხელიძე
საყვარელ "კარიბჭეს"
გმადლობთ, რომ სიყვარულსა და საღვთო მადლს ასე ლამაზად გვაზიარებთ.მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო, ჩემი მოძღვრის მამა აკაკი მელიქიძის მიმართ - იგი უცხოს თუ ნაცნობს თანაბრად უნაწილებს საღვთო სითბოს და სიყვარულს, მასთან ყოველთვის ხალხმრავლობაა და მისი მზრუნველობა ყველას ასე უხვად ეფინება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით იშვიათად დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ როცა მივდივარ, დიდ მადლს ვგრძნობ მამა აკაკისგან. ღმერთმა ყველას მოგვცეს მისებრი ნიჭი სიყვარულისა - სიყვარული ხომ ნამდვილი ბედნიერების სათავეა.
ერთხელ, სრულიად უმიზეზოდ, სხვა მოძღვართან გადასვლა მოვინდომე, რაც ჩემი სერიოზული შეცდომა იყო. მაშინაც კი ვიგრძენი მამა აკაკის ქრისტესმიერი სიყვარული ჩემდამი და უსაზღვრო გულისხმიერება.
მორწმუნე ოჯახში ვიზრდებოდი. 12-13 წლის ვიყავი, ჩვენს სამშობლოში ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო. როგორც შემეძლო, ვმონაწილეობდი მიტინგებში. სწორედ მაშინ ქაშვეთის ეკლესიაში სრულიად გაუაზრებლად შევედი. მომხიბლა ეკლესიის სიწყნარემ და რაღაც არაამქვეყნიური სიხარული დამეუფლა. ტკბილი იესო თავისკენ მიხმობდა. მოციმციმე სანთლებით ერთი ხატიდან მეორესთან მივდიოდი და უფრო და უფრო მიზიდავდა უფალი. გაცნობიერებული არ მქონდა ეკლესიური ცხოვრების - აღსარების, წმინდა ზიარების აუცილებლობა. გულუბრყვილოს მეგონა, რომ მთავარი იყო, კარგი ადამიანი ყოფილიყავი. არადა ჭეშმარიტად კარგი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყო, როდესაც უფალში ცხოვრობ, უფალი გიყვარს, გიყვარს მოყვასი ქრისტესმიერი სიყვარულით, როდესაც უფლის მცნებებს ზედმიწევნით ასრულებ. თუ საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით, იმდენ ნაკლსა თუ ცოდვას აღმოვაჩენთ, რომ გაგიკვირდება კიდეც, როგორ უყვარხარ ასე ძალიან უფალს. ტკბილმა იესომ ხომ სიყვარული ვეღარ დაიტია, ზეციდან ჩვენთვის გარდამოხდა და ჯვარს ეცვა, იგემა საშინელი სიკვდილი და ადამიანზე ზრუნვას მაინც დიდი სიყვარულით განაგრძნობს. ჩვენ ხომ ხშირად მართალი, წმინდა, ღვთისთვის სათნო ცხოვრებით მცხოვრები ადამიანიც კი არ გვიყვარს სათანადოდ. ალბათ ბოლომდე ამას ვერავინ გააცნობიერებს. დიდება და მადლობა უფალს, ტკბილ იესოს ასეთი თავდაუზოგავი სიყვარულისთვის! ხშირად ცრემლი მერევა - შეგვიძლია უკეთესები ვიყოთ, მცირედი შეჭირვებისას კი ზურგს ვაქცევთ უფალს და ერთმანეთს. გვგონია, ჩვენ გამუდმებით უნდა ვცოდავდეთ და უფალიც გამუდმებით უნდა გვპატიობდეს. რა უმადურები ვართ!
...ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობას, სამწუხაროდ, მოგვიანებით მივხვდი, როდესაც განსაცდელები დამატყდა თავს და რომ არა უფალთან დაბრუნება, არ ვიცი, რა დამემართებოდა... გული მწყდება, რომ თავიდანვე არ დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, არ ვმონაწილეობდი წმინდა საიდუმლოებებში, რაც ნამდვილად უმაღლესი ბედნიერებაა.
"კარიბჭის" ყველა მკითხველი ღირსეულად შევსულიყავით მარადიული სასუფევლის კარიბჭეში.
სიყვარულით, პატივისცემით ნინო,
მამა აკაკი მელიქიძის მრევლიდან
მამა აკაკი მელიქიძის მრევლიდან
მშვიდობა თქვენდა, ივერიელნო!
ძალიან მომწონს ჟურნალი "კარიბჭე". ის მართლაც დიდი მადლია ჩვენთვის. დიდ მადლობას გიხდით, რომ არაერთი წერილი გამომიქვეყნეთ. ახლა კი მინდა გამოვეხმაურო 13 წლის გორელ თამთას: სამი-ოთხი წელი თუ ცხოვრობ ეკლესიურად, ძალიან დიდი ბედნიერებაა შენთვის, მაგრამ რაც შეეხება მოძღვრის უყურადღებობას, შეიძლება არ სცალია, ბევრი სულიერი შვილი ჰყავს ანდა უფალი გცდის და გასწავლის მოთმინებას, ან ეშმაკი გებრძვის, მთავარია, სულიერად არ დაეცე ამ ბრძოლაში და დასძლიო ეშმაკი. მხოლოდ გამარჯვებულს აჯილდოებს უფალი. ეშმაკი ცდილობს, ტაძარს და ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჩამოგაშოროს. წმინდა ანდრია სალოსის ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: ის მიდიოდა ტაძართან და ქვებს უშენდა, შემდეგ მიდიოდა საროსკიპოსთან და მის კედლებს ეფერებოდა. როცა ამის მიზეზი ჰკითხეს, თავისი საქციელი ამგვარად ახსნა, - როცა ტაძართან მივედი, ეშმაკთა ლეგიონი დავინახე - ეკლესიაში შემსვლელთ აბრკოლებდნენ, მათ ცდუნებას ლამობდნენ, საროსკიპოსთან კი ანგელოზები კედლებს ეფერებოდნენ, ტიროდნენ და უფალს მეძავთა შეწყალებას სთხოვდნენ. ამიტომაც მოვეფერე საროსკიპოს და ტაძარს ქვები დავუშინეო. ჩვენ ეშმაკისგან კედლები არ გვიცავს, გვიცავს ცხოვრების წესი და ღვთის მადლი. სად მიდიხარო, ეშმაკს ჰკითხეს და - მონასტერშიო. ეშმაკის ხელობა ხომ წმინდა, უბიწო ხალხის ცდუნებაა. ასეთები კი უმეტესად ტაძრებში არიან. ვაჟა-ფშაველა გვმოძღვრავს: "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო".
ერთ წმინდა მამას უწერია: "მოძღვარო, იმისათვის, რომ ყოველთვის უსაფრთხოდ იყოთ, შემწყნარებლობაში ნუ იქნებით მეტისმეტად შემწყნარებელნი, ნურც სიმკაცრეში - მეტისმეტად მომთხოვნი, რათა შეუნარჩუნოთ ადამიანს მონანიების სურვილი. ცოდვები, რომლებიც მოსათმენია, შეიწყნარე დიდი განსჯის შემდეგ, რათა არ მოგეკითხოს განკითხვის დღეს". მოძღვრის ერთ გამოხედვას, ერთ სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. მას შეუძლია მოაქციოს ან დააბრკოლოს ადამიანი. მოძღვრობა ძალიან მძიმეა და ჯვრის სიმძიმის ზიდვაში ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი და ვილოცოთ მისთვის. ხომ შეიძლებოდა, გეფიქრა, მაინც არავინ მაქცევს ყურადღებასო და დაგენებებინა ტაძრისთვის თავი. შენ, პირიქით, მოთმინებით სძლიე ყოველივეს. იბრძოლე, თავი არ ჩათვალო არასოდეს დამარცხებულად. წუთისოფელი ბრძოლაა. რჩევა ჰკითხე შენს სულიერ და-ძმას. მეც შენს დღეში ვარ. ჩემს მოძღვარს აუარება მრევლი ჰყავს და სათანადო ყურადღებას ვერ მაქცევს, მაგრამ უფალი ხომ ჩვენთანაა. მდინარეს ორი ნაკვალევი მიჰყვებოდა: ერთი - კაცისა და მეორე - უფლისა. კარგა ხნის შემდეგ ერთი ნაკვალევი შეწყდა. უფალმა უთხრა კაცს - როცა განსაცდელში იყავი, ხელში აყვანილი მიმყავდიო. ასე რომ, ახლა უფროა უფალი შენთან. შეიძლება სხვა მოძღვართან გადასვლა, მაგრამ თუ სულიერად გაძლიერებული არ ხარ, ამან შეიძლება გამოიწვიოს დაცემა, დაგძლიოს ეშმაკმა, ტაძრიდან წაგიყვანოს და უარი გათქმევინოს ყოველივეზე. ეშმაკმა ადამიანს კი არა, უფალს მოუწყო მრავალი გამოცდა. მთავარია ლოცვა და დათმენა. ლოცვა წყაროა ცხოველი, რომლითაც სული იკლავს წყურვილს. იგი სულიწმინდის სუნთქვაა. ყოველგვარ განსაცდელში მხსნელად უფალს უნდა ვუხმოთ. თუ ეს არ გვსურს და სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებით, თვითონ ვართ დამნაშავენი და არა გარემოებები, მით უმეტეს, ღმერთი. ყველა, ვინც მორჩილებით იღებს ღვთის განგებას და ბავშვური სასოებით ითხოვს შეწევნას, მისგან სულიერ სიმშვიდეს იღებს კიდეც.
ბედნიერი ერი ვართ ქართველნი, რამდენმა მოციქულმა იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. რისი ღირსი ვიქნებით, თუ მას ვუღალატებთ, გავცემთ სხვადასხვა აღმსარებელთა მიერ ნაბოძებ ორიოდ გროშზე. პირიქით, ჩვენ უნდა მივემგვანოთ მოციქულებს, სიტყვით და საქმით ვიქადაგოთ ჭეშარიტი ღმერთი, დავითმინოთ ვნებები და განსაცდელი. დღევანდელ ქრისტიანებს ორი გზა გვაქვს: ან უნდა ჯვარს ვეცვათ ქრისტესთვის, ანდა ჩვენი ცოდვებით კიდევ ერთხელ გავაკრათ ჯვარზე მაცხოვარი. ღმერთმა გვაშორის! დაბოლოს, გავიხსენოთ "შუშანიკის წამებიდან": მტკიცედ დეგ!
დიახ, მტკიცედ იდექით, ივერიელნო!
გოგიტა, 17 წლის, თბილისი
ძვირფას და საყვარელ "კარიბჭეს"
დიდი მადლობა ასეთი ღრმად სულიერი ჟურნალისთვის. იგი ხომ ყველა საფეხურის და ყველა ასაკის ადამიანისთვის ძვირფასი და სასურველია.არ შეიძლება, ქართველს და მართლმადიდებელს გული არ გტკიოდეს დღევანდელი საქართველოს შემყურეს. ხსნა ამერიკაში თუ ევროკავშირში გვგონია და გვავიწყდება, რომ ჩვენი ერთადერთი ხსნა მართლმადიდებლობაშია, რომლის მიხედვით ცხოვრება განაპირობებს ქვეყნის ნათელ მომავალს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ამას ნაკლებ ყურადღებას აქცევს, არადა ისინი ხომ როგორც ერის, ისე ღმერთის წინაშე არიან პასუხისმგებელნი. თუ ღმერთი ყოველ კაცს მოსთხოვს ყოველი უქმი სიტყვისთვის პასუხს საშინელ სამსჯავროზე, რამდენად მეტს მოსთხოვს ხელისუფალთ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სულიერ-ზნეობრივი დაკნინების გამო? გვინდა თუ არა, ყველას მოგველის უფლის წინაშე წარდგომა. ნუთუ არ გვეშინია, უმეტეს დროს ამაოებაში, ღვთის მცნებების საწინააღმდეგო ცხოვრებაში რომ ვატარებთ? თუ ადამიანს სულიერი მდგომარეობა მოუწესრიგებელი აქვს, მას ვერ მოუტანს ბედნიერებას ეკონომიკური თუ ე.წ. კულტურული აყვავება. ხელისუფლება ხომ იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ ადამიანები სახელმწიფოში თავს ჭეშმარიტად ბედნიერად გრძნობდნენ. ეს იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ მთავრობა უპირველესად იზრუნებს მარადიული ღირებულებების - სიყვარულის, ერთგულების, პატიოსნების, ურთიერთმიტევების - ანუ მართლმადიდებლობის ხელშეწყობაზე. ხომ შეიძლება, ერთი ტელეარხი აჩუქონ მართლმადიდებელ ქართველ ერს? ხომ შეიძლება, შეზღუდონ ან აკრძალონ ბილწი ტელე და რადიოგადაცემები, ხომ შეიძლება ღირსეული გასაქანი მისცენ მართლმადიდებლობის სწავლებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში? თუ ერი მაინცდამაინც არ გვებრალება, თავი მაინც შევიბრალოთ. ეს სოფელი ხომ მხოლოდ წუთისოფელია. დილას ცოცხალი ხარ, ხოლო საღამოს შეიძლება უსულოდ ესვენო. გვეშინოდეს გარდაცვალებისა და უფლის წინაშე პასუხისგებისა ჩვენი ნათქვამ-ნაქნარის გამო, წინ ხომ მარადიული, საუკუნო, დაუსრულებელი სატანჯველი გველის, თუ არ შევინანებთ.
სიყვარულით თორნიკე,
თბილისი
თბილისი