გვინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს საყვარელ მეუფეს და დიდი ხნის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ვუსურვოთ.
მინდა გიამბოთ, როგორ მოვხვდი ტაძარში და რამ მაპოვნინა მოძღვარი.
15 წლის განმავლობაში ვმარხულობდი, თუმცა მხოლოდ დიდ მარხვებს ვინახავდი; ტაძარში არ დავდიოდი, მოძღვარი არ მყავდა - ვფიქრობდი, ღმერთთან მოციქული არ მჭირდება-მეთქი (თურმე როგორ ვცდებოდი!).
2002 წელს თავის ოპერაცია გავიკეთე. არავის ეგონა, რომ გადავრჩებოდი. ოთხი თვით მეხსიერებაც კი დავკარგე, მაგრამ ცხადად მახსოვს ერთი ეპიზოდი: ოპერაციის მეორე დღეს ჩემს პალატაში ჩემი და შემოვიდა და მითხრა - მე არც ქმარი მყავს, არც შვილები, შენ კი ქმარ-შვილი და შვილიშვილები გახვევია; რად მინდა სიცოცხლე, შენ უნდა გაჩუქოო... მითხრა ეს და პალატიდან გავიდა. მეორე დღეს ჩემი და გარდაიცვალა, მე კი გადავრჩი.
ხუთი თვე მიმალავდნენ დის გარდაცვალების ამბავს... როგორც კი შევიტყვე, მყისვე მის საფლავს მივაშურე, მერე კი ტაძრისკენ გამიწია გულმა. უნივერსიტეტის ეზოში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში, მამა ბასილთან მივედი.
მას შემდეგ სისტემატურად დავდიოდი ტაძარში, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც კი გარდაცვლილს სჭირდებოდა, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რომ აღსარება უნდა ჩამებარებინა და ზიარება მიმეღო. მამა ბასილმა ნელ-ნელა ყველაფერში გამარკვია, მომეფერა და დამამშვიდა. ვიგრძენი, რომ ვარ ქრისტიანი და უნდა დავადგე ქრისტეს გზას... მამაო-მეთქი, მოძღვარს რომ მივმართავ, ასე მგონია, იმ წუთას დავიბადე, იმ წუთას ამოვიდგი ენა, ვხვდები, რომ ღმერთია ყველაფრის დასაბამი, დასაბამი ჩემი სიცოცხლის. მთელი არსებით ვგრძნობ - უფალმა მეორედ მაჩუქა სიცოცხლე, მომცა დრო, რათა ცოდვები მოვინანიო, ვილოცო, ვიმარხულო და ვცხონდე.
დიდება შენდა, ღმერთო, დიდება!
მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდი; მასწავე მე, რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი!
სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნე მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
სანატრელსა შინა დაძინებასა საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, მიცვალებულსა თინას და მიეც მას საუკუნო ხსენება.
მადლობა თქვენც. მრავალჟამიერ არსებობას გისურვებთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
პატივისცემით წმინდა ილია მართლის
სახელობის ტაძრის მრევლი თამილა
სახელობის ტაძრის მრევლი თამილა
მე საინგილოდან - ძირძველი ჰერეთიდან ვარ. დავიბადე მუსლიმანურ სოფელში, სადაც ყველა გამაჰმადიანებული ქართველია, მაგრამ ჩემი ოჯახი დღემდე ქართული ცნობიერებით ცხოვრობს.
ბავშვობაში რწმენას არავინ მინერგავდა, თუმცა გულის სიღრმეში გაუცნობიერებლად მუდამ მწამდა რაღაც. როცა მოვინათლე, მივხვდი, რა მაკლდა. მადლობა უფალს, გონება რომ გამინათა და მიმახვედრა, რომ ზიარებისა და აღსარების, სიყვარულის, მადლიერებისა და სინანულის გარეშე ცხონება შეუძლებელია.
ჩემი უმცროსი ვაჟი შვიდი წლისაა. იგი ვაკის სამების ეკლესიის სტიქაროსანია და მისი შემყურე სულ უფრო და უფრო ვძლიერდები რწმენაში. ლუკას ძალიან უყვარს თავისი მოძღვარი, მამა მიქაელი, და მისი კურთხევით მარხულობს კიდეც. მე და ჩემი ქალიშვილი ქეთი კი მამა გიორგის მრევლის წევრები ვართ.
მე და ჩემი შვილები ყოველ შაბათ-კვირას დავდივართ ეკლესიაში, ტაძრიდან დაბრუნებული კი მთელი კვირის მანძილზე დიდი რწმენით ვასრულებ ჩემს მოვალეობას ოჯახის წინაშე.
მინდა ყველას ვუთხრა: მხოლოდ რწმენა თუ გადაგვალახვინებს ყველა სირთულეს.
დიდი მადლობა "კარიბჭეს"! თქვენ სულის გაძლიერებაში მეხმარებით.
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!
დარეჯან აბულაშვილი
უწინარეს ყოვლისა, მინდა მოკრძალებული პატივისცემა გამოვხატო ჟურნალ "კარიბჭის" დამაარსებელთა მიმართ. დიდი მოლოდინით ველი ყოველი ახალი ნომრის გამოსვლას. ამ ჟურნალის მეშვეობით გავხდი უფრო მიმტევებელი, ეკლესიური და მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ.
მე დაბა ფასანაურის პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის მრევლი ვარ. ფასანაურის მოსახლეობა მაღალმთიანი რაიონებიდან არის ჩამოსული. რჯულით მართლმადიდებლები არიან, მაგრამ უფრო კერპთაყვანისმცემლობდნენ და სულიერ მოძღვართა მიმართ უნდობლობას იჩენდნენ. ვფიქრობ, ეს კომუნისტური რეჟიმის ბრალიც იყო... ფასანაურში კარგა ხანს არ მოქმედებდა ეკლესია, სადაც ლოცვა და სულიერებასთან ზიარება იქნებოდა შესაძლებელი. მამა გაბრიელის მოსვლის შემდეგ ტაძარში მრევლმა იწყო დენა. მამა გაბრიელისგან დიდი სულიერი სიწმინდე მოედინება და ამას ყველა მორწმუნე გრძნობს. მოსახლეობაში ფესვგადგმული უნდობლობა თანდათან რწმენითა და მორჩილებით იცვლება. ისიც აღსანიშნავია, რომ მრევლის უმრავლესობა მოზარდია.
უფალს ვთხოვ, ყველა ადამიანს მისცეს რწმენა. მაშინ ხომ თითოეულ ჩვენგანში გაღვივდება სიკეთის ნაპერწკალი, სიკეთე კი ამქვეყნად ყოველგვარ ბოროტებას მოსპობს.
სიყვარულით
ნინო ქავთარაძე
ნინო ქავთარაძე