თუკი რამ ვიცით XVIII საუკუნის გარეჯელ მამებზე, უმეტესად წმინდა გაბრიელ მცირეს ჩანაწერების წყალობით, მისი ცხოვრების აღწერისთვის კი, სამწუხაროდ, არავის უზრუნია, თუმცა ის მწირი ცნობები და სულიერი მარგალიტები, რაც ღირსმა გაბრიელმა დაგვიტოვა, ნათლად წარმოაჩენს მისი პიროვნების დიდებულებას.
გიორგი XII-ის ვაჟი ბაგრატ ბატონიშვილი მოგვითხრობს: "ესე ნეტარი გაბრიელი იყო ტფილისის მოქალაქე, ხელოვნებით მკერავი, რომელმაც ღვთის სიყვარულისთვის დაუტევა სახლი, დედა, ძმანი, მეგობარნი თვისნი და მონაგებნი" და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში წავიდა. ისწავლა საღმრთო წერილი და მიეცა ფრიად ღვაწლსა და მარხვას.
ი. ლოლაშვილის ვარაუდით, გარეჯის უდაბნოში მისვლისას წმინდა გაბრიელი 20-25 წლისა უნდა ყოფილიყო. იმ დროისთვის ღირსი მამა სერაპიონი ახალი გარდაცვლილი იყო. მონასტერს წინამძღვრობდა წმინდა ექვთიმე მჭედელაშვილი, "ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, სათნოებათა ზედა უცხო მოქადაგე" (იოანე ბატონიშვილი). ჭაბუკი გაბრიელი სულიერ შვილად აუყვანია ექვთიმე წინამძღვარს. ჩანს, სწორედ მისგან შეისწავლა ასე კარგად ქართული მწიგნობრობა, ღვთისმეტყველება და ფილოსოფია.
გაბრიელის მეორე სულიერი მამა და მოძღვარი იყო მღვდელმონაზონი დანიელი, რომელსაც თანამედროვენი დიდად აფასებდნენ. წმინდა გაბრიელის დახასიათებით, მას "უყვარდა წმიდათა წერილთა კითხვა" და, საერთოდ, "სული და ცხოვრება მისი" წიგნის კითხვა იყო. ყოფილა უაღრესად მოწყალე, საწირავს გლახაკთა და ქვრივ-ობოლთ ურიგებდა, ყველაფერს, რაც გააჩნდა, გასცემდა და ზეცაში იუნჯებდა.
ღირსი დანიელი მრავალ ამბავს მოუთხრობდა წმინდა გაბრიელს გარეჯელ მამათა ცხოვრებიდან. თვითონ უბრალო, სხვათა უბრალოებას შენატროდა. მამათა სიყვარული სულიერ შვილს გადასცა მემკვიდრეობად. აღსასრულის მოახლოება რომ იგრძნო, საზრდელს სამი დღე არ გაკარებია. წმინდა გაბრიელმა მისთვის ზეთის კურთხევის საიდუმლო აღასრულა, შემდეგ კი სულთამბრძოლის ლოცვა წაუკითხა. მიდიოდნენ ბერები და ეამბორებოდნენ ღირსი მამის მარჯვენას, გაბრიელი კი წმინდა სახარებას უკითხავდა. დაასრულა კითხვა და ღირსმა დანიელმაც შეჰვედრა სული თვისი უფალს.
საღვთო წერილისა და მამათა სწავლების ცოდნა ერიდან მოჰყოლია ღირს გაბრიელს, გარეჯის უდაბნოში კი უფრო გაუღრმავებია. მისი საყვარელი საქმე საღმრთო წიგნების გადაწერა ყოფილა. მათ გავრცელებას ღირსი მამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ამ ღვაწლით იხდიდა მადლობას ღვთის, თავისი სამშობლოს, ერის, სანათესაოს წინაშე იმ წყალობისთვის, იმ ნეტარებისთვის, რასაც ის მონასტერში განიცდიდა. ამიტომაც როცა წმინდა გაბრიელის სულიერ შვილს ბერ პორფირეს სურვილი გაუჩნდა, მშობლებისთვის საზღაური მიეგო მათი სიკეთის წილ, მოძღვარმა მას "მარგარიტის" გადაწერა და შინ საჩუქრად გაგზავნა შესთავაზა. პორფირემ დაუჯერა, გადაწერა "მარგარიტი" და მშობლებს გაუგზავნა "ძღვენი სულიერი".
ღირს გაბრიელს ორიგინალური ნაშრომებიც შეუქმნია. ამ მხრივ აღსანიშნავია "მღვდელმთავრის ლიტურგიის განმარტება სახისმეტყველებითი...", სადაც მოკლედ არის განმარტებული ტაძრის, მისი ნაწილების მნიშვნელობა, მღვდელმთავრის წირვის არსი. ავტორს გამოუყენებია იმ დროს უკვე არსებული თარგმანები გერმანე კონსტანტინოპოლელისა და სვიმეონ თესალონიკელის თხზულებებისა. ეს ნაშრომი ღირს მამას მრავალგზის გადაუწერია და ერთ-ერთი პირი სტეფანე ნინოწმინდელ-რუსთველისთვისაც მიუძღვნია.
ღირს მამას მეუფე სტეფანესთვის გადაუწერია ექვთიმე ათონელისეული თარგმანი "მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის", რომლისთვისაც დაურთავს ვრცელი "მაჩვენებელი" ანუ საძიებელი და ბოლოსიტყვა.
წმინდა გაბრიელს ეკლესიის მამათა თხზულებებიდან რამდენიმე ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებულიც შეუდგენია. ესენია: "გვირგვინი", რომელიც 5 თავისა და 100 თხრობისგან შედგება; "სამოთხის ყვავილი" - აქ ასი თხრობა ათ თავად არის დაყოფილი; "სუფევა", რომელიც წარმოადგენს ბასილი დიდის თხზულებათაგან (უმთავრესად - "ეთიკიდან") ამოღებულ მასალას; "ოქროს წყარო" - ეს კრებული შედგება 33 თავისგან, რომელთაგან თითოეული სამ "სწავლას" შეიცავს. წინ შესავლის სახით ერთი "სწავლა" უძღვის. ასე რომ, ამ კრებულშიც 100 "სწავლაა"; "კლიტე" - 30 თავისგან შემდგარი ეს კრებული შედგენილია წმინდა იოანე ოქროპირის თხზულებათაგან; "სამასეული" - აქ ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და მაქსიმე აღმსარებლის გამოთქმული ას-ასი მოკლე "სწავლაა" შეკრებილი; "მანანაი" ანუ ორმოცი შესხმა: იესო ტკბილის, ღვთისმშობლის, ჯვრის, ნათლისმცემლის, მოციქულთა, მოწამეთა, მღვდელმთავართა და ღირს მამათა. როგორც ბოლოსიტყვაში ამბობს ავტორი, ამ წიგნს "მანანა" ღვთისმშობლის პატივსაცემად ეწოდება, ვინაიდან მისგან მივიღეთ ჩვენ ჭეშმარიტი პური ცხოვრებისა - მაცხოვარი.
1801 წელს ღირს გაბრიელს თავისი ორიგინალური ნაშრომები ერთ წიგნად აუკინძავს და "ჯვარშემოსილი" ("სტავროფირე") უწოდებია. ეს კრებული, გარდა "მღვდელმთავრის ლიტურგიის განმარტებისა", შეიცავს "მამაო ჩვენოს", მაზარის კურთხევისა და მონაზვნობის განმარტებებს, წმინდა ონისიფორეს ცხოვრებას, სტავროფირეს ლოცვას, მოკლე მოთხრობას პორფირესათვის და ეპიტაფიას პორფირეს საფლავის ქვისთვის. დიდი ნაწილი წიგნისა უკავია თხრობანს გარეჯელ მამათა ცხოვრებიდან. თვითონ "ღმრთივსულიერნი თხრობანი" კითხვა-პასუხის ფორმით არის აგებული: ბერდიაკონი პორფირე კითხვებით მიმართავს თავის სულიერ მამას სტავროფირეს (ჯვარშემოსილს, იმავე წმინდა გაბრიელს) და მისგან პასუხებს იღებს. "ღმრთივსულიერ თხრობანში" კარგად ჩანს ღირსი გაბრიელის პიროვნება, მისი კრძალვა და სიყვარული თანამედროვე გარეჯელ მამათა მიმართ. იგი მრავალ ძვირფას ცნობას გვაწვდის მათ შესახებ, მაგრამ ჩვენთვის არანაკლებ ძვირფასია ის ამბები, რომლებიც თავად ღირს გაბრიელს ეხება.
ერთხელ, წმინდა დოდო გარეჯელის ხსენების დღეს, გარეჯელ ბერებს ნათლისმცემლის მონასტერში მწუხრ-ცისკრის ლოცვა აღუვლენიათ, წირვა აღუსრულებიათ და დოდოს მონასტრისკენ წასულან. გზად ვიღაცებისთვის მოუკრავთ თვალი და ავაზაკნი ჰგონებიათ. შეშინებულებს დიდი წვალებით და ოფლთა ღვრით მიუღწევიათ წმინდანის საფლავამდე. ამ დროს საფლავიდან ამომავალი მირონის სურნელი უგრძნიათ. აუნთიათ სანთლები და პარაკლისი გადაუხდიათ. სამ საათს დარჩნენ მონასტერში და ამ ხნის განმავლობაში სურნელის ფრქვევა არ შეწყვეტილა. სამი დღის შემდეგ მამები ისევ დაბრუნებულან წმინდა დოდოს მონასტერში, მაგრამ სურნელება აღარ უგრძნიათ. "მირონის მოფრქვევით წმინდა მამამ გვანუგეშაო, - ბრძანებს წმინდა გაბრიელი, - რადგან, ჯერ ერთი, იმ დღეს მისი დღესასწაული იყო, მეორეც, დიდად შევშინდით და გავწვალდითო".
დავითგარეჯაში წმინდა გაბრიელს წითელი ქარი შეჰყრია და ისე გაუტანჯავს, რომ სხვის დაუხმარებლად თურმე სამიოდე საფეხურის ავლაც კი არ შეეძლო. ერთ საღამოს იგი მონასტრის ძმებს უნახავთ და შესცოდებიათ. უთქვამთ: გარეჯელი წმინდა მოწამენი იოლად განგკურნავენ; ხვალ მღვდელს ვაწირვინოთ და უეჭველად გეშველებაო. ეს რომ გაიგო, წმინდა გაბრიელმა ხატის წინ ილოცა, მერე კი მღვდელს წირვის ჩატარება სთხოვა.
გათენდა. კვერთხს დაყრდნობილი გაბრიელი დიდი წვალებით ავიდა იმ ბორცვზე, სადაც მოწამეთა სამარტვილე იყო. მღვდელმა წირვა აღავლინა. ღირსი მამა მყისვე განიკურნა წმინდანთა მადლით და უკან უკვერთხოდ დაბრუნდა. "მას შემდეგ თხუთმეტი წელი გავიდა და მუხლი ისე ძლიერ აღარასოდეს ამტკივებიაო", - ჰყვება წმინდა გაბრიელი.
ამავე სამარტვილესთან ასულან ერთხელ გარეჯელი მამები. იმხანად წმინდა გაბრიელი ჯერ ბერდიაკონი ყოფილა. მამებს წირვის შემდეგ ავი ქარისაგან დასაცავი ლოცვის აღვლენა განუზრახავთ, მაგრამ წირვისას განზრახვა შეუცვლიათ და ბრძოლის ლოცვა წაუკითხავთ - ახლა ჩვენს ქვეყანას ხშირად უხდება აგარიანთა წინააღმდეგ ბრძოლა და ვინ იცის, ახლა, როცა კლდის ნაპრალში შეყუჟულნი ვლოცულობთ, ჩვენი ძმები სადღაც სისხლს ღვრიანო. ოცდახუთი იანვარი მდგარა, კვირა, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენების დღე.
რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყვეს, რომ როცა ლოცულობდნენ, სწორედ იმ დროს ქართველებს ბრძოლა მოუგიათ. გულისხმაყვეს მამებმა, რომ წმინდა გრიგოლი შეეწია იმ დღეს ქრისტეს მოსახელე ერს.
ერთ წელიწადს მონასტერს საშინელი სენი მოსდებია. მრავალი ძმა გამხდარა ავად, ერთი მოხუცებული ღირსი მამა კი სალმობისგან გარდაცვლილა. წასულა წმინდა გაბრიელი, თან ორი ძმა წაუყოლებია და წმინდა მოწამეთა ორი ნაწილი წამოუღია. შეუკრავთ ჯვრის სახედ ეს ნაწილები, დაუსვენებიათ ეკლესიაში, გადაუხდიათ პარაკლისი, უკურთხებიათ წყალი მცირე აიაზმის წესით და განუბანიათ წმინდა ნაწილნი; შეუსვამთ შემდეგ ეს წყალი, სენაკებისა და მონასტრის ყოველი კუნჭულისთვის უსხურებიათ. წმინდათა ლოცვით სნეულნი უმალვე ფეხზე წამომდგარან და მონასტრებიც გათავისუფლებულა საშინელი სენისგან.
ერთხელ, წმინდა მოწამეთა დღესასწაულის შემდეგ, თურმე გულმა უთხრა მამებს, ეგებ მოწამეთა ნაწილები ვიპოვოთო. ამოუთხრიათ მიწა და მართლაც უპოვიათ მონაზონთა ძვლები, "ურთიერთას მოკიდებით დაწყობილნი თვინიერ ხორცისა". იქვე ამოუშენებიათ აკლდამა და მოწამეთა ნაწილები ჩაუსვენებიათ. მათ შორის ყოფილა ხმლით ორ ადგილას გაპობილი თავის ქალა და სხვა მახვილცემულნი ძვალნი.
მრავალი ღირსი მამა გააცილა იმ ქვეყნად წმინდა გაბრიელმა, მაგრამ ყველაზე მეტად თავისი სულიერი შვილის პორფირეს სიკვდილმა ატკინა გული. თხუთმეტი წლის განმავლობაში შვილივით უვლიდა და თითქოს საკუთარ ახალგაზრდობას ხედავდა მასში - ისიც ხომ წმინდა გაბრიელივით საღმრთო სიყვარულით ანთებული, მამათა მორჩილი და ერთგული იყო. გაბრიელს ეგონა, პორფირე საქართველოს ეკლესიის მნათობი გახდებოდა, მაგრამ მან, ღვთის განგებით, უდროოდ მიიძინა მართალთა ძილით. ეს მაშინ მომხდარა, როცა პორფირე სამკურნალოდ ერში ჰყოლიათ წაყვანილი. ღირსმა მამამ ახალგაზრდა ბერის სხეული მონასტერში მოასვენა, თავის მეგობარს, რუსთველ ეპისკოპოსს სტეფანეს აწირვინა მისთვის, ხოლო მის საფლავს შვიდ მუხლად წააწერა შვიდი სიტყვა, გულისტკივილით ამოთქმული, სადაც სულიერ შვილს იმ დროს შეახსენებდა, როცა გამოეძიებდნენ, თუ რომელი იყო უზესთაესი - სერაფიმი თუ საყდარი. "ესე შეიწირე, ღირსო, გვირგვინისაგან მემსხვერპლეობა და მამისაგან გულსმოდგინება და მეცა მსწრაფლ წარმიყვანე შენ თანა სავანესა მას შენსა სამკვიდრებელსაო", - სთხოვდა ბოლოს. სულიერმა შვილმაც მალე აღუსრულა სათხოვარი...
1802 წლის დამდეგს გარდაცვლილა ბერთუბნის მესვეტე ბერი იოანიკე ჭოტორელი, მამა ზაქარია გაბაშვილის მოწაფე. წმინდა გაბრიელს ცრემლით წარმოუთქვამს ღირსი მამის ქების სიტყვა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
მცირე ხნის შემდეგ, დიდმარხვის დღეებში, ეშმაკმა აღძრა მონასტრის მთავარდიაკონი იოანე ჩუბინისძე და ტფილისში, ცოლ-შვილთან წასვლა მოანდომა. ვეღარ გაუძლო მთავარდიაკონმა ცდუნებას და ქალაქის გზას დაადგა, თან წმინდა გაბრიელიც გაიყოლა. არ უნდოდა ღირს მამას ტფილისში წასვლა, ეგებ სულიწმინდის მადლით იცოდა კიდეც, გზად რა ელოდა, მაგრამ იოანეს დიდი თხოვნით დაუყოლიებია. და აი, მრავალწყაროს ხევში შეჰყრიან ლეკთა მხედრობას, რომელსაც ორივე დაუხოცავს.
ღირსი გაბრიელი ბერებს წაუსვენებიათ და იოანე ნათლისმცემლის მონასტერში დაუკრძალავთ, ხოლო აწ "სუფევს ქრისტე ღმრთისა თანა და მეოხ არს სულთა ჩვენთათვის".
ხატის წყარო