ახალწლის მიგებებას საქართველოს სამეფო კარზე სერეგი მაკალათია 1923 წლის (N25) გზეთ "ბახტრიონში" ამგვარად აღწერს:
-საქართველოს სამეფო კარზე ახალწელიწადს დიდის ზეიმით ეგებებოდნენ. სასახლის ყოველივე ხელისუფალი, თავიანთ სახელოს მიხედვით, მეფის და მის სახლეულის მორთვა-მოკაზმვას, ამ დღის შესახვედრად, ერთის კვირით წინ შეუდგებოდნენ. მსახურთ-უხუცესი მოლარეთ-უხუცესისაგან მოიღებდა ძვირფას საფენებს და მეფეს სადარბაზო ოთახს მოუფენდა. მონადირეთ უცუხესი მეფეს შემოსავდა ძვირფას ტანისამოსით: "მას წელიწადის თავს დღეს მმეფე არავის (გან) შე (ი)მოსოს ამისგან კიდე, რომ მონადირეთ-უხუცესი ყვითლით ყაბარჩით შეიმოსების, სახელმოკლით, ტყავიანითა მოყვინთულითა, არა დია პრტყელად, თავსა და საყელოსა კარგისა ყვნიზისა და მაღლად აშვერილსა, მჭალოდ შეკერილსა ქუდსა დაარქვამს" *(იქვე 1,9). ამგვარად მორთულ მოკაზმულ მეფეს მაღალ სკამზე დასვამდნენ. საახალწლო ტაბლას, შუაზე ველურ ტახის თავით, წინ დაუდგამდნენ. ხელისუფალნი, თავიანთ სახელოს იხედვით, მეფის გარშემო ზოგნი სდგებოდნენ და ზოგნი სხდებოდნენ: "მკერვალთ-უხუცესი და ტყის მცველნი დასხდებიან და მეხელადეთ-უხუცესნი დგანანო" * (ხელმწიფის კარის გარიგება 1, 24. ექვ. თაყაიშვილის გამოცემაა 1920 წ.) პირველად მეფეს, ციხკრის ლოცვის დაწყებამდე, ვაზირთა შორის უპირველესი, მწიგნობართ-უხუცესი უკვლევდა ჯვრით, ხატით და ძვირფას ნივთების მირთმევით.
მილოცვის შემდეგ მწიგნობართ-უხუცესი მეფე-დედოფალს ტკბილეულით "დააბერებდა". იმავე დღეს წირვის შემდეგ დაიწყებოდა მილოცვები ერისთავთა, ვაზირთა დარბაზის ერთა და სხვა ხელისუფალთა უმფროს-უმცროსობით.
ყოველი მომლოცველი მიართმევდა მეფეს მის სახელოს დამახასიათებელ სახის ძღვენს. ამირ-სპასალარის მეფისათვის ძღვნად უნდა მიერთმია-ბურთი, ჩოგანი, ცხენი უკეთესი მოიღოს საგამგეოსა ( კარის გარიგება 28,334-335). დადიანს საწელისწდისთავო ძღვნად უნდა მიერთმია; სამი ცხენი, ორი უკეთესი და ერთი სატალაზე (იქვე 28. 336-337). საწელისწადისთავო ძღვენი აგრეთვე ემართა ზოგიერთ მონასტრებსაც.
კარის გარიგებაში მოხსენებულია გელათური ძღვენი-"საჭარმაგეო სეფისკვერი, სამი შეკანული ღვინო, ზუთხი და სატალაზე ცხენი. (ვახუშტის საქართვ. ისტ.გვ. 14. ბაქრაძის გამოც.) დანარჩენ ხელისუფალთა მიერ მირთმეულ ძღვენის შესახებ პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება, მხოლოდ ნათქვამია: "და სხვანი ოფიკალნი თავის-თვისთა შესატყვისა-ო " . საქვეყნოდ გამრიგე ხელისუფალთა შორის ერისთავთა შესახებ ნათქვამია, რომ ისინი ულოცავდნენ მეფეს "არა კეთილთა ცხენის მირთმევითო" ე.ი. ულოცავდენ გამხდარ და ჯაგლაგა ცხენებს.
გარდა ამისა, ყველა ზემოხსენებული მომლოცველნი მიართმევდენ მეფეს ისარს (უძველეს დროს) ანუ ტყვიას (შემდეგ) და წყევლა-კრულვით მოიხსენებდნენ მეფის მრტებს, შემდეგ კი, სიტყვებით: მრავალ ჟამიერ ჰყოს ღმერთმან მეფობა თქვენი და ისარი ესე ანუ ტყვია განერთხას მეფობისა თქვენისა ორგულთა". ***(იქვე გვ. 14.)
მეორე დღე განკუთვნილი იყო ნადირობისთვის. ლაშქრობა-ნადირობას დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა ძველს საქართველოში. ამ გარემოებას ადასტურებს თვით ახალწლის წესებიც, სადაც მონადირეთ-უხუცესს და მის სახელოს უპირველესი ადგილი უჭრავს, ნადირობას ამ დღეს, გარდა სავაჟკაცო ასპარეზობისა და გართობისა, სამეკვლევო მნიშვნელობაც ჰქონდა, მასთან დაკავშირებული იყო დამდეგ წლის ყველგვარი ბედნიერება. ას წლის მეორე დღეს მეფე უფლისწულებით და დიდებულთა თანხლებით ნადირობდნენ, განსაკუთრებლივ მავნე ცხოველებზე.
ამგავრ ნადირობის მოსაწყობად ბაზიერთ-უხუცესი, ერისთავთა მიერ მორთმეულ "არა კეთილ ცხენებს დაახოცვინებდა წინა დღით და სანადიროდ ამორჩეულ მინდორზე დაჰყრიდნენ. ეს ადგილი შემოღობილი იყო და მეფის სადგომთან მოშორებით მდებარეობდა.
ღობის კარს ღამე განგებ ღიას სტოვებდნენ, რომ ლეშის სუნზე მავნე ნადირები შემოსულიყვნენ.
როდესაც სანადირო ალაგი ნადირით გაივსებოდა, სანადიროს მცველი დილა ადრიან ღობეს კარებს ჩუმად მიხურავდა და იქ მყოფ ნადირებს შიგვე მოამწყვდევდა.
იმავე დღეს მეფე დიდებულთა თანხლებით ცხენებზე მსხდომარენი სანადირო მინდვრისაკენ გაემგზავრებოდნენ. მათ მისვლისთანავე ღობის კარებს გაღებდნენ და დამწყვდეული ნადირები გარეთ გამოსცვდებოდნენ. ამ დროს შეიქმნებოდა თოფების და ისრების სროლა და ნადირთა ხოცვა.
რადგანაც ამ დღი ნადირობას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა, ამიტომ ყველანი სცდილობდნენ, რაც შეიძლება მეტი ნადირი დაეხოცათ.
ნადირის სახით მათ წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი მტრები, რომლებიც ახალწელსაც არ მოუსვენებდნენ და ამიტომ სურდათ მათზე წინასწარ გამარჯვება ედღესასწაულნათ.
ნადირობის შემდეგ სიმღერით და მოლხენით მეფე-დიდებულებით უკანვე ბრუნდებდნენ "ესრეთ იკვლევდიან და შემოვიდიან-მხიარულნი სანადიმოდ". (ვახუშტი. საქართვ. ისტ, გვ. 14. ბაქრაძ. გამოც.) დღესასწაულს მოჰყვებოდა სახელმწიფოს საანგარიშო დავთრების გასინჯვა და შემოწმება. მეფის დავალებით ამგვარი რევიზია მწიგნობართ-უხუცესს ჰქონდა მინდობილი. ის თავის თანაშემწის, საწოლის მწიგნობრის თანხლებით, სავაზიროთა სალაროებს დაუვლიდა, გასინჯავდა საანგარიშო დავთრებს და სისწორით წარმოებულ საბუთებს დაბეჭდვით ამტკიცებდა.
კარის გარიგებაში ამის შესახებ ნათქვამია ამილახვარი, მეჰბრეთ-უხუცესი, ზარდახნის-უხუცესი და მწიგნობარი წელიწადსა შიგან ერთხელ ზარდახანს შევლენ და ზარდახნის მწიგნობარი დასწერს, ანგარიშს იქმენ და საანგარიშო გოდორსა შიგან ჩასდებსო". (9 1913-196).
ამგვარი პირდაპირი ცნობები სხვა სავაზიროების შესახებ ჩვენ არ მოგეპოვება, გარდა ერთი მოკლე ნაწყვეტისა, რომელიც სამეფოს საღვინეს ეხება: "ანგარიში საანგარიშო გოდორთა შინა ძეს ო (იქვე 20-239).
მაგრამ შეგვიძლია ჩვენ მაინც ვიფიქროთ, რომ საწოლის, საჭურჭის და სხვათა სავაზიროთა მწიგნობარნიც ამგავრ ანგარიშებს ყოველწლიურად ადგენდენ და სახელწიფოს "საანგარიშო გოდორში" იანხავდენ.
გარდა ამისა, სახელმწიფოს პასუხისმგებელ მოხელენი, როგორც იყვნენ მწიგნობარნი, საქმის ბეჯით და კანონიერ წარმოებისათვის სახელმწიფო სალაროდან საახალწლო ჯილდოს იღებდენ: "ზარდახნის მწიგნობარმა ყოველ რაი ასწეროს წლისა თავსა, ერთი უნიგირი ზარდახნის მწიგნობარ უნდა მოსცესო". (კარის გარიგება 10 204-205).