60-იანი წლების დასაწყისში სავანის დასახური მიზეზის გამოსაძებნად მონასტერში საოლქო კომისიის წევრები მივიდნენ. მიმოიარეს მონასტერი, ნახეს მომლოცველები, რომლებიც ყვავილნარში ბარავდნენ და შეუტიეს მამა ავლიპის, - რის საფუძველზე მუშაობს ეს ხალხი აქო.
საბჭოთა არქიმანდრიტმა მიუგო, - მიწის მეპატრონეები მუშაობენ თავიანთ მიწაზეო.
მეტი შეკითხვა აღარ ჰქონიათ.
სხვა დროს კი ფსკოვიდან იმავე მიზნით - ამჯერად უკვე ფინანსური, სახალხო კონტროლის კომისია ჩამოვიდა შესამოწმებლად. რწმუნების ფურცელი ხელთ არ ჰქონდათ.
- ვინ მოგცათ ამის რწუნებულება? - ჰკითხა არქიმანდრიტმა მათ.
- ხალხმა აღგვჭურვა ამ უფლებით!
- მაშინ ხვალ, ღვთისმსახურებაზე, გთხოვთ ამბიონზე გამოხვიდეთ და ვკითხოთ ხალხს, რწმუნებით აღგჭურვეს თუ არა, - შესთავაზა მამა ავლიპიმ.
- ჩვენ რწმუნებით აღგვჭურვა პარტიამ! - დააზუსტეს მათ.
- რამდენი კაცია თქვენს პარტიაში?
- ოცი მილიონი.
- ჩვენს ეკლესიაში კი ორმოცდაათი მილიონია. უმცირესობას არ შეუძლია, უმრავლესობას უკარნახოს.
- ჩვენ წარმოვადგენთ ფინანსურ ორგანოს, რომელიც...
მამა ავლიპიმ მათ შეაწყვეტინა: - მე აქ მხოლოდ ერთი უფროსი მყავს, ფსკოვის ეპისკოპოსი იოანე. მასთან მიდით ნებართვისთვის. მის გარეშე ფინანსურ დოკუმენტებთან არ მიგიშვებთო.
შემმოწმებლები წავიდნენ, რამდენიმე საათში ფსკოვის ეპისკოპოსმა დაურეკა მამა ავლიპის და შემცბარმა კონტროლიორების შესამოწმებლად დაშვება სთხოვა.
- ტელეფონის ზარს საქმეს ვერ მიაბამ, მეუფეო. გამომიგზავნეთ დეპეშა, - უპასუხა მამა ავლიპიმ.
მალე მოვიდა დეპეშაც და სახალხო კონტროლიორები კვლავ წარუდგნენ მამა ნაცვალს. მას ხელთ დეპეშა ეჭირა. მამა ავლიპიმ ჰკითხა მათ:
- თქვენ კომუნისტები ხართ?
- დიახ, ძირითადად კომუნისტები...
- და კურთხევა ეპისკოპოსისგან აიღეთ? ფსკოვის მეუფისაგან? ჰოო... გავგზავნი ახლა ამ დეპეშას პარტიის საოლქო კომიტეტში...
ამით დასრულდა მონასტრის შემოწმება.
ივან მიხაილოვიჩ ვორონოვი ერქვა არქიმანდრიტ ავლიპის ბერად აღკვეცამდე - ოთხი წელი იბრძოდა II მსოფლიო ომში და მოსკოვიდან ბერლინამდე მივიდა. შემდეგ კიდევ ცამეტი წელი იცავდა ფსკოვის მღვიმევის მონასტერს სახელმწიფოსაგან, რომლისთვისაც ოდესღაც სისხლს ანთხევდა.
ორივე სამკვდრო-სასიცოცხლო ომში თავდაუზოგავად იბრძოდა მამა ავლიპი. კომუნისტური პარტიის მაშინდელ პირველ მდივანს ნიკიტა ხრუშჩოვს, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, დიდი გამარჯვება სჭირდებოდა, არანაკლები, ვიდრე მისი წინამორბედის გამარჯვება იყო, რომლისაც საშინლად შურდა. მომავალ ბრძოლებში მოსალოდნელი ტრიუმფისთვის ხრუშჩოვმა არჩევანი რუსეთის ათასწლოვან ეკლესიაზე გააკეთა და ომი გამოუცხადა, მთელი სამყაროს წინაშე კი პირობა დადო, რომ ტელევიზიით უკანასკნელ მღვდელს გამოიყვანდა.
მალე ააფეთქეს, დახურეს, საწყობებად და მანქანა-ტრაქტორების სადგურებად გადააკეთეს ათასობით საყდარი და ეკლესია. გაუქმდა უმეტესი ნაწილი უმაღლესი სასულიერო სასწავლო დაწესებულებისა. დაარბიეს თითქმის ყველა მონასტერი. მღვდლების უმეტესობა ციხეში აღმოჩნდა. რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი ორი სავანეღა დარჩა - წმინდა სამების სახელობის წმინდა სერგი რადონეჟელის ლავრა, რომელიც, როგორც საეკლესიო რეზერვაცია, უცხოელებისთვის საჩვენებლად შემოინახა ხელისუფლებამ და პროვინციული ფსკოვის მღვიმევის მონასტერი, აქ ათეისტური სახელმწიფოს ძლევამოსილი ძალის წინააღმდეგ აღდგა დიდი არქიმანდრიტი, დიდი ნაცვალი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან გაიმარჯვა!
იმ წლებში მთელი დევნილი რუსული ეკლესია თვალს ადევნებდა და ელოდა ამ უთანასწორო ორთაბრძოლის დასრულებას. ერთმანეთს გადასცემდნენ მღვიმევიდან მოსულ ამბებს, მოგვიანებით ამ ამბების მონაწილეებმა და თვითმხილველებმა ჩაიწერეს ყოველივე.
აი მხოლოდ ზოგიერთი ქრონიკა:
ზამთრის საღამოს მამა ავლიპის კაბინეტში რამდენიმე სამოქალაქოტანსაცმლიანი კაცი შევიდა და ოფიციალური დადგენილება ჩააბარა: ფსკოვის მღვიმევის მონასტერი დახურულად გამოცხადდა. ნაცვალს ეს დადგენილება ძმებისთვის უნდა გაეცნო. მამა ავლიპი დოკუმენტს გაეცნო და ჩინოსნების თვალწინ გახურებულ ბუხარში შეაგდო. გაშეშებულ სტუმრებს კი მშვიდად აუხსნა: - მიჯობს, წამებით ამომხადოთ სული, მონასტერს კი არ დავკეტავო.
ჩვენთვის სათქმელად ადვილია - დამწვარი დოკუმენტი ხომ საბჭოთა კავშირის მთავრობის დადგენილება იყო, რომელსაც ხელს ხრუშჩოვი აწერდა.
ეს ამბავი აღწერა დიდი ნაცვლის ერთგულმა შვილმა არქიმანდრიტმა ნათანაილმა.
მე თვითონ მამა ავლიპს ცოცხალს ვერ მოვესწარი, მაგრამ ფსკოვის მღვიმევის მონასტერზე საუბარი მისი ხსენების გარეშე შეუძლებელია.
გამიმართლა - მრავალ მისი დროის მონაზონს შევესწარი, მათ შორის ცნობილ მხატვრებს, მწერლებს, მეცნიერებს, მოსკოველ, ლენინგრადელ, რიგელ რესტავრატორებს, რომლებიც იმ წლებში მის სტუმართმოყვარე სახლში იკრიბებოდნენ ხოლმე. იგი მათთვის უშიშარი სულიერი მონაზვნისა და მკაცრი და მოსიყვარულე მამის მაგალითად დარჩა.
მიუხედავად მამა ავლიპის პრაგმატულობისა და ხაზგასმულად მიწაზე მყარად დგომისა, მტკიცე, პრაქტიკული გამჭრიახობისა, ბრწყინვალე, ხშირად მკვეთრი გონებამახვილობისა, განსაცვიფრებელი საზრიანობისა, მრავალი თანამედროვე (მათ შორის დიდად მოსაგრე მონაზვნები) მას წმინდანად თვლიდა.
უფალს არ უყვარს მშიშრები. ერთხელაც ეს სულიერი კანონი მამა რაფაელმა გამიმხილა. მე მას მოვუყევი მამა ავლიპიზე. ერთ-ერთ ქადაგებაში თქვა: "მე მომიწია მოწმე ვყოფილიყავი იმისა, რომ ომში ზოგიერთები, რომელთაც შიმშილით სიკვდილისა ეშინოდათ, ორცხობილიან ტომარას აიკიდებდნენ და არ იბრძოდნენ. ისინი ორცხობილიანად იღუპებოდნენ. ხოლო ვინც გიმნასტურას იხდიდა და მტერს ეომებოდა, ცოცხალი გადარჩა".
როცა მონასტრის მღვიმეების გასაღებების ჩამოსართმევად მოვიდნენ, მამა ავლიპიმ თავის მესენაკეს უბრძანა:
- მამა კორნილე, სასწრაფოდ ნაჯახი მომიტანე, ამათ თავები უნდა დავაჭრათ!
თანამდებობის პირებმა თავს გაქცევით უშველეს: ვინ იცის, თავში რა უტრიალებთ ამ ფანატიკოსებს და ბნელეთის მოციქულებსო?!
თვითონ ნაცვალმაც იცოდა, რომ ამ ბრძანებებს ჰაერში არ ისროდა. ერთხელაც, როცა კიდევ ერთხელ მოვიდნენ და მონასტრის დაკეტვა მოსთხოვეს, პირში მიახალა მათ:
- ჩემთან ძმების ნახევარი ნაფრონტალია. ჩვენ შეიარაღებული ვართ, უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ვიბრძოლებთ. შეხედეთ მონასტერს, აქ როგორი დისლოკაციაა, ტანკები აქ ვერ გაივლიან. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ზეციდან, ავიაციით აგვიღოთ. მაგრამ როგორც კი პირველი თვითმფრინავი გამოჩნდება მონასტრის თავზე, რამდენიმე წუთში მთელ სამყაროს ამის შესახებ "ამერიკის ხმა" გააგებინებს: ასე რომ, თვითონვე განსაჯეთ!
ვერ ვიტყვი, რა არსენალი იყო მონასტერში. ეს ალბათ უფრო სამხედრო ხრიკი გახლდათ დიდი ნაცვლისა, მისი მორიგი მრისხანე ხუმრობა. მაგრამ, როგორც ამბობენ, ყოველ ხუმრობაში სიმართლის მარცვალიც არის. იმ წლებში სავანის ძმობა უდავოდ განსაკუთრებულ სანახაობას წარმოადგენდა - მონაზონთა ნახევარზე მეტი ორდენოსნები და დიდი სამამულო ომის ვეტერანები იყვნენ. საკმაოდ დიდი ნაწილიც სტალინის საკონცენტრაციო ბანაკებიდან მოვიდა. მესამე ნაწილმა ერთიც და მეორეც გამოსცადა.
"იმარჯვებს ის, ვინც შეტევაზე გადადის", - ამბობდა მამა ავლიპი და თვითონ ზუსტად მისდევდა ამ სტრატეგიას. სწორედ იმ ყოველდღიურად ბრძოლის წლებში ნაცვალმა ნანგრევებიდან აღადგინა მონასტრის გალავანი, გაპარტახების პირას მისული ტაძრები. უდავოდ პროფესიონალურად გამოაჩინა ძველი ფრესკები. შესაფერისი სახე მისცა წინამძღვრისა და საძმოს კორპუსებს. თვითონვე მხატვარმა - საზღვარგარეთ გაყიდვას გადაარჩინა რუს და უცხოელ ფერმწერთა ნაწარმოებები. მის უზარმაზარ კოლექციაში იყო ლევიტანი, პოლენოვი. სიკვდილის წინ მამა ავლიპიმ ეს შედევრები უსასყიდლოდ გადასცა მუზეუმს. მთელ სავანეში გააშენა ისეთი საკვირველი ბაღები, ყვავილნარები, ხეივნები, რომ მონასტერი რუსეთის ერთ-ერთ უმშვენიერეს ადგილად გადაიქცა.
მღვიმევში პირველად მოხვედრილი კაცისთვის, მომლოცველი იყო თუ ექსკურსანტი, სავანე წარმოადგენდა საკვირველ, აღმაფრთოვანებელ სამყაროს, სრულიად არარეალურს უფერული საბჭოთა სინამდვილის გარემოცვაში.
მაგრამ მამა ავლიპის მთავარი ღვაწლი ფსკოვის მღვიმევის მონასტერში ბერდიდობის ინსტიტუტის დაარსება იყო.
ბერდიდობა - საკვირველი მოვლენაა იმითაც, რომ ერთ ადგილზე არ ჩერდება. ვთქვათ, ერთ, რომელიმე კონკრეტულ მონასტერში. იგი მთელ დედამიწაზე დაეხეტება, მოულოდნელად გაიფურჩქნება ხან ვოლგის იქითა ჩრდილოეთ თებაიდის სკიტში, ხან თეთრი ნაპირების უდაბნოში, ბრიანსკის ტყეში, ხანაც საროვში, ხანაც ოპტაში. XX საუკუნის შუა ხანებში კი მან თავშესაფარი ფსკოვის მღვიმევის სავანეში პოვა. მამა ავლიპი ალღოიანად შეუდგა ამ იდუმალ გზას. როგორც უძვირფასეს საგანძურს, იგი უფრთხილდებოდა და ამრავლებდა ბერდიდობას თავის სავანეში. მისი მეცადინეობით ნება მიეცათ დიდ ბალაამელ მამებს, ფინეთიდან მღვიმევის მონასტერში გადმოსულიყვნენ. მიიღო ციხისა და გადასახლების საზვერეებგამოვლილი მღვდელმონაზონი იოანე (კრესტიანკინი) - ის მაშინ მონასტერში ჩუმად მოიყვანა ეპისკოპოსმა პიტირიმმა (ნეჩაევი). მანვე შეიფარა მამა ანდრიანე, რომელიც იძულებული გახდა, სამების ლავრა დაეტოვებინა. მამა ავლიპის ხელში აღიზარდა მთელი თაობა დიდბერთა - მოძღვრებისა. იმ დროს ამგვარი ინსტიტუტის შექმნა და შენარჩუნება ნამდვილი გმირობა იყო.