"კარიბჭელებმა" სხვადასხვა სიძველებთან ერთად ერეკლე მეფის დიდებული სასახლეც მოვინახულეთ.
მართლაც, რომ დიდებულად განუახლებიათ და აღუდგენიათ მეფის დროინდელი შენობა-ნაგებობანი. მისი ხელშენახები ნივთებიც დღემდე სათუთად შემონახავთ... განსაკუთრებული ყურადღება ერეკლე მეფის ვერცხლის ხანჯალმა მიიპრყო... სასახლის შენობის კარში ისე ვერ შეხვალთ თავი თუ არ მოიდრიკეთ. საგანგებოდ პატარა ზომის კარი იმაზე მეტყველებს, რომ მეფესთან მისული ყველა სტუმარი თავის მოდრეკით უნდა შესული და ასე მიეგო პატივი. ჩვენც ძალაუნებურად ასე მოვიქეცით.
"ბატონის ციხედ" ცნობილი სასახლე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლის კარის ეკლესია, აღმოსავლეთის კარი და აბანო არჩილ მეფის დროსაა აგებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კი ერეკლე მეორემ სასახლეს დიდი გალავანი შემოავლო, რომლის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს. მემატიანე პაპუნა ორბელიანის გადმოცემით, ერეკლე მეფეს თელავის გალავნის მშენებლობა დაუსრულებია 1753 წელს. ციხე გალავანს მთავარი დიდი კარის გარდა სხვა სათადარიგო შესასვლელებიც ჰქონია, ერთი სამხრეთით, ერთი ჩრდილოეთით. მეფე ერეკლეს კარის ეკლესია კი აგებულია 1758 წელს. გარდა ეკლესიისა, იგი თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა, მას სახურავის ქვეშ მოწყობილი ჰქონია სათოფურები. ეკლესიიდან ათიოდე მეტრის მოშორებით იდგა დიდი ბურჯი, 14 მეტრის, რომლის მსგავსი საქართველოში არსადაა. ეს ბურჯი დარეჯან დედოფალმა ააშენებინა და XIX საუკუნის 40-იან წლებამდე აქ იდგა 8 მეტრის სიგრძის ზარბაზანი, რომელიც მუდამ მზად იყო მტრის მოსაგერიებლად.