"არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილის აღებაი, არამედ სახარებითა უჩვენოთ გზაი ჭეშმარიტი"
13.10.2011
მას შემდეგ, რაც ქართველმა ერმა ნათელიღო და ქრისტე შეიმოსა, არ გაჰქრობია სურვილი, ამ დიდი მადლის ზიარი გაეხადა ჩრდილოელი მეზობლები.
ჩვენი ეს წერილიც ქართველთა მისიონერობას ეხება.
"არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილისა აღებაი". თუმცა ქართლში "ქრისტიანობა წარემართებოდა მოსწრაფებითა დიდითა", მაგრამ რანში, კახეთსა და მთიულეთში დიდი წინააღმდეგობა შეხვედრიათ მეფე მირიანსა და წმინდა ნინოს. მეფეს ძალით გაქრისტიანება განუზრახავს. წმინდა ნინოს არ მოეწონა ეს აზრი და უპასუხა მეფეს: "არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილის აღებაი, არამედ სახარებითა უჩვენოთ გზაი ჭეშმარიტი". დათანხმდა წმინდა მირიანი. წმინდა ნინოსთან და წმინდა ეპისკოპოს იოანესთან ერთად წავიდა მთიულეთში. მოვიდნენ წობენში და აქედან მოუწოდეს მთიულებს, ჭართალელებსა და ფხოველებს, უქადაგეს სარწმუნოება ქრისტესი. სიტყვამ არ გაჭრა, სანამ მახვილით არ შეაშინეს და შეშინებულებმა "შიშითა მოსცნენ კერპნი მათნი დასალეწად". ფხოველებს უარი უთქვამთ მონათვლაზე და თუშეთში გაქცეულან.
ბაქარი. მეფე მირიანს დარდად ჩაჰყვა საფლავში ის, რომ ვერ მოახერხა ზოგიერთი მთიულის ქრისტეს სჯულზე მოყვანა. მამის საქმე შვილმა განაგრძო. ბაქარმა გააქრისტიანა ჭართალელები, ფხოველნი, გუდამაყრელნი, წილკნელნი, მან ქრისტიანობა მიაღებინა მირიან მეფის სიძეს ფეროზს და მის ქვეშევდრომებს (ჰერებს).
მეფე არჩილი. სპარსთა ბატონობისას ქართლში ცეცხლთაყვანისმცემლობა გავრცელდა. მეფე არჩილი დაემოყვრა ერთმორწმუნე ბერძენ იმპერატორს, გამოუცხადა მტრობა სპარსელებს და "გამოაჩინნა ჯვარნი და შეამკუნა ეკლესიანი". ცეცხლთაყვანისმცემელთა მოგვები წუქეთში დაბანაკებულიყვნენ. მაგრამ მან აქ ბუდე აუნგრია მათ და გარეკა. აქვე კასრის საყდარი ააგო და ქართლში "ქადაგნი განავლინნა".
წმინდა თამარი. ჯერ მისმა დიდმა პაპამ წმინდა დავით აღმაშენებელმა მოაქცია ყივჩაღნი და მრავალნი მთიულნი ქრისტეს სჯულზე, მერე კი ქართველთა დედამ, წმინდა თამარ მეფემ იზრუნა მათზე. წმინდა მეფეს დიდად აწუხებდა ფხოველთა და დიდოთა სულიერი დაცემა, მათი პირუტყვული მდგომარეობა. ამას მოწმობენ ის უხვად გაბნეულნი ნაშთნი ეკლესიათა, რომლებიც თამარს კავკასიის მთებში აუგია. იოანე წილკნელი მოწმობს, რომ წმინდა თამარმა მთიულეთში წმინდა ისე წილკნელის საქმე განაგრძო.
წმინდა პიმენ სალოსი. მონღოლთა შემოსევამ შავ დღეში ჩააგდო არა მარტო საქართველო, არამედ მისი მეზობელი კავკასიელი ტომებიც. ამ დროს გამოჩნდა ერთი ბერი, დავითგარეჯის მონასტრისა, ღირსი პიმენ სალოსი, სულელი ქრისტესთვის, რომელიც ფრიად მამხილებელი იყო მეფეთა და მთავართა უწესობისა არა მარტო სიტყვით, წერილებითაც. მან ერთხელაც დაუტევა მონასტერი, წავიდა ლეკთა შორის, უქადაგა მათ ქრისტე და მრავალნი მოიყვანა სარწმუნოებად. ასევე უქადაგა ფშაველებსა და თუშებს და მრავალნი მოაქცია. მერე კი ბელაქნის მთაზე ერთ განშორებულ მღვიმეში დაეყუდა და იქ დაასრულა სიცოცხლე.
წმინდა იოანე მანგლელი. განუზომელია წმინდა იოანე მანგლელის (სააკაძე) ღვაწლი კავკასიის მთიანეთის მოქცევაში. ოსმალების შემოსევის გამო წმინდა იოანემ მანგლისის კათედრა დაკარგა და კახეთში გაიქცა, სადაც ხირსის მონასტერს წინამძღვრობდა. მან მალევე აუღო ალღო მთიულეთის სულიერ მდგომარეობას და საშველად მიაშურა. იგი აღიჭურვა სახარებით, ჯვრით და გაუდგა გზას. ჯერ კახეთი მოვლო ქადაგებით, მერე დაღესტანში შევიდა. მას თან ახლდა თერთმეტი სასულიერო პირი. თავისი ცხოვრებითა და სასწაულებით წმინდა იოანემ ლეკების ყურადღება მიიპყრო. არც მთავრობას დარჩა უყურადღებოდ მისი მოციქულებრივი მოღვაწეობა, პეტრე დიდმა და ამ დროს უცხოეთში ლტოლვილმა ვახტანგ VI-მ ნივთიერი დახმარება აღმოუჩინეს. იოანემ ჯერ ხის სამლოცველო ააგო აქ "ნიჩბით ხელში" და მერე იმავე ადგილას ქვის ეკლესია ააშენა მიძინების სახელზე. შემდეგ კი ზღვის პირას ააშენა წმინდა ეკატერინეს ეკლესია. 1724 წელს წმინდა იოანემ მოწაფეები დაღესტანში დატოვა, თვითონ კი სამისიონეროდ ასტრახანში გადავიდა, სადაც ეკლესია ააგო იოანე ღვთისმეტყველის სახელზე. ეს ეკლესია შემდგომში მონასტრად გადაკეთდა. ასტრახანში წინდა იოანემ შეიტყო, რომ ყიზლარში ბლომად ესახლნენ ქართველები, რომლებსაც ეკლესია არ ჰქონდათ. ისიც გაიგო, რომ ოსეთში ქრისტიანობას უჭირა და წმინდა იოანემაც ყიზლარს მიაშურა. აქ ქართველების დახმარებით ეკლესია ააგო, სკოლაც გახსნა - მქადაგებლებს ამზადებდა. წმინდა იოანე 1751 წელს გარდაიცვალა და ჯერ ყიზლარის ტაძარში დაკრძალეს, შემდგომში კი თბილისში გადმოასვენეს.
მისიონერულ საქმეს დიდი ღვაწლი დასდო რომანოზ წილკნელმა (ნასიძე), შემდეგ კი მისმა მემკვიდრემ იოანე წილკნელმა. იოანე ჭეშმარიტ იერემიად მოევლინა თავის სამწყსოს. მისიონერული საქმიანობით გაითქვა სახელი ნეკრესის მიტროპოლიტმა ამბროსიმ. ნეკრესელი, გიშელთან ერთად, დარაჯად ედგა გაღმა-გამოღმა კახეთში, მუღანლოში, ინგილოში, ჭარში (ფიფინეთში), ყარაღაჯში, ბელაქანში, ხუნძახში, ნუხპატში და ა.შ. ამიტომაც მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა ნეკრესის ეპარქიას. ამბროსი დიდი მქადაგებელი და კარგი მასწავლებელი იყო და მრავალი მისიონერი გამოზარდა კიდეც.
ოსეთის მისიონერული კომისია. ქრისტიანობა ოს ხალხს ადრე მიუღია. მაგრამ გავიდა საუკუნეები და ოსეთში, ისევე როგორც სხვა კავკასიელ ხალხებში, მაჰმადიანობა მომძლავრდა. წმინდა იოანე მანგლელი როცა მოსკოვში ჩავიდა, მაშინ ზნამენსკის მონასტერში მრავლად იყვნენ ქართველი ბერები. იქვე იყვნენ ეპისკოპოსი იოსებ სამებელი (ქობულიშვილი) და არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ტომით ქართველი). ისინი ქართულ ბიბლიას სტამბავდნენ. იოსებმა და იოანემ მისიონის ახალი პროექტი შეადგინეს და იმპერატორ ელისაბედს მიართვეს. მასში ოსეთში ქრისტიანობის გავრცელების ისტორია და მისი დაცემის მიზეზები იყო მოთხრობილი: "ყიზლარის ახლოს მაცხოვრებელი ოსი ხალხი, 20000 სულადობით, ადრე შედიოდა ქართველი მეფეების მფარველობის ქვეშ, ამჟამად არავის ექვემდებარებიან. ისინი ძველთაგანვე მისდევდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას, რომელზედაც მიუთითებს აგებული ეკლესიები და წმინდა ხატები". ბოლოს კი სთხოვდნენ, იქ ოსური ენის მცოდნე მქადაგებლები გაეგზავნათ. რუსეთის მთავრობამ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და 1745 წელს ოსეთის კომისია შეიქმნა. პირველ მისიონერებად დაინიშნენ ზნამენსკის მონასტრის ქართველი ბერები. მისიონერები მხნედ შეუდგნენ საქმეს და "ფრიადი სულნი მოაქცივნეს და ნათელისცეს წმინდითა ემბაზითა". წმინდა იოანე მანგლელის გარდაცვალების მერე მის ადგილას ქართველი არქიმანდრიტი პახომი დაინიშნა, რომლის ინიციატივითაც მოზდოკში ოსური სკოლა გაიხსნა. მისი სიკვდილის მერე ხელმძღვანელობა არქიმანდრიტებმა გიორგიმ და პორფირემ იკისრეს. საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ რუსმა სასულიერო პირებმა ყალბი ცნობა მიაწოდეს სინოდს, თითქოს ქართველები კარგად ვერ უძღვებოდნენ საქმეს და მას მერე კომისიის ხელმძღვანელად რუსი დაინიშნა.
საქართველოს და საერთოდ კავკასიის მთელი მოსახლეობის გასაქრისტიანებლად დიდად იღვაწეს ქართველმა სასულიერო პირებმა: ბესარიონ ილურიძემ, იოსებ ელიოზისძემ, პეტრე ავალიანმა, გიორგი ამირიძემ, ზაქარია მამულაშვილმა. განსაკუთრებულად იშრომა ჯერ მოზდოკის, მერე კი ასტრახანის მთავარეპისკოპოსმა გაიოზმა (ბარათაშვილმა).
გაიოზი მოზდოკში ჩავიდა 1794 წელს და თავისი ახოვანებითა და მჭევრმეტყველებით დიდი გავლენა მოახდინა ოსებზე. მან შეადგინა ოსური ანბანი და ოსურ ენაზე თარგმნა მრავალი წიგნი. მისი საქმის გამგრძელებელი იყო ივანე იალღუზის ძე, რომელიც ტომით ოსი იყო და პატარაობიდანვე საქართველოში გაიზარდა. მან ქართულიდან ოსურად თარგმნა და გამოსცა საღვთისმეტყველო ლიტურგია და სახარება, რომლებიც მღვდლებს დაურიგა.
წმინდა გაბრიელი. სამისიონერო საქმეს დიდი წვლილი დასდო წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა (ქიქოძემ). იგი საქმეს ოსეთის მარიონეტული კომისიის წევრებისგან განსხვავებულად უცქერდა. მას სწამდა, რომ მუსლიმანის ქრისტიანულად მონათვლა ჯერ არ ნიშნავდა გულით ქრისტიანობას. ადამიანის ჭეშმარიტ ქრისტიანად მოსაქცევად საჭირო იყო დრო და სათანადო ქადაგებები. სწორი გზის არჩევით წმინდა გაბრიელმა დიდ წარმატებას მიაღწია. მისი პირადი ცხოვრებაც მაგალითი იყო სხვებისთვის: იგი გაურბოდა ოფიციალურ მიღებებს, თან დაცვა არ ახლდა, არ უყვარდა საეკლესიო ეკიპაჟი და უშიშრად მიიკვლევდა გზას ცხენით ძნელად მისასვლელ სოფლებში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა უფსკრულში გადაჩეხილიყო. ასეთი ქცევის გამო აღიარა სვანმა ხალხმა გაბრიელი თავის განმანათლებლად. წმინდა გაბრიელს უდიდესი ეპარქია ებარა, მიუხედავად ამისა, იგი ყოველწლიურად ახერხებდა აფხაზეთში წასვლას და იქ თვეზე მეტხანს დარჩენას. თავის მოგზაურობას ის დღიურში აღნიშნავდა. წმინდა გაბრიელმა ნიადაგი მოამზადა, სოხუმში საეპისკოპოსო კათედრა დაარსებულიყო.
დიდი ღვაწლი გასწია დეკანოზმა დავით მაჭავარიანმაც. იგი 1850 წელს ჩავიდა აფხაზეთში, შეისწავლა აფხაზური ენა, წეს-ჩვეულებანი და ორმოცდაათი წელი ემსახურა აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელებას. მისმა საქმიანობამ სულ მალე შედეგი გამოიღო. 10-15 წელიწადში შერყეული ქრისტეს სჯული სრულიად აღსდგა მთელ სამურზაყანოში, აღდგა და კეთილმოეწყო ეკლესიები. მისივე ინიციატივით გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ღვაწლი აფხაზი ხალხის გასაქრისტიანებად. წმინდა ამბროსი (ხელაია) მასზე ბრძანებს: "ღმერთმა პირველ ხანებში მას არგუნა სამსახური და მოღვაწეობა საქართველოს და განაპირა მხარეში, ჯერ როგორც აფხაზთა შვილების აღმზრდელს, შემდეგ როგორც მისიონერ-მქადაგებელს და ბოლოს როგორც მწყემსმთავარს. ის მუდამ თავგანწირულად ემსახურებოდა აფხაზთა მოქცევის საქმეს, არ ზოგავდა საკუთარ საშუალებას შკოლათა დაარსებისთვის, - თავის ხარჯით ზრდიდა აფხაზთა შვილებს და ამზადებდა მათ მღვდლობის ხარისხში სამოღვაწეოდ... იმ უბედურ დროს (1866 წლის ამბოხების ჩაქრობის მერე), როცა აფხაზთათვის ყველა ქრისტიანის სახელი საზიზღარი იყო, მხოლოდ ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს ჰქონდა აფხაზებთან კავშირი, მხოლოდ მას უზიარებდნენ თავიანთ ჭირ-ვარამს, მას ენდობოდნენ..." ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ წმინდა ალექსანდრე მოაშორეს აფხაზეთს და ქართლში გადმოიყვანეს. ეგზარქოსისადმი გაგზავნილ ერთ-ერთ მოხსენებაში არქიმანდრიტმა ალექსანდრემ აღწერა მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიდა აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელებას. მოხსენების ბოლოს ემოციურად მიმართავს უფალს, შესთხოვს მფარველობას და შემწეობას. "საბრალო აფხაზეთო! - წერს იგი დასასრულს, - კოსტანტინოპოლის მხრიდან, აგრეთვე ყირიმის და ყარაჩაის მხრიდან, ზღვის და ხმელეთის მხრიდან თურქეთმა შემუსრა შენი ზნეობრივი ნორმები და შენი ბედნიერების ვარსკვლავი. ევედრე ზეცას, დაიცავი შენი ქრისტიანობა, რათა ისევ აღმობრწყინდეს ბედნიერების ვარსკვლავი და კვლავ დაბრუნდეს შენი ოქროს ხანა.
საბრალო აფხაზეთო! თავად მიმართე ღმერთს მოწოდებით, რომ მან შეგიწყალოს შენ და გიბოძოს თაყვანისცემისთვის თავისი მაცხოვნებელი ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელშიც შეგეძლო დაგენახა შენი ცხონების საიდუმლო" (1860წ.)
მართლაცდა საბრალო აფხაზეთო!
სამწუხაროდ, არ გვაქვს საშუალება, ვრცლად ვისაუბროთ წმინდა კირიონის (საძაგლიშვილი) და წმინდა ამბროსის (ხელაია) ღვაწლზე. ისინი ნამდვილი პატრიოტები იყვნენ თავიანთი ქვეყნისა და ამასთან აღიარებდნენ თანამოძმე აფხაზთა და ოსთა უფლებებს, საკუთარ ენაზე მოესმინათ ღვთის სიტყვა და ელოცათ. წმინდა კირიონს უცდია კიდეც აფხაზური ანბანის შექმნა და დახმარება იაკობ გოგებაშვილისთვისაც კი უთხოვიათ. წმინდა ამბროსი (ხელაია) ქართველთა და აფხაზთა არა მარტო ეროვნულ, არამედ საეკლესიო ერთობაში ხედავდა გამოსავალს: "ამ ერთობის მხოლოდ განმტკიცებით შეიძლება ჩვენ და განსაკუთრებით აფხაზებმა შეინარჩუნონ თავის ვინაობა, ენა, ზნე-ჩვეულებანი, ნაციონალური თავისებურება-მიდრეკლებანი; ერთის სიტყვით, ყველა ის, რაც ანიჭებს ხალხს ნაციონალურ ელფერს. ამაშია საფუძველი აფხაზთა მომავლის კეთილდღეობისა".
ეჰ, "საბრალო აფხაზეთო", ჩვენო "საბრალო აფხაზეთო"!