25.05.2018
100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
სწორედ ამ დღეს, 1918 წლის 26 მაისს ხუთ საათზე მთავრობის სასახლის დარბაზში შეიკრიბა ეროვნული საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელიც ნოე ჟორდანიამ გახსნა. მან საბჭოს წევრებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალიერ მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს".
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილია "საქართველოს დამოუკიდებლობა", მეორე კი "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი". პირველ ნაწილში მოთხრობილია, თუ როგორ აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრება და როგორ ადასტურებს იგი საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადებულ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს:
"საქართველოს დამოფუძნებელი კრება, — არჩეული პირდაპირი, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, — თავის პირველსავე სხდომაზე, 1918 წ. მარტის 12-ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს მიერ 1918 წ. 26-ს, ნაშუადღევის 5 ს. და 10 წ. თბილისში გამოცხადებულს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს "
დამოუკიდებლობის აქტის მეორე ნაწილი, "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი" ასევე შეიძლება, პირობითად დაიყოს ორ ნაწილად. პირველ ნაწილში მოკლედ არის გადმოცემული საქართველოს ისტორია და ახლო წარსული, ქართველი ხალხის მდგომარეობა და მათი სურვილი, საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის შექმნისა, ხოლო მეორე ნაწილში კი მოცემულია დებულებები, რომლებსაც საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ აცხადებს:
მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.
რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.
დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.
ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს:
ამიერიდგან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.
საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.
დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.
.