ასე დარჩა ქართლ-კახეთი უმეფოდ და უპატრიარქოდ.
ამას მეორე უბედურებაც დაერთო: 1809-დან 1816 წლამდე საქართველოში შავი ჭირი მძვინვარებდა და უპატრონო, მშიერ-მწყურვალ ქვეყანას მუსრს ავლებდა. ჭირმა იმერეთის მოსახლეობის მეოთხედიღა დატოვა. არც სამცხისა და ქართლ-კახეთისთვის დაუყრია ხეირი... შეშინებული ხალხი მთასა და ტყეში გაიხიზნა. 1811 წლის მოუსავლიანობამ ხომ სულერთიანად მოუთავა ხელი ისედაც სასოწარკვეთილ ერს...
მაგრამ ქართველებისთვის ყველა ჭირზე უჭირესი მაინც რუსის ჩექმა, რუსის ბატონობა იყო, რომელიც "ისე ეპყრობოდა საქართველოს, როგორც ველურ ტომს, როგორც უმნიშვნელო და გათახსირებულ სახანოს" (ი. ფრონელი).
მოხელეთა ზღვარგადასული თვითნებობა ჯარისკაცებსაც აგულიანებდა. კახეთის ოლქის უფროსთან, გენერალ პორტიაგინთან, საჩივრით მისული გლეხები ასეთი პასუხით გაისტუმრეს: რომ ჩივით, რას დაგვაკლებთ; გასწით, წაეთრიეთ, სამართალს ვინ გაგიჩენთ, "И до Бога высоко и до Царя далеко"-ო!
შემდგომში, როცა მთავარმართებელმა პაულიჩმა კახელებს აჯანყების მიზეზი ჰკითხა, მიუგეს: "რომელიც კაცს მწუხარება და საჩივარი ქონდის, კარზე არ მიგვიშვიან, კარიდამ გამოგვყრიან და კიდეც გვცემიან: წადით, ბევრი თეთრი მოიტანით და არზა ისე შემოიტანეთო... ჩვენი სამართალი ახოცილი იყო და ბევრის თეთრის მიცემით ჩვენ სამართალს ვერ ვიშოვიდით... თუ ვიჩივლებდით რასმეზედ, ერთი ღორის საჩივარი რომ გვქონოდა, ამთენს ხანს დაგვაგვიანებდის, რომ ორს იმის ფასს დაგვახარჯვინებდის და ვერც სამართალს გამოვიტანდით".
ასეთი იყო რუსული სამართალი, მაგრამ სასურსათო უწყების მოხელეთა უსაქციელობამ ყველაფერი დაავიწყა კახელებს: კამისარ-ვახტერები ჯარისთვის სურსათის მოგროვებას რომ შეუდგებოდნენ, სათემო პოლიციასთან ერთად კალიასავით მოედებოდნენ ხოლმე სოფლებს და ბდღვირს ადენდნენ. მთავრობამ ერთი კოდი ხორბლის შესასყიდ ფასად თუ ექვსი აბაზი დააწესა, იმდენივე პური ბაზარში 4-5 მანეთამდე ღირდა. მაგრამ ტანჯვა-ვაება ამით არ მთავრდებოდა - სანამ ქრთამს არ მისცემდი, იმ ხორბალსაც არ იღებდნენ. ჭირმა, შიმშილმა, გვალვამ, მოუსავლიანობამ პურს ფასი მეტისმეტად მოუმატა. ზოგან, ქისა ოქროც რომ გაგეღო, საერთოდ არ იშოვებოდა და ხალხი ბალახ-ბულახით იკვებებოდა. რუს მოხელეებს ეს არ ადარდებდათ; მთავრობას გამოუცხადეს, გლეხებს პური აქვთ, მაგრამ მალავენო, რაც სოფლებისთვის ეგზეკუციებისა და სამხედრო რაზმების შესევის მიზეზი გახდა.
სატრანსპორტო ბეგარამ ხომ წელში გაწყვიტა ქართლ-კახეთი. რუსეთს ირანსა და თურქეთთან ომი გაუგრძელდა და ჯარისთვის სურსათის გადასატანი ურმების, ხარ-კამეჩის გამოყვანა გლეხებს შეაწერეს. ბეგარა უზარმაზარი იყო - 112 000 ურემი ყოველწლიურად. რამდენიმე წლის განმავლობაში ქართლ-კახეთი გამწევი საქონლისგან დაიცალა. უკან მეოცედიც არ დაბრუნებულა უვნებელი. რუსეთის მთავრობა ანაზღაურებდა ხარ-კამეჩის საფასურს, მაგრამ, ისევე როგორც პურის ფასი, ეს ქირაც სიმბოლური იყო.
საქონელთან ერთად მეურმეებიც ავადდებოდნენ და იხოცებოდნენ. სარჩო რომ გამოელეოდათ, უფროსობა მიწაზე მიუთითებდა - ეს ჭამეთო. კაცი ავად რომ გახდებოდა, სცემდნენ - ტყუიო. ხარი რომ დაუვარდებოდათ, მის ნაცვლად უღელში მეურმეს აბამდნენ. ბეგარისთვის ხარის გამოყვანა ორი საათით რომ დაეგვიანებინათ, დედაკაცებს იჭერდნენ და იმათ აბამდნენ ურმებში...
რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა-გლეჯას, დასახიჩრებას, ხოცვასა და შეურაცხყოფას ბოლო არ უჩანდა. მირზაანელები სწერდნენ პაულიჩს, თუ როგორ შეკრეს ქამრებით, ცოლები კი თვალწინ გაუუპატიურეს...
აი, რას ჰყვებიან ეგზეკუციაზე გურჯაანელები: "ჩაგვიყენეს ეგზეკუცია - დრაგუნის ნარვის პოლკის სალდათები, რომელნიცა გვცემდნენ უწყალოდ. მოაბეს ამათ გლახა ჯიყაშვილს წვერზედ თოკი და სოფელი მოატარეს... გვართმევდინ უფასოდ პურსა, ღვინოსა, ქათამსა, ქერსა, ცხვარსა და სხვა სასმელ-საჭმელსა". ბოდბელები კი ჩიოდნენ: "ყიზილბაშ-ოსმალოს და ლეკსაც ვჭერივართ და მისთანა რისხვა არ მოსდგომია საქართველოს, რომ ახლა დაემატა. ყოველ მწუხარებას ვითმენდით ხელმწიფის ერთგულებისთვის, მაგრამ ცოლის მკლავიდან აყენება ვერ მოვითმინეთო".
კახელებს ნეტარხსენებული მეფე ერეკლე ენატრებოდათ და მთელი სასოება ალექსანდრე ბატონიშვილისკენ ჰქონდათ მიპყრობილი, რომელიც იმ დროს ირანის შაჰის კარს იყო შეფარებული. ალექსანდრეც წერილს წერილზე უგზავნიდა ქართლ-კახეთის თავადებს და მამულისთვის საბრძოლველად აგულიანებდა ქართველობას.
საგულისხმოა ერთი წერილი, რომელიც ალექსანდრემ მის "გონებაზე მოსვლის" მოსურნე რტიშჩევს მისწერა. აი, რას ეუბნება ბატონიშვილი რუს გენერალს: "თუ თქვენ მამულისათვის იღვწით, მე რად "მყვედრით მამულისა და ხალხისა ჩემისათვის ერთის ცხენის შემოძუგძუგებასა... ცხოვრება ესე არა არს ცხოვრებად წოდებად, არამედ განგრძელებული ტანჯვა მამულისა ჩემისათვის".
ყველაფერი მზად იყო აჯანყებისთვის, გლეხიც და თვადიც, ერიც და ბერიც ერთი სურვილით იყვნენ ანთებულნი: როგორმე რუსი საქართველოდან გაედევნათ.
1812 წლის 31 იანვარს, განთიადისას, ახმეტაში მოულოდნელად ეკლესიის ზარებს ჩამოჰკრეს. ეკლესიის ეზოში მისულ ხალხს შეატყობინეს, თელავიდან პურის მოსაკრებად "ზეკუცია" მოდისო. კახელებმა იარაღს მოჰკიდეს ხელი და მეორე დღეს თელავიდან მოსული დრაგუნები სროლითა და ცემა-ტყეპით გაყარეს. იმავე დღეს თიანეთში ასეთი რამ მოხდა: სოფლის ეკლესიის გალავანში შეკრებილი თიანელები თათბირობდნენ, როგორ მოვიშოროთ საეგზეკუციოდ მოსული სალდათებიო. ამ დროს მოთათბირეთა წრე გაარღვია სახე და გონებაარეულმა დედაკაცმა, მივარდა ქმარს, ქუდი მოხადა, დაახურა თავისი მანდილი და დაჰკივლა: "დღეიდან შენ ცოლი და მე ქმარი, ნამუსი ამხადეს და შური უნდა ვიძიოო", - დაბნეულ კაცს ხანჯალი წაჰგლიჯა და შეურაცხმყოფელისკენ გაიქცა. გამწარებულ ქალს გაჰყვნენ თიანელნი და იქ დაბანაკებული 150 რუსი ჯარისკაცი ერთიანად ამოწყვიტეს. ამბოხებულები მატანში გადასულან. არაგვისპირელებიც აჯანყებულან, დარევიან ფასანაურსა და ანანურში გამაგრებულ რუსებს და დაუხოცავთ.
აჯანყებას იმთავითვე ორგანიზებული ხასიათი მიუღია. მოჯანყეებს სათავეში ჩასდგომიან სვიმონ და ადამ ბებურიშვილები, ნინია ანდრონიკაშვილი, ოთარ ქართველიშვილი. ერთ-ერთი მეთაურთაგანი გახლდათ ერეკლეს მდივანყოფილი ოთარ ქობულაშვილი (აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მისი ძმა ევგენი, ფშავ-ხევსურეთის პრისტავი, აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების ჩახშობაში).
აჯანყებულებმა თელავს ჩააღწიეს და ციხეში შეხიზნული რუსული გარნიზონი ალყაში მოაქციეს. შეშინებული პორტიაგინი დამხმარე რაზმს ითხოვდა, მაგრამ გომბორიდან წასულმა დამხმარე ძალამ საგრძნობი დანაკარგით ძლივს მიაღწია თელავის ციხეს. ამ ბრძოლაში რუსებს 150 კაცი დაუკარგავთ. აჯანყებულთაგან დაღუპულა ამბოხების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პაატა ჯანდიერი.
მოვლენები სწრაფად და გონივრულად ვითარდებოდა. ქართველებმა გადაკეტეს გზები და რუსებს შეერთების საშუალება არ მისცეს. მეამბოხენი ხუთ თებერვალს სიღნაღს შემოადგნენ. ქიზიყელებმა 5 თებერვალს ქოდალოს ციხე აიღეს, 6 თებერვალს კი სიღნაღი გაათავისუფლეს. პოტო წერდა: "სიღნაღის ეკლესიის გვერდით, რომელიც ოდესღაც გალავანს შიგნით მდებარეობდა, დღესაც ჩანს ყორღანი... ეს რუსების სამარეა, რომლებიც კახეთის აჯანყების დროს დაუხოცავთო".
უამრავი ხალხი დაუკარგავთ რუსებს. ათამდე კაცს თუ უშველია თავისთვის გაქცევით. ამავე დღეს კახელებმა ოთარ ქობულაშვილის მეთაურობით სოფელ ბოდბისხევში დაბანაკებული, 1801 წელს ავარიის ხანზე გამარჯვებით განთქმული ყაბარდოს პოლკი დაამარცხეს. გადარჩენილმა 40-მა ჯარისკაცმა ყარაღაჯის ციხეს შეაფარა თავი. აქ მოეყარათ თავი დამარცხებული რაზმების ნარჩენებს. ვინ იცის, რა ეშველებოდათ ციხეში შეყუჟულ რუსებს, ყაფლან ყაფლანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო ათასი მეომრით. ამტყდარა საშინელი ბრძოლა. ამ შეტაკებისას მოუკლავთ აჯანყების ხელმძღვანელები სვიმონ მებურიშვილი და ოთარ ინანიშვილი.
აჯანყებულებმა ყარაღაჯის ციხე ვერ აიღეს, მაგრამ სრულ ბლოკადაში მოაქციეს. ბდღვირი ადინეს მანავსა და კაკაბეთში დაბანაკებულ რუსებსაც.
გენერალ პორტიაგინს, კახეთის ოლქის უფროსს, მთლად აერია დავთრები და რვა თებერვალს, ღამით, თბილისში გაიპარა. 35 ჯარისკაციღა ახლდა უძლეველ გენერალს.
ამგვარად, თებერვლის შუა რიცხვებში შიდა და გარე კახეთი თითქმის გაიწმინდა რუსეთის მხედრობისგან. რუსები ახლა თბილისის გამაგრებას შეუდგნენ. ამასობაში აჯანყებულ ფშავ-ხევსურთა და თიანელთა ათასკაციანმა რაზმმა დუშეთი და ფასანაური აიღო და ანანურს შემოერტყა. მთიულებმა, მოხევეებმა, გუდამაყრელებმა მასობრივად იწყეს აჯანყებულთა მხარეზე გადასვლა. მოსალოდნელი იყო, ქართველებს რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაეგდოთ ხელში. ამ დროს რუსებს ისევ ქართველები მოევლინენ მხსნელებად. განსაკუთრებით გასარჯულან კონსტანტინე მუხრანბატონი, გაბრიელ ყაზბეგი და თორნიკე ერისთავი(!). გაბრიელ ყაზბეგი მთაში აჯანყების დაწყებისთანავე ვლადიკავკასში გადასულა და სუზდალის პოლკის ასეული გადმოუყვანია, მუხრანბატონი თბილისში ჩამოსულა დამხმარე რაზმისთვის, კონსტანტინე კი გორში დაბანაკებულ პოდპოლკოვნიკ უშაკოვის ბატალიონს ელოდა.
არაგვის ხეობაში პირველად ქართული პოლკის ოთხი ასეული ავიდა და ღართისკარში დაბანაკდა. ანანურისკენ გაემართა უშაკოვის მეთაურობით გრენადერთა ხუთი ასეულიც. აჯანყებულებმა ბრძოლით დაიხიეს უკან და დუშეთში გამაგრდნენ. უშაკოვმა დუშეთის რკალი გაარღვია და ციხე აიღო. მეამბოხეებიც იძულებულები გახდნენ, ალყა მოეხსნათ და ომში ჩაბმულიყვნენ.
17 თებერვალს რუსებმა აჯანყებულთა საბრძოლო შტაბი გაანადგურეს. ამ ბრძოლებში უშაკოვს გვერდით ედგა მუხრანბატონი, რომელმაც ფიცით მიიტყუა კობიანთკარის არაგველები და რუსებს ამოაწყვეტინა. მანვე გადაწვა კობიანთკარი და დუშეთი. არაგველებს იოსებ სიდამონიშვილის მეთაურობით კახელები მიეშველნენ, მაგრამ უშაკოვის ბატალიონმა 21 თებერვალს ისინიც დაამარცხა. იმავე დღეს გადმოუყვანია ყაზბეგს რუსის ჯარიც, რომელსაც ფასანაური დაუკავებია.
ამასობაში კახელებს მარტყოფის პოსტი დაურბევიათ. შეშინებულ მეთაურობას მარტყოფში ოთხასკაციანი პოლკი გადაუსვრია, რომელთან ერთადაც ყოფილა ქართველ თავადაზნაურთა ჯგუფი: ერეკლეს სიძე, თეკლა ბატონიშვილის მეუღლე ვახტანგ ორბელიანი, მისი ძმა ლუარსაბი და სხვანი. აჯანყებულები ბრძოლას მოერიდნენ. ამასობაში დამხმარე ძალაც მოუვიდათ. შეტაკება 19 თებერვალს მომხდარა ხაშმთან. ბრძოლის შემდეგ ამბოხებულები სამების მხარეს გამაგრებულან.
ბრძოლა თანდათან უთანასწორო ხდებოდა. აჯანყებულებს ორმოცკაციანი დეპუტაცია გაუგზავნიათ ერევანში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილთან და ჩამობრძანება უთხოვიათ. ალექსანდრე ამ დროს სპარსელთაგან ელოდა დახმარებას. 20 თებერვალს ქართლიდან კახეთში გადავიდა და აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე. ბევრი უცდიათ მეამბოხეებს გაბრიელ ყაზბეგის გადმობირება, ტახტიც კი შეუთავაზებიათ მისთვის, მაგრამ გაბრიელს მაინც რუსული ჩინ-მედლები ურჩევია.
ამასობაში თბილისს დაბრუნებულა საქართველოს მთავარმართებელი მარკიზი ფილიპე პაულიჩი. მას ძალების მობილიზაცია მოუხდენია, მხედრობის ნაწილისთვის არაგვის ხეობის გაწმენდა დაუვალებია, თვითონ კი 1500 ქვეითითა და არტილერიით, ყაზახთა პოლკითა და ქართველ თავადაზნაურთაგან შემდგარი რაზმით ხაშმს შესევია. "მოასრევინა უძალონი ქრისტიანენი მარკიზმან, ვიდრე ასამდე ჩვილითურთ", - წერს დავით ბატონიშვილი. ხიშტებზე აუგიათ ოთხმოცდაათი წლის მონაზონი მარიამ აბაშიძე, მეფე ერეკლეს დეიდაშვილი...
ხაშმიდან პაულიჩი ჯერ საგარეჯოში გადასულა, შემდეგ - მანავსა და კაკაბეთში. სიღნაღისკენ რომ დაძრულა, ლაკბეს ხიდთან ქიზიყელი თავადები დახვედრიან და შენდობა უთხოვიათ, რის გამოც გამწარებულ გლეხებს მათი სახლები გადაუწვავთ.
სიღნაღიდან პაულიჩს თელავისკენ აუღია გეზი, მაგრამ ჩუმლაყთან მოულოდნელად მეამბოხენი დასხმიან თავს და დაუმარცხებიათ. ამ ბრძოლაში მოუკლავთ აჯანყებულებს ვახტანგ ორბელიანი - ერეკლეს სიძე, ხოლო მარკიზის ადიუტანტი, თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე, ფეხში დაუჭრიათ.
ბრძოლის შემდეგ მარკიზს ხლებია მარტყოფის მოურავი ნინია ზურაბიშვილი, რომელსაც გარკვეული საზღაურის ფასად მისთვის მეამბოხეთა რაზმის ადგილსამყოფელი უჩვენებია. მარკიზს გაუფანტავს ქართველები, ხუთი მათგანი კი დაუტყვევებია და ჩამოუხრჩვია. კახელებს, ამის სანაცვლოდ, პაულიჩის თვალწინ ხუთი სალდათი ჩამოუკიდიათ თოკზე.
დიდი "ღვაწლი" გაუწევია ერეკლე მეფის კარის მოძღვარს არქიმანდრიტ ელეფთერ ზუკაკიშვილს - ვითომდა მოსალაპარაკებლად მისული, კახელთა შეიარაღებაზე ცნობებს აწვდიდა მარკიზს.
პაულიჩმა ხერხი იხმარა და ზავი შესთავაზა კახელებს, დაჰპირდა, მეფის ძეთ მოგგვრით რუსეთიდანო. გახარებულ ხალხს მისთვის სამასი რუსი ტყვე გადაუცია.
მარტის დასაწყისისთვის ბრძოლები, ფაქტობრივად, შეწყდა. მარკიზის ჯარებმა წინააღმდეგობის გარეშე მიაღწიეს თელავს. სამაგიეროდ, თიანელებს სასტიკი ბრძოლა გაუმართავთ უშაკოვისთვის. ხალხი მტრის ხიშტებს ზედ აწყდებოდა, კლდეებზე ცვიოდა და მტერს არ ნებდებოდა. 17 მარტს პაულიჩმა სოფელი არტანი გადაწვა და აჯანყება, როგორც თვითონ ეგონა, საბოლოოდ ჩაახშო.
მალე პაულიჩი საქართველოდან გაიწვიეს. მთავარმართებლად რტიშჩევი დანიშნეს. გამოსვლები თითქოს მიწყდა. ერთი ხანობა ენისელში, გრემში, შილდასა და საბუეში შფოთავდნენ კახელნი, რადგან, მიუხედავად გამოცხადებული ამნისტიისა, აჯანყებულთა ზოგიერთი ხელმძღვანელი მაინც დააპატიმრეს და დასაჯეს, მაგრამ ხელისუფლების გაგზავნილმა დელეგაციამ ს. ავალიშვილისა და არქიმანდრიტ ილარიონის ხელმძღვანელობით მალე დაამშვიდა ისინი.
აპრილის ბოლოს აჯანყებამ ერთდროულად თელავს გაღმა მხარესა და ქიზიყში იფეთქა. დაღესტნიდან გადმოვიდნენ ლეკებიც და სოფელ ართანასთან მეამბოხეებთან ერთად ბრძოლა გაუმართეს რუსებს. 30 აპრილს ქართველებს ბრძოლა წაუგიათ, მეორე დღეს კი სასტიკად დაუმარცხებიათ რუსები. ჯარის გადარჩენილ ნაწილს თელავის ციხისთვის შეუფარებია თავი. აჯანყებულან ანაგელებიც და პურის საწყობებს დასცემიან. ისევ მაზრის უფროსს ორბელიანს უვაჟკაცია, ხორბლის მარაგი სიღნაღში გადაუტანია და შიმშილისგან უხსნია ქიზიყში მდგარი რუსები.
შეშინებულ მთავარმართებელს იმერეთიდან და შიდა ქართლიდან გადმოუყვანია დამატებითი ძალები და მთელ სამხედრო გზაზე სადღეღამისო მორიგეობა დაუწესებია. ქიზიყში გადაისროლეს საჯარისო შენაერთები დიმიტრი ორბელიანის მეთაურობით. 10 მაისს მთავარმართებლის ბრძანებით გენერალი სტალი მეამბოხეთა მეთაურებს ერისთავსა და ჯორჯაძეს შეხვდა და ხელშეუხებლობა აღუთქვა, რის შემდეგაც აჯანყებულნი დაიშალნენ. 20 მაისს დიმიტრი ორბელიანი თელავში ჩავიდა, კახეთის გაღმა მხარის მოსახლეობას ჩამოუარა და აჯანყების მონაწილეებს მთავრობის სახელით შეწყალება აღუთქვა (არ დაგვავიწყდეს - ამ დროს საგაზაფხულო, სამეურნეო სამუშაოებია გაჩაღებული). აგვიანებდა ალექსანდრე ბატონიშვილი. დიდი დაგვიანებით მოვიდა ლეკთა დამხმარე ჯარი. ენისელის მოურავი ჯორჯაძე მთავრობას შეურიგდა. ასევე მოიქცა რაფიელ ერისთავიც - მეამბოხეები სახლებში გაუშვა და თვითონაც მორჩილება გამოაცხადა.
ამრიგად, მაისის ბოლოს კახეთი დაცხრა, მაგრამ ბრძოლის ჟინი ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო. კახელები ალექსანდრე ბატონიშვილს ელოდნენ. მისი წერილები მამულისთვის საომრად აღანთებდა ქართველობას. ერთ-ერთ წერილში ალექსანდრე ასე მიმართავდა კახელებს: "მზეებრ თქვენი სახელი ყოველსა ქვეყანასა მოჰფინეთ და განსვენებული, თქვენ მიერ საყვარელი მეფე ადიდეთ და იმის შვილებსაც თავისუფლებისა გიხაროდენისა ხმასა გვცემთო... მეფის ირაკლის მადლითნო პირმშონო შვილნო და ჩემო უსაყვარლესო ძმანო! თუმცა წერილით გეხმაურებით, მაგრამ ასე მგონია, თქვენში ვზივარ და პირისპირ საყვარლად შემოგფრფენთ და გეხმაურებითო".
მთის სალოცავებისთვის შესაწირი გაუგზავნია ბატონიშვილს და წყალობა გამოუთხოვია.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვრებზე მუდმივი მეთვალყურეობა იყო დაწესებული, 1812 წლის პირველ სექტემბერს ალექსანდრე საქართველოში შემოპარულა და თიანეთში ასულა. ბატონიშვილის ჩამოსვლით კახელებს გული მიეცათ, იარაღს მოჰკიდეს ხელი და მისკენ გაეშურნენ. მათ შორის იყვნენ თუშეთის მოურავი ედიშერ ჩოლოყაშვილი, მისი ძმა და 50 მხლებელი. ქართლიდან ამოსულან ნიკოლოზ და პავლე ავალიშვილები, ელიოზ და ზაქარია ციციშვილები, საციხურელი მღვდელი იოსებ ელვიძაშვილი და სხვანი.
თიანეთი აჯანყების კერად იქცა. ფეხზე დადგა მთელი კახეთი, ქიზიყი და ფშავ-ხევსურეთი. ბატონიშვილის გვერდით იბრძოდნენ ქართლელებიც.
ალექსანდრემ აჯანყებულები სამად გაყო. პირველმა ჯგუფმა, რომელსაც თადია ჩოლოყაშვილი მეთაურობდა, თბილისიდან კახეთისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. ქართლიდან თიანეთისკენ მიმავალი გზების ჩაკეტვა ომან ჩოლოყაშვილის რაზმს დაევალა, ხოლო მესამე ნაწილს გორჯასპ ნათალიშვილისა და პაპოა აბელაშვილის სარდლობით სამხედრო გზისთვის უნდა ედევნებინა თვალყური და საქართველოში შემოსვლის საშუალება არ მიეცა. ცალკე რაზმი მოქმედებდა საგურამოში, ხოლო მთავარი ძალებით ალექსანდრე ბატონიშვილი კახეთისა და ქიზიყის გათავისუფლებას აპირებდა. მან კიდევ ერთხელ მისწერა წერილი გაბრიელ ყაზბეგს და მის მხარეს გადასვლა სთხოვა, მაგრამ მაინც ვერ მოტეხა.
შეშინებულმა რტიშჩევმა ბორჩალოდან ღართისკარის გასამაგრებლად რაზმი გაგზავნა. იმერეთიდან გენერალი სიმონოვიჩი გადმოიყვანეს და თბილისის სამხედრო მეთაურობა ჩააბარეს, ხოლო უშაკოვი ახმეტიდან თიანეთს გადავიდა.
14 სექტემბერს გენერალი ტიხონოვსკი ყაბარდოს პოლკით ალავერდს გაეშურა - ფიქრობდნენ, რომ ამ დღეს ალექსანდრე მეფედ ეკურთხებოდა, ბატონიშვილი კი თავისუფლად გადავიდა სოფელ შილდაში, სადაც 1200 ლეკი ელოდა.
მთავრობის ჯარით კახეთისკენ დაძრულა გენერალი ორბელიანი, მოტყუებულ ტიხონოვსკის კი შილდაში დაბანაკებული მეამბოხეებისთვის შეუტევია. პირველი ბრძოლა ქართველებს მოუგიათ, მეორეში კი რუსებს გაუმარჯვიათ და სოფელი გადაუწვავთ. ამასობაში ტიხონოვსკის ორბელიანის ჯარიც შეერთებია. პირველი შეტაკებისას, გურჯაანის ბოლოს, ორბელიანს 200 ჯარისკაცი დაუკარგავს და გაცოფებულს ქიზიყში შეპყრობილი აჯანყების მონაწილე იოსებ მამანაშვილი მეამბოხეთა დასაშინებლად საჯაროდ ჩამოუხრჩვია. 28 სექტემბერს ალექსანდრეს ხალხი დასცემია ორბელიანის ჯარს და ასამდე ჯარისკაცი კიდევ მოუკლავს. განრისხებულ ორბელიანს პასუხად ფაშანი გადაუწვავს. ასევე მოქცევია შილდას, ბატონიშვილის ერთ-ერთ საყრდენ სოფელს.
5 ოქტომბერს ორბელიანსა და ალექსანდრე ბატონიშვილს შორის კიდევ ერთი შეტაკება მომხდარა. სასტიკ ბრძოლაში ალექსანდრეს 70 კაცი დაუკარგავს. მის გაწვრთნილ რეგულარულ ჯარს რუსებთან მასშტაბური ომის წარმოება გაუჭირდებოდა, ამიტომ ბატონიშვილმა პარტიზანული ომი წამოიწყო.
ორბელიანმა ალექსანდრეს დევნაში მრავალი სოფელი გადაწვა და ურიცხვი უდანაშაულო ადამიანი ამოწყვიტა. 10 ოქტომბერს შილდაში ის კიდევ ერთხელ შებრძოლებია კახელთა და ლეკთა ლაშქარს, სადაც ალექსანდრეს მეომრები დამარცხებულან.
აჯანყებულებმა გორჯასპ ნათალიშვილის მეთაურობით სამხედრო გზა დაიკავეს და ფასანაურში მყოფი რუსები ალყაში მოაქციეს, მაგრამ თბილისიდან გაგზავნილმა გენერალ სიმონოვიჩის ბატალიონებმა და რუსის ჯარის სხვა ნაწილებმა, რომელთაც გვერდით გაბრიელ ყაზბეგი ედგა, გზა გაწმინდეს. ამის შემდეგ სიმონოვიჩი თიანეთს გაემგზავრა, უკან დაახევინა ფშავ-ხევსურთა და თიანელთა რაზმს, რომელსაც ომან ჩოლოყაშვილი მეთაურობდა და საგურამო-ხაშმის გზით ორბელიანის რაზმს შეუერთდა.
15 ოქტომბერს ალექსანდრე ქიზიყში გადავიდა. ამ დროს მოვიდა მის დასახმარებლად ლეკთა 5000-კაციანი რაზმიც და ერთობლივად შეუტიეს სიღნაღს. ამ ომში სიღნაღელები უკვე რუსეთის მხარეს იბრძოდნენ. მათ მიეშველა ორბელიანიც ქვეითი ჯარითა და იქაური სომხებით და აჯანყებულები აიძულეს, გასცლოდნენ ქალაქს.
მომდევნო ბრძოლა მელაანთან წაუგია ბატონიშვილს და იძულებული გამხდარა, ჩალაუბნის ტყისთვის შეეფარებინა თავი. ორბელიანი ფეხდაფეხ მისდევდა.
28 ნოემბერს ალექსანდრე თავისი რაზმით ცხენდაცხენ შევარდნილა რუსულ ჯარში და ორასამდე ჯარისკაცი მოუკლავს.
ორბელიანს საჩუქრებითა და ხელშეუხებლობის პირობით მოუსყიდია ლეკები და აჯანყებული ქართველობისთვის ჩამოუშორებია. მტრის მხარეს გადასულა თვით აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ბარძიმ ჩოლოყაშვილი და ორბელიანისთვის მეამბოხეთა საიდუმლო ბანაკამდე გზაც უჩვენებია.
ალექსანდრემ თანამებრძოლები დაითხოვა და მათაც ტყეს შეაფარეს თავი, თვითონ ბატონიშვილი კი ჯერ თიანეთში გადავიდა, სადაც მას ციციშვილები, ავალიშვილები და კახელი თავად-აზნაურები შეუერთდნენ, იქიდან კი ფშავში.
დიმიტრი ორბელიანმა ქიზიყში ცოდვის კალო დაატრიალა. სიღნაღში საჯაროდ ჩამოახრჩო აჯანყების გმირი ჯალია ჯალიაშვილი. შემდეგ კახეთის სხვა სოფლები დაარბია და კახელი თავადები, რომლებიც რუსთა დაპირებებს ენდნენ, რტიშჩევს მიჰგვარა, მან კი ყველა გააციმბირა. ხალხის დაწიოკებაში ორბელიანს ქიზიყის მოურავი იოსებ ანდრონიკაშვილი და ნინია ერასტიშვილი ეხმარებოდნენ. მათ გვერდით იყო არქიმანდრიტი ზუკაკიშვილიც, რომელმაც სოფლის მღვდელ-დიაკვნები შეიპყრო და საკუთარი ხელით ნაცემი თბილისში მიჰგვარა ეგზარქოს ვარლამს. მარტო "მღვდელნი კახეთისა და ქიზიყისა რიცხვით ოცნი გაკრიჭეს და დაჰკარგესო", - ბრძანებს ბაგრატ ბატონიშვილი.
ალექსანდრე ფშავიდან ხევსურეთში გადასულა. განრისხებულ მთავარმართებელს ფშავლებისთვის შეუთვლია: თუ ბატონიშვილს არ მომგვრით, ცხვრის საძოვარს ხომ ვერ ეღირსებით, - უარესსაც ვიზამ, ქვას ქვაზე არ დავტოვებო. ამ მუქარით აღშფოთებული ფშაველ-ხევსურები საომრად მომზადებულან. ოთხი მხრიდან დაძრულა რუსის ჯარი ხევსურეთისკენ. 3000-ზე მეტი იყო რუსი. მათ მხარდამხარ მიაბიჯებდნენ 100 თუში და გენერალი გაბრიელ ყაზბეგი მოღალატე მთიელებითურთ. "ძალიან ღელავდნენ რუსები, - მოგვითხრობს ა. გელაშვილი, - ისინი უცხო და ურთულეს გზებზე მიდიოდნენ თავისუფალ და უშიშარ ფშავ-ხევსურთა წინააღმდეგ".
25 მაისს გუდამაყრის ხეობიდან ასულ ნიჟეგოროდელებს თვალი მოუკრავთ მოწინააღმდეგისთვის: "ერთ უდნობი თოვლით დაფარულ მწვერვალზე იდგნენ ხევსურები. მზის კაშკაშა სხივები ირეკლებოდა მათ ფარებზე, ჯაჭვებსა და მუზარადებზე" (პიტო).
30 მაისს რუსები ლებაისკარში შეერთებულან და ხელჩართული ბრძოლაც დაწყებულა. პირველივე შეტაკებისას რუსების ოთხივე რაზმს დიდი დანაკარგი განუცდია, მაგრამ 31 მაისს მაინც აუღიათ ბარისახო, 1 ივნისს კი - სოფელი ღული. ბრძოლის ველზე 700-მდე ხევსური დაეცა.
ამის შემდეგ რუსების 2500-კაციანი ნაწილი შატილს მიადგა. ამ ბრძოლაში 600-მდე ამბოხებული ხევსური და მათ დასახმარებლად გადმოსული ქისტი მეომარი დაღუპულა. ალექსანდრეს თავი ქისტეთისთვის შეუფარებია. რუსებს 6 სოფელი გადაუწვავთ, უკან მობრუნებულებს კი ხევსურეთის ოცზე მეტი სოფელი მიუციათ ცეცხლისთვის.
ასე დასრულდა კახეთის აჯანყება - ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი საქართველოს ისტორიაში, მაგრამ ქართველთა ვაება ამით არ დამთავრებულა; ჯერ კიდევ ღია იყო ერთ დროს სამოყვროდ გაღებული დარიალის კარი, საიდანაც ჟამითი ჟამად მოჰბერავდა სიკვდილის სუსხი და მოსწყვეტდა თავისუფლებისთვის მებრძოლ ქართველებს.