მღვდელი სერაფიონ გურგენიძე ტეხისის წმინდა გიორგის ტაძრის უკანასკნელი მოძღვარი ყოფილა
31.08.2017
მამა სერაფიონის ნათესავები ამბროლაურის რაიონის სოფელ ზემო თლუღში, მამა სერაფიონისეულ სახლში ცხოვრობენ.
მამა სერაფიონის დაბადების თარიღს ვერსად მივაკვლიე. მხოლოდ ის დავადგინე, რომ 1944 წელს გარდაცვლილა. მისი განსასვენებელი ტაძართან არის. მოკრძალებული სამარეა დიდი ჯვრისგამოსახულებიანი ქვით. ყველაზე მოულოდნელი ის იყო, ჟუჟუნა დეიდამ (ის მამა სერაფიონს რძლად ეკუთვნის) ამ წმინდა კაცის ხელშენახები წიგნები და საეკლესიო ნივთები რომ გადმომილაგა. ერთ სქელტანიან წიგნს ასეთი წარწერა ამკობს: "ესე მარხვანი კუთვნილ არს სოფლის თლუღის წმინდა გიორგის ეკლესიისა, ჩყნა წელსა", - უკანასკნელ გვერდზე კი წერია: "ვკითხულობდი ამ მარხვანს მელქისედეკ იოვაკიმის ძე გურგენიძე. სამე ორი კვირა და კიდევყა კარგათ ვისწავლე დეოდორობის საკითხავები. გურგენიძე მელქისედეკი, 1881 წელსა, იანვარს". შედარებით მომცრო, თუმცა საკმაოდ სქელტანიანი წიგნი "დავითნია". როგორც ჩანს, თავის დროზე განუახლებიათ. უკანასკნელ გვერდზე თარიღად 1873 წელი უზის და ასეთი წარწერაა: "ღმერთო, იხსენ თალაკვაძე, ღმერთო, იხსენ. ეს დავითნი ეკუთვნის მღვდელ იოვაკიმ გურგენიძეს". ჯვარცმის გამოსახულებით შემკული შავი გარეკანი ჟამთასვლას გაუცრეცია. აქვეა მელქისედეკის მოწაფის ვასილ გურგენიძის ნაქონი ჟამნი. კვერცხის ფორმის ვერცხლის სანაწილის დანახვაზე გავოგნდი (შენდობას ვითხოვ მის ხელისხლებისთვის!). სანაწილეში ვერცხლის პატარა კოვზი დევს. ხელით ნაკეთი კოვზის ტარს ჯვრის ფორმა აქვს. ეს კოვზი თურმე სნეულთა საზიარებლად დაჰქონდა მამა სერაფიონს. ხის ლამაზად გამშვენებულ ყუთში, შუშის ორ პატარა ქილაში, სანათლავი მირონის წვეთები ჩარჩენილა. გვერდით გაცრეცილი ღრუბელი უდევს...
ჟუჟუნა დეიდამ ცოტა რამ მიამბო მამა სერაფიონის შესახებ: "სასულიერო პირების შთამომავალი იყო. მამამისიც ტეხისის წმინდა გიორგის ტაძარში მსახურობდა. ერთი ძმა, სილოვანი, დიაკვანი ყოფილა, სამი დანარჩენი სამხედრო სამსახურში მდგარა.
მღვდელი სერაფიონი კეთილი კაცი იყო. ომის დროს ყველა გაჭირვებულს ეხმარებოდა. დიდი მეურნეობის პატრონს არავისთვის დაზარებია ხელის გამართვა. მისი მეუღლე პელაგიაც კეთილშობილებით გამორჩეული ქალი ყოფილა.
მამა სერაფიონს შვილები არ დარჩენია. ცოლის დისწული უშვილებია, მაგრამ გიორგის გურგენიძის გვარი არ მიუღია, როინიშვილის გვარზე დარჩენილა.
მოგვიანებით მამა სერაფიონმა კიდევ ერთი ვაჟი იშვილა - ძმის, სილოვანის შვილი პლატონი. პლატონ გურგენიძე და გიორგი როინიშვილი ერთ სახლში ცხოვრობდნენ. გიორგის ხუთი შვილი დარჩა: ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, პლატონს - ოთხი: სამი ქალი და ორი ვაჟი. სასულიერო პირთა დევნის დროს მამა სერაფიონი ერთ აქაურს დაუჭერია და წვერი მოუპარსავს. წვერგაპარსულს მორიდებია ხალხის და სახლში ჩაკეტილა". ტაძრის დახურვისას მამა სერაფიონს მოუხერხებია და საეკლესიო სიწმინდენი, განადგურებისგან რომ ეხსნა, სახლში ჩამოუტანია.