იერობოამის მეფობა. მიუხედავად იუდეველების და ისრაელელების განყოფისა, მათ ბევრი რამ აერთიანებდა: ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, სწამდათ ერთი ღმერთი, იცავდნენ ერთ რჯულს და ჰქონდათ მხოლოდ ერთი ტაძარი იერუსალიმში, ამიტომ ისრაელელები დადიოდნენ ამ ქალაქში სალოცავად და მსხვერპლის შესაწირად. ეს იერობოამს საშიშად მიაჩნდა. ფიქრობდა, თუკი ჩემი ხალხი ივლის იერუსალიმში, გული რობოამზე შეუვარდებათ და მომკლავენო. ამიტომ გააკეთა ორი კერპი - ხბოს სახით. ერთი დადგა დანში, მეორე - ბეთილში და ხალხს უთხრა: - ისრაელ, თქვენთვის საჭირო არ არის იერუსალიმში სიარული, აჰა, ღმერთნი თქვენნი, რომლებმაც გამოგიყვანეს ეგვიპტიდანო. კერპების მსახურად დაადგინა თავისი არჩეული მღვდლები, რადგან ლევიტელნი არ დათანხმდნენ კერპების მსახურებაზე. დააწესა ბეთილში კერპთა დღესასწაული. იერობოამს კერპებისთვის მსხვერპლი უნდა შეეწირა. ამ დროს მივიდა იუდას ტომელი კაცი ღვთისა (წინასწარმეტყველი) და თქვა: "საკურთხეველო, საკურთხეველო! ამას იტყვის უფალი: იშვას ძე სახლსა დავითისასა, სახელი მისი ოსია, და შესწიროს შენზედა მღვდელნი შემწირველნი შენზედა, და ძვალნი კაცთანი დაწვას შენზედა. ნიშნად იმისა, რომ ეს სიტყვები აღსრულდება, დაინგრეს საკურთხეველი ესე". ეს რომ იერობოამმა გაიგონა, მისი შეპყრობა ბრძანა, მაგრამ ხელი შეახმა. მაშინ მეფე შეევედრა წინასწარმეტყველს, ელოცა და ხელი განეკურნა. მართლაც მან ილოცა და მეფეს ხელი განეკურნა.
მიუხედავად ღვთისგან მოვლენილი სასჯელისა და წინასწარმეტყველის სიტყვებისა, იერობოამი მაინც არ მოიქცა ღვთისკენ. ამიტომ ღმერთმა გადაწყვიტა მისი ოჯახის ამოწყვეტა და კერპთაყვანისცემისთვის ებრაელების ევფრატის გაღმა გაფანტვა.
ნაბათი, ვაასი, ილა, ზამბრე, თამინი, ამბროსი. იერობოამის შემდგომ გამეფდა მისი ძე ნაბათი, რომელიც ორი წლის შემდეგ მოკლა მისმა მხედართმთავარმა ვაასმა, ამოწყვიტა მთელი სახლობა იერობოამისა და თვითონ გამეფდა. ის ეომებოდა იუდეველების მეფეს ასას, მაგრამ ასამ მიიმხრო ასურეთის მეფე ბენადად I და დაიპყრო ისრაელის სამეფოს სამხრეთი ნაწილი. ვაასი 24 წელი მეფობდა. ვაასის მერე გამეფდა ძე მისი ილა, რომელიც მეორე წელიწადს სიმთვრალის დროს მოკლა მისმა მხედართმთავარმა ზამბრემ და გამეფდა, მაგრამ მან მხოლოდ შვიდი დღე იმეფა. შემდეგ ისრაელის მეფედ ერთსა და იმავე დროს იყვნენ თამინი და ამბრი. თამინის სიკვდილის შემდეგ სრულიად ისრაელში გამეფდა ამბრი. მან ისრაელის სატახტო ქალაქად აირჩია სამარია. ამბრიმ 12 წელი იმეფა. ყველა ეს მეფე, იერობოამის მსგავსად, კერპთაყვანისმცემელი იყო.
აქაბი. ამბრის შემდეგ გამეფდა ძე მისი აქაბი - ისრაელის ყველა მეფეზე უღვთო. მან ცოლად შეირთო სიდონის მეფის ასული იეზაბელი, რომელიც ბოროტი და მთავრობის მოყვარე იყო და აქაბიც მის სურვილებს ემორჩილებოდა. მისი დაჟინებული თხოვნის გამო აქაბმა შემოიღო ფინიკიელების კერპთაყვანისცემა: სატახტო ქალაქ სამარიაში აღუშენა ბაალის კერპს დიდმშვენიერი ბომონი, სადაც იეზაბელი თავისი ხარჯით ინახავდა კერპების 450 ცრუ წინასწარმეტყველს; ქალაქ იეზრაელში იყო ბომონი კერპის ასტარტასი და იქ მეფის ხარჯზე ინახავდნენ 400 ცრუ წინასწარმეტყველს. აქაბის მიერ შემოღებული კერპთაყვანისცემა განირჩეოდა იერობოამის კერპთაყვანისცემისგან იმით, რომ ებრაელები, თუმცა თაყვანს სცემდნენ ხბოს კერპს, მაგრამ ღმერთს არ ივიწყებდნენ სრულიად. აქაბის კერპთაყვანისცემამ კი ისრაელს სრულიად დაავიწყა ღმერთი.
ამ დროს ისრაელის სამეფოში ცხოვრობდა დიდი წინასწარმეტყველი ელია. ის განამტკიცებდა სარწმუნოებას ხალხში და აუგებდა მეფე-დედოფალს უსჯულოებისთვის. ელიამ წინასწარ უთხრა აქაბს, სამწელიწად-ნახევარს არ მოვა წვიმა და გაჩნდება შიმშილობაო. როცა ეს დრო გავიდა, ელიამ დაუმტკიცა აქაბს კერპების არარაობა და ღვთის ძლიერება - გამზადებულ მსხვერპლზე გადმოიყვანა ზეციდან ცეცხლი. მაგრამ ამ სასწაულმა არ იმოქმედა აქაბსა და ისრაელზე, ისინი არ მოიქცნენ ჭეშმარიტი ღვთისკენ. ამიტომ ღმერთმა ისინი სირიელების ხელში ჩააგდო. სირიის მეფე ბენადადმა დაიპყრო თითქმის მთელი გალაადის მხარე იორდანეს იქით და ბოლოს 32 მოკავშირე მეფით შემოერტყა ისრაელის სატახტო ქალაქ სამარიას, რომლის დასაცავად ჰყავდათ მარტო 7 ათასი კაცი და სირიელებისგან ამოწყვეტას მოელოდნენ. მაშინ გამოსაცდელად ღმერთმა აქაბს მოუვლინა მოწყალება თვისი. წინასწარმეტყველის დარიგებით, მან შეკრიბა 232 მოსამსახურე და 7 ათასი ჯარით თავს დაეცა ბენადადს, რომელიც იმ დროს მოკავშირე მეფეებთან ლხინობდა. ეს თავდასხმა სირიელებისთვის ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ძლიერ შეშინდნენ, გაიქცნენ და ისრაელმა დაამარცხა ისინი. მეორე წელიწადს ბენადად II კიდევ დაეცა ისრაელს ურიცხვი ჯარით - ღვთის შემწეობით ისრაელებმა კვლავ დაამარცხეს სირიელები და თვითონ ბენადადი ტყვედ ჩაიგდეს. მაგრამ აქაბმა ვერ ისარგებლა ღვთის ასეთი მოწყალებით: ბენადადს უწოდა ძმა, შეურიგდა და ტყვეობიდან გაათავისუფლა. მაშინ წინასწარმეტყველმა უთხრა აქაბს: "რადგანაც შენ გაუშვი ხელიდან კაცი, რომელსაც ღვთისგან სიკვდილი ჰქონდა გადაწყვეტილი, მისი სიცოცხლისთვის შეწირავ შენს სიცოცხლეს".
ამ შეცოდებას აქაბმა მიუმატა კიდევ ახალი შეცოდება: ქალაქ იზრეელში ცხოვრობდა ერთი ვინმე ნაბოთე. მას ჰქონდა სასახლის მახლობლად მამაპაპეული ვენახი. აქაბმა მოინდომა მისი ყიდვა, მაგრამ ნაბოთემ არ მიჰყიდა. მეფე ისე განრისხდა, რომ ავად გახდა. ეს გაიგო იეზაბელმა და აუბრძანა მოხუცებულებს, დაესაჯათ ნაბოთე ღვთის გმობისთვის და მეფის შეწუხებისთვის. უდანაშაულო ნაბოთე ქვით ჩაქოლეს და მისი ვენახი მეფეს დარჩა. როცა აქაბი შევიდა ვენახში, მასთან მივიდა ელია და უთხრა: "იმ ადგილზე, სადაც ძაღლები ლოკავდნენ ნაბოთეს სისხლს, შენს სისხლსაც ალოკავენ, ხოლო იეზაბელს სრულიად შეჭამენ და შენი ოჯახობა იქნება ამოწყვეტილი". სასჯელი ღვთისა აქაბზე მალევე აღსრულდა: ბენადადმა, წინააღმდეგ პირობისა, რომელიც აქაბს მისცა, არ დაუბრუნა ისრაელს იორდანეს გაღმა ქალაქი რამოთი გალაადისა. აქაბმა გამოუცხადა ბენადადს ომი, მაგრამ იგი პირველსავე ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა და ეტლში მოკვდა. როცა მისი სხეული მიქონდათ სამარიაში დასამარხავად, ეტლიდან წვეთავდა გზაზე სისხლი და ძაღლები ლოკავდნენ მას.
ოქოზია. აქაბის შემდგომ გამეფდა ძე მისი ოქოზია. ის იყო ისეთივე უღვთო, როგორიც მამამისი. მან ორი წელი იმეფა. ერთხელ სეირნობდა სასახლის ბანზე, ჩამოვარდა იქიდან და ძლიერ დაშავდა. გაგზავნა კაცები ფილისტიმელების კერპთან - ბელზებულთან საკითხავად, მორჩებოდა თუ არა. გაგზავნილ კაცებს შეხვდა ელია და უთხრა: "წადით და უთხარით მეფეს: განა ისრაელთ შორის არ არის ღმერთი, რომ შენ საკითხავად გზავნი კაცებს ბელზებულთან? ამისთვის ის უსათუოდ მოკვდება". ოქოზიამ გაიგო თუ არა ეს, გაგზავნა ელიას შესაპყრობად და მოსაყვანად 50 ჯარისკაცი. ამ ჯარის წინამძღოლმა დაინახა ელია ერთი მთის წვერზე და დაცინვით უთხრა: "კაცო ღვთისაო, საჩქაროდ წამოდი მეფესთან!" ელიამ კი მიუგო: "თუ მე კაცი ღვთისა ვარ, გაუფრთხილდი, რომ ზეცითგან არ გადმოვიდეს ცეცხლი და არ მოგსპოს შენი მხედრობით". მართლაც ჩამოვარდა ზეციდან ცეცხლი და დაწვა ისინი. მეორედ გაგზავნა კიდევ 50 კაცი. იმათაც ასევე მოუვიდათ. მერე მესამე წყება ჯარისკაცები გაგზავნა. ოქოზიას განუმეორა განჩინება ღვთისა და გაშორდა მას. ოქოზია მალევე მოკვდა და მის შემდეგ გამეფდა მისი ძმა იორამი.
ლევან მათეშვილმა