პროკურატორ ფადის მმართველობის ჟამს ხანგრძლივ გვალვებს შიმშილობა მოჰყვა.
როცა ქალკიდის მეფე ჰეროდე (აგრიპა I-ის ძმა) გარდაიცვალა (48 წ.), იმპერატორმა კლავდიუსმა მის ადგილზე აგრიპა II (50 წ.) დაამტკიცა და მასვე მიანდო ტაძრის გამგებლობაც.
56 წლის კლავდიუსმა აგრიპა II-ს მეფის ტიტული უბოძა (ამ ტიტულით გვხვდება იგი "საქმე მოციქულთაში") და მას ფილიპესა და ლისანიის ყოფილი ტეტრარქიები უბოძა. შემდგომში ნერონმა მათ კიდევ რამდენიმე ქალაქი მიუერთა.
57 წელს იუდეის პროკურატორად კლავდიუსმა ყოფილი მონა ფელიქსი დანიშნა. ის ძმა იყო გავლენიანი პალასისა, კლავდიუსის ასევე მონაყოფილი რჩეულისა, რომელიც რომის იმპერიის რეალური მმართველი გახლდათ. ფელიქსი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო იუდეის პროკურატორი და ყველას უჩვენა, თუ როგორი შეიძლება იყოს სასტიკი მონის მმართველობა, რომელსაც ძალაუფლება ჩაუვარდა ხელში. მას ეგონა, ყველაფრის ნება ჰქონდა და თავისი ძმის იმედით, რომელიც ჭკუანაკლულ იმპერატორს სავსებით აკონტროლებდა, თავს დაუსჯელად მიიჩნევდა. კლავდიუს ფელიქსი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეკმაყოფილებინა თავისი ვნებები და სიხარბე. ყოფილი მონა თანმიმდევრობით სამი დედოფლის ქმარი გახლდათ. მისი მესამე ცოლი იყო დრუზილა (აგრიპა I-ის ქალიშვილი და აგრიპა II-ის და), რომელიც ვიღაც მატყუარა სიმონის (სავარაუდოდ, სიმონ მოგვის) დახმარებით აიძულა, დაეტოვებინა თავისი რელიგია და გაჰყროდა ქმარს - ემესის მეფე აზიზს. დრუზილა თავის შვილთან ერთად, რომელიც ფელიქსისგან ჰყავდა, ტიტუსის იმპერატორობის დროს, ვეზუვის ამოფრქვევისას დაიღუპა.
აგრიპა II-ის სამეფო კიდევ უფრო გაფართოვდა, როდესაც კლავდიუსმა თავისი ბიძის, ფილიპეს, ტეტრარქია მისცა, მაგრამ ის ფაქტობრივად ნომინალური მეფე იყო. იმხანად პალესტინა სავსე გახლდათ ათასი ჯურის ავანტიურისტებით, ყაჩაღებით, ფანატიკოსებით და ცრუ მესიებით, ყველგან ძარცვა და მკვლელობა მძვინვარებდა. ვიღაც ეგვიპტელმა მატყუარამ ურიცხვი ხალხი მოხიბლა, გაიყვანა კვარანტანის უდაბნოში და დაჰპირდა, რომ განსაკუთრებული სასწაულით ქვეყანას რომაელებისგან იხსნიდა. ფელიქსი ჯარით დაიძრა ცრუ მხსნელის წინააღმდეგ, თავს დაესხა და გაფანტა ბრბო, მაგრამ, როგორც ტაციტუსი გადმოგვცემს, პროკურატორის მოუქნელმა პოლიტიკამ კიდევ უფრო გააღრმავა ეს მოძრაობა.
თვით რომშიც კი იუდეველები ისე იყვნენ აღელვებულები მესიის მოლოდინით, რომ კლავდიუსმა გამოსცა განსაკუთრებული ბრძანება მათი რომიდან გაძევების შესახებ.
მალე გაჩნდა ავბედითი სიტყვა "სიკარია". ასე უწოდებდნენ მოკლე მახვილით სიკით შეჭურვილ მკვლელებს. ამ იარაღს ტანსაცმლის ქვეშ მალავდნენ და აშკარად თუ ფარულად იყენებდნენ თავიანთი მტრების მოსაშორებლად.
მართლაც საშინელი დრო დაუდგა იუდეას. მღვდლებიც კი დასნეულდნენ გამეფებული მანკიერებებით - სიხარბით, გარყვნილებითა და სისხლისმსმელობით. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა მღვდელმთავარ ანას საგვარეულო. ამ დროსვე გამოვიდა ასპარეზზე სინედრიონის გავლენიანი წევრი ანანია, რომელიც მღვდელმთავრის მოვალეობას ასრულებდა. ის გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობდა სინედრიონის თავმჯდომარეობის დროს. სწორედ მან მიიღო მრისხანე შენიშვნა პავლე მოციქულისგან, როდესაც მღვდელმთავარმა მსახურებს მოციქულის სახეში ცემა უბრძანა. "უფალი გცემს შენ, კედელო შეთეთრებულო, - მრისხანედ შესძახა დიდებულმა მოციქულმა, - აქ იმისთვის ხარ, რომ კანონების თანახმად გაასამართლო, შენ კი, პირიქით, ჩემს ცემას ბრძანებ?"
კლავდიუს ფელიქსის პროკურატორობის დროს, როგორც ამის შესახებ "საქმე მოციქულთა" მოგვითხრობს, პავლე მოციქული ცრუ ბრალდებების საფუძველზე გადასცეს იერუსალიმის სასამართლოს. ძმისწულის მოხერხების წყალობით მოციქული გადაურჩა სიკარიების ხანჯალს, რომელთაც ფიცი ჰქონდათ დადებული, არაფერი ეჭამათ, სანამ მოციქულს სიცოცხლეს არ გამოასალმებდნენ. ამის გამო მოციქული ღამით კესარიაში წაიყვანეს, სადაც ის ხშირად ხვდებოდა ფელიქსსა და მის მეუღლეს დრუზილას. პროკურატორი ყურადღებით ისმენდა პავლეს საუბრებს სამართლიანობაზე, მომავალ სამსჯავროზე და სხვა. ფელიქსს შეეშინდა სინდისისა და მკვლელობა გადადო. ამ საქმის გაჭიანურება შეიძლება ნაწილობრივ იმ გავლენითაც აიხსნას, რომელსაც პავლე მოციქულის სასარგებლოდ ახდენდნენ ასისთავები კლავდიუსი და ლირსი და სხვები. მართალია, ფელიქსს ამავე დროს სურდა ქრთამის აღებაც, რომლის მიცემას, რომც ჰქონოდა, მოციქული არ აპირებდა, მაგრამ პროკურატორმა ის მაინც არ ჩაუგდო ხელში გამძვინვარებულ ანანიას და სინედრიონის წევრებს, რომლებმაც იქირავეს ორატორი ტერტულიუსი, რათა უკეთ დაედოთ ბრალი საძულველი მოციქულისთვის.
დადგა დრო და ფელიქსი რომში გამოიძახეს, რათა თავი ემართლებინა კესარიელ იუდეველთა ბრალდებებზე, რომლებმაც იმპერატორ კლავდიუსის ყურამდეც მიაღწია. მართალია, ფელიქსი დარწმუნდა პავლე მოციქულის უდანაშაულობაში და სურდა გაემართლებინა და გაეთავისუფლებინა იგი, მაგრამ მას იუდეველების მომადლიერებაც უნდოდა, მით უფრო, რომ ვერც ქრთამი მიიღო, ამიტომ რომში გამგზავრებისას მოციქული საპყრობილეში დატოვა. ძმის წყალობით ფელიქსი გაკიცხვას გადაურჩა, მაგრამ პროკურატორის თანამდებობაზე აღარ დაუბრუნებიათ. მისი მემკვიდრე პორციუს ფესტოსი (60 წ.) საქმიანი და სამართლიანი მმართველი იყო, მაგრამ მას იუდეა გაცილებით უარეს მდგომარეობაში დახვდა, ვიდრე მის წინამორბედს.
ამ დროს აგრიპა II თავის დასთან ვერენიკასთან ერთად ცხოვრობდა. პირველი ქმრის, ჰეროდე ქალკიდის მეფის გარდაცვალების შემდეგ ვერენიკამ დატოვა თავისი მეორე ქმარი, პონტოს განმგებელი პოლიმონი და აგრიპას სასახლეში გადასახლდა. ბოროტი ხმები ამბობდნენ, და-ძმას ინცესტური კავშირიც კი აქვთო.
აგრიპა II დასთან ერთად დიდი ფუფუნებით გაემგზავრა იერუსალიმში, რომ ახალ პროკურატორს პორციუს ფესტოსს მისალმებოდა.
ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელიც ფესტოსს უნდა გაერჩია, პავლე მოციქულის საქმე აღმოჩნდა, რომელსაც ანანია და სინედრიონის წევრები გაშმაგებით სდებდნენ ბრალს. ახალმა პროკურატორმა ამ საქმის კესარიაში გადატანა ბრძანა. პავლემ, რომელსაც თავისი მტრების ხელში ჩავარდნისა ეშინოდა, კეისრის სამსჯავრო მოითხოვა (მას, როგორც რომის მოქალაქეს, ამის კანონიერი უფლება ჰქონდა). აგრიპას სტუმრობისას ფესტოსმა მას შესანიშნავი და მჭევრმეტყველი ტუსაღის შესახებ უამბო. აგრიპამ სურვილი გამოთქვა, პავლე მოციქულისთვის მოესმინა.
და აი, მეორე დღეს პროკურატორ პორციუს ფესტოსის, აგრიპა II-ისა და მისი დის წინაშე პავლე მოციქულს კიდევ ერთხელ მოუხდა თავის დაცვა. მოციქულის სიტყვებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა აგრიპას სულზე, რომ მას უნებლიეთ წამოსცდა ცნობილი ფრაზა, რომელშიც ირონიასთან სიმართლის წილიც იყო შეზავებული: "ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ!" - რაზეც პავლე მოციქულმა უპასუხა: "ღმერთს ვევედრები, არა მარტო შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მე მისმენს, მცირედ თუ ბევრად მე დამემსგავსოს". ეს რომ თქვა, აგრიპა, ვერენიკა, პროკურატორი და დარბაზში მსხდომნი წამოიშალნენ, გვერდზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთს, სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო. "შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, - უთხრა აგრიპამ ფესტოსს, - კეისრის სამსჯავრო რომ არ მოეთხოვა".
63 წელს იუდეველებმა აუნაზღაურებელი დანაკარგი განიცადეს - გარდაიცვალა პროკურატორი პორციუს ფესტოსი. ის, შეიძლება ითქვას, ერთადერთი სამართლიანი რომაელი მმართველი იყო, რომელიც კი ჰყოლია იუდეას.
მღვდელმთავარი ანანია, თავისი "გველური" მოდგმის (ასე უწოდებს მას თალმუდი) დარად, სადუკეველთა სექტას ეკუთვნოდა და განსაკუთრებული სისასტიკით იყო ცნობილი. მან ისარგებლა ახალი პროკურატორის ალბინის იქ არყოფნით (64 წ.), შეიპყრო უფლის ხორციელ ძმად წოდებული იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსი იაკობი და სხვა ქრისტიანებთან ერთად მისი ჩაქოლვა ბრძანა. იუდეველებს სძულდათ ქრისტიანები, მაგრამ ისინი უსაზღვროდ აღაშფოთა ამ შლეგურმა სისასტიკემ იმ პიროვნების მიმართ, რომელსაც მართალ კაცად მიიჩნევდნენ და დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ.
64 წელს იერუსალიმის ტაძრის რეკონსტრუქცია საბოლოოდ დასრულდა და მას შემდეგ, რაც აგრიპა II-მ ნება დართო მგალობლებსა და ლევიტელებს, თეთრი სამოსი ეტარებინათ, მსახურება კიდევ უფრო დიდებული და მდიდრული გახდა, მაგრამ ეს ხანმოკლე ზეიმი იყო. ექვსი წლის შემდეგ, 70 წლის 10 აგვისტოს, ბრწყინვალე ტაძარი საძირკვლამდე დაინგრა. ის ფერფლად აქცია ცეცხლმა, რომელსაც დროდადრო აქრობდა მის დამცველთა სისხლის ღვარები.
აღსასრული ახლოვდებოდა. ალბინი შეცვალა საძულველმა გესიუს ფლორმა, რომლის ტირანია იმდენად უსირცხვილო და საზიზღარი იყო, რომ ალბინი მასთან შედარებით შემწყნარებელიც კი ჩანდა. მისი ცოლი, კლეოპატრა, იმპერატორის თანამეცხედრესთან პოპეასთან მეგობრობდა. ეს გარემოება ფლორს, პრაქტიკულად, დამოუკიდებელს ხდიდა სირიის პრეფექტ ტესიუს გალუსისგან. მისი ყველა ამაზრზენი ქმედება დაუსჯელი რჩებოდა. ამ პროკურატორმა სატანური მიზანი დაისახა - იუდეველები მიეყვანა ღია ამბოხებამდე და ამ გზით განუსაზღვრელი ძალაუფლებისა და უკონტროლო ძარცვა-რბევისთვის მიეღწია. განსაკუთრებით სურდა, გაეძარცვა იერუსალიმის ტაძარი, რომელიც ზღაპრული სიმდიდრით იყო სავსე.
იუდეველები მოთმინებით იტანდნენ ფელიქსისა და ალბინის ტირანიას, მაგრამ გესიუს ფლორის აღმაშფოთებელმა უსამართლობამ მათ მოთმინებას ბოლო მოუღო.
ნერონის მიერ რომის გადაწვამ (65 წ.) და დანაშაულის იუდეველებისა და ქრისტიანებისთვის გადაბრალებამ (იმხანად რომში ერთმანეთისგან ვერ არჩევდნენ იუდეველსა და ქრისტიანს, ქრისტიანები მათ იუდეველების ერთ-ერთი სექტად მიაჩნდათ) ისინი რომაელების თვალში თანდათან საძულველ ხალხად აქცია.
ამრიგად, ყველაფერი მომზადდა იუდეველი ხალხის სრული განადგურებისთვის. მაცხოვრის წინასწარმეტყველება ხდებოდა - იერუსალიმისგან ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. იესოს ჯვარცმიდან კი სულ რაღაც სამი ათეული წელი იყო გასული.
ლევან მათეშვილმა