ამ დროს კიდევ ერთი ღვთივსულიერი კაცი ჩავიდა ტაო-კლარჯეთში - ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი, უდიდესი მოღვაწე ქართული ეკლესიისა, "ნეტართა შორის ბრწყინვალე, მადლით სავსე, განსრულებული სიბრძნითა, დიდი მღვდელი, კეთილად განმგებელი მოღვაწე, უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი".
გრიგოლ ხანძთელი 759-60 წლებში დაიბადა. წარჩინებულთა ჩამომავალი, სიყრმიდანვე დიდი ნერსე ერისთავის სახლში იზრდებოდა. ზრდიდა მამიდა, ნერსეს მეუღლე.
ქართლის ერისმთავარი ნერსე II, ძე ადარნასე კურაპალატისა, არაბთა მძლავრობის ჟამს ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი ბურჯი იყო საქართველოში. მის კარზე შეუტკბია ქრისტეს სიყვარული და მიუღია ქრისტიანული აღზრდა წმინდა მოწამეს აბო თბილელს. არაბთა საწინააღმდეგო საქმიანობისთვის ნერსე 772 წელს ბაღდადის საპყრობილეში ჩასვეს. იქ რამდენიმე წელი დაყო. გათავისუფლების შემდეგ 5 წელიწადი სამშობლოში მოღვაწეობდა, შემდეგ კი იძულებული გახდა, ხაზარეთში გაქცეულიყო, საიდანაც დასავლეთ საქართველოში გადავიდა. როგორც ჩანს, წმინდა გრიგოლი, რომელიც იმ დროისთვის უკვე მღვდელი გახლდათ, სწორედ ნერსეს ხაზარეთს წასვლის შემდეგ გაემგზავრა კლარჯეთში, რომელიც შედარებით დაცული იყო მტრისგან და სამონასტრო ცხოვრებისთვისაც არსებობდა გარკვეული პირობები.
წმინდა გრიგოლმა მთელი ეპოქა შექმნა ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცხოვრებაში, გააჩაღა ფართო სამონასტრო მშენებლობა. ხანძთასა და შატბერდში - მამათა, ხოლო მერესა და გუნათლეში დედათა მონასტრები დააფუძნა. წმინდა გრიგოლის მოწაფეებმაც მრავალი სავანე დააარსეს თუ ააღორძინეს, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია იშხნის მონასტერი. სამონასტრო მშენებლობა დაიწყო ბარეთელთაში, წყაროსთავში, ნეძვში. თავად წმინდა გრიგოლმა დააფუძნა დასავლეთ საქართველოში უბის მონასტერი (უბისა).
კლარჯეთში ჩასვლიდან დაახლოებით 50 წლის შემდეგ წმინდა გრიგოლი იქაურ მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს. მას თავისი სავანეებისთვის ნიმუშად იერუსალიმის საბაწმინდის მონასტრის ტიბიკონი აუღია და შეუდგენია ჰიმნოგრაფიული კრებული "საწელიწდო იადგარი" - "სიბრძნისა მისისა მდინარეთაგან ირწყვოდეს ყოველნი უდაბნონი კლარჯეთისანი".
არაბთა ბატონობისგან სისხლდაწრეტილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო მაცოცხლებელი ოაზისი. აქ ერის საუკეთესო შვილებს მოეყარათ თავი. გრიგოლის გვერდით მოღვაწეობდნენ ზენონ სამცხელი, ეპისკოპოსი ეპიფანე და მღვდელი მატო, ბასილი ხანძთელი, ილარიონ საბაწმინდელი. ხანძთის სავანეში გრიგოლის ხელმძღვანელობით აღიზარდნენ საქართველოს ეკლესიის მნათობნი: ღირსი არსენ დიდი საფარელი - "ქართლის კათალიკოსი და მცხეთისა საყდრისა გვირგვინი დაუჭნობელი" და ღირსი ეფრემ მაწყვერელი, რომელიც ორმოცი წელი მღვდელმთავრობდა "შემკული სულითა წმიდითა და სასწაულთა იქმოდა მრავალთა".
"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში" არის ერთი შესანიშნავი ეპიზოდი - ჯავახეთის კრების ამბავი, რომელიც მრავალმხრივ იპყრობს მკითხველის ყურადღებას. ჯერ ერთი, მისი მოქმედი პირია ადრეული საუკუნეების დიდი ისტორიული პიროვნება - გუარამ მამფალი, რომლის შესახებ საისტორიო წყაროებმა მეტად მწირი ცნობები შემოგვინახა. გარდა ამისა, ამ მონაკვეთში დასმულია ძირითადი სახელმწიფოებრივი და საეკლესიო საკითხები. ამ ეპიზოდში კარგად არის ასახული ეპოქის ისტორიული სურათი. შთამბეჭდავია ეკლესიის თავკაცთა თანმიმდევრული და შეუპოვარი მოთხოვნა, ქვეყნის ზნეობრიობის, სულიერების წარმმართველნი და დამამკვიდრებელნი მხოლოდ და მხოლოდ სულიერი მოძღვარნი იყვნენ.
ჯავახეთის კრების ეპიზოდი გვაცნობს ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც ისტორიულმა წყაროებმა არ შემოგვინახა ანდა გაკვრით არის ნახსენები. კერძოდ, არსად დასტურდება გრიგოლ ხანძთელის მოწაფის არსენის (შემდგომში - არსენ დიდი საფარელის) კათოლიკოსად აღსაყდრების ფაქტი და მასთან დაკავშირებული კონფლიქტური ვითარება, მეორე მხრივ, ამავე ეპიზოდიდან ვიგებთ, რარიგ აქტიურ ცხოვრებას ეწეოდნენ ადრეული საუკუნეების ქართველი საერო და საეკლესიო მოღვაწენი და რა ფართო დისკუსიის საგნად იქცეოდა საეკლესიო და სამოქალაქო კანონმდებლობის განჩხრეკა-განსჯა; და მესამე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ეპიზოდში კიდევ უფრო მეტი სიდიადით იკვეთება გრიგოლის სულიერება, მისი სიბრძნე და მამულიშვილურ-სახელმწიფოებრივი ხედვა. ამ ეპიზოდში წარმოჩენილი გრიგოლის ხასიათის, ბუნების ყოველი ნიუანსური თუ ფართოდ გამოკვეთილი დეტალი მასშტაბურად აცოცხლებს გარდასულ დროთა ამ ტიტანურ ფიგურას.
"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ავტორი დიდი სიყვარულითა და მოკრძალებით გვაცნობს ქართული ეკლესიის ორ შესანიშნავ პიროვნებას - არსენსა და ეფრემს და თავიდანვე ხაზგასმით მიგვანიშნებს მათ ურთიერთობაზე - "და იყო სიყვარული მათ შორის ერთად ზრდილობისთვის". აქვეა ჩამოყალიბებული მათი სულიერება და ღვაწლი ქართული ეკლესიის წინაშე. ასე რომ, სრული საფუძველი გვაქვს, ვირწმუნოთ ამ ორი შესანიშნავი პიროვნების ღირსება და მათი ურთიერთთანადგომა.
თანადგომა და სიყვარული უდავოდ დიდი ფაქტორია, მაგრამ კანონ-განჩინება კიდევ უფრო დიდია და ის პიროვნულ სიმპათიებზე მეტს ნიშნავს. ამიტომაც იყვნენ განაწყენებულნი ქართლის ეპისკოპოსნი, რომ ქართლის დიდაზნაურმა მირიანმა თავისი ძე არსენი მათ დაუკითხავად, მათი დასტურის გარეშე, "თანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთაითა" დაადგინა კათოლიკოსად. გუარამ მამფალმა, რომელიც მირიანზე გულძვირად იყო, საეკლესიო კანონის დარღვევა ხელზე დაიხვია და კრება მოიწვია. კანონის ასეთი დარღვევის გამო არსენს თანშეზრდილი ეფრემიც კი განუდგა. შეიქმნა უაღრესად დაძაბული ვითარება. კონფლიქტი გარდაუვალი იყო. ატმოსფეროს განმუხტვა მხოლოდ ზებუნებრივ, კანონზე მაღლა მდგომ ძალას თუ შეეძლო. სწორედ ამ დროს ჩნდება ღირსი გრიგოლი.
მერჩულის დიდი სიბრძნე და მხატვრული ალღო თავისთავად დიდ ზნეობრივ ავტორიტეტს, გრიგოლს, ახალი შტრიხით წარმოაჩენს, მის ზეამაღლებულობას, გამორჩეულ სიწმინდეს, უზენაესის მადლით ცხებულებას გამოკვეთს და ამით მკითხველს მისი გამორჩეული მისიისთვის ამზადებს. სხვაგვარად ეპოქის სული სრული სისავსით ვერ წარმოჩნდება.
გრიგოლის ზეადამიანურმა ავტორიტეტმა, მისმა ღვთაებრივმა სულიერებამ დათრგუნა ფიცხი გუარამ მამფალი და განმუხტა ის დრამატული დაძაბულობა, სიტუაციას რომ ამძიმებდა. კრების მონაწილენი თითქოს ვერ გარკვეულან ვითარებაში, თითქოს გრძნობენ, სადამდე შეიძლება მივიდეს პატივმოყვარე და მეტისმეტად ემოციური გუარამი და ამ სიმძაფრის განელების პერსპექტივას ვეღარსად ხედავენ, თუ არა გრიგოლ არქიმანდრიტის ავტორიტეტში. ამიტომაც ერუშნელი ეპისკოპოსი დიდი ტაქტითა და იმედით მიმართავს შეკრებილთ: "ოდეს მოვიდეს ვარსკვლავი უდაბნოთაი, მაშინ განემართოს საქმე და განზრახვაი ყოველთა". თითქოს ამ სიტყვებში არაფერია გამოსაცნობი, მაგრამ მაინც კითხულობენ: "ვისთვის არს სიტყვაი ეგე დამტკიცებითი?" - და პასუხიც არ აყოვნებს: "გრიგოლ არქიმანდრიტისთვის, ხანძთისა და შატბერდისა მაშენებელისათვის".
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეფრემ მაწყვერელი, არსენის თანაზრდილი და გრიგოლის მოწაფე, უსამართლოდ არჩეულ კათოლიკოსს განუდგა და მის საწინააღმდეგო ბანაკში გადავიდა. განსაცვიფრებელია გრიგოლისა და ეფრემის საუბარი. ეს პატარა მონაკვეთი დინამიურობითა და ფსიქოლოგიური დატვირთულობით ფრიად შთამბეჭდავია. გრიგოლს სურს, არსენის თანაზრდილი ეფრემი დაითანხმოს, მეკავშირედ გაიხადოს. განზე გაიხმობს მას და ჩუმად ეუბნება: "შვილო, პატივსა მაგას სიწმინდის მღვდელმთავრობისასა გაფუცებ, ნუ უშლი სულიერად ძმასა შენსა არსენს". საკმაოდ დრამატული ვითარება შეიქმნა. თითქოს თვალწინ გვიდგას განზე გამდგარი, წელში მოხრილი, ხმადაბლა მოსაუბრე ორი ღირსეული მამა. გრიგოლმა განზე გაიყვანა თავისი მოწაფე და ნახევრად მავედრებელი, უფრო კი მამაშვილური, კილოთი შეჰღაღადებს პოზიციის დათმობასა და არსენის თანადგომას ერთი შეხედვით უსამართლო საქმეში. ეფრემის წინააღმდეგობის შემდეგ კი გრიგოლი ერთბაშად წყვეტს საუბარს, თითქოს წელში გაიმართაო, და ჩვეული ღირსებით ტუქსავს თავის შეგირდს: "უკუეთუ ამას იქმ, ეფრემ, მე უვარ-მყავ, ვითარ არა შენი მოძღვარი ვარ". გრიგოლი ის პიროვნებაა, რომელიც მხოლოდ იმას ამბობს, რაც საჭიროა, რაც საქმეს სჭირდება. ამიტომაც მის მიერ მკაცრად წარმოთქმული საყვედური განაჩენივით ჟღერს. თბილმა და ალერსიანმა გრიგოლმა საჭიროების დროს სიმკაცრე და მრისხანებაც იცის. ეს უმალვე განიცადა ეფრემმა და მუხლმოყრილმა ამოილუღლუღა: "ფიცხელ არს ბრძანებაი ესე, გამკვეთელ უფროის მახვილისა. აწ ნებაი შენი იყავნ და ნუ ნებაი ჩემი, წმიდაო ღმრთისაო", - ეს მცირე ეპიზოდი მთელი სურათია, რომელშიც საოცარი სახიერებით არის დახატული წმინდანის დიადი სახე, რომლისთვისაც არც ადამიანური სინაზე და სითბოა უცხო და არც მოძღვრის შეუვალობა და სიმკაცრე. არანაკლებ შთამბეჭდავია ეფრემის მონანიე, ჩუმი ლუღლუღი. ეფრემის მონანიებამ გული მოულბო გრიგოლს, რომლისთვისაც სავსებით უცხოა თვითმიზნური სიჯიუტე; პირიქით - ის შინაგანად ხარობს, როცა საპირისპირო, განსხვავებული აზრის მქონე პიროვნება თავისი საქციელის მცდარობას შეიგნებს და გულწრფელი მონანიებით ადგება ჭეშმარიტების გზას.
მარად ამაღლებული პრინციპებისა და სულის მატარებელი გრიგოლი მისთვის ჩვეული მოძღვრული სითბოთი და ზრუნვით შეინდობს ეფრემს და ანუგეშებს: "გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არ ქმნეს". ეს ფრაზა ქრისტიანული ზნეობის მთელი ტრაქტატის ტოლფარდია, რადგანაც მასში ლაკონურად არის ჩამოყალიბებული მართლმადიდებლური მოძღვრების არსი: გულისწყრომით, წამიერი განწყობითა და მიკერძოებით ღვთიურ ჭეშმარიტებას ვერ ჩასწვდები და ადამიანური თავკერძობით სულიერი სიწმინდისკენ მიმავალ გზას მოიჭრი. რაც შეეხება არსენის მიერ სჯულის კანონის დარღვევას, ეს მხოლოდ ზედაპირული შთაბეჭდილება გახლავთ, რომლის წინაპირობაა დიდი სამართლიანობა, ამიტომაც არის, გრიგოლი დაბეჯითებით რომ ამშვიდებს ეფრემს: "ხოლო ბრალი ესე არსენისი ჩემ ზედა იყავნო", - ბრძანებს მოძღვართმოძღვარი.
ერთი შეხედვით გუარამი ობიექტურად მართებულ პოზიციაზე დგას - ის ხედავს, რომ "კანონი სჯულისაი" მართლაც დაირღვა. ამავე დროს უგულებელყოფილია მისი როგორც გამგებლის პოზიციაც, მაგრამ ეს მხოლოდ ქვეტექსტებში იგრძნობა; მთავარი არგუმენტი ის არის, რომ "კანონი სჯულისაი" უგულებელყვეს. ამ უსამართლობაში, მიკერძოებასა და თვითნებობაში დარწმუნებული გუარამი გაბედულად აყალიბებს თავის პოზიციას და იმედით მიმართავს "სჯულის კანონის" ყველაზე დიდ მცოდნესა და მკაცრ დამცველს - გრიგოლ ხანძთელს, მაგრამ როდესაც ეს უკანასკნელი კანონის ასეთ დარღვევას გამართლებულად მიიჩნევს, ძლიერი და პატივმოყვარე ფეოდალი წონასწორობას კარგავს და მიუტევებელ მკრეხელობას სჩადის: ზეცის კაცად და ქვეყნის ანგელოზად შერაცხულ ბრძენთაბრძენს, სულიერებით დახუნძლულსა და დიდზე დიდი ადამიანური სითბოთი დამუხტულ გრიგოლს უკადრისს ჰკადრებს - დაბერებულა და გონება დაუკარგავსო.
გრიგოლის საქციელი ერთი შეხედვით მართლაც მიკერძოების შთაბეჭდილებას ქმნის, რაც თითქოს "სჯულის კანონის" უგულებელყოფით ვლინდება, მაგრამ მერჩულე შეგვამეცნებს, რომ ხანძთელმა დაწერილ კანონზე უკეთ იცოდა ზეამაღლებული კანონი, რომ მან ღვთაებრივი სულიერებით ამქვეყნიური კანონი გადალახა. ერთი ფრანგი მოაზროვნე წერდა, რომ ადამიანები კანონს უნდა ექვემდებარებოდნენ, მაგრამ უპირველესი და უდიდესი კანონი ის არის, საჭიროების დროს ყველა კანონი დაარღვიოო.
გრიგოლმა სულიწმინდის შთაგონებით შეიცნო, რომ ჭაბუკი არსენი გახდებოდა ის დიდი არსენ საფარელი, რომელმაც ააყვავა და დაამშვენა ჩვენი კულტურა, ჩვენი ეკლესია. აქ ჩანს გრიგოლის სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა და დიდზე დიდი პედაგოგიური ინტუიცია. გრიგოლის ღვთივკურთხეულობა შეცნობილი ჰქონდათ ეკლესიის ღირსეულ მსახურებს, ამიტომაც მოურიდებლად მიმართეს გუარამს: "ღმრთის მსახურო გუარამ, ქრისტესგან სასწაულმან უტყვ ქმნა ენაი ჩვენი, რამეთუ ვიხილეთ დღეს გრიგოლის ზედა მიუწვდომელი დიდებაი". რწმენის მადლით ცხებული და ღვთისმოშიში გუარამისთვის სასწაულთქმედება გამომაფხიზლებელ ფაქტორად იქცევა და იგი გულწრფელი მონანიების გზით შენდობას ითხოვს გრიგოლისგან.
ლევან მათეშვილმა