ეს ფიქრი აღძრავდა ჩვენს წინაპრებს რუსეთთან კავშირის ძიებისას. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ერთად ვმდგარიყავით, ქართველნი დავთითოკაცდით და პირი ადვილად გვკიდა მელამ, მოძმედ მოსული მტრად გვექცა, ბაგრატოვნებს ტახტი წაართვა, ეკლესიას - ავტოკეფალია, სისხლში ჩაახრჩო თავისუფლებისმოყვარე საქართველო.
რუსი სალდათისთვის სულერთი იყო, ვის წამოაგებდა ხიშტზე - მოხუც მღვდელმთავარს წმინდა დოსითეოსს თუ ოთხმოცი წლის მონაზონს მარიამ აბაშიძეს (ეს სოფელ ხაშმში, 1812 წლის აჯანყებისას მოხდა). უარესსაც გეტყვით: შემდგომში, როცა რუსეთმა სამხრეთ საქართველო დაიპყრო, რუსმა სალდათებმა არც "თათრული" ეკლესიები დაინდეს (ასე უწოდებდნენ ხახულს, ოთხთა ეკლესიას, პარხალს), ხიშტებით ჩამოფხიკეს იქაური ფრესკები, ხოლო იშხნის ტაძარში მიზანში სროლას სწავლობდნენ. ისეთ დღეში ჩააგდეს ჩვენი სამშობლო, რომ რუსეთს ექსორიაში მყოფ კათოლიკოს ანტონ მეორეს ათქმევინეს: მე რომ საქართველოზე მწუხარება მესმის, ღმერთმა ქნას, ისევ იმათი (ყიზილბაშების) დრო დაბრუნდეს, ისინი სჯობდნენო... ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, რომ მიუხედავად იმ ცოდვის კალოსი, საქართველოში რომ გალეწეს რუსებმა, აქ მაინც გაიჩინეს დასაყრდენი, ზოგი მოისყიდეს, ზოგი დააშინეს...
იმერეთის აჯანყების ჩაქრობის შემდეგ მთელი ძალით ამოქმედდა რუსული თვითმპყრობელობა, ფესვის გადგმა იწყო ქართულ მიწაზე. სანამ დრო იყო, უნდა ეზრუნათ მის ამოძირკვაზე, თორემ მერე გვიანი იქნებოდა...
1825 წელს პეტერბურგში ერეკლე მეორის შვილიშვილის დიმიტრი იულონის ძე ბაგრატიონის თაოსნობით წრე ჩამოყალიბდა. ამ წრეში თავს იყრიდნენ იმ დროს პეტერბურგში მცხოვრები ქართველები: ელიზბარ, დიმიტრი, გიორგი და ზაქარია ერისთავები, ვახტანგ და დიმიტრი ორბელიანები, სოლომონ რაზმაძე და სხვები - და მამულის სვე-ბედზე, მისი ხსნის გზებზე მსჯელობდნენ. დიმიტრი მაშინ სრულიად ახალგაზრდა გახლდათ, მაგრამ საკმაოდ განათლებული და თავისი ქვეყნის მოყვარული.
ახალგაზრდებს თავისუფლებისკენ მიმავალ უმთავრეს გზად განათლების გავრცელება მიაჩნდათ. იმასაც ამბობდნენ, დახმარებისთვის უცხო ქვეყანას მივმართოთო.
ასეთივე წრე მოსკოვშიც ჩამოყალიბდა. 1826 წელს მას სათავეში ჩაუდგა გიორგი XII-ის ვაჟი ოქროპირ ბატონიშვილი. ის არა მარტო იდეურად ხელმძღვანელობდა ამ წრესა და მომავალ შეთქმულებას, არამედ აპირებდა, მატერიალურადაც უზრუნველეყო იგი და ამისთვის გადადებული ჰქონდა 200 000 მანეთი, რომელიც პირადი მოხმარებისთვის მიიღო თავისი მეუღლისგან - რუსი სენატორის ქალიშვილისგან.
ამგვარად, თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა თანდათან 1832 წლის შეთქმულებაში გადაიზარდა.
შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ სოლომონ დოდაშვილი (1805-1836), რომელმაც 1827 წელს წარმატებით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ-იურიდიული ფაკულტეტი. სოლომონის წიგნს "ფილოსოფიის კურსი", რომელიც 1827 წელს დაიბეჭდა პეტერბურგში, დიდი მოწონება და აღიარება ხვდა წილად. ოქროპირ ბატონიშვილი სოლომონს ურჩევდა, ახალგაზრდობისთვის ჩაენერგა მამულისა და ბაგრატიონთა სიყვარული, ელოცათ ბაგრატიონთა ტახტზე დაბრუნებისთვის, არ ეღალატათ წინაპრების ადათ-წესებისთვის და, რაც მთავარია, არსად ესაუბრათ საქართველოს თავისუფლებაზე სხვების თანდასწრებით.
1827 წელს სოლომონი თბილისში ბრუნდება და მასწავლებლად იწყებს მუშაობას თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. ერთი წლის შემდეგ უკვე გაზეთს - "ტფილისის უწყებანს" გამოსცემს. გაზეთის გამოცემის მიზანი ქართველთა განათლება გახლდათ, რათა ოდესმე მაინც დაფიქრებულიყვნენ საქართველოს გათავისუფლებაზე.
1829 წელს შეთქმულთა ნაწილი პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა და დაიწყო შეიარაღებული აჯანყებისთვის მზადება. იმავე წელს, გვიან შემოდგომაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში მინერალურ წყლებზე მკურნალობის შემდეგ თბილისში ჩამოდის ოქროპირ ბატონიშვილი, რომელიც ერთი წელი დარჩება სამშობლოში. 1829 წელსვე ბრუნდება საქართველოში შეთქმულების ერთ-ერთი მოთავე თამარ ბატონიშვილი, რომლის წყალობით შეთქმულებაში ჩაება რამდენიმე გავლენიანი მანდილოსანი. 1830 წელს თბილისში ჩამოდის შეთქმულების ერთ-ერთი ორგანიზატორი ელიზბარ ერისთავიც... შეთქმულებამ მთელი საქართველო მოიცვა. შეთქმულთა რიგები ახალი წევრებით შეივსო. ესენი იყვნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი და სხვანი. ფარული საზოგადოების შტაბი დაფუძნდა ალექსანდრე ორბელიანის სახლში, სადაც იმართებოდა შეთქმულთა შეკრებები და თათბირები. ქართლში მუშაობას წარმართავდნენ ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ორბელიანი, კახეთში - სოლომონ დოდაშვილი და ფილადელფოს კიკნაძე, იმერეთში - თეიმურაზ ლორთქიფანიძე. აჯანყებულებს თანაუგრძნობდა აფხაზეთის მთავრის მემკვიდრე კონსტანტინე შარვაშიძე, რომელიც აჯანყებულთა დასახმარებლად 2000 კაცის გამოყვანას ფიქრობდა. თბილისში კი შეთქმულთა რიგებს არაქართველნიც შეერთებოდნენ: რუსი, პოლონელი, უკრაინელი, თათარი და სომეხი ერის შვილები.
ალექსანდრე ორბელიანი მოგონებებში წერს: "ეს შეთქმა ისე უნდა მომხდარიყო, რომ მთელი კავკასია შავი ზღვიდან მოყოლებული კასპიის ზღვამდის, სრულიად მთებისა და ბარის ხალხი, უნდა გავერთიანებულიყავით და ერთიანი აღრეულობა უნდა მოგვეხდინა".
ამ დროს რუსები ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს ებრძოდნენ, ამიტომ მათთან მოლაპარაკებებიც მიმდინარეობდა. გათვალისწინებული იყო დარიალის კარის ჩაკეტვა, შავი ზღვის სანაპიროს გამაგრება. თამარ ბაგრატიონის რჩევით, ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანები ელიზბარ და გიორგი ერისთავებთან ერთად იერუსალიმში აპირებდნენ წასვლას ქრისტეს საფლავის მოსალოცად. გზად უნდა დაკავშირებოდნენ ალექსანდრე ბატონიშვილს (შეთქმულებს მისი ტახტზე აყვანა სურდათ), მერე კი ვინმე საფრანგეთში, ინგლისსა და ავსტრიაში წავიდოდა მოსალაპარაკებლად და დახმარების სათხოვნელად. აჯანყების დასაწყებად ყველაფერი მზად იყო.
ამ დროს რუსები პოლონეთში აჯანყებას ახშობდნენ. ქართველნი უცდიდნენ, აიღებდნენ თუ არა რუსები ვარშავას. 1831 წელს, თითქმის ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, პოლონელები დამარცხდნენ. დედაქალაქში სისხლის მდინარეები მიედინებოდა. ქართველებმა აჯანყება მომდევნო წლისთვის გადადეს.
1832 წელს სოლომონ დოდაშვილმა დაიწყო "ტფილისის უწყებანის" სალიტერატურო ნაწილის გამოცემა. რამდენიმე ნომერში დაიბეჭდა 19 წლის გიორგი ერისთავის "ოსური მოთხრობა", რომელიც სამშობლოს თავისუფლებისთვის ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების ბრძოლაზე მოგვითხრობდა. 1831 წელს სოლომონ დოდაშვილმა დაწერა სიტყვა-მოწოდება და ლექსი "მაისი", სადაც თანამემამულეებს მოუწოდებდა, მახვილი აეღოთ ხელში და განედევნათ "სამშობლოს მაოხრებელნი".
1832 წელს, აგვისტოში, გადაწყდა აჯანყების დაჩქარება, რადგან დრო ხელსაყრელად მიიჩნიეს - რუსეთის ჯარის დიდი ნაწილი მთავარმართებელ როზენის სარდლობით ლეკებსა და ჩეჩნებს ებრძოდა. შეთქმულები მოქმედების გეგმაზე მსჯელობდნენ. საბოლოო ვარიანტი ნოემბერში შედგა. "პირველი ღამის განკარგულება" - ასეთი იყო ამ გეგმის სათაური. აჯანყებულნი თათრის მოედანზე უნდა შეკრებილიყვნენ. ღამის პირველ საათზე ელიზბარ ერისთავისა და ორბელიანების ნიშანზე ლუარსაბ ორბელიანის სახლში გამართულ ნადიმზე უნდა ამოეხოცათ რუსი სამხედრო და სამოქალაქო პირები. შეიარაღებული რაზმები დაიკავებდნენ ციხეს, არსენალს, ხაზინას და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის პუნქტებს. ეკლესიებში უნდა აეტეხათ ზარების რეკა. ეკლესიის მამანი ხატებით ხელში წინ გაუძღვებოდნენ აჯანყებულებს. განგაშის ზარები სომხურ ეკლესიებშიც უნდა დაერეკათ და სომეხი მოსახლეობაც შეეერთებინათ აჯანყებისთვის. ალექსანდრე ორბელიანი წერს: "ყველას, დიდსა თუ პატარას, ხნიან დედაკაცებს თუ ყმაწვილ ქალებს, ერთი აზრი ჰქონდათ: ან გაწყვეტილიყვნენ, ან სამშობლო გამოეხსნათ. ბევრმა პატიოსანი გვარების დედაკაცებმა დაიფიცეს: "კაცურად ჩავიცვამთ და ჩვენს უკანასკნელ სისხლს დავღვრით მამულის გამოსახსნელადო". ზოგიერთმა ყმაწვილმა დედაკაცმა ბაირახებს კერვა დაუწყეს და აღრეულობის ნიშნად მოამზადეს".
აჯანყების დაწყება რამდენიმეჯერ გადაიდო. საბოლოოდ 20 დეკემბერი დაითქვა...
სანამ არშემდგარი აჯანყების უეცარ და ტრაგიკულ დასასრულზე მოგითხრობთ, გვსურს გავიხსენოთ აჯანყების ერთ-ერთი მოთავე, "შეთქმულთა სულიერი საზრდოს სალარო", მღვდელ-მონაზონი ფილადელფოს კიკნაძე. მამა ფილადელფოსის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მშვენიერი წიგნი გამოსცა ქალბატონმა მანანა ხომერიკმა, ჩვენც მამა ფილადელფოსზე თხრობისას პატივცემულ მკვლევარს დავესესხებით.
მღვდელ-მონაზონი ფილადელფოს კიკნაძე (ერისკაცობაში - ნიკიფორე) დაბადებულა 1793 წელს (სხვა მონაცემებით, იგი უნდა დაბადებულიყო არა უადრეს 1794 წლისა), იმერეთის სახაზინო აზნაურის იოანე კიკნაძისა და თინათინ აბაშიძის ოჯახში. შვიდი წლისა მამამისს სასწავლებლად იოანე ნათლისმცემლის მონასტერში დომენტი წინამძღვრისთვის მიუბარებია. რუსეთის მხედრობის იმერეთში გადასვლისას, როცა იმერლები ამაგრებდნენ მთებში გამავალ გზებს, მამამის იოანეს რუსების ერთგულება უმჯობინებია და მთაზე გადასასვლელი ბილიკი უჩვენებია, რის გამოც თვით იმერლებს მოუკლავთ "იწროთა გზათა შინა ჩხერისათა". იმ დროს იმერეთში ჭირი გავრცელებულა, რომელსაც მოსახლეობა ლამის გაუნახევრებია. ამ სენს უმსხვერპლია დედამისი თინათინიც. მაშინ ნიკიფორე ცამეტი წლის ყოფილა.
1813 წელს ნიკიფორე უნახავს მონასტერში მოსალოცად ჩასულ ხირსის მონასტრის არქიმანდრიტს ნიკიფორე ჯორჯაძეს. ყმაწვილს გამოუმჟღავნებია საღვთო წერილის, წმინდა მამათა განმარტების და სხვა ნაშრომთა საუკეთესო ცოდნა. მამა ნიკიფორეს მოსწონებია თავისი ობოლი სეხნია და მონასტრის წინამძღვრისა და ძმათა ნებართვით ხირსაში წაუყვანია.
1817 წელს ნიკიფორე შეიპყრო "სურვილმან განმაცხოველებელისა ჩვენისა იესოს სწავლათა და მოძღვრებათამან", დაუტევა ამაოების ყოველი საზრუნავი და მიიღო ჯვარი ქრისტესი - ბერად აღიკვეცა. ის ბოდბელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღკვეცა და სახელად ნიკოლოზი უწოდა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ ბერ-დიაკვნადაც აკურთხა.
ჭაბუკი ბერის ნიჭიერებით მოხიბლულმა ნიკიფორე არქიმანდრიტმა ის ცნობილ ღვთისმეტყველსა და ფილოსოფოსს, მღვდელ-მონაზონ იოსტოს ანდრონიკაშვილს მიაბარა სასწავლებლად. მამა იოსტოსი 1804 წლის მთიულეთის აჯანყებაში მონაწილეობდა, რის გამოც პერმში გადაასახლეს, მაგრამ იმპერატორმა შეიწყნარა, თუმცა ვერ "გამოასწორა" - იოსტოსმა 1812 წლის კახეთის ამბოხებაშიც მიიღო თურმე მონაწილეობა.
მამა იოსტოსს ჭაბუკისთვის საკმაოდ კარგი განათლება მიუცია. "დატევნისამებრ ყოვლად გლახაკისა გონებისა ჩემისა ვისწავლე ფილოსოფია და ღვთისმეტყველებაცა", - იტყვის შემდგომ მამა ფილადელფოსი.
მამა იოსტოსს მამა ნიკიფორესთვის უთქვამს, რომ ახალგაზრდა ბერმა ზედმიწევნით შეისწავლა ყოველივე და არქიმანდრიტსაც კვლავ ხირსის მონასტერში წაუყვანია, 1822 წელს კი მისი თხოვნით ბოდბელ მიტროპოლიტ იოანეს ბერ-დიაკონი ნიკოლოზი მღვდელ-მონაზვნად უკურთხებია და ფილადელფოსი უწოდებია.
ფილადელფოსს ახლა რუსულის სწავლა მოუსურვებია, თხოვნითაც კი მიუმართავს იმპერატორისთვის, პეტერბურგის რომელიმე მონასტერში განეწესებინა, მაგრამ მისი თხოვნა არ დაუკმაყოფილებიათ.
1816 წელს ფილადელფოსი თბილისის ფერისცვალების მონასტერში გადავიდა. ამ დროს მას მიწერ-მოწერა ჰქონია პეტერბურგში მყოფ სოლომონ დოდაშვილთან, რომელიც მას რუსეთში წასასვლელად აგულიანებდა და ბატონიშვილების დახმარებას ჰპირდებოდა. 1826 წელს ნიჟნი ნოვგოროდში მყოფმა ანტონ მეორემ საქართველოს ეგზარქოს იონას მღვდელ-მონაზვნისა და ბერ-დიაკვნის გაგზავნა სთხოვა. ეგზარქოსს კანდიდატურები შეურჩევია და მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი ბერ-დიაკონ დანიელ ანდრონიკაშვილთან ერთად 1826 წლის 21 ივლისს რუსეთში გამგზავრებულა. ფილადელფოსს გზად მოსკოვისკენ გადაუხვევია, სადაც ბატონიშვილი ოქროპირი გაუცნია.
ანტონ მეორის გარემოცვა ძალზე ანტიცარისტული იყო. კათოლიკოსის დისშვილი ესტატე ციციშვილი რუსებს მათი საქციელის გამო ურჯულოებს ეძახდა. ფილადელფოსს სამშობლო როგორ არ უყვარდა, მაგრამ სიყრმიდანვე მორჩილებაში გაზრდილს იმპერატორის ერთგულება სისხლში გასჯდომოდა. როცა დანიელ დიაკონმა უშვერი სიტყვებით მოიხსენია რუსეთის ხელმწიფე, ფილადელფოსმა ვერ აიტანა ეს და კათოლიკოსსა და მის დისწულს სთხოვა, დიაკონი გაეჩუმებინათ. განრისხებულ ციციშვილს სახეში უფურთხებია მღვდლისთვის და სენაკში გამოუკეტავს, თან გაციმბირებითაც დამუქრებია. შეშინებულ ფილადელფოსს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის წერილი მიუწერია და ესტატე ციციშვილთან ერთად კათოლიკოსიც დაუბეზღებია - რუსებს ყიზილბაშები ურჩევნიაო.
ერთი კვირის შემდეგ ესტატეს კაცი გაუგზავნია შესარიგებლად. ფილადელფოსს მისთვის წერილის ამბავი უთქვამს და შავად ნაწერიც უჩვენებია. გაბრაზებულ ციციშვილს მუქარა მუქარაზე შეუთვლია. ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ ესტატემ კათოლიკოსს ფილადელფოსის საქართველოში გაგზავნა შესთავაზა. კათოლიკოსმა იცოდა, რომ საჩივარს რეაგირების გარეშე არ დატოვებდნენ, ამიტომაც მოიშორა საშიში მოწმე - სამშობლოში დაბრუნება უბრძანა.
ფილადელფოსს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. რუსეთის ყინვებს შეუჩვეველს მგზავრობისა შეეშინდა, მაგრამ ესტატე ციციშვილის მუქარისა უფრო ეშინოდა...
საქართველოსკენ მომავალმა მამა ფილადელფოსმა გზად მოსკოვში შეიარა და მიტროპოლიტ ფილარეტისგან მოსკოვში ცხოვრების ნებართვა აიღო. მოსკოვში ის ბატონიშვილებს დაუახლოვდა. განსაკუთრებით ოქროპირმა მოხიბლა. მეფე გიორგის ძე წყნარი და მორიდებული კაცი ყოფილა. ძალზე განიცდიდა სამეფოს დაკარგვას. ის სრულიად ბავშვი, დედასა და და-ძმებთან ერთად მოაშორეს საქართველოს, მამის საფლავს, წინაპართა საძვალეს.
ბატონიშვილის მოზომილმა სიტყვამ, მისმა პიროვნებამ ფილადელფოსის მსოფლმხედველობა შეცვალა. ამასობაში ხელისუფლებამ მღვდელ-მონაზვნის საჩივარს მსვლელობა მისცა. დანიელ ანდრონიკაშვილი დაიჭირეს, მაგრამ დანაშაული ვერ დაუმტკიცეს, ამიტომ ფილადელფოსი მოძებნეს და ცილისწამებისთვის დააპატიმრეს, 6 კვირის შემდეგ კი ბორკილებდადებული ფეხით გაუყენეს ნიჟნი ნოვგოროდის გზას. ცილისწამებისთვის ალბათ ციმბირშიც გაგზავნიდნენ. მაშინ მან იმპერატორ ნიკოლოზ I-ს მიმართა. წერდა, რომ მისი საჩივარი მართალი იყო, მაგრამ დამტკიცება არ შეეძლო, რომ ის ერთგული იყო იმპერატორისა და მის უზენაეს ნებას ანდობდა თავის სიცოცხლეს. 1828 წლის 21 იანვარს იმპერატორს თხოვნისთვის რეზოლუცია დაუდვია და საქართველოში გამომგზავრების ნება დაურთავს. ყოველგვარი ბრალისგან თავისუფალი, იმავე წლის 24 აპრილს თბილისში ჩამოსულა.
ამით დასრულდა მღვდელ-მონაზონ ფილადელფოსის ცხოვრების ერთი საჩოთირო ფურცელი. ნუ გავკიცხავთ - აკი წინ გვიდევს მაგალითი პეტრე მოციქულისა, სიკვდილის შიშით რომ უარყო მოძღვარი. ვინ იცის, ფილადელფოსიც როგორ წუხდა ანტონ მეორის უეცარ სიკვდილს (1827 წლის 21 დეკემბერს), რომელშიც ალბათ ამ შემთხვევასაც მიუძღოდა ბრალი.
თბილისში დაბრუნებული მამა ფილადელფოსი, მისივე სურვილით, ფერისცვალების მონასტერში განამწესეს. აქ გაიცნო ოქროპირ ბატონიშვილის სულიერი მოძღვარი ბერი პორფირე, რომელმაც ხელი შეუწყო ფილადელფოსისა და ოქროპირ ბატონიშვილის შემდგომ დაახლოებას.
1829 წელს, როცა ოქროპირი საქართველოში ჩამოვიდა და შეთქმულებისთვის მზადება გააჩაღა, საქმეში ჩაერთო ფილადელფოსიც.
პორფირე ბერი ხშირად არწმუნებდა ფილადელფოსს, "შემდგომ მცირე ხანისა რუსნი აღარ იქნებიან საქართველოშიო" და ისეთი თხზულების დაწერას სთხოვდა, რომელშიც რუსთა მიერ ქართველი ხალხის შევიწროება იქნებოდა ნაჩვენები. ჩვენამდე ორმა თხზულებამ მოაღწია: "სიყვარული მამულისა" და "გოდებანი იერემიასნი, ძისა ენეისნი, ხილვათათვის მდგომარეობასა ივერიისასა აწინდელსა ზედა".
მამა ფილადელფოსს მშვენიერი პატრიოტული ლექსებიც ჰქონია დაწერილი. მისი ერთი ლექსი ივანე კერესელიძეს 1861 წელს გამოუქვეყნებია:
"საქართველომ სთქვა: მეც ვიყავ, დრო მქონდა კეთილმყოფელი,
ვადიდნი ჩემნი მოსავნი, ვტანჯნი უარის მყოფელნი,
ვყვაოდი სამოთხის მსგავსად, არ ვიყავ გასაყოფელი,
ვინც ახლა მნახოთ, გასინჯეთ, რა ამაოა სოფელი.
ნეტარ იმ დროსა, რომელსა იყავ შენ აღშენებული,
აღვსილი მადლის წყაროთი და სიბრძნით განათლებული,
შემკული ყოვლის წესითა და ესრეთ გაბრწყინებული,
ვით არ გიტიროს, რა გნახოს აწ ასე გაცუდებული".
ფილადელფოსსვე შეუდგენია შეთქმულთა წესდება "აქტი გონიური". მამა პორფირეს საგანგებო წირვა აღუსრულებია და ფილადელფოსი გვერდით დაუყენებია. წირვისას აუღია წმინდა ბარძიმი და ფეშხუმი და კიკნაძე დაუფიცებია: "წყეულიმც იყავ, თუ სადმე რამე თქვაო".
იმ ხანებში თბილისში ქოლერა გავრცელდა. ბერი პორფირე ეპიდემიას ემსხვერპლა. ფილადელფოსმა შუამთის მონასტერს შეაფარა თავი. საფრთხემ რომ განვლო, უკან დაბრუნება უნდოდა, მაგრამ ეგზარქოსმა ნება არ მისცა. ასე დარჩა კახეთში. დრო არ დაუკარგავს, ოქროპირ ბატონიშვილის თხოვნით კახელი თავადების ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმა დაიწყო. ფშავ-ხევსურეთის გადმობირება აბელ ჩოლოყაშვილს დაავალა, არაგველების გადმობირება კი - კახეთში მცხოვრებ დავით არაგვის ერისთავს. ქიზიყშიც საიმედო თანამზრახველები გაიჩინა. ეგ კი არა, განზრახული ჰქონდა, შეთქმულებაში დიდოელები და დაღესტნელებიც ჩაება. მათი აჯანყება დიდოეთის პრისტავს ნოდარ ჯორჯაძეს მიანდო. მოლაპარაკებას აწარმოებდა ალექსანდრე ჭავჭავაძესთან და იმედი ჰქონდა, ის მთელ კახეთს ააჯანყებდა.
სხვათა შორის, ფილადელფოსს გამოუგონია საიდუმლო ანბანი, რომლითაც შეთქმულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. მანვე შემოიღო ნიშანი, რომლითაც მათ ერთმანეთი უნდა ეცნოთ. რომ არა ასეთი კონსპირაცია, მეფის ოხრანკა ალბათ ადრევე აღმოაჩენდა ამ შეთქმულებას.
შუამთის მონასტერში ფილადელფოსმა შეგირდები აიყვანა და საღვთო რჯულს ასწავლიდა. ესეც ერთ-ერთი გზა იყო მათ მშობლებთან დაახლოებისა.
მამა ფილადელფოსი დიდი ამბით ელოდა 20 დეკემბრის დადგომას, როცა აჯანყება უნდა დაწყებულიყო, მაგრამ...
1832 წლის 8 დეკემბერს ალექსანდრე ჭავჭავაძე ნიკო ფალავანდიშვილს, საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორს, სტუმრებია და მისი გადმობირებაც უცდია. მიზანს ვერ მიაღწია. მეტიც - ნიკომ თავისი ძმა იასე აიძულა, შეთქმულება გაეცა. მეორე დღეს იასე ფალავანდიშვილი კავკასიის კორპუსის უფროსის მოადგილესთან გენერალ ვოლხოვსკისთან გამოცხადდა და შეთქმულება გასცა. 10 დეკემბერსვე მთავარმართებელ როზენის ბრძანებით დააპატიმრეს შეთქმულების მთავარი მონაწილენი, სულ 145 კაცი. შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელმაც ათი თვის განმავლობაში გამოიძია შეთქმულთა საქმე. საგამოძიებო კომისია შეიქმნა პეტერბურგშიც. ოქროპირ და დიმიტრი ბატონიშვილები, შეთქმულთათვის რომ დაეპირისპირებინათ, ეტაპით ჩამოიყვანეს თბილისში. მამა ფილადელფოსიც ელოდა დაპატიმრებას. უამრავი თავისი ნაწერი მოუსპია, მხოლოდ ზოგიერთი უმნიშვნელო რამ დაუტოვებია, რათა, როცა ვერაფერს უპოვიდნენ, მის უდანაშაულობაში ეჭვი არ შეეტანათ.
1833 წლის 4 იანვარს გიორგი ერისთავმა კომისიას მოუთხრო, თუ როგორ მიიღო მამა ფილადელფოსისგან "აქტი გონიური". იმავე დღეს ბარონმა როზენმა გენერალ რეუტს შუამთაში ასვლა დაავალა. მას მონასტრის ყველა კუთხე-კუნჭული უნდა გაეჩხრიკა, ფილადელფოსის ყველა ქაღალდი შეეკრიბა და დაებეჭდა. 8 იანვარს გენერალი უკვე შუამთაში იყო. ფილადელფოსი დააპატიმრეს, დაკითხეს კიდეც, მაგრამ ვერ გამოტეხეს, ამიტომ იმავე დღესვე თბილისში ჩამოიყვანეს და ავლაბრის ყაზარმებში, შემდეგ კი დარიას მონასტერში (იმავე ფერისცვალების მონასტერში) გამოამწყვდიეს. მამა ფილადელფოსი საშინელ პირობებში იმყოფებოდა. არც წირვა იყო მისთვის, არც ლოცვანი, იჯდა დაკეტილ, ფანჯარაამოლესილ სახლში... კომისიას პირობების შემსუბუქება სთხოვა, მაგრამ ამაოდ. მიუხედავად ამისა, არაფერი აღიარა. სიკვდილამდე გაიძახოდა, შეთქმულებისა არა ვიცი რა; "აქტი გონიური" კეთილი საზოგადოების შესადგენად შევთხზე და ჩემს აზრსა და გრძნობას რუსეთის ხელმწიფისადმი ერთგულების მეტი არა მიჰკარებიაო. ფილადელფოსი მასთან ერთად საკანში მყოფმა მღვდელმა ეფრემ ალექსი-მესხიშვილმა და დავით ნათალიშვილმა გასცეს. მათ კომისიას უამბეს ფილადელფოსის მონათხრობი იმის შესახებ, თუ რას აკეთებდა ის შეთქმულების მოსამზადებლად. ამან ძალზე გაართულა პატიმრის მდგომარეობა. ბრალდების უარყოფა სცადა - ჩამაცივდნენ ეფრემი და დავითი და ეს ყველაფერი ხუმრობით მოვიგონე; რა საიდუმლო ანბანი, მხოლოდ ის მინდოდა, ხუცურისა და მხედრულის მიხედვით საერთო ანბანი შემექმნა, "იერემიას გოდებაც" პირფირი ბერის (ის ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო) შთაგონებით შევქმენი და მურვან ყრუს მიერ დარბეულ საქართველოს ეხებაო... ვეღარ გაუძლო მამა ფილადელფოსმა ამდენ სულიერ და ფიზიკურ ტანჯვას, 25 აგვისტოს ავად გახდა და 5 სექტემბერს (ახალი სტილით - 17 სექტემბერს) გარდაიცვალა. მამა იოანეს ცხედარი დარიას მონასტრის იღუმენმა იოანემ გააპატიოსნა და მონასტრის ეზოში, სამრეკლოს სამხრეთით შესავალ კართან დაკრძალა.
ასე დასრულდა ღირსი მამის ცხოვრება.
შეთქმულების დანარჩენ მონაწილეთა დიდი ნაწილი რუსეთში გადაასახლეს. 1836 წელს გადასახლებაში ფილტვების ჩირქოვანი ანთებით გარდაიცვალა სოლომონ დოდაშვილი. სამშობლო ვეღარასოდეს იხილა სოლომონ რაზმაძემ... შეთქმულების ბევრი მონაწილე მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და... მეფის რუსეთის სამსახურში ჩადგა. საქართველოს ახალმა მეფისნაცვალმა ვორონცოვმა, ამ გველივით ჭკვიანმა და გამჭრიახმა პოლიტიკოსმა, მიაძინა ქართველობის მეამბოხე და შეურიგებელი ბუნება და ქართველთა აქტიურობა ახალ კალაპოტში მოაქცია. რუსეთს ურჩი მთის მოსატეხად ქართული მკლავი და ხმალი სჭირდებოდა... ახლა უკვე ლეკთა სისხლით "ითრობოდნენ" ქართველნი. პატარ-პატარა "დათმობებით", მათ შორის - ქართული თეატრისა და გაზეთის დაარსების ნებართვით, ვორონცოვმა ქართველებს დიდი რამ - თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი - დაათმობინა.
გვსურს, გავიხსენოთ ერთი ამბავიც, რომელიც ამ აჯანყებას ეხება. იესე ფალავანდიშვილის ღალატმა ნიკოლოზ ბარათაშვილიც აღაშფოთა. მან თავისი უკმაყოფილება ლექსით გამოხატა და იესეს ძმას ნიკო ფალავანდიშვილს გაუგზავნა ფოსტით. მანაც სათანადო ზომები მიიღო ლექსის დამწერის აღმოსაჩენად და დასასჯელად. მალე გაირკვა, რომ ლექსის ავტორი ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო, ხოლო გამავრცელებელი - მისი მეგობარი პეტრე ბაგრატიონი. თითოეულ დამნაშავეს 25 როზგი მიესაჯა. შეშინებულმა პეტრემ საქართველო მიატოვა და რუსეთში გადაიხვეწა, ხოლო ნიკოლოზს გახადეს სამოსი და 25 როზგი დაჰკრეს. მამამისმა მელიტონმა თავის მხრივაც დაუმატა როზგები... ტატოც ახალგაზრდა წავიდა იმქვეყნად, ხოლო მის ლექსებში გაბნეული მისი თავისუფლებისმოყვარე სული წინ წარუძღვა XIX საუკუნის სამოციანელთა თაობას. მამულის თავისუფლებისთვის კიდევ მრავალი ბრძოლა იყო გადასახდელი...