ოსმალეთი და ირანი ჯარს ჯარზე აყრიდნენ გურჯისტანისკენ მომავალ გზას. ცალკე ლეკები აოხრებდნენ ქართულ მიწა-წყალს - მოდიოდნენ ხან აშკარად, ხან მალვით, იტაცებდნენ ტყვეებს, აოხრებდნენ სოფლებს და ვიდრე მდევარი კვალში ჩადგომას მოასწრებდა, უვალ ბილიკებს შეუყვებოდნენ თავიანთი ბუნაგებისკენ...
გაუთავებელმა ომმა სისხლისგან დაწრიტა ქვეყანა, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა. ტახტზე ისევ პატარა კახი - ერეკლე II იჯდა, ჯერ კიდევ იგი მიუძღოდა ბრძოლის ველზე ქართველთა მხედრობას და ომის სასწორიც ჯერჯერობით საქართველოს მხარეს იხრებოდა. მაგრამ როდემდე გაუძლებდა პატარა ქვეყანა ვეშაპთა გაუთავებელ შემოტევას?..
ყველაფერი ისე აეწყო, როგორც რუსეთს სურდა. და ამოქმედდა სამეფო კარი. იმპერატრიცა ეკატერინემ სამხრეთის საქმეების გადაწყვეტა თავის ფავორიტს გრიგორი პოტიომკინს მიანდო, ხოლო თანაშემწედ მისივე ნათესავი, "კავკასიის ლინიის" მთავარსარდალი პავლე პოტიომკინი დაუნიშნა.
ერეკლესთან კავშირის გაბმა პოტიომკინებმა გერმანელი ექიმის იაკობ რაინეგსის მეშვეობით სცადეს. რაინეგსი ტფილისში ჩავიდა, ერეკლეს შეხვდა და კბილი მოუსინჯა. მერე ერთხანს მეფის კარის "დოხტურიც" გახდა, მაგრამ მეფე იმაზე გამჭრიახი აღმოჩნდა, ვიდრე რუსეთში ეგონათ. ერეკლეს უკვე ნაწვნევი ჰქონდა რუსთა და, მით უფრო, რუსეთის კარზე მოღვაწე გერმანელთა ღალატი და არ გასჭირვებია "დოხტურ" რაინეგსში შეფარული რეზიდენტის ამოცნობა... გერმანელი ექიმი ისევ რუსეთში გაბრუნდა.
ერთ წელიწადში პოტიომკინმა მეორედ, ამჯერად - შეუნიღბავად, მიავლინა რაინეგსი საქართველოში და ერეკლეს წინადადება მისცა: დაიწყეთ მოლაპარაკება საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ მისაღებადო...
არ იყო მეფე ერეკლე იოლად გასატეხი და დასაყოლიებელი. უკეთუ მისი სამეფოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, მთელი მსოფლიოც რომ შეკრულიყო, ვერაფრით აიძულებდა მორჩილებას. არც "ასჯერ გაუზომავად" სჩვეოდა საქმის წარმართვა.
შეიყარნენ ქართლ-კახეთის დარბაზისერნი, ბევრი იფიქრეს, იმსჯელეს და იკამათეს. ერეკლემ ყველას გულდასმით მოუსმინა - რუსებთან კავშირის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც. სრულიად ახალი ძალა აპირებდა კავკასიაში შემოსვლას და ჯერ არავინ იცოდა, რას მოუტანდა იგი საქართველოს - სისხლს თუ მშვიდობას. თუმცა იმაზე მეტ სისხლს, რაც ირანსა და თურქეთს უკვე დაეღვარათ, მფარველის მანტიით მომავალი რუსეთი ალბათ ვეღარ დაღვრიდა... ამას გარდა, ბიზანტიის შემდეგ ერთმორწმუნე მოკავშირე აღარც გამოსჩენია საქართველოს და...
1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლემ თხოვნა აახლა რუსეთის იმპერატრიცას: მიიღეთ ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაშიო.
რამდენიმე პირობაც დაურთო თხოვნას პატარა კახმა...
განიხილეს პეტერბურგში ერეკლეს თხოვნაც და მოთხოვნაც და ვიდრე ირან-თურქეთის ზღვა წალეკავდა საქართველოს, თანხმობა ბრძანეს.
1783 წლის 24 ივლისს ქალაქ გეორგიევსკში რუსებმა და ქართველებმა საბოლოოდ გააფორმეს "მეგობრობის ხელშეკრულება". რუსეთის მხრიდან ხელს აწერდნენ გენერალი პავლე პოტიომკინი, საქართველოს მხრიდან კი სარდალი იოანე მუხრან-ბატონი და მანდატურთუხუცესი გარსევან ჭავჭავაძე.
ამიერიდან სამეფო რეგალიებს (გვირგვინს, ხმალს, კვერთხს, მანტიასა და დროშას რუსულ-ქართული გერბებით) ქართველი მეფე მიიღებს რუსეთის იმპერატორისგან...
ქართლ-კახეთის მეფეს უფლება აღარ აქვს, რუსეთთან შეთანხმების გარეშე აწარმოოს საგარეო პოლიტიკა.
ქართლ-კახეთის მეფე ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის სამსახურში გამოვიდეს მთელი თავისი საომარი ძალებით...
რუსეთი კისრულობს ქართლ-კახეთის დაცვას, აგრეთვე ერეკლესა და მისი შთამომავლობის დაცვას ქართლ-კახეთის ტახტზე.
შინაურ საქმეებში ქართლ-კახეთის მეფე დამოუკიდებელია. რუსები მის შინაურ გამგებლობაში ვერ ჩაერევიან.
ქართველთა ჯარის სიმტკიცისთვის და მტრის მოსალოდნელი შემოსევისგან საქართველოს დასაცავად რუსეთის ხელმწიფე საქართველოში მუდმივად სამყოფად აგზავნის ორ ბატალიონ ქვეით ჯარს.
ომის შემთხვევაში რუსეთის მენაპირე ჯარის სარდალი, რუსეთის ხელისუფლების რწმუნებით, ქართლ-კახეთის მეფესთან ერთად გამოდის საერთო მტერთან საომრად.
ქართველი თავადაზნაურობა უფლებრივად უსწორდება რუს თავადაზნაურობას, ასევე ქართველი ვაჭრები რუსეთში ღებულობენ რუსი ვაჭრებისთვის დადგენილ შეღავათებს.
რუსეთის ხელმწიფე კისრულობს, ომისა თუ ზავის პირობებში ყოველნაირად იღონოს, დაუბრუნდეს ქართლ-კახეთს მტრებისგან მიტაცებული ქართული მიწები...
ერეკლე მეორე კისრულობს სოლომონ იმერეთის მეფესთან თანხმობით ყოფნას, ხოლო რაიმე უთანხმოების შემთხვევაში შუამავლობა ეკუთვნის რუსეთის ხელმწიფეს..."
ხელს აწერდნენ რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II და "კეთილნებობითა მეფე ქართლისა, მეფე კახეთისა, მემკვიდრე-მფლობელი სამცხე-საათაბაგოსი, მთავარი ყაზახისა, მთავარი ბორჩალოსი, მთავარი შამშადილისა, მთავარი კახისა, მთავარი შაქისა და მთავარი შირვანისა, მფლობელი და მბრძანებელი განჯისა და ერევნისა ერეკლე".
ერეკლეს ფიქრადაც არ მოსდიოდა, რომ ერთმორწმუნე მფარველი ასე ურცხვად გატეხდა ფიცს, მაგრამ სიმართლეს სად წაუვიდოდა - რუსეთი თავსაც არ იწუხებდა საგარეო პოლიტიკის მოსაგვარებლად. ქართლ-კახეთი კი ყოფნა-არყოფნის ზღვართან მისულიყო. ერეკლემ ისევ საკუთარი კავშირებითა და ნაცადი გზებით სცადა მტრის შემოსევების ალაგმვა. რუსეთ-თურქეთის ომი ლამის კარზე იყო მომდგარი და სტამბულს ერეკლეს გადაკიდება ხელს არ აძლევდა, ამიტომ სიამოვნებით აღუთქვა ზავი ქართლ-კახეთის მეფეს და თავის მოხელეს, ახალციხის ფაშას სულეიმან ჯაყელს, შეუთვალა: ერეკლესთან კეთილმეზობლური ურთიერთობა იქონიე და არ შეაწუხოო. ჯაყელმაც მაშინვე ელჩები გამოუგზავნა ერეკლეს - ამიერიდან ახალციხის მხრიდან საფრთხე აღარ გელის, მაგრამ ნურც თქვენ შემოგვესევით, რუსის ჯარსაც ნუღარ შემოუშვებთ საქართველოში და მშვიდობა ჩამოვაგდოთო.
ერეკლემ დიდებულთა თათბირი შეჰყარა და საქართველოში რუსული ბატალიონების სარდალი, პოლკოვნიკი ბურნაშოვიც დაისწრო. ხმათა უმრავლესობით თურქეთთან ზავის დადება გადაწყდა. ბურნაშოვი აიმრიზა, მაგრამ ერეკლემ თავისი გაიტანა. 1786 წლის 12 სექტემბერს თურქეთთან საზავო ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ პავლე პოტიომკინს აცნობეს. ერთობ აღშფოთდა "კავკასიის ლინიის" მთავარსარდალი: ერეკლე ტრაქტატის პირობებს არღვევსო!..
საკუთარი პირობა კი პეტერბურგმა სამუდამოდ დაივიწყა... ახლა ეს უკვე ერეკლესაც ესმოდა და რუსეთის "გამოსაფხიზლებლად" დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა. ან კი სხვა რა გზა ჰქონდა პატარა კახს? მეკავშირეც და მტერიც მხოლოდ სათავისოდ მოდიოდა, ვის ანაღვლებდა "ბედი ქართლისა"...
ტრაქტატი ჰაერში გამოკიდებულ ფარატინა ქაღალდად იქცა.
მაგრამ პატარა კახს რუსეთთან საბოლოოდ დაშორება არ სურდა და ახალი განაზრახიც შესთავაზა: ქართველებისა და რუსების ერთიანი ჯარით ირანის დაპყრობა!..
რუსეთმა ყურს იქით გაატარა ერეკლეს წინადადება.
ამასობაში ირანის ტახტზე აღა-მაჰმად-ხანი ავიდა და საგრძნობლად მოძლიერდა. საქართველოს ახალი საფრთხე მოადგა. ერეკლე მიხვდა, რომ აღა-მაჰმადის პირველი სამიზნე საქართველო იქნებოდა და რუსეთს დამხმარე ჯარი სთხოვა, მაგრამ მის თხოვნაზე ყურიც არავინ შეიბერტყა. ჩანდა, რუსეთს აღარ სურდა, თავისი მფარველობის ქვეშ მყოფი ქვეყნის სათავეში მტკიცე ნებისა და მამაცი მეფე ეხილა...
...წამოემართა აღა-მაჰმად-ხანი საქართველოს ასაოხრებლად. უბეში ფირმანი ედო, საიმედო მსტოვრის ხელით შედგენილი: მიდი და ჰქმენ, რაც გენებოს, რუსეთი ერეკლეს საშველად ხელს არ გამოიღებსო.
ერეკლე კი ისევ ელოდა მაშველ ჯარს პეტერბურგიდან...
იმპერატორი პირობის შესრულებას არ ჩქარობდა...
უკვე ფრთხილი საყვედურებით ავსებდნენ მეფეს დიდებულები: რა მოგვიტანა სისხლისა და ომის მეტი რუსებთან ურთიერთობამო.
აღა-მაჰმად-ხანი კი უკვე წითელ ხიდთან მოსულიყო.
ერეკლე მეფემ გეორგიევსკის ტრაქტატი გვერდზე გადადო და ხმალი იშიშვლა.
ისევ მარტო იყო მოკავშირისგან მერამდენედ ნაღალატევი საქართველო...
ზვიად სეხნიაშვილმა