ქართველი ჩემი სისხლი და ხორცია, ჩემი სულისა და სხეულის ნაწილია
20.05.2005
სულ მცირე, ათასი წლის წინათ სინას მთაზე ღირს მამას იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი შეუმოსავს და ზედ ასეთი რამ წაუწერია: "ქრისტე, შეიწყალე მიქაელ და მიქაელ, გაბრიელ, კვირიკე, გიორგი, იოანე-ზოსიმე და ყოველნი ძმანი და ყოველნი ქრისტიანენი
და უფროის ყოველთასა - ყოველნი ქართველნი". ამბორის-ყოფა მოგინდება ამ სტრიქონებისა...
სინას მთაზე, სამშობლოდან ძალიან შორს, ბერძენ, ასურ და არაბ წმინდა მამათა შორის იმყოფებოდა ღირსი იოანე-ზოსიმე და საქართველო ენატრებოდა. "ღვთის გაჩენილი ყველა ჩემი ძმა არის, მით უმეტეს, ყოველი ქრისტეანე. ხოლო ქართველი ჩემი სისხლი და ხორცია, ჩემი სულისა და სხეულის ნაწილია, ამიტომაც უპირატესია. მისთვის თავის დადება დიდი პატივია ჩემთვის, დიდი ნეტარებაა", - ფიქრობდა ღირსი მამა. ასევე ფიქრობდნენ ძველი დროის ქართველნი - მეფენი თუ სამღვდელონი, აზნაურნი თუ უბრალო ერისკაცნი. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სამშობლოსთვის მათი თავდადების რამდენიმე მაგალითი.
* პირველი ცხებული მეფე, ვინც ქრისტესა და მამულისთვის ეწამა, წმიდა არჩილი გახლდათ. მან სარკინოზთა წინაშე უშიშრად აღიარა მაცხოვარი. უღმერთონი არ დაერიდნენ არც მის მეფობას, არც მშვენიერებას; კადნიერად გაიყვანეს გარეთ "წმიდაი იგი ვერძი... ჭეშმარიტად მსხვერპლი ცოდვათათვის სამეფოისა თვისისა, ჭეშმარიტად მსხვერპლი მითუალული ზეცისა საკურთხეველად და წარკვეთეს სამღვდელოი თავი მისი". მეფის წმინდა ცხედარი დიდი პატივით დაკრძალეს მისსავე აშენებულ ტაძარში.
* წმიდა მეფე ლუარსაბს კი მშობლიური მიწაც არ ეღირსა. შაჰ-აბასს ის შვიდი წელიწადი ჰყავდა დილეგში დამწყვდეული და სჯულის დატევებას აიძულებდა, მაგრამ წმიდა ლუარსაბი მარხვითა და ლოცვით განიწმენდდა თავს და ბოროტისგან შეურყვნელი უფალთან შესახვედრად ემზადებოდა. როცა შაჰი საბოლოოდ დარწმუნდა ქართველი ტყვის უდრეკობაში, მისი წამებით მოკვდინება ბრძანა. წმიდა მეფემ სიკვდილის წინ ლოცვის უფლება ითხოვა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს სამშობლო, ოჯახი, საკუთარი თავი შეავედრა... "და შემდგომად მოიღეს მტარვალთა საბელი მშვილდისაი და მოაშთვეს ტარიგი ღვთისა". ლუარსაბთან ერთად წამებით მოუკლავთ მისი ორი მონაც. "მათცა ქრისტესთვის მიიღეს სიკვდილი და ეზიარნეს მეფისა თვისისა თან სიკვდილსა ხორცითა". სპარსეთის მიწას მიაბარეს მათი წმინდა ცხედრები... ჟამთასვლამ წაშალა წამებულთა საფლავები.
* წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი ბრძოლაში მიღებული წყლულებით გარდაიცვალა. შეიწირა ღმერთმა მისი მსხვერპლი და "გვირგვინი-წამებისა" დაადგა მას, ხოლო ერი "ჰნატრიდა მეფეს, რამეთუ ქრისტესთვის მოიკლა..."
* წმიდა მეფე დემეტრეს ყაენის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობა დასდეს ბრალად და ურდოში დაიბარეს. იქ მისვლა უცილობელ სიკვდილს ნიშნავდა. მეფემ შეკრიბა კათალიკოსნი, ეპისკოპოსნი, ღირსი მამანი და ვითარება გააცნო. ერთი გზაღა დარჩენოდა - თავი მთიულეთისთვის შეეფარებინა, მაგრამ მეფეს ეს არ სურდა, რადგან იცოდა, მასზე განრისხებული მტერი სამეფოს აუოხრებდა. "რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთვის მრავალი სული მოკვდეს და მე თვით მძიმე ცოდვითა განვიდე ამ სოფლიდან?" - ბრძანა მეფემ. დარბაზმა ერთხმად სთხოვა, თავი გადაერჩინა, მაგრამ გვირგვინოსანმა მშვიდად მიუგო: "მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კლვად, უღონო არიან და არასადა აქუნ ნუგეშისცემა... დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოს წასვლას".
მონღოლებმა მკაცრი სამსჯავრო მოუწყვეს, მაგრამ ბრალი ვერ უპოვეს. ყაენმა მაინც სიკვდილი განუჩინა დემეტრეს.
სიკვდილის წინ ილოცა მეფემ, მიიღო წმინდა ზიარება და სული უფალს შეავედრა... მოულონელად მზე დაბნელდა, ირგვლივ უკუნი ჩამოწვა. ვერც ამ ცხადმა სასწაულმა მოიყვანა გონს მონღოლნი...
კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს წამებული მეფის ნეშტი, თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს და სვეტიცხოველში, "სამარხოსა მამათა მათთასა" დაკრძალეს.
* წმიდა ქეთევან დედოფლის მოწამეობამ ურჯულონიც კი გააკვირვა. ათი წელი იტანჯა შაჰის "საპატიო" ტყვეობაში, მარხვითა და ლოცვით, მღვიძარებით იძლიერებდა სულს და განილევდა სხეულს. არ დაუთმო ბოროტს, არც რწმენა უარყო და არც შაჰის ცოლობას დათანხმდა.
ხალხით სავსე მოედანზე გააშიშვლეს წმიდა ქეთევანი, თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაახურეს, ძუძუნი გავარვარებული მარწუხებით დააგლიჯეს, სხეულში შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, სამსჭვალებიან ფიცარზე დააგდეს და ზემოდანაც ასეთივე ფიცარი დააჭედეს, ბოლოს კი გახურებული ბარით გაუპეს შუბლი... თავისი უდრეკი სული დადო დედოფალმა უფლისა და მის მიერ მიბარებული ერისთვის.
* სარკინოზთა წინააღმდეგ გასალაშქრებლად ემზადებოდა აშოტ კურაპალატი, მაგრამ სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, "დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს". ლტოლვილმა მეფემ თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ მოღალატე ქვეშევრდომები იქაც შეჰყვნენ და ზედ საკურთხეველზე მახვილით განგმირეს. "დაკლეს იგი ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს".
* წმიდა დავით აღმაშენებლის, წმიდა თამარის, გიორგი ბრწყინვალის, ალექსანდრე დიდის, ერეკლე მეორისა და სხვათა ცხოვრებაც ღვთისა და მამულის სამსახურში გაილია და აწ ზეციური საქართველოდან აკურთხებენ შთამომავალთ.
* მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი 1993 წლის 5 ივლისს, წმიდა მეფეთა არჩილისა და ლუარსაბის ხსენების მეორე დღეს დახვრიტეს. მამა ანდრიას კისერში ესროლეს... ნაცვლად იმისა, რომ პირქვე დავარდნილიყო, როგორც, ჩვეულებრივ, ასეთ დროს ხდება ხოლმე, ზურგზე დაეცა, თავი სიკვდილის წინაც არ მოუდრიკა მკვლელებს. სისხლი ოცი წუთი ნაკადულივით მოედინებოდა მისი ნაწამები სხეულიდან და მერეც, დაკრძალვამდე, მთელი სამი დღე, არ შედედებია. სახეზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი შერჩენოდა.
* იპოდიაკონ გიორგი ანუას წმინდა ვასილისკოს წყაროსთან ერთი დღე-ღამე აწამებდნენ - სცემდნენ, ესროდნენ, მრავალგზის დაჭრეს ფეხებში, ბოლოს ხეზე დაკიდეს და ტყვიით განგმირეს.
* ივერიის სიყვარულისთვის რუსეთის გზას გაუყენეს წმიდა კირიონი. ავადმყოფსა და დაქანცულ მღვდელმთავარს ყინულივით ცივი ოთახი მიუჩინეს, სადაც ერთადერთი ხის ტახტი იდგა. ტახტი მანამდე ეზოში მდგარიყო და თოვლი შეჰყინოდა. მორჩილს ყინული ნაჯახით დაუმტვრევია, ზედ თავისი ანაფორა გაუშლია და ასე მოუსვენებია მღვდელმთავარი...
* "სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული - სამშობლოს, ხოლო სხეული დე თქვენი იყოს, მტარვალნო!" - წმიდა ამბროსი ხელაიას ეს ისტორიული სიტყვები მართლაც რომ სიმბოლოა იმდროინდელ ქართველთა სარწმუნოებისა.
* წმიდა ანთიმოზი ჭაბუკობისას მოუტაციათ და სტამბოლის ბაზარზე მონად გაუყიდიათ. ღვთის განგებით ვლახეთში მოხვედრილა, სადაც სასტამბო საქმეს ჩასდგომია სათავეში. წმიდა ანთიმოზმა შეძლო, ვლახეთი ექცია მართლმადიდებლობის ცენტრად, რომელიც წიგნებით მთელ ქრისტიანულ აღმოსავლეთს ამარაგებდა. 1708 წელს წმიდა ანთიმოზი უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტად დაადგინეს. "მოვიდა დიდი ადამიანი ვლახეთის მიწაზე, - წერდა ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი, - მოიტანა სინათლე ღვთაებრივმა ანთიმმა, უნგრო-ვლახეთის იერარქმა, შვილმა ბრძენ ივერთა მოდგმისა".
წმიდა მღვდელმთავარმა მიტროპოლიტად დადგენის დღიდანვე დაუცხრომელი ბრძოლა დაიწყო დამპყრობლებისგან ვლახი ხალხის გათავისუფლებისთვის და ვლახ ბოიართა ჯგუფი შემოიკრიბა გარს. არც მტერს ეძინა. ვლახეთის მმართველმა, რომელიც თურქთა ინტერესებს იცავდა, კონსტანტინოპოლის პატრიარქის დახმარებით მოიწვია ეპისკოპოსთა კრება, რომელსაც არც ერთი რუმინელი სასულიერო პირი არ ესწრებოდა, წმიდა ანთიმოზი უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტობიდან გადააყენა და სინის მთაზე გააძევა, მაგრამ მღვდელმთავარს იქამდე არ მიუღწევია - თურქმა იანიჩრებმა გზაში ასო-ასო აკუწეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს, წმინდანის უკვდავი სული კი ახლა მშობლიურ ივერიასა და რუმინეთს - მეორე სამშობლოს - მეოხობს.
* 1832 წელს იასე ფალავანდიშვილმა რუსეთის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება გასცა. შეთქმულთა სული და გული გახლდათ შუამთის მონასტრის მღვდელმონაზონი ფილადელფოს კიკნაძე. მისი დაპატიმრებისას 60 კაზაკი და 120 სალდათი შემოერტყა მონასტრის გალავანს. იქვე იყო ეგზარქოსიც, რომელმაც ჯვარი ააგლიჯა მამა ფილადელფოსს. ღირს მამას ჯვარი უკანვე წაურთმევია... სალდათებს თოკით შეუბოჭავთ მამა ფილადელფოსი, ბორკილები დაუდიათ, წელსა და ყელზე კი გრძელი თოკი მოუბამთ, რომლის ცალი ბოლო ცხენზე მჯდარ კაზაკს სჭერია და რუსეთის გზისთვის გაუყენებიათ.
ოცდათორმეტი დღე ატარეს. ადგილზე ჩაყვანილი ერთ ბნელ ოთახში გამოკეტეს, რომელსაც სარკმელიც კი არ ეღებოდა. ლოცვანი წაართვეს და არც წირვაზე დასწრების ნებას აძლევდნენ. რვა თვის პატიმრობამ შეარყია ენერგიული, ჯან-ღონით სავსე ვაჟკაცი და 1833 წლის 5 სექტემბერს კუჭისა და ნაღვლის ანთებით გარდაიცვალა. მისი ნაწერები, რაც დღემდე შემოგვრჩა, გვასწავლის, როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო.
* კალოუბანს მოწყვეტილი უასაკო ყრმები თუ რვა საუკუნის შემდეგ იმავე ადგილას ზვარაკად შეწირული ცხრა აპრილის გმირნი, მეტეხის ხიდთან წამებული ასი ათასი ქართველი და მამანი და დედანი, რომელთა სახელიც მხოლოდ ღმერთმა იცის, დაგვყურებენ ზემოდან, გვაკვირდებიან, გვითვალთვალებენ - ეგებ ვისწავლეთ რაიმე მათგან?! ძნელია, ძალზე ძნელი, ქართველობა, მამულიშვილობა. სამშობლოს მოტრფიალემ ყოველივე პირადი უნდა დაივიწყოს, ღვთისა და მამულის სიყვარულით უნდა არსებობდეს.
ბრძენია ხალხი:
"სოფლისა თავსა ვსახლობდი,
არა სოფელი ჩემ თავსა;
სოფელი კარგა მთავსობდა,
მე რომ სოფელი მეთავსა...
კარგი მინდოდა ქვეყნისთვის, -
წინ-წინ მოვიდა ჩემ თავსა".
* გასულ ზაფხულს ზაზა დამენიას გმირობის ამბავი შევიტყვეთ. ის ხელყუმბარას გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გადაარჩინა. ამ ამბავმა ერთიანად შეგვძრა, იმედი ჩაგვისახა, თითქოს ძველი საქართველო დაგვიბრუნდაო. ჩანს, ჯერ კიდევ ხმაურობს ქართული სისხლი, ჯერ კიდევ არ გაწყვეტილა ჩვენში ძარღვი მამულიშვილობისა. უფალსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ჯერ კიდევ ჰყავს შვიდი ათასი დაფარული მონა, რომელთაც ამ დროების კერპებს მუხლი არ მოუყარეს, რომელნიც მზად არიან, მრავალგზის დაიხოცონ საქართველოსთვის. ღმერთმა აკურთხოს მათი სიცოცხლე, სიცოცხლე ქრისტეს სამსხვერპლო ვერძებისა!