არქელაოსმა თავიდანვე საგონებელში ჩააგდო ხალხი - მამამისის ცხედარი ჯერ კიდევ არ იყო გაციებული, რომ ლხინი გამართა - ჰეროდეს სიკვდილს ზეიმობდა: 8-დღიანი საჩვენებელი სამგლოვიარო მარხვის შემდეგ საზეიმოდ შევიდა ტაძარში და ოქროს ტახტრევანში მჯდარმა განაცხადა, რომ აპირებდა სამეფოს მართვას უფრო კეთილად და სამართლიანად, ვიდრე მამამისი. ამ განცხადებამ ხალხი აღაფრთოვანა.
მაგრამ სულ მალე ფარისევლებმა მას მოსთხოვეს გადასახადების აკრძალვა ან შემცირება. არქელაოსის მრავალი მშვიდობიანი მცდელობა კრახით დამთავრდა. პასექის დღესასწაულზე გააფთრებულ იუდეველებს არქელაოსმა ჯარი და კავალერია მიუსია. ამ შეტაკებაში 3000 იუდეველი დაიღუპა. პასექის დღესასწაული არგაგონილი რჯულის დარღვევით - დროზე ადრე შეწყვიტეს.
ასეთი ტრაგედიით დაიწყო ხელმწიფობა არქელაოსმა; მაგრამ მეფობა მისთვის რომაელებს უნდა დაემტკიცებინათ, ამიტომ მამიდა სალომეასა და უმცროსი ძმა ანტიპას თანხლებით რომს გაემგზავრა. ამავე დროს, სირიის პრეფექტმა კვინტილიუს ვარუსმა რომში გაგზავნა იუდეველთა 50-კაციანი დელეგაცია, რომლებიც წინააღმდეგნი იყვნენ ჰეროდეების მეფობისა და მოითხოვდნენ თეოკრატიულ მმართველობას, რომის პროკურატორის სამოქალაქო მმართველობით. ჰეროდეების სახლის მეფობა იმდენად მობეზრდათ იუდეველებს, რომ რომში მცხოვრები 8000 იუდეველი აღფრთოვანებული შეხვდა ამ წინადადებას.
კეისარმა ავგუსტუსმა მაინც არქელაოსი დაამტკიცა ტახტზე, მაგრამ მეფის ტიტულის დამსახურებამდე მხოლოდ "ეთნარქობა" უბოძა. ამ დროს იუდეაში დიდი არეულობა სუფევდა. წესრიგის აღსადგენად სირიის პრეფექტმა ვარუსმა გაგზავნა პროკურატორი საბინიუსი ლეგიონითურთ. მაგრამ ერგასეულის დღესასწაულზე მოთმინებიდან გამოსული იუდეველები ხარბ საბინიუსს აუჯანყდნენ. ამ დროს კინაღამ დაიწვა იერუსალიმის ტაძარიც კი (ცეცხლმა მხოლოდ მახლობელი შენობები შთანთქა). პროკურატორის დასახმარებლად დაიძრა სირიის პრეფექტი ვარუსი და ჩაახშო აჯანყება, რასაც 2000 იუდეველის ჯვარცმა მოჰყვა.
სავარაუდოა, რომ იესო ქრისტეს ბავშვობის პირველი წლის ბოლოს არქელაოსი პალესტინაში დაბრუნდა. თუ მივიღებთ მხედველობაში იმ ცუდ სახელს, რომელიც არქელაოსს ხალხში ჰქონდა, გასაგები ხდება მათე მოციქულის ცნობა იმის შესახებ, რომ მართალ იოსებს "ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თვისისა, შეეშინა მისლვად მუნ და ბრძანება მიიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეასათა".
ყველა ამ მოვლენამ ისეთი მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე, რომ მათი ხსოვნა დიდხანს შემორჩა და ოცდაათი წლის შემდეგაც კი, მაცხოვარს შეეძლო, თავის იგავებში მოეყვანა მაგალითები აღწერილი მოვლენებიდან: "კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მიღებად თავისა თვისისა მეუფებისა და მოქცევად" (ლუკ. 19,12). იგავში სწორედ არქელაოსია ის აზნაური, რომელიც წარვიდა შორსა სოფელსა ანუ რომში, რათა მიეღო მეფობა და დაბრუნებულიყო. "ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდა იგი და მიავლინნეს მოციქულნი შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მაგისი მეფობა ჩუენ ზედა". დაბრუნებულმა არქელაოსმა ერთნი ე.ი. ერთგულნი, დააჯილდოვა, მეორენი კი დასაჯა, როგორც იგავშია მოთხრობილი, რადგან მან მოიგო საქმე ავგუსტუსის მამამისისადმი სიმპათიის გამო. ეთნარქიის დაკავების დღიდან, როგორც იოსებ ფლავიუსი ამბობს, იგი ბარბაროსული სისასტიკით უსწორდებოდა არა მარტო იუდეველებს, არამედ სამარიელებსაც. იესო ქრისტე, ხალხისთვის ჭეშმარიტების ახსნისას, რა თქმა უნდა, ამ მოვლენებს არ გაიხსენებდა, ეს ხალხს ჯერ კიდევ არ ხსომებოდა.
არქელაოსი 9 წელი მეფობდა. მის მეფობაში არ გაკეთებულა არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე. მამამისის მსგავსად, ის ვნებებში გადავარდნილი კაცი იყო. ცოლად მოიყვანა თავისი ნახევარძმის, ალექსანდრეს, ნაქვრივალი გლაფირა, რომელმაც ალექსანდრეს სიკვდილით დასჯის შემდეგ გათხოვება მოასწრო და მერეღა გაყვა ცოლად პირველი ქმრის ძმას.
9 წლის შემდეგ არქელაოსი იმდენად აუტანელი გახდა იუდეველებისთვის, სამარიელებისა და თვით საკუთარი ძმებისთვის, რომ კეისართან უჩივლეს. კეისარმა სარჩელი დააკმაყოფილა და არქელაოსი გალიაში, კერძოდ, ვიენაში გადაასახლა - აქედან მისი კვალი ისტორიის ფუცლებიდან ქრება.
ხოლო მის ცოლს, გლაფირას, ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე დაესიზმრა პირველი ქმარი ალექსანდრე, რომელიც საყვედურობდა მის ძმაზე გათხოვებას და პირდებოდა, მალე კვლავ ერთად ვიქნებითო. მართლაც, გლაფირა ორ დღეში გარდაიცვალა. გლაფირას ხსენებული სიზმარი და მისი სამი ქორწინება შეიძლება გამხდარიყო საბაბი, სადუკეველებს დაესვათ იესო ქრისტესთვის კაზუისტიკური შეკითხვა ქალზე, რომელსაც რიგრიგობით შვიდი ძმა ჰყავდა ქმრად. იმ დროს იუდეველები, და საერთოდ ყველა ხალხი, თავიანთ მმართველებს ხშირად იგავურად განიკითხავდნენ.
არქელაოსთან ერთად გაქრა იუდეის სამეფოს მოჩვენებითი დამოუკიდებლობაც. ჰეროდეების ბრწყინვალე სასახლე პრეტორიად - რომაელი პროკურატორების რეზიდენციად იქცა, ხოლო ჰეროდე დიდის შვილები კმაყოფილდებოდნენ მაკაბელების დაბალჭერიანი მოძველებული სასახლით. იუდეის პროკურატორი სირიის პრეფექტს ემორჩილებოდა. საბრალო იუდეველები მალევე დარწმუნდნენ, რომ აუტანელი იდუმეელი ჰეროდეები უკეთესი მმართველები იყვნენ, ვიდრე ვალერიუს გრატუსი, პონტოელი პილატე, ფელიქსი, ალბინიუსი, გერიუს ფლორუსი და სხვანი.
ჰეროდე ფილიპეს ცოლად ჰყავდა ძმისშვილი (არისტობულის ასული) ჰეროდიადა.
ჰეროდე ფილიპეს პატივმოყვარე ცოლი ჰეროდიადა ვერაგულად წარსტაცა ნახევარძმამ, ჰეროდე ანტიპამ, რომელსაც
იოანე წინამორბედი "ამხილებდა... ჰეროდიასთვის, ცოლისა ფილიპეს, ძმისა მისისა" (ლუკ. 3,19). სხვა ცნობები მასზე არა გვაქვს.
ჰეროდე ფილიპეს გარდაცვალების დრო უცნობია, ნეტარი იერონიმე (და სხვებიც) მას აიგივებს ფილიპე მეოთხედმთავართან, რომელიც სრულიად სხვა პიროვნება იყო. ჰეროდე დიდი ერთ დროს მას მთელი თავისი სამეფოს მემკვიდრედ აცხადებდა, მაგრამ დედამისის დაუფიქრებელი და სულელური საქციელის გამო მემკვიდრეობა წაერთვა, თუმცა საკმაოდ დიდი სიმდიდრე დარჩა. მისმა ცხოვრებამ უხმაუროდ ჩაირა. ცხოვრობდა კერძო პირად რომში, სადაც აღესრულა კიდეც.
ეს ფილიპე იყო იერუსალიმელი კლეოპატრას შვილი და არ უნდა აგვერიოს ბოეფუსელი მარიამნას შვილში, ჰეროდე ფილიპეში. ის არ ერეოდა თავისი ოჯახის ინტრიგებში და პატიოსნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. მას მამის მემკვიდრეობიდან ერგო იტურეა, ტრაქონელთა ოლქი და აბრანიტიდა. ამ რაიონებში ძირითადად სირიელები და ბერძნები სახლობდნენ. მას შემოსავალი ჰქონდა მხოლოდ 100 ტალანტი, მაშინ როცა არქელაოსის შემოსავალი 600, ხოლო ანტიპასი - 400 ტალანტი იყო. ფილიპე აღიზარდა რომში და დაიმსახურა როგორც რომაელების, ასევე თავისი ნახევარძმების პატივისცემა.
მან თავის სამფლობელოში დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები დაიწყო. გალილეის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე აღადგინა ბეთსაიდა და უწოდა მას იულია, ავგუსტუსის გარყვნილი ქალიშვილის პატივსაცემად. დიდებულად აღადგინა უძველესი პენეა, რომელსაც ფილიპეს კესარია უწოდა.
ჰეროდეების მანკიერი ჩვეულების თანახმად, იგი დაქორწინდა სალომეაზე - თავისი ნახევარძმა ფილიპესა და ჰეროდიადას ასულზე. შვილები არ ჰყავდა.
ფილიპე ტეტრარქს სრულიად უმნიშვნელო და შემთხვევითი კავშირი აქვს იესო ქრისტეს მიწიერ მოღვაწეობასთან. ფილიპეს კესარიასთან ახლოს მაცხოვარი ეკითხებოდა თავის მოწაფეებს, თუ ვინ იყო ძე კაცისა.
ფილიპე მოკვდა იულიას ბეთსაიდაში 39 წელს და მისი ტეტრარქია სირიის პროვინციას შეუერთდა. იგი მეფობდა დაახლოებით 39 წელი. 42 წელს კალიგულამ ფილიპეს მამულები აჩუქა თავის საყვარელ მეგობარ მეფეს ჰეროდე აგრიპა I-ს.
ლევან მათეშვილმა