რამ შემოინახა კიდევ სერბეთი? ერთმა დიდებულმა ტრადიციამ, რომელიც წმინდა საბამ დააწესა. ყველა ოჯახს, გვარს ამორჩეული ჰყავდა რომელიმე წმინდანი, რომელიც მათი გვარის მფარველი იყო. მისი ხსენების დღეს მთელი გვარი ინათლებოდა ხოლმე. ამ დღეს "ჯვრის დიდებას" ეძახდნენ. ეს ლამაზი ტრადიცია არც თურქთა ბატონობისას გამქრალა და არც კომუნისტური რეჟიმის დროს. სწორედ მან შემოინახა სერბეთში მართლმადიდებლობა.
"ქრისტე ღმერთის მონა", - ასე აწერდნენ ხელს საბუთებზე სერბეთის მთავრები, ნემანიჩების დინასტიის წარმომადგენლები. მათ ჰყავდათ წმინდა საბა და მეფეყოფილი წმინდა სიმონი. მეფე სტეფანს, რომელმაც სიბერეში ათონზე, უმცროს შვილთან ყოფნა და ბერობა ირჩია, უამრავი დიდებული გაჰყვა მთაწმინდაზე. ამან უბიძგა სერბებს მონასტებისკენ. 37 წელი მთავრობდა წმინდა სიმონი სერბეთში. ამ პერიოდში უამრავი ტაძარი ააშენა. გასაკვირია, როგორ ახერხებდა ამას მაშინ, როცა ყოველი მხრიდან მტერი მოდიოდა და ხმლის ჩაგებას ვერ ასწრებდა. მისი მაგალითით სერბული ოჯახები მონასტრებს დაემსგავსნენ, არადა, აკრძალული იყო ეკლესია და მღვდელი. "მე სოფელში დავიბადე, 45-სულიან ოჯახში, - ჰყვება წმინდა ნიკოლოზი, - ყოველ შაბათ საღამოს, დაამთავრებდნენ თუ არა ყოველდღიურ სამუშაოს, ჩვეულებისამებრ ლოცვისთვის იკრიბებოდნენ. სალოცავად მათ ოჯახის თავი, პაპაჩემი იწვევდა. სახლის საყდარი ჩვენ არ გვქონდა, ავდარში ოთახში ვლოცულობდით, დარში - ეზოში... პაპაჩემი სასაკმევლეს იღებდა და თითოეულ ჩვენგანს უკმევდა. მერე ერთი ნაბიჯით ჩვენზე წინ წაიწევდა და მდაბლად ქედს იხრიდა. მის მაგალითს ჩვენც ვბაძავდით და ვიწყებდით მდუმარე ლოცვას, რომელსაც ხანდახან ამოოხვრა და კეთილმოკრძალებული ჩურჩული წყვეტდა... როცა ეს ლოცვა მახსენდება, უფრო დიდ კეთილმოკრძალებას, სიმდაბლეს და სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე მიგრძნია ძველი და ახალი სამყაროს, ევროპისა და ამერიკის დიდ ტაძრებში, რომლებშიც მომიწია ღვთისადმი ლოცვა".
სერბებს ჰქონდათ კიდევ ერთი ტრადიცია, რომლითაც ძლიერ გვგვანან ჩვენ, ქართველებს. მათ უყვარდათ თავიანთი სულის საოხად მონასტრისა და ეკლესიის აშენება. ამას ისინი "სასულთაოს" ("ზადუშბინა") ეძახდნენ. "ზადუშბინებს" აგებდა ყველა - მეფეც, დიდებულიც, ჩვეულებრივი სერბიც. ქალაქებსა თუ ტყეებში შენდებოდა ეკლესია-მონასტრები, მეფეები პირველ რიგში "ღვთის სახლის" აშენებისთვის ზრუნავდნენ. ამიტომაც არ მოუღწევიათ ჩვენამდე საკუთარი სიამოვნებისა და განდიდებისთვის აგებულ მათ სასახლეებსა და პალატებს, ღვთის სადიდებლად აშენებული ეკლესიები კი დღემდე დგას. წმინდა საბას მერე "ქრისტეს მსახურება" ანუ "ქრისტეს მონობა" სერბთა ცხოვრების დევიზი გახდა.
წმინდა გიორგი ცხადად იბრძოდა. სერბებს ამგვარი გამოთქმა აქვთ: "თავისუფლებისთვის მებრძოლმა მთავარანგელოზივით უნდა იომოს, ხოლო ვინც თავისუფლების სახელით ცხოვრობს, ვალდებულია, წმინდანივით იცხოვროს". სერბებს მრავალი გმირი ჰყავდათ, რომლებიც "მთავარანგელოზივით იბრძოდნენ". ერთ-ერთი გახლდათ მეფე სტეფანე დუშანი. მას სიყმაწვილისას დიდი ცოდვა ჰქონდა ჩადენილი - ღვიძლი მამა, სტეფანე დეჩანელი გადმოაგდო ტახტიდან. მაშინ შეთქმულებმა ისარგებლეს ამით, თან ეშინოდათ, დუშანმა არ შეინანოს ეს საქციელიო და სტეფანე დეჩანელი მოგუდეს. მეფის სასწაულმოქმედი და კეთილსურნელოვანი ნაწილნი დეჩანის მონასტერშია დაკრძალული.
...სიყმაწვილის ცოდვა დიდად შეინანა მეფე სტეფანემ, ბევრი "ზადუშბინა" ააგო, შესაწირავით აავსო მთაწმინდა. თურქებისგან დაპყრობილი და დამონებული ბიზანტია, ქრისტიანთა დაღვრილი სისხლი და შელანძღული ტაძრები ძალიან აწუხებდა მეფე სტეფანეს და შურისძიება განიზრახა. მაგრამ საკმარისი ძალა არ შესწევდა. ერთხელ დედის სამლოცველო ოთახში, წმინდა გიორგის ხატის წინ დამხობილი წმინდანს ქრისტეს ჯვრის მტერთან ბრძოლაში შეწევნას სთხოვდა. ლოცვისას მიეძინა. ძილღვიძილში მშვენიერი ჭაბუკი გამოეცხადა და ჰკითხა, - რა გინდა, რისთვის შეაწყენ თავს ღვთის დიდებულებასო.
- ნება მომეცი, გკითხო, ვინა ხარ? - შიშით შეეპასუხა სტეფანე.
- მე ძლევაშემოსილი გიორგი ვარ. რა გინდა ჩემგან, რის შუამდგომლობას მთხოვ ღვთის წინაშე?
- შენ იცი, რასაც სჩადიან თურქნი. მათი განადგურება მსურს, მაგრამ ამის ძალა არა მაქვს. განმაძლიერე, რომ ქრისტეს ჯვრისა და რწმენის მტერთა წინააღმდეგ გავილაშქრო.
- შენ არ გაქვს ძალა, მაგრამ ის უფალს უხვად აქვს, - ბრძანა წმინდა გიორგიმ, - წადი და განაბნიე თურქნი. მე ვიქნები შენთან. საკმარისი არ არის ეს? შენ და შენი მცირერიცხოვანი რაზმის გასამხნევებლად, იმის ნიშნად, რომ თქვენს გვერდით ვარ, აიღე დედაშენის სამლოცველოდან ჩემი ხატი და ბრძოლებში არ მოიშორო. ოღონდ, როცა გადამწყვეტ ბრძოლებში გაიმარჯვებ, არ დაგავიწყდეს ჩემი ხატის მიტანა ათონზე, ზოგრაფის მონასტერში, სადაც მუდმივად ვიმყოფები. ასევე განაახლე ჩემი ტაძარი ზოგრაფში. ეს არ დაივიწყო!
წმინდა გიორგის ხილვით ძალამიცემულმა სტეფანემ შეკრიბა რაზმი, წაიმძღვარა ხატი და ორმოცი წელი შიშის ზარს სცემდა თურქებს. გაფართოვდა სერბეთის საზღვრები. მეფე სტეფანეს ეძახდნენ "მეფეს სერბთა და ბერძენთა". ხშირად ტყვედ ჩავარდნილი თურქები ახსენებდნენ ხოლმე ერთ ყმაწვილ მეომარს, რომელიც ადვილად მუსრავდა თურქებს, თვითონ კი უვნებელი რჩებოდა. "ის მეომარი ჩემს ჯარისკაცებს შორის ხომ არ არისო?" - ჰკითხა მათ სტეფანემ. "არა, ის ახალგაზრდაა, თეთრ ცხენზე ზის და ხელთ მახვილი უპყრია", - ამბობდნენ თურქნი. მაშინ კი მიხვდნენ სერბები, ვინ იყო მათი უცნობი თანამებრძოლი და ადიდებდნენ უფალს და მის ძლევაშემოსილ მხედარს. შემდგომში წმინდა სტეფანემ აღასრულა წმინდა გიორგის ნება და მისი ხატი ზოგრაფის მონასტერში ჩააბრძანა.
აქვე გვინდა ვახსენოთ ერთი ამბავიც, რომელსაც სტეფანე ძლიერის ვაჟზე, წმინდა მეფე სტეფანე V უროშზე მოგვითხრობენ. მასაც მამამისივით ბრძოლის ველზე გაჰქონდა ხატი, ოღონდ ღვთისმშობლისა, "სამხელად" წოდებული, რომელიც წმინდა საბამ წმინდა საბა განწმენდილის ლავრიდან ჩააბრძანა სერბეთში. ერთი ლაშქრობისას, ღვთის ნებით, აღტაცებული იქმნა იგი ხატის მტვირთველ ჯორიანად და სასწაულებრივად სერბეთიდან ათონზე აღმოჩნდა. ასე მიბრძანდა ხატი ქილანდარის მონასტერში. სტეფანე უროში შეთქმულებმა მოკლეს, მისი სასწაულმოქმედი ნაწილნი 1942 წელს ბელგრადის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.
კოსოვოს აღთქმა. წმინდა საბასეული საყოველთაო იდეალი - "ყველაფერი გავცეთ ქრისტესთვის და არაფრის გულისთვის არ გავცეთ ქრისტე" მთელი სისრულით განახორციელა წმინდა დიდმოწამე მეფე ლაზარემ. მან ზეციური სასუფეველი აირჩია და მსხვერპლად შეეწირა კოსოვოს.
წმინდა ლაზარე ხლებალიანოვიჩი მეფე სტეფანე დუშანის სამეფო კარის დიდებული იყო. გონიერებისა და ერთგულების გამო მეფემ ის დაიახლოვა და ცოლად შერთო ნემანიჩების გვარის წარმომადგენლის, იუგ-ბოგდანის ქალიშვილი მილიცა. მეფე სტეფანეს სიკვდილის შემდეგ მისმა ვაჟმა ვერ შეინარჩუნა სახელმწიფო, ზოგიერთი გავლენიანი დიდებული განუდგა და აღარ ემორჩილებოდა.
მეფე სტეფანე V უროშის სიკვდილის შემდეგ წმინდა ლაზარე ერთხმად აირჩიეს მთელი სერბეთის მეფედ. მან ბევრი იღვაწა ქვეყნისთვის, დაიმორჩილა მეზობელი თავადები, ააშენა ტაძრები, მონასტრები. ყველაზე დიდი ტაძარი ანუ მთავარი "ზადუშბინა" რავენიცაში ააგო და განამშვენა. ტაძრების ახლოს სკოლები გახსნა, მაგრამ თურქებს უკვე აღებული ჰქონდათ კონსტანტინოპოლი და ნელ-ნელა წინ მიიწევდნენ. პირველ ბრძოლებში სერბებმა იმარჯვეს. ამ დროს თავი იჩინა სერბების სენმა - ძმათა შორის დაპირისპირებამ, შურმა, ღალატმა. მეფე ლაზარე ხვდებოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა ერთობას. ძმათა შორის მშვიდობისა და თანხმობის ჩამოსაგდებად მან თავის კარზე სერბ დიდებულთა და მხედართმთავართათვის საზეიმო ნადიმიც კი მოაწყო.
მტერი სერბულ მიწებზე შემოიჭრა. თურქეთის სულთანი მურად I თავისი ვაჟებით - ყუბანითა და ბაიაზიდით კოსოვოს ველზე განლაგდა. სერბული ჯარი სამოდეჟის თეთრ ეკლესიაში შეიკრიბა. აღავლინეს საღმრთო ლიტურგია და პატრიარქმა სპირიდონმა ყველა აზიარა. ეს საშინელი ბრძოლა გაიმართა 1389 წლის 15 ივნისს, სამშაბათს. ამ დღეს, ლაზარეს "ჯვრიანი დიდების" დღეს, იხსენიება წმინდა ამოს წინასწარმეტყველი. ამბობენ, ბრძოლის წინ ლაზარეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა: აირჩიე - ან მიწიერი გამარჯვება და ძალაუფლება, ან ქრისტესთვის წამება და ზეციური მეუფებაო. ლაზარემ უკანასკნელი ირჩია. მან აღთქმა დადო უფალთან. მერე კი თავის მეომრებს მიმართა: "დავირქვათ ქრისტეს მეომრების, ღვთისმოსაობისთვის მოწამეთა სახელები, ჩავეწეროთ ცხოვრების წიგნში, არ დავიშუროთ ომში სიცოცხლე, რათა გმირობის ნათელი გვირგვინი მივიღოთ, რადგან ტანჯვაში იბადება დიდება!" მტერი ორჯერ მეტი იყო. სერბთა ჯარის ცენტრში მეფე ლაზარე იდგა, მარცხნივ სიმამრი ედგა თავის ცხრა ვაჟთან ერთად, მარცხენა ფლანგზე ერთი სიძის - მილოშ ობილიჩის ლაშქარი იყო განლაგებული, მარჯვენა ფლანგზე კი მეორე სიძის - ვუკო ბრანკოვიჩის ჯარი. დაიწყო ბრძოლა, მილოშ ობილიჩმა იმარჯვა სულთნის კარვამდე მიაღწია და დანით განგმირა მურადი. ამან არია თურქების ჯარი, მაგრამ მურადის ვაჟმა ბაიაზიდმა ბრძოლის ბედი შეატრიალა. ჯერ მარცხენა ფლანგს შეუტია, მერე, როცა სერბების მარჯვენა ფლანგმა უკან დაიხია, მასზე მიიტანა იერიში. ვუკო ბრანკოვიჩის ღალატმა გადაწყვიტა ყველაფერი. მეფე ლაზარე გმირულად იბრძოდა, ორი ცხენი მოუკლეს და მესამეზე რომ შეჯდა, თექვსმეტი ჭრილობა ჰქონდა მიღებული. გმირულად იბრძოდა მისი სიმამრი იუგო ბოგდანი. ის თავის ცხრა ძესთან ერთად კოსოვოს ველზე დაეცა. მძიმედ დაჭრილი მეფე ლაზარე მტერმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა, სიკვდილი განუჩინეს მილოშ ობილიჩსაც.
წმინდა მეფე ლაზარე ვაჟკაცურად შეხვდა სიკვდილს, ამან ბაიაზიდზეც იმოქმედა და ბერებს ნება მისცა, მეფე პრიშტინაში, ამაღლების ტაძარში დაეკრძალათ. ერთი წლის შემდეგ, პატრიარქის რჩევით, მეფე ლაზარეს ნეშტი მისმა ვაჟებმა რავენიცაში გადაასვენეს. როცა საფლავი გახსნეს, მეფის სხეული უხრწნელი დახვდათ და კეთილსურნელებას აფრქვევდა.
კოსოვოს ბრძოლას დიდი მნიშვნელობა აქვს სერბებისთვის, მას ერის მეხსიერებიდან ვერ ამოშლი. ის სულიერი გამარჯვების სიმბოლოა. კოსოვოს ბრძოლის შემდეგ მრავალი სერბი დიდებული მონაზვნად აღიკვეცა. სერბმა ბერებმა აავსეს ათონის მთა და პალესტინის უდაბნოები.
კოსოვოს ბრძოლის მოღალატე ვუკო ბრანკოვიჩი, ჯიურაჯი სინანულმა შეიპყრო. მრავალი ტაძარი ააგო, მტკიცედ იდგა მართლმადიდებლობაზე და უარყო რომის პაპის შეთავაზება - ლათინურ მრწამსზე გადასვლისა. უხვად სწირავდა შესაწირს მონასტებს ათონის მთაზე თუ პალესტინაში. მისი ორი ვაჟი თურქებმა დააბრმავეს, ქალიშვილი სულთნის ნათესავს შერთეს ცოლად, მაგრამ ჯიურაჯი ბოლომდე ქრისტეს მონად დარჩა.
სერბი ქალები. როცა კოსოვოს ომი დასრულდა, ბრძოლის ველზე აუარება მკვდარი და დაჭრილი დარჩა. კოსოვოელი ქალიშვილები დახოცილთა შორის ცოცხლებს ეძებდნენ და მძიმედ დაჭრილებს - მომაკვდავებს ტანჯვას უმსუბუქებდნენ. მთელი თაობები უმღეროდნენ და განადიდებდნენ კოსოვოელ ქალწულებს, როგორც სიმბოლოს ძმათა თანაგრძნობისა და მამულის სიყვარულისა.
როცა მეფე ლაზარე მოკლეს, მაშინ მისი ვაჟი სტეფანე 12 წლისაც არ იყო. დედოფალი მილიცა იძულებული გახდა, ბაიაზიდისთვის თავისი ასული, ოლივერი გაეგზავნა საცოლედ, ოღონდ იმ პირობით, რომ მას რჯულის შეცვლას არ მოსთხოვდნენ. ბაიაზიდმა შეუსრულა მოთხოვნა. 1393 წელს მილიცამ ხელისუფლება თავის ვაჟს გადასცა და თვითონ მონაზვნად აღიკვეცა. სიკვდილის წინ ევფროსინიას სახელით დიდი სქემა შეიმოსა. მისი მირონმდინარე წმინდა ნაწილები სნეულებს კურნავდა.
ჯიურჯან ბრანკოვიჩის მეუღლემ, დესპოტესა ირინამ დასვენება არ იცოდა. არაფერი დაიშურა სერბეთისთვის, მძიმე წინააღმდეგობას უწევდა თურქებს და შინაგამცემლებს. თანამედროვეებმა მას "დაწყევლილი ირინა" უწოდეს, მომავალი თაობები მიხვდნენ, რა დიდებული ადამიანი იყო ეს ქალბატონი. მისი ძალმოსილება დღესაც განაცვიფრებს და სიმპათიით განმსჭვალავს ადამიანებს.
თურქებმა სისხლში ჩაახშეს პირველი სერბული აჯანყება (1804-1813), რომელსაც ყარაგიორგი წინამძღვრობდა. ორი წლის შემდეგ ისევ აჯანყდნენ მილოშ ობრენოვიჩის სარდლობით. აჯანყება 15 წელი გრძელდებოდა. თურქებმა საბოლოოდ ცნეს სერბეთის თვითმმართველობა. ამ ბრძოლაში მილოშს გვერდით ედგა მეუღლე, თავადის ასული ლუბიცა. ერთ-ერთ გადამწყვეტ ბრძოლაში მდინარე მორავესთან სერბებმა უკან დაიხიეს - ვერ გაუძლეს თურქების კარგად გაწვრთნილ და შეიარაღებულ ჯარს. ამას შეიძლება დაეღუპა სერბეთი. ლუბიცა წინ გადაუდგა უკან დახეულ ჯარებს და გაამხნევა: "ეს რანაირი არმია ხართ!.. განა თურქებიც იმავე სისხლისა და ხორცისგან არ არიან შექმნილნი, რისგანაც თქვენ? განა მათი სისხლის დაღვრა არ შეიძლება ისევე, როგორც თქვენი? სად გარბიხართ? შინ? მაგრამ შინ მხოლოდ დედაკაცები გელოდებიან. წადით, აიღეთ ჩვენი საქსოვი, თქვენი იარაღი დაგვითმეთ და ქალები თვითონ წავალთ საომრადო". ლუბიცას სიტყვებმა შეარცხვინა ჯარისკაცები, ბრძოლის ველზე დაბრუნდნენ და სძლიეს მტერს. "პატიოსანი ჯვრისა და ბაჯაღლო თავისუფლებისთვის" მერეც ბევრჯერ უბრძოლიათ სერბ ქალებს, თავადის ასულებსაც და უბრალო დედაკაცებსაც...
1943 წელს სერბეთის ერთ-ერთ სოფელში, უფლის ამაღლების დღეს, ფაშისტებმა 44 ადამიანი ცოცხლად დაწვეს. მათ შორის იყო 17 წლის იაგლიკა აჯიჩი, მოხდენილი, შავთვალა, ქერათმიანი გოგონა. ფაშისტებმა ის ცეცხლს გამოარიდეს და ცალკე გაიყვანეს, რათა შეურაცხეყოთ მისი ქალწულობა, მისი სარწმუნოება. გოგონამ თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა: "თქვენ გსურთ სატანჯველით შეგვაშინოთ, შეკრიბეთ ტანჯვის ყველანაირი იარაღი, უხმეთ ყველა ჯალათს და ჯიჯგნონ ჩემი სხეული, ვიდრე იარაღი არ დაემსხვრევათ და ქანცი არ გაუწყდებათ. უწინ ისინი დაიღლებიან ჩემი წამებით, ვიდრე მე ქრისტეს განვუდგები, რომელიც მწარე სასმისს სამოთხისეულ სასმელად გადამიქცევს, დროებით სიკვდილს კი საუკუნო ცხოვრებად". ამ სიტყვებით იგი გაუსხლტა ხელიდან ჯალათებს, გადაეშვა ცეცხლში და იმავ წამს შეაბიჯა ზეციური სასუფევლის კარიბჭეში.
გმირები. გმირები არასოდეს აკლდა სერბეთს, პირველი წაგებული აჯანყების შემდეგ თურქებმა მრავალი სერბი აწამეს. მათ შორის ტრნავას მონასტრის მორჩილი პაისი. თურქებმა ის ძელზე გასვეს და ისლამის მიღებას აიძულებდნენ. მან შესძახა: "არ არის სარწმუნოება ქრისტიანულზე უკეთესი, რაც გინდათ, ის მიყავით, თურქებო".
მედროშე რადოვან მარკოვიჩს თურქებმა მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს. მან დროშა მარცხენაში იპყრო და თვალსაჩინო ადგილას აღმართა. იმავე ბრძოლაში დაიღუპა და ზეციურ მხედრობას შეუერთდა.
რადოვან კოიადინოვიჩს რავნესთან ბრძოლაში გარშემო ყველა დაუცოხეს, თურქები სანგრებში შეიჭრნენ. რადოვანმა მათ შესძახა: არის ვინმე გმირი, ვისაც მეთაურ რადოვანის მოკვლა შეუძლია? ერთი თურქი მაშინვე განგმირა იარაღით, რომელსაც ორმოცდაოთხი ნაჭდევი ჰქონდა, ანუ იმდენი, რამდენი თურქიც ჰყავდა მოკლული. თურქები ეცნენ მას და ასო-ასო აკუწეს.
განსაცდელები. I მსოფლიო ომის დროს სერბეთს ქრისტეს აღმსარებელი გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და ბულგარეთისგან ისეთი განსაცდელი დაატყდა თავს, როგორც თურქეთის ბატონობისასაც კი არ განუცდია.
გერმანელებმა მაშინ სერბეთიდან ერთიანად გაზიდეს რკინა, მონეტებიც და დანა-ჩანგალიც კი, სერბულმა ჯარმა ალბანეთისკენ დაიხია. ჩამოვარდა საშინელი შიმშილობა. უმეტესი ნაწილი სერბეთის სამღვდელოებისა ტყვედ წაიყვანეს, ავსტრიელები ჯილდოს პირდებოდნენ თავის ჯარისკაცებს მართლმადიდებელი მღვდლის ცოცხლად შეპყრობისთვის. უმეტესობა უნგრეთში, ნაწილი კი ბულგარეთში გადაასახლეს. მრავალს აიძულებდნენ ლათინური რწმენის მიღებას, მაგრამ ვერ დაითანხმეს. ობლად დარჩენილი სერბი ქალები, ბავშვები, საპყრები დაკეტილი ტაძრების კარებთან უნუგეშოდ ტიროდნენ. ნელ-ნელა, მეთოდურად, სერბული მიწები სერბთაგან დაცარიელდა და მათი ადგილი უცხოტომელებმა დაიკავეს. I მსოფლიო ომში ყოველი მეორე სერბი ჯარისკაცი ბრძოლის ველზე დაეცა. არანაკლები მსხვერპლი გაიღო სერბეთმა II მსოფლიო ომში, როცა ფაშისტების მომხრე ხორვატმა უსტაშებმა (კათოლიკე სერბებმა) მილიონნახევრამდე სერბი მხეცურად მოკლეს. მათ განსაზღვრული მიზანი ჰქონდათ - მესამედი სერბებისა ამოეწყვიტათ, მესამედი გაეკათოლიკებინათ და მესამედი სამშობლოდან გაედევნათ. ამ საშინელ გენოციდში კათოლიკე სამღვდელოებაც მონაწილეობდა. მათ ალიოზა სტეფინაცი ხელმძღვანელობდა. უსტაშების საზარელმა საქციელმა თვით ფაშისტებიც კი შეაძრწუნა და მათ შეკავებას ცდილობდნენ.
მღვდელმოწამე პეტრე ვუოვიჩი კომუნისტებმა 1942 წელს ხაროში ჩააგდეს. ხუთი დღის განმავლობაში ისმოდა ხმა ჯურღმულიდან - მღვდელი თავის ჯალათებზე ლოცულობდა. პატრიარქი გაბრიელი და მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი ფაშისტებს დაჰაუს საკონცენტაციო ბანაკში ჰყავდათ გამომწყვდეული და არაწმინდებას აზიდინებდნენ. ამ დროს რას აკეთებს დასავლეთი? ინგლისურმა ავიაციამ 1944 წლის 16 აპრილს, აღდგომა დღეს, ბელგრადი და სერბეთის რამდენიმე ქალაქი დაბომბა და მრავალი უბრალო ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. უსტაშებისა და ფაშისტების შემდეგ ხელოვნურად შეკოწიწებულ სახელმწიფოს - იუგოსლავიას კომუნისტი ხორვატი ტიტო ხელმძღვანელობდა, რომელმაც ავტონომიური ოლქი შეუქმნა კოსოვოელ ალბანელებს, მათი რიცხვი დროთა განმავლობაში იზრდებოდა, რადგან სერბებს სამშობლოში დაბრუნების ნებას არ რთავდნენ. კოსოვო და მეტოქია სერბეთის სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა და სერბი ერისა და ეკლესიის უძველესი ცენტრი, ამიტომაც ეწოდებოდა მას "ძველი სერბეთი". მის წმინდა მიწაზე ერთ დროს 1300-ზე მეტი სერბული ეკლესია-მონასტერი იყო და უკანასკნელი 7-8 წლის განმავლობაში ალბანელებმა ისეთი უნიკალური ძეგლებიც კი დაანგრიეს, როგორიც იყო პეჩი, დეჩანი, გრაჩანიცა...
კითხულობ სერბეთის ისტორიას და გული გეკუმშება. ისინი სხვანაირი სლავები იყვნენ და არიან - ღირსეულნი, თავისუფლებისთვის მებრძოლნი. ამიტომაც მათი ისტორია, მათი ტკივილი შენს ისტორიად, შენს ტკივილად იქცევა. ხოლო კოსოვოს აღთქმა შენთვისაც მაგალითი ხდება გმირობისა და სამშობლოსადმი თავდადებისა...