ცას მისწვდენია ქართველი ქალების მოთქმა და გოდება. ყიზილბაშებს განურჩევლად უჟლეტიათ დიდი და პატარა, ყრმა თუ მოხუცი, მეომარი თუ გლეხი... კახეთიდან დაუწყია საქართველოს გადაშენება ერანის მბრძანებელს. ასი ათასამდე კახელი მომხდურთა ხმლის წერა გამხდარა, ამდენივე ტყვედ გაულალავს შაჰ-აბას I-ს ფერეიდანსა და ფეროჰაბადში და მაინც ვერ დაუოკებია ქართული სისხლის მწყურვალი გული...
ძეხორციელი აღარსად ჩანდა კახეთის მადლიან მიწაზე. მხოლოდ აკვამლებული ნასოფლარები, ძეძვ და ჭინჭარგადავლილი ნავენახრებიღა დარჩენილიყო. ერანის ღველფიან "შაჰ-რაზე" (შაჰის გზაზე) ცრემლიან-კაეშნიან ქარავნად მიიკლაკნებოდა ქართველ ტყვეთა უსასრულო ჯაჭვი...
ყაშყაშითა და გამარჯვებულის სილაღით დაეყარა ყარაიის ველზე ქართველთა ხოცვა-ჟლეტით მოღლილი შაჰის ჯარი...
აზვავდა და აბორგდა შაჰი - დაუყოვნებლივ გაწყვიტეთო ყველა ერთპირად, არ დაინდოთო არავინ!..
აიშალა კაცის სისხლზე დაგეშილი ცხენოსანი ჯარი და ურჯულოს ბრძანების აღსასრულებლად გათქარუნდა გარეჯის მთისაკენ...
თვალნი კეფაზე ასვლოდა გაოცებისგან ერანის მბრძანებელს: თითქოს მიწასთან გაასწორა კახეთი, კაცის ჭაჭანება აღარ დატოვა, ისინი კი მაინც ცოცხლობენ, თავისას არ იშლიან, არ ეპუებიან მძლავრ ხელმწიფეს! ეს რა ჯიუტი და სიცოცხლისნიშატიანი ხალხი ყოფილა გიაურები...
მიჰქრის ყიზილბაშთა ცხენოსანი ჯარი გარეჯის ქვაბულებისკენ და მიაქვს შაჰის ბრძანება: "ყათლამი (სიკვდილი) გურჯებს!.."
ახოვანი წინამძღვარი მიუძღვის ბერებს. ჭმუნვა და სევდა აღბეჭდვია სახეზე ღირს მამა არსენს. ხომ არაფერი გაწუხებსო, წინამძღვარო, - ჰკადრებენ მონაზონნი. გამოცხადება მქონდაო წუხელის, შვილნო, - ცრემლი შეერხევა ღირს მამას, - უფლის ანგელოზმა მამცნო, რომ ეს აღდგომა დიდ განსაცდელს გვიქადის. ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ, დატოვეთ მონასტერი და გაერიდეთო მსხვერპლს...
წამით გაირინდა ყველა და მერე, როგორც ერთი, მუხლზე დავარდა ბერთა საძმო: მონასტერსა ამას სულის გადასარჩენად მოვსულვართ და რაკიღა უფალი დიდსულოვნად გვაძლევს ამის საშუალებას, სიხარულით ვღებულობთო აღსასრულს ქრისტესთვის, ვითარცა ჯილდოს ზეცით მოვლენილს...
მთელი მონასტერი გაემზადა მოწამებრივი აღსასრულისთვის. ამაღლებულნი, სიხარულით აღვსილნი ელოდნენ ჟამს...
ორი ახალგაზრდა მორჩილი მიეახლა წინამძღვარს, მდაბლად მოუდრიკეს თავი და მონასტრიდან განტევება სთხოვეს. დალოცა და აკურთხა ჭაბუკნი წინამძღვარმა...
ორი მორჩილი მთის ბილიკებით დაეშვა სამშვიდობოს, გარეჯის გზაგასაყარზე კი ანთებული მაშხალებითა და იატაგანთა ელვარებით შემოაჭენა არაბული ბედაური ყიზილბაშთა ცხენოსანი ჯარის სარდალმა...
მხარს უკან გაიხედა არსენ წინამძღვარმა - მტკიცედ და შეურყევლად იდგა საძმო. სახეზე ყველას სიხარული ეხატა, სიხარული და მზადყოფნა უცილობელი აღსასრულისთვის ქრისტესა და სამშობლოს სადიდებლად.
მიუბრუნდა ყიზილბაშთა სარდალს მამა არსენი: ჩვენ მზად ვართ, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთვის თავი გავწიროთ და ცოცხალი თავით არ დავთმობთ რჯულსა ჩვენსა. აწ მოიქეცით ისე, როგორც ნაბრძანები გაქვთ, მხოლოდ გვადროვეთ ზიარების მიღება და მერმე აღასრულეთო განაზრახი.
ზეაღმართულ იატაგანთა შხუილმა გაჰკვეთა ჰაერი. სარდლის ერთი ნიშანი, ერთი მოქნევა მახვილისა და დაიწყებოდა სისხლიანი ზორვა...
და მჭახედ გადმოაგდო "წყალობის" სიტყვა ყიზილბაშთა მეთაურმა: დაასრულეთო თქვენი მსახურება, ოღონდ დროულად, ნუღარ აყოვნებთო...
ღვთისადმი მხურვალე ლოცვაში გაატარეს გარეჯელმა მამებმა მტარვალთაგან ნაწყალობევი წუთები. ლიტურგია წესისა და რიგისამებრ განასრულეს, წმინდა ზიარება მიიღეს...
გამობრძანდა ღვთიური შუქით მოსილი წინამძღვარი. უკან გამოჰყვა სამწყსო. დაიძრა მამა არსენი მონასტრის გარშემოსავლელად, დაიძრნენ ბერებიც. საოცარ სახილველს შეესწრო სპარსელთა ხროვა - მშვიდად ლიტანიობდა აღსასრულისთვის განმზადებული 5998 შავით მოსილი ბერი. არც ერთი სიტყვა, არც ერთი თხოვნა, არც ერთი მუდარა სიცოცხლის ჩუქებისა! მხოლოდ გალობა ისმოდა მათი ბაგეებიდან: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!"
ძლივს გამოერკვა გაოგნებული ყიზილბაშთა სარდალი, წითელბაირაღიანი ხელი მოწყვეტით ჩაიქნია და როყიოდ დაიღრიალა: "ყათლამი გურჯებს!.."
იღვრებოდა მამათა წმინდა სისხლი, წითელ ფიანდაზად ეფინებოდა გარეჯის ქვაბულ-ბილიკებს, მეწამულ კვართებს იცვამდნენ მონასტრები.
მოეღალათ და მოექანცათ ხელი და თვალი ყიზილბაშებს. გარეთ მოეთავებინათ საქმე, ახლა სენაკებსა და მიუვალ ქვაბებს ჩხრეკდნენ გაალმასებულნი, ყველაფერს ბილწავდნენ, წვავდნენ და ანადგურებდნენ.
უკანასკნელად შემოიარეს გარეჯი. ერთ მიუვალ ქვაბში დაყუდებულ ბერს წააწყდნენ, უკანასკნელ ცოცხალს მონასტრის საძმოდან. ლიტურგიას ასრულებდა სენაკში გამართულ სამლოცველოში წმინდა მამა. ტრაპეზზე დასვენებული წმინდა ნაწილებისკენ გაიწიეს ხელსისხლიანმა მომხდურებმა. დაასწრო მტერს ბერმა, საზიარებელი ღვინით სავსე თასი აიტაცა და გამოცალა...
ყიზილბაშური იატაგანის ალესილი პირი გაბრკიალდა ჰაერში. ტრაპეზზე დაეცა წამებული ბერის მოკვეთილი თავი. სამუდამოდ შემორჩა უდაბნოს მონასტერს წმინდა სისხლის ნაკვალევი.
ზვიად სეხნიაშვილმა