1798 წელს თელავში 78 წლისა გარდაიცვალა ომებში დაღლილი და დაბერებული ერეკლე II. ქართლ-კახეთის ტახტზე მისი უფროსი ვაჟი, 52 წლის გიორგი XII, ავიდა. მის გამეფებას სამეფო კარზე განხეთქილება მოჰყვა, რადგანაც დარეჯან დედოფალს ტახტი თავისი ვაჟის, იულონისათვის, უნდოდა. გიორგი XII-ს მოწინააღმდეგეები ჰყავდა სხვა ბატონიშვილებსა და თავადაზნაურობაშიც. სამეფო კარზე ატეხილმა არეულობამ უფრო დაასუსტა ქართლ-კახეთი, რომელსაც ერეკლე II-ის სიკვდილით "რკინის კარი შეეხსნა" და სპარსეთისაგან გარდაუვალი "ჩაყლაპვის" საფრთხეც დაემუქრა.
გულკეთილ და ღვთისმოყვარე გიორგი XII-ს არც მამის ნიჭი და სიმტკიცე ჰქონდა და არც საიმისო გავლენა ხალხში, რომ ქვეყანა რთული მდგომარეობიდან გამოეყვანა. ამას ისიც ერთვოდა, რომ გიორგი XII გამეფების დროს უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, ამიტომ მან თავიდანვე რუსეთთან კავშირის გზა ირჩია. ჩრდილოელი მეზობლის დახმარებით ფიქრობდა იგი საშინაო და საგარეო პრობლემების მოგვარებას. რუსეთში გაგზავნილმა დავით ბატონიშვილმაც საქართველოსადმი იმპერატორ პავლე I-ის "კეთილგანწყობის" ამბავი ჩამოიტანა. ქართლ-კახეთის სამეფო კარზე ერთმორწმუნე რუსეთის უანგარო დახმარების იმედი ჩაისახა, იმედი იმისა, რომ "ქვეყანა კავკასიისა, სავსე ქვეყნიერებითა და ზეციურითა მადლითა, უხვებითა, სიმდიდრითა, მშვენიერებითა, შეიქმნება ერთი და ყოვლადი. მცხოვრებნი ქვეყანისა ამის, შორის ორთა ზღვათა, მაერთებელთა ევროპისა და აზიისა, მოიგონებენ მაცხოვრისა ნუგეშისცემითსა სიტყვასა: "და იყვნენ ერთი მწყემსი და ერთი სამწყსო".
იმპერატორმა პავლემ მართლაც გამოგზავნა საქართველოში ელჩი, თუმცა უანგარო დახმარება აზრადაც არ მოსვლია. გრაფი კოვალენსკი, რუსულ ბატალიონებთან და გენერალ-მაიორ ლაზარევთან ერთად, თბილისში 1799 წლის ბოლოს ჩამოვიდა. პავლე I-ის დავალებით საქართველოში ჩამოვიდა გრაფი მუსინ-პუშკინიც, რომელსაც ადგილზე უნდა შეესწავლა ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა და მისი ნედლეული. მან იმპერატორს დაწვრილებით აუწერა ის პოლიტიკური სარგებელი, რასაც ამ ახალი ტერიტორიის დაპყრობა მოუტანდა რუსეთს. ამის შედეგად, 1800 წელს პავლე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შესახებ. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, საქართველო ერთბაშად ექცია რუსეთის გუბერნიად. ამისათვის მხოლოდ ქართლ-კახეთის მეფის წერილობითი თხოვნა იყო საჭირო, მაგრამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა 1800 წლის ბოლოს გიორგი XII-ის გარდაცვალებამ.
მეფის გარდაცვალების შემდეგ ქართლ-კახეთის ტახტისათვის ბრძოლამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. ერეკლეს ანდერძის თანახმად, მეფობა გიორგის შემდეგ იულონ ბატონიშვილს უნდა მიეღო, მაგრამ რუსეთმა ჯერ კიდევ გიორგი XII-ის სიცოცხლეში ტახტის მემკვიდრედ მისი ვაჟი, დავითი, დაამტკიცა.
1801 წელს პეტერბურგში მოკლეს პავლე I და მისი ადგილი ალექსანდრე I-მა დაიკავა. მან "თავი აარიდა" საქართველოს უკანონოდ შეერთებას და მდგომარეობის "შესასწავლად" გენერალი კნორინგი გამოგზავნა, რომელიც თბილისში 1801 წლის 9 აპრილს ჩამოვიდა. მას იმპერატორისაგან დავალებული ჰქონდა ორ კითხვაზე გაეგზავნა ამომწურავი პასუხი: 1. შეუძლია თუ არა საქართველოს განაგრძოს დამოუკიდებელი არსებობა; 2. არის თუ არა მოსახლეობა სამეფოს გაუქმებისა და რუსეთთან შეერთების მომხრე.
გენერალმა კნორინგმა ჩამოსვლისთანავე გააუქმა ადრე ტახტის მემკვიდრედ დამტკიცებული დავით ბატონიშვილის ყველა განკარგულება და თბილისში საქართველოს უზენაესი მთავრობა შექმნა. გენერალი აშკარა სიცრუესაც არ მოერიდა და იმპერატორს სიყალბითა და ტენდენციურობით შედგენილი მოხსენება წარუდგინა. ამას მოჰყვა ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.
ადვილი წარმოსადგენია, რამდენად თავზარდამცემი და შეურაცხმყოფელი იქნებოდა ეს მანიფესტი საქართველოს მოსახლეობისათვის. ამიტომაც მას 7 თვის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდნენ. მაგრამ დადგა დღე, როცა მეტი დამალვა შეუძლებელი გახდა და "აღსასრულებლად ესრეთისა მანიფესტისა განმგემან საქართველოსმა კნორინგმან შეჰყარა თავადნი და აზნაურნი ქართლისა და კახეთისა ქ. თბილისს და გამოუცხადა მათ ნება იმპერატორისა". ეს მოხდა სიონის საკათედრო ტაძარში 1802 წლის 12 აპრილს, დიდმარხვას, ვნების კვირაში, დიდ შაბათს.
რუსეთის ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ მანიფესტი სიყალბეზე იყო დაფუძნებული. ამიტომაც გენერალმა კნორინგმა განსაკუთრებულ ზომებს მიმართა. იმ დღეს ქართველებმა პირველად გამოსცადეს რუსული "უსაფრთხოების ზომები". როცა "დიდის ხელმწიფის ნების" გასაცნობად მიწვეული თავადაზნაურობისა და სამღვდელოების წარმომადგენლები სიონში შევიდნენ, ტაძარს საიერიშოდ გამზადებულმა რუსის ჯარმა შემოარტყა ალყა. "ლომების ხახასავით განხმული იყო" თურმე ზარბაზნების პირი. აქ იყვნენ "ღენერალნი რუსის ჯარისა ლაზარევი, გულიაკოვი, კარიაგინი და კოვალენსკიცა, ადრითვე ელჩად რუსეთისა ყოფილი თბილისს, მეფისა კარზედ". 10 000 რუსი ჯარისკაცი "იცავდა" ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან "ნებაყოფლობით" შეერთების ცერემონიალს.
მანიფესტის წაკითხვის შემდეგ გენერალმა კნორინგმა სიონში შეკრებილთ წინადადება მისცა, რუსეთის ქვეშევრდომობისა და ერთგულების ფიცი დაედოთ და "ფიცითი აღთქმის" ფურცელზე ხელი მოეწერათ. შეურაცხყოფილ ქართველობას არჩევანის გაკეთება რუსის ზარბაზანსა და რუსის მორჩილებას შორის მოუხდა. ბევრმა გამოიჩინა გამბედაობა და ძალით ფიცის დადებაზე უარი განაცხადა. ზოგნი ეკლესიიდან გარეთ გაცვივდნენ, მაგრამ ალყის გარღვევა ვერ შეძლეს და, კნორინგის ბრძანებით, ჯარისკაცებმა დააპატიმრეს. თუმცა ყველამ ვერ გაბედა წინ აღდგომოდა უსამართლობას. "ზოგნი დარჩნენ და დაიფიცეს, მაგრამ რადგანაც ძალა იყო და ჯარიც გარშემო ეხვიათ, რა უნდა ექნათ", - მოგვითხრობს იმ ამბების ერთ-ერთი თვითმხილველი.
თანამიმდევრულად შეიერთა რუსეთმა ყველა ქართული სამეფო. ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს თითქმის ყველა წარმომადგენელი რუსეთში გაიწვიეს საცხოვრებლად. ისინი ერთიმეორისაგან დაშორებულ ქალაქებში დაასახლეს, რათა სამუდამოდ მოხსნილიყო დღის წესრიგიდან ტახტის აღდგენასა და დამოუკიდებლობაზე ფიქრიც კი.
ერეკლე ბიბიჩაძემ