ლავრა ესე იქმნა დაფუძნებულ წმ. საბას მიერ 502 წელსა და პირველ დაწყებით შესდგებოდა იგი რაოდენთამე სენაკთაგან, რომლებშიც სხცოვრობდა თვითონ დამფუძნებელი და მოწაფენი მისნი; ეკკლესია იყო მოთავსებული დიდს მღვიმეში, სადაცა აწ სამხრეა წმ. ნიკოლოოზისა. შემდეგ 27 წელთა სავანეს დაარსებიდან იმპერატორმა იუსტინიანემ, სცნა რა წმიდა სათნოებისათვის საბასი, გარეშემოზღუდა მონასტერი გალავნებითა და ციხეებითა, და განაშვენა სხვა შენობებითა და მდიდარის შეწირულებითა. წმ. საბა 529 წელსა, ვედრებისაებრ იერუსალიმის პატრიარქის პეტრესი, წარემართა კონსტანტინეპოლს, რათა ეშუამდგომლა წინაშე იმპეერატორისა მფარველობისათვის პალესტინის ქრისტეანეთა მიმართ. ამ დროდამ მრთელი სივრცე უნაყოფოთა მთათა და ხეობათა მკვდარის ზღვიდამ ბეთლემამდის, სადაც მხეცნიც კი არა სცხოვრობდნენ, დაშენებულ იქმნა გუნდთა მიერ განდეგილთა. ლავრა წმ. საბასი თვის არსებობის აღყვავილებულს დროსა დაიტევდა თავის ზღუდეთა შორის უმეტეს ხუთი ათას მონაზონთა, იმათ გარდა, რომელნიც მოღვაწეობდნენ გარემოს მღვიმეთა შინა. 614 წელსა სარკინოზთა ააოხრეს ეს ლავრა და მოსწყვიტეს მრავალი რიცხვი ძმათა. მეექვსე საუკუნიდამ მეათე საუკუნის დასასრულამდის ეს ლავრა წარმოადგენდა აკვანსა ქართულის საეკკლესიო მწიგნობრობისას. აქ იქმნა თარგმნილი მომეტებული ნაწილი საღმრთო და საეკკლესიო წიგნებისა ქართულს ენაზედ. აქვე ყოფილა დასრულებულ თარგმანი ქართულის დაბადებისა. შემდეგ ბურჯად ქართულის საეკკლესიო მწიგნობრობისა მეათე საუკუნის ნახევრიდამ შექმნილა ათონის ივერიის მონასტერი. აქ დაბოლოებულა სრულიად თარგმანი - დაბადებისა და ამ უკანასკნელთა მოღვაწეთა ძალა დაუტანებიათ საბა წმიდის მონასტრის ძმათათვის დაეწვათ მათ მიერ თარგმნილი დაბადება. ეს შემთხვევა სჩანს წარწერიდამ მცხეთის საპატრიარქო ტაძრის დაბადებისა, რომელზედაც უცნობი ვინმე მწუხარებით მიაწერს დაბადების კაბადონზედა: „წყეულ იყოს ღმრთისაგან, ვინც საბას დაბადება დააწვევინა“. ხოლო გარემოება ამ საქმისა, როდის მოხდა ეს სამწუხარო შემთხვევა, და რამ აიძულა ძმანი ათონის ივერიის მონასტრისა, რომ დააწვევინეს საბა წმიდელთა ქართველთა ძმათა დაბადება, არ არის მოხსენებული. ეს შემთხვევა მით უფრო გაუგებარია, რომ თვით ათონის ივერიის მონასტერში არა სჩანს აქამდის სრული ქართული დაბადება. ის დაბადება, რომელიც პლატონ იოსელიანს მოუტანია ათონიდამ 1850 წელსა და ტფილისში გადასწერეს ორ ცალად, არ არის სრული, თავიც აკლია, შუა წელიცა და ბოლოც.
რამდენჯერმე ააოხრეს წმ. საბას ლავრა სპარსთა, არაბთა და ბოლოს თურქთა. 1566 წელსა სულთან სელიმ მეორემ დაიპყრა პალესტინა და იერუსალიმში დაჰნიშნეს ახალი სანჯახი (გუბერნატორი). მაშინ მის წინაშე გამოსცხადნენ ძმანი ამ ლავრისა მოსაკითხავად და გამოსათხთონელად მფარველობისა მცირედის ძღვენით - ახალის ხილით და ბოსტნეულობით; ახალი მმართველი განცვიფრდა, როდესაც დაინახა 1000 კაცი მონაზონნი ღარიბად ერთგვარად მოსილნი; ამ ბარბაროსმა ძღვენი კი მიიღო და ბრძანა მათი ამოწყვეტა ოცს კაცს გარდა, რომელთაც ნება-დართო დაბრუნებისა მონასტერში.
უფრო ჩვეულებრივი გზა, წმ. საბას ლავრად მიმყვანებელი იერუსალიმიდან, იწყება. ნაძოვან ხევზედ ანუ იოსაფატის ღელეზედ მიყოლებული და ეს გზა სწყდება მკვდარ ზღვასთან. ეს ღელე შემდეგ სამის საათის გზისა გარდაიქცევა დაღრმავებულ ხეობად, რომელიც ორის მხრიდგან მოზღუდულია მაღალის სალის კლდეებითა, რომელსაც არაბნი უწოდებენ ამ ადგილას „ცეცხლის ხევად ანუ ცეცხლის ნაკაღბულად“, ხოლო ბერძნები უწოდებენ „ცეცხლის მდინარედ“, რასაკვირველია, მიზეზისა გამო საშინელ პაპანაქება სიცხეებისა, რომგლიც აქ იცის ზაფხულობით. ლავრასთან მიახლოვების დროს უპირველეს ყოვლისა მოსჩანს გუმბათი ეკკლესიისა და კოშკი ზედ მოწყობილის საათით, და შემდეგ დიდი გოდოლი იუსტინიანესი. ამ ციხეზედ ყარაულობს მორიგობით ერთი ბერთაგანი და ზარის ჩამორეკით აცნობებს მონასტრის ძმათა მოახლოვებისათვის მლოცავთა. და შემდეგ გააღებენ რკინის ბჭეთა, და შევლენ სტოვაში დიდის ეკკლესიისა, რომელიცა არს ღვთის-მშობლის ხარებისა. შუა ეზოში სდგას სამლოცველღ მარმარილოთი აღშენებული და დაგვირგვინებული მცირედის გუმბათით; აქ განისვენებდენ ნაწილნი წმ. საბასნი, რომელნიც საიდულოდ გარდაუტანიათ აქედგან ფრანგთა ვენეციაში. ეხლა მხოლოდ დაშთენილა აქ ლუსკუმა (საფლავი), რომელშიაც განისვენებდენ მის წმ. ნაწილნი, და მას ზედ ასვენია ხატი წმ. საბასი. დასავლეთის მხრივ, წმ. ნიკოლოოზის ეკლესიის ზემოდგან, არს სენაკი დიდის მნათობისა ეკკლესიისა იოანნე დამასკელისა. აქ მან აღსწერა თვისნი მიუბაძავნი საეკკლესიო გალობანი - ქრისტე მაცხოვრის აღდგომისა და ცხრა საუფლო და საღვთისმშობლო დღესასწაულთა, დიდად გულის აღმაფრთოეანებელნი, დამატკბობელნი, და ეგრეთვე მანუგეშებელნი და ლმობიერნი საგალობელნი, რომელნიც ანდერძის წესის შესრულების დროს იგალობებიან და წაიკითხებიან. ამ გვარის დიდის და წმიდა ღვაწლისთვის, რომ იოანნე დამასკელმა განაშვენა ეკკლესია ქრისტესი ფერადფერადთა საღმრთო საგალობელთა მიერ, მას უწოდა წმ. ეკკლესიამ „ოქროს-ნეკტარიანად“.
ღირსია ყურადღებისა წმ. საბას მონასტერში შემდგომი არა ჩვეულებრივი მოვლენა, გარემოს მონასტრისა მრავლად დაჰფრინავენ პატარა ფრინველნი (კრასტელი), შროშნის მსგავსნი, რომელნიც იმ სახით ჰყავთ მიჩვეულნი ხელზედ ბერებსა, რომ პირველსავე მათ დაძახებას მოჰფრინდებიან და დასხდებიან ხელის გულზედ ანუ მხარხედ და დამშვიდებით ჰკენკავენ საჭმელსა, რომელიც ჩვეულებრავ შესდგება ქიშმიშისაგან. მთელი მონასტერი დაშენებულია ნაპრალებზედა და შიგ მონასტერში. სიარულის დროს ხან ზევით უნდა ახვიდე, ხან დაბლა ჩამოხვიდე.
წმ. საბას ლავრაში შესვლა დედათა სქესს აღკრძალული აქვს, თვით საბას აღთქმისაებრ. საბამ ამისათვის ნება არ მისცა იქ ყოფნისა თავის მოხუცებულს დედასა, რომელსაც სურდა ეცხოვრა თავის შვილთან ერთად და დაბინავებულიყო მონესტერში.
აქ, სადაც იწყება „ცეცხლის მდინარე“, არის ადგილი, წოდებული „მონაზონთა ფოლორცი“ (ბაზარი). ამ ადგილზედ გარემოს მცხოვრებნი ჰყიდიან ბერებზედა საზრდოსა, სამოსელსა და სხვათა, სცვლიან განდეგილთა ხელ საქმეზედ. ამ ადგილიდამ მიდის გზა აღმოსავლეთისკენ, რომელიც მიაღწვვს მკვდარ ზღვამდის. მარჯვენით ამ გზიდამ, საკმაოდ ამაღლებულს გორაკაზედ, მოსჩანან ნანგრევნი ყოფილის სავანისა აბბა (მამა) პასსარიონისა ხოლო ბორცვს ეწოდება გორად ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა. ამ ბორცვიდამ სჩანს იორდანეს მდინარე და მკვდარი ზღვა.
ამონარიდი მისივე წიგნიდან: „მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ“.