წარღვნის შემდგომ უფალმა ღმერთმა დედამიწაზე სხვადასხვა ერის წარმოქმნა ინება. იესო ქრისტეს ამაღლების შემდგომ სულიწმინდის მადლით მოციქულებს მიეცათ ნიჭი სხვადასხვა ერის ენაზე ამეტყველებისა. მსოფლიო მართლმადიდებლობა პატივს სცემს ყველა ხალხის ეროვნულ ნიშან-თვისებას, ამიტომაც მართლმადიდებელი ეკლესიები ეროვნული ნიშნის მიხედვითაა მოწყობილი, ადგილობრივი ეკლესიები თავიანთ მრევლს არა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებში, არამედ უცხოეთშიც მწყსიან. მაგალითად, რუსულ ეკლესიას უცხოეთში, თავისი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ორმილიონიანი მრევლი ჰყავს. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში რუსების ძირითადი ნაწილი არ ხდება მრევლი სხვა, თუნდაც მართლმადიდებლური ეკლესიისა და თავისი მშობლიური რუსული ეკლესიის წევრად რჩება. თავიანთი ეროვნული ეკლესიები მრავალ ქვეყანაში აქვთ ბულგარელებს, რუმინელებს და სხვა მართლმადიდებელ ხალხებს. ბერძნები, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, ძირითადად მხოლოდ ბერძნული ეკლესიის წევრები ხდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი არ ინათლებიან, არ ლოცულობენ, არავითარ წესებს არ ასრულებენ სხვა ეკლესიებში და სულიერი კავშირი მხოლოდ ბერძნული ეკლესიის ღვთისმსახურებასთან აქვთ. მსგავსადვე იქცევიან არამართლმადიდებელი ერებიც, მაგალითად, სომხებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და დიდ ქალაქში აქვთ თავიანთი სომხური საეპისკოპოსოები.
სხვა ერებში ასიმილირებისაგან თავის ასარიდებლად მსგავსადვე უნდა მოიქცნენ უცხოეთში დღეს უკვე მრავლად მცხოვრები ქართველებიც. ისინი წევრნი უნდა იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეკლესიისა, მათ ეროვნულ-სარწმუნოებრივი თემები უნდა ჩამოაყალიბონ და ქართველი ღვთისმსახური მოიძიონ, რომელიც იერარქიულად ქრისტეს კვართის ეკლესიას - საქართველოს საპატრიარქოს და მის მეთაურს, მოციქულის ტახტზე მჯდომ კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილება.
ძველად, საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლამდე, უცხოეთის ქვეყნებში მრავლად არსებობდა ქართული ეკლესია-მონასტრები. ისინი არა მხოლოდ ქართული კულტურის კერებს, არამედ თავიანთი პირდაპირი დანიშნულების შესაბამისად უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მორწმუნეთა სამრევლო ცენტრებსაც წარმოადგენდნენ, საიდანაც ისინი სულიერად იმწყსებოდნენ. ეს ეკლესია-მონასტრები საქართველოს სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწეთა მზრუნველობით იყო მოცული.
საქართველოს ეკლესიას ამჟამად უცხოეთში მძლავრი საეპისკოპოსოები არ გააჩნია, თუ არ ჩავთვლით ახლახან ჩამოყალიბებულ დასავლეთ ევროპის ეპარქიას, მაგრამ წარსულში თავისი დიასპორისთვის საქართველოს ეკლესიას ჰქონდა საკმაოდ მრავალი საეპისკოპოსო და ეკლესია-მონასტერი. ის გარემოება, რომ ამჟამად ჩვენს ეკლესიას თავისი მართლმადიდებელი დიასპორისთვის უცხოეთში არ გააჩნია კულტურულ-რელიგიური კერები (რაც არის, ისიც ჩანასახობრივ მდგომარეობაშია), გამოწვეულია გარე ეკლესიური პრობლემებით, კერძოდ, საქართველოს სახლმწიფოებრივი დაკნინებით XV საუკუნის შემდეგ და სხელმწიფოებრიობის გაუქმებით XIX-XX საუკუნეებში. იქამდე, თითქმის მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, IV-V საუკუნეებიდან, უცხოეთის ქართულ დიასპორას ჩვენი ეკლესია სათანადო ყურადღებას აქცევდა. უცხოეთის ქართული დიასპორისთვის მცირე აზიის მრავალ მხარეში, რომელიც გამოირჩეოდა ეკონომიკური განვითარების მაღალი დონით, არსებობდა ქართული საეპისკოპოსოები. საქართველოს ეკლესია დიდ ყურადღებას უთმობდა თავის ეთნიკურ მრევლს შორეულ უცხოეთში. იერუსალიმში არა მხოლოდ ქართული მონასტრები არსებობდა ქართველი ბერებისთვის, არამედ იყო ქალაქის ეკლესიები საერო მრევლისთვის. ეს უცხოეთის ქართული ეკლესია-მონასტრები იყო არა მხოლოდ სარწმუნოებრივი კერები სასულიერო პირებისთვის, არამედ ეროვნული ცენტრები უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ერისკაცებისთვისაც, რომელნიც აარსებდნენ და აფინანსებდნენ კიდეც მათ. ამის მკაფიო მაგალითია პეტრიწონის მონასტერი, რომელიც ქართველმა საერო მოღვაწეებმა - გრიგოლ ბაკურიანის ძემ და მისმა ძმამ, აბაზმა დააარსეს. მათ მემატიანე "ქვეყნის ჩვენის მოქალაქეთ" უწოდებდა. ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ამ კერებს ყურადღებას ვეღარ აქცევდნენ, მრევლიც შესუსტდა და დაიფანტა.
ამჟამად უცხოეთში მართლმადიდებელი ეკლესიები აარსებენ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერებს, უქმნიან უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს სავანეებსა და სასწავლებლებს ბავშვების ეროვნული სულისკვეთებით აღსაზრდელად, დედაენის დასაუფლებლად, აგრეთვე პოლიკლინიკებსა და სასტუმროებს. მსგავსადვე წარსულში ქართული ეკლესიის ღვაწლით, პეტრიწონის მონასტერში არსებობდა ქართველი ყმაწვილებისთვის სემინარია, ქსენონი - მოხუცებულთათვის, სასტუმროები ბიზანტიაში მცხოვრებ ქართველთა საჭიროებისთვის.
უცხოეთში ქართული საეპისკოპოსოების შექმნა შეწყდა საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ. მას მერე უცხოეთში გასული ქართველობა მრევლი ხდებოდა უცხო ეკლესიებისა, რაც მათ ეროვნულ გადაგვარებას იწვევდა. მშობლიური საეკლესიო გარემოს არარსებობის გამო ქართველები მიეკედლნენ არა მხოლოდ ბერძნულ და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, არამედ არამართლმადიდებელ ეკლესიებსაც კი. კერძოდ, ქართველების ერთი ნაწილი უცხოეთში მიეკედლა სომხურ ეკლესიას. ეს შეუმჩნევიათ უცხოელ დამკვირვებლებსაც. ისტორიკოსი ევგენი დალეჯიო გაოცებული იყო იმით, რომ XX საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლში მცხოვრები ქართველები გადაიქცნენ სომხური ეკლესიის მრევლად და ამის გამო დაკარგეს ქართული თვითშემეცნება. ევგენი დალეჯიო ასი წლის წინ წერდა: "ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გამოგვიკვლევია, რამ აიძულა კონსტანტინოპოლის ქრისტიანი ქართველების ნაწილი უარეყოთ ქართველობა და სომხებად ეღიარებინათ თავი. ამ გადაგვარებულთა შორის შედარებით ცოტანი არიან, რომელთაც თავიანთი გვარი კიდევ ახსოვთ. სხვათა შორის, დავასახელებ ცხადაიას, გურჯიანების, აზიზიანების, თუმანიანების, ზურაბიანების ოჯახებს, რომლებიც თუმც არ უარყოფენ, რომ ქართველების შთამომავლები არიან, მაგრამ დღეს თავს ქართველებად აღარ აღიარებენ". ასი წლის წინ, XX საუკუნის დასაწყისში, ეს უცხოელი ისტორიკოსი მოუწოდებდა საქართველოში მცხოვრებ ქართველებს, შეექმნათ უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის კულტურული დაწესებულებები, სადაც "ყველა რწმენისა და მისწრაფების ქართველს თავისუფლად შეეძლება მისვლა და მუშაობა, როგორც ეს აქვთ სხვა ხალხთა ახალშენებს".
ბოლო წლებში ქართველთა რაოდენობის ზრდა უცხოეთში ძველი ტრადიციის აღდგენას საჭიროებს, მათი შთამომავლობის ეროვნული გადაგვარებისა და სხვა ერებში ათქვეფისაგან გადამრჩენი მხოლოდ ქართულ ეკლესიასთან სულიერი ერთობაა. ამიტომ იმედია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღადგენს ტრადიციას, სახელმწიფოც მხარს დაუჭერს და უცხოეთში გასული მრევლისთვის შექმნის კულტურულ-სარწმუნოებრივ კერებს, სკოლებს და საბავშვო ბაღებს, ქსენონებს და სავანეებს, ეკლესიებს და საეპისკოპოსოებს, სადაც ქართველები განიმტკიცებენ მამაპაპეულ წმინდა სარწმუნოებას, შეისწავლიან ქართულ ენას და საქართველოს ისტორიას, ღირსეულად აღზრდიან შვილებს. ღმერთმა ქნას, ყველაფერი ამგვარად წარიმართოს!
ლევან მათეშვილმა