გადავდივართ უღელტეხილზე. საოცრად ნაცნობი ადგილებია. ჩვენ-ჩვენი სოფლები გვახსენდება. როგორ ჰგავს საქართველოსო, წამოგვცდება. მაგრამ ესეც ხომ საქართველოა, მართალია "სამუსულმანო", "ოსამალოს" საქართველო, მაგრამ მაინც...
ართვინი, ჩვენი წინაპრების აგებული ციხეები მიუვალ კლდეებზე. უზარმაზარი და ძალზე შთამბეჭდავი კაშხლის მშენებლობა ჭოროხზე. ჩვენს ტაძრებს დატბორვის საფრთხე არ ემუქრებათო.
და გზები, უამინდობით შელანძღული, მაგრამ წამსვე აღდგენილი, გზები, რომლებიც მთებში მიკარგულ ნახევრად დაცლილ სოფლებამდეც კი გაუჭირვებლად მიგიყვანს, და მეჩეთები, საკუთარი თვით სამიოდეკომლიან სოფელშიც კი...
გადავუხვიეთ მარცხნივ, დოლისყანისკენ.
დოლოსყანა ერთადერთი ტაძარია, რომელიც უკეთ გამოიყურება, ვიდრე საუკუნის წინანდელ ფოტოებზე.
სულ რამდენიმე წლის წინ ორ სართულად ყოფილა გაყოფილი. მეორე სართულზე ჯამე მოქმედებდა, პირველზე კი ხოჯას თივის საწყოფი ჰქონია და საკურთხევლის ნახევარწრიულ კედელზე საკმაოდ კარგად შემონახულ კედლის მხატვრობას თივაში ყელამდე ჩაფლული, ფანრის მოშველიებით თუ შეავლებდი თვალს. იმხანად დოლისყანის მახლობლად თურმე ახალ ჯამეს აშენებდნენ. მისი დასრულების შემდეგ მოლას, წარმოშობით ლაზს, ტაძარის მუზეუმად ქცევა ჰქონია განზრახული.
მართალია, განზრახვა ჯერ ვერ განუხორციელებია, მაგრამ ეკლესია დაწკრიალებულ-გალამაზებული დაგვახვედრა (ჯამე დაუსრულებიათ და დოლისყანაც ამ მძიმე საქმისგან გაუთავისუფლებიათ). მთელი ოჯახობით გამოგვეგება პირღიმილიანი. იქვე ცხოვრობს და ქართველების სტუმრობა არ გამოეპარება. ჩვენმა მეგზურმა, ჩემი ბიძაშვილია აქ გამოთხოვილი, დავურეკავ, შევატყობინებ, გაიხარებსო. ჰო, მართლა, ჩვენი მეგზური ბატონი დავით მიქელაძე გახლავთ, გურჯი. იმერხეველია, თუმცა ახლა იუსუფელში ცხოვრობს და მუშაობს. ცოლიც გურჯი ჰყავს. შვილებს გიორგი და რუსუდანი ჰქვიათ. მშვენივრად ლაპარაკობს ქართულად. ამბობს, თქვენთან ურთიერთობით ვისწავლე, თორემ სხვებს რომ მოუსმინოთ, ბევრს ვერაფერს გაიგებთო. ჩვენიც ჩინებულად ესმის. ერთი ეგაა, რუსულ ბარბარიზმებს რომ გამოვურევთ, გაკვირვებული შემოგვცქერის. გვიყვება, ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა, თურქული ერთი სიტყვაც კი არ იცოდა. ის კი არადა, მშობლიურ სოფელს არც გასცილებიაო. მამამისს თურქული ჯარში მსახურობისას უსწავლია, თვითონ კი - სკოლაში რომ შეუყვანიათ.
ფეხით ავუყევით პარხალწყლის ხეობას. აბა, ვინ წარმოიდგენდა, ამ ვიწრო ხეობაში, ძველ, ოჩოფეხებზე შემდგარ ხის სახლებს შორის, საცალფეხო ბილიკი ასეთ დიდებულებასთან თუ მიგვიყვანდა. 961-973 წლებში აგებული უზარმაზარი სამნავიანი ბაზილიკა, დღეს მეჩეთად ქცეული. სარკმლებზე ჩამომსხდარი მოღუღუნე მტრედები. ბედნიერები - მათთვის ტაძრის სარკმელი ყოველთვის ღიაა, ჩვენ კი ჭუჭრუტანიდან შეჭყეტით უნდა დავკმაყოფილდეთ - გასაღების პატრონი ართვინში დაგვიხვდა წასული. თუმცა მწვანედ შეღებილი კედლები და უწესრიგობა მაინც კარგად შევამჩნიეთ.
პარხალი ოშკი
ოშკი. სუნთქვა შეგვეკრა - ასეთ დიდებულებას ძნელად თუ ნახავთ.
ოშკის მონასტერი დავით III კურაპალატის მიერაა აგებული X საუკუნის II ნახევარში. დავითივეა ქტიტორი ამავე ხანებში აშენებული პარხლისა, ოთხთა ეკლესიისა და ხახულისა. მართლაც უდიდესი ღვაწლია ერთი ადამიანისთვის!
ტაძრის მნიშვნელობა სახელმწიფოსაც უგრძნია და ახლა ოშკს ის იცავს, თუმცა რისგან და როგორ, ჩემთვის გაუგებარი დარჩა: ტაძარზე ძველებურადაა მიდგმული ათასგვარი დანიშნულების ხუხულები, ბუმბათს უზარმაზარი ბზარი გასჩენია...
ოშკის სვეტებიანი გალერეა - უბადლო და, სამწუხაროდ, ერთადერთი. ბარელიეფები. აქ ყოფილა წმინდა ნინოს ჩვენთვის ცნობილი პირველი გამოსახულება (რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუნადგურებიათ). 1030 წელს ოშკში გადაწერილი მესტიის ოთხთავი. ეპისკოპოსისა და მეფის სატახტე ნიშები. სვეტების კაპიტელები განუმეორებელი ორნამენტებით, არც ერთი რომ არ ჰგავს სხვას... 1917 წელს გადაღებული ფოტო მახსენდება - ერთ-ერთ სვეტთან მდგარი ექვთიმე თაყაიშვილი.
არა, ეს ძალიან მცირე დროა ოშკისთვის. ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი გვაჩქარებს, მაგრამ ბოლოს თვითონვე გვეკარგება.
ნუთუ დღეს კიდევ ერთი ტაძრის შთაბეჭდილებებს დავიტევთ!
სამხრეთ ფასადზე საყოველთაოდ ცნობილი ხახულის არწივი, რომელსაც ბრჭყალებში კურდღელი ჰყავს მომწყვდეული. ფონად - სხივებად გაშლილი სხვადასხვა ფერის ქვები.
ხახულის ღვთისმშობელი... ექვთიმე თაყაიშვილი ასეთ ამბავს მოგვითხრობს: ხახულის გალერეის აღმოსავლეთ მხარეს მოთავსებული ყოფილა ღვთისმშობლის რელიეფი, რომელსაც სოფლის მკვიდრნი "მარიამს" უწოდებდნენ და დიდად ეთაყვანებოდნენ. თუმცა მუსულმანი ქალები მეჩეთში არ დადიან, მარიამის გამოსახულებასთან მაინც მოდიან და შვილიერებას, სნეულებათაგან განკურნებას შესთხოვენ, ბაირამის დღესასწაულზე კი კვერცხები მოაქვთ და სანთლებს ანთებენო. ადგილობრივ მკვიდრთ იმხანად ბევრი გადმოცემა შემოუნახავთ მარიამის სასწაულმოქმედ ძალაზე.
ბავშვები შემოგვეხვივნენ. ინგლისურად გვესალმებიან. უხარიათ უცხოელების დანახვა და თვალებგაფართოებულები ინტერესით შემოგვცქერიან. მერე ბეზრდებათ და ტაძრის ეზოში ფეხბურთის თამაშს იწყებენ.
მოლამ ეკლესიის კარი გაგვიღო. გაგვაფრთხილეს, ადგილობრივების თანდასწრებით რელიგიური გრძნობების გამოხატვას მოერიდეთ, ნუ გააღიზიანებთო, მაგრამ ტაძრის ფრესკების (რაც მწვანე საღებავს გადარჩენია) დანახვისას თავს მაინც ვერ ვიკავებთ.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ გულდამძიმებულებს ერთი სული გვაქვს, როდის დავტოვებთ სოფელს.
შევუდექით აღმართს. ირგვლივ ხრიოკი მთებია და სიცოცხლის ნიშანწყალიც არსად ჩანს. როგორც იქნა, ავაღწიეთ და... მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად პატარა ოაზისი, მიწიერი სამოთხე დაგვიხვდა. ამ დიდებული ადგილის პოვნა მეტად გახარებიათ წმინდა გრიგოლ ხანძთელს და საბა იშხნელსაც, "რამეთუ იყო მას შინა ნუგეშინის-საცემელი სულიერი და ხორციელი".
პირველი ეკლესიის მშენებლობა იშხანში სომეხთა კათალიკოსის, ნერსესის სახელს უკავშირდება. 652 წელს ნერსესს ქალკედონიტობა მიუღია, რის გამოც საკათალიკოსო ტახტიდან ჩამოუგდიათ. ამის შემდგომ მშობლიურ სოფელში დაბრუნებულა (ბიზანტიური წყაროს მიხედვით, ის წარმოშობით ტაიკის პროვინციიდან, სოფელ იშხანიკიდან ყოფილა) და ეკლესიის მშენებლობა წამოუწყია, მაგრამ მისი აგებული ტაძარი მალევე დანგრეულა.
უფლის ნებით, "წელიწადთა მრავალთა დაქვრივებული" იშხნის "სულიერი ქორწილი" და "მეორედ აღშენება" საბა იშხნის ეპისკოპოსის სახელს უკავშირდება. ტაძრის დღევანდელი კომპოზიცია მისი დროისაა, თუმცა X საუკუნის II ნახევარში ეკლესია საფუძვლიანად განუახლებიათ, 1014-27 და 1032 წლებში შეუმკიათ კიდეც.
ყოველი ტაძრის ნახვის შემდეგ ვამბობთ, ნუთუ ამის შემდეგ კიდევ რამე გაგვაოცებსო. ასეთია იშხანიც, თავისი სვეტებიანი საკურთხევლით, ყველასგან რომ გამოარჩევს, ზეცად ამაღლებული ლაჟვარდისფრად მოხატული გუმბათით, ოთხივ მხარეს ცის ლურჯი რომ აკრავს...
ჩამოცხა. გზა დაგვიმძიმდა. არც ის ვიცოდით, რა მანძილი გვაშორებდა ხანძთას. და ის იყო, დავიჩივლე, რომ წინ ტაძრის ყელი ამოგვესვეტა. გული გაგვინათდა. კარგა ხანს გამოღმიდან შევცქეროდით და მზერით ვეფერებოდით ბავშვობიდან ნაცობ და საყვარელ ტაძარს.
სიხარული თანდათან სევდად გვექცა. ტაძარში შესვლაც კი საშიშია - არავინ იცის, როდის გამოეცლება კიდევ ერთი ქვა საქართველოს ოდინდელი ძლიერების საძირკველს... სულ ორიოდე წლის წინ გადაღებულ ფოტოებს ვადარებთ. განსხვავება დიდია...
მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია სატრაპეზოს ნანგრევები, სხვადასხვა დამხმარე სათავსი თუ სენაკი. ერთ-ერთი მათგანისთვის ფეხსალაგი მიუდგამთ. ჩვენს მეგობარს გულმა ვეღარ მოუთმინა და ქვებით დამაგრებულ თუნუქის სახურავს ხევში გადაუძახა.
გულდამძიმებულები ვტოვებთ ხანძთას.
ხანძთა შატბერდი
მოსაღამოვდა. ბინდდება. სიცივეა. აქ ალაგ-ალაგ თოვლიც კი დევს. შეუფოთლავი ხეები გამხმარს ჰგვანან. ატალახებული გზის ნაწილი ფეხით გავიარეთ.
ჩამოჟამებული ცის ფონზე ეულად მდგარი შატბერდი კიდევ უფრო სევდიანი მეჩვენა, არადა სულ სხვანაირი წარმომედგინა "აგარაკად ხანძთისა" შეწირული ტაძარი, სადაც თავის დროზე სოფრონ შატბერდელი, იოანე-ზოსიმე, მიქაელ მოდრეკილი, გიორგი მთაწმინდელი... მოღვაწეობდნენ, სადაც დაიწერა თუ გადაიწერა უძველესი უნიკალური ხელნაწერები...
არტანუჯი ოცნებად მრჩება.
დორთ ქილისედ წოდებული ოთხთა ეკლესიისკენ ნამდვილ ქართულ ხეობას მივუყვებით. რამდენიმე მეტრი ფეხით გავიარეთ. პარხლის თანამედროვე და მისი ტყუპისცალივით მსგავსი ოთხთა შესაძლოა გზიდან ვერც კი შეამჩნიო, მით უფრო, თუ წვიმს და თავდახრილი მიუყვები გზას. ამაზეც უზრუნიათ და აბრა დაუდგამთ ღიმილის მომგვრელი წარწერით: დორთ ქილისემდე 0+00 კილომეტრიაო.
ოთხთა ეკლესიაში ერთხანს თვით ათონის ივერთა მონასტრის დამაარსებელს, წმინდა იოანე მთაწმინდელს უმოღვაწია. ერთ დროს აქ მართლაც დუღდა ცხოვრება. ტაძრის სტოას სატრაპეზო ებჯინება. მის ჩრდილოეთით სემინარიის დიდი შენობა დგას და ვიწრო დერეფნით სარტაპეზოს უკავშირდება. ეკლესიის დასავლეთით, შემაღლებაზე, ბერების საცხოვრებლის ნანგრევები შემორჩენილა.
ყველაზე მშვიდად და მყუდროდ ალბათ მაინც ოთხთაში შეიძლება ლოცვა. შესაძლოა ამაში ამინდმაც შეგვიწყო ხელი.
დავითთან გამომშვიდობებაც ემოციური გამოდგა. ღვთის წყალობით, მიმოსვლა გაიოლდა და გამოთბება თუ არა, სტუმრების ნაკლებობას არ უჩივის. თვითონაც გვსტუმრობს ხოლმე. ამბობს, საქართველოში ულვაშს ვიპარსავ, რომ თურქი არავის ვეგონო, უულვაშოდ უფრო ვგავარ ქართველს. აქ კი ცოლი მიშლის - ულვაშა უფრო მოვწონვარო.
გადმოვლახეთ საზღვარი. თუმცა კარგა ხანს თავი საქართველოში ვერ ვიგრძენი: თურქული წარწერები, თურქული სატვირთო მანქანები, დახლებზე თურქული პროდუქცია...
ნატალია ტოროშელიძემ