მთელი ზღვისპირეთი, მახინჯაურიდან ქობულეთამდე, მოაგარაკეებით გაივსო, რომელთაგან მხოლოდ ერთადერთი იყო ქართველი, ვინმე ჭელიძე. მეფის მთავრობაც ცდილობდა, აქ რაც შეიძლება მეტი ხალხი გადმოესახლებინა რუსეთიდან და ადგილობრივი მკვიდრნი აეყარა. ბათუმის ოლქის უფროსმა სლავოჩინსკიმ ამ მიზნით დიდი ჯგუფი ჩამოიყვანა და ბათუმის მახლობლად, ჭოროხის გაღმა, თხილნარში დაასახლა. მაგრამ აქაურ ჰავას ვერ შეეგუვნენ, დაერიათ ციება და მეორე წელს განახევრებულებმა მოკურცხლეს რუსეთისკენ. ხელისუფლებამ მურღულის ხეობაში (ახლა თურქეთის საზღვრებშია) ადგილობრივთა აყრა და იქ შიდა რუსეთიდან ხალხის ჩამოსახლება გადაწყვიტა, მაგრამ ხალხი აჯანყებისთვის მზადებას შეუდგა და მთავრობა იძულებული შეიქნა, ეს ბრძანება გაეუქმებინა.
ქალაქიც სწრაფად გაიზარდა, ყველა ბათუმში გარბოდა ფულის საშოვნელად. ნელ-ნელა გამშვენდა, გალამაზდა. პოლიცმეისტერმა ფოთიდან მებაღე რესლერი ჩამოიყვანა. ურმებით მოზიდეს მიწა და ქვიშიანზე გააშენეს ბულვარი.
ქალაქის არქიტექტორი კარცევიც იწვევდა რუსეთიდან მდიდრებს რუსების გასაძლიერებლად. ართვინელმა მდიდარმა სომხებმაც დიდძალი ადგილები შეიძინეს ქალაქში. ბათუმის განაპირა უბანში არარუსს ნება არ ჰქონდა ეყიდა ადგილი და სახლი აეშენებინა. სოფლიდან აყრილ და ქალაქს შემოხიზნულ ხალხს მხოლოდ როტშილდის ქარხნის გადაღმა, მდინარე ბარცხანის ნაპირზე ჰქონდა დასახლების უფლება.
ბათუმის შემოერთების მეორე წელსვე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ქართული სკოლა გახსნა ერთ პაწაწინა სახლში. მუსლიმანი ქართველები იქ შვილებს არ აბარებდნენ, ეშინოდათ, გაგვიქრისტიანებენო. თბილისის გამგეობაც ფულს ვერ უგზავნიდა და მასზე ზრუნვა ბათუმის მცირერიცხოვანმა ქართულმა საზოგადოებამ იკისრა. მდორე ცხოვრებას ახალისებდნენ თბილისიდან ჩასული არტისტები. ქალაქი გაიზარდა, მის სათავეში კი ძირითადად არაქართველები იდგნენ. სწორედ ამ დროს ბედმა ბათუმს მოუვლინა ექიმი გრიგოლ ვოლსკი. მან და ივანე მესხმა, სერგეი მესხის ძმამ, დიდი ამაგი დასდეს ბათუმს და იქაურ ქართველობას.
გრიგოლ ვოლსკის მამა პოლონელი იყო, დედა - ქართველი, კეჟერიძის ქალი. გრიგოლმა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ რუსეთში მიიღო სამედიცინო განათლება. ყმაწვილობიდან წერდა ქართულად ლექსებს უმწიფარიძის ფსევდონიმით. ქართულიც და რუსული ენაც ზედმიწევნით იცოდა, იყო განათლებული, მშვენიერი მოლაპარაკე, გულკეთილი, მგრძნობიარე, მებრძოლი, გაბედული და შეუდრეკელი. მან და ივანე მესხმა გადაწყვიტეს ბათუმის ცხოვრების გაქართულება. იმდენი ქნეს, ვიდრე მხოლოდ ქართველებისგან შემდგარი საურთიერთო კრედიტის განყოფილება არ გახსნეს და სოფლიდან ქალაქში ჩამოსულ ხალხს ეხმარებოდნენ. საჭირო იყო ჩამოსახლებულთა შვილებისთვის განათლების მიცემა. ბათუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სულს ღაფავდა. ვოლსკი და მესხი ყოველ ნინოობას საქველმოქმედო საღამოს მართავდნენ. პირველმა საღამომ, რომელშიც აკაკი მონაწილეობდა, სამი ათას მანეთზე მეტი შემოიტანა და სკოლას დიდად შეეწია. სასწავლებლის მოღონიერების შემდეგ ახლა მისი შენობისთვის იზრუნეს. თბილისიდან დაიბარეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი ანუ ილია ჭავჭავაძის მოადგილე ნიკო ცხვედაძე. ნიკომ თავისებურად, მხურვალე სიტყვით მიმართა ბათუმში, სკოლის ეზოში შეკრებილ ქართველობას და შეგულიანებულმა ხალხმა ერთ წელიწადში მშვენივრად მოწყობილი სკოლა და ორას ბავშვზე მასწავლებელთა ბინები ააგო.
ვოლსკის საფიქრალი მაინც ქალაქის ხელისუფლების "ჩაგდება" იყო. 1895 წელს ქალაქის არჩევნები ახალი დებულების მიხედვით უნდა ჩატარებულიყო. ქალაქის თავი კაინდარა, ქართველებს რომ "გოლოვოტიაპებს" ეძახდა, გამარჯვებას ელოდა, სომხებმა ვიღაც ბებუთოვი ჩამოიყვანეს და დიდი ამბით დაასეირნებდნენ ბულვარში. ქართველებს კი ეუბნებოდნენ, - შვილებო, თქვენ ხალხის მართვის უნარი არა გაქვთ და ადგილები სომხებს უნდა დაგვითმოთო. ამას ბოლო უნდა მოღებოდა და ვოლსკიმ კიდევაც მოუღო. მან და მესხმა ბევრი იმუშავეს და არჩევნების დღეს თვით ილია ჩამოიყვანეს ბათუმში. ქართველებმა ბევრად მეტი ხმა მიიღეს. აქედან გამომდინარე, ქალაქის თავიც უსათუოდ ქართველი უნდა ყოფილიყო. ამისთვის ქუთაისის ყოფილი მერი ლუკა ასათიანი მოიწვიეს. ჩატარდა არჩევნები. გაიმარჯვა ასათიანმა. დაიწყო მართლაც დაუცხრომელი მუშაობა ქალაქის აღმშენებლობისთვის. სულ მოკლე ხანში აშენდა ელსადგური, გაიხსნა გიმნაზია, 120-საწოლიანი საავადმყოფო, რამდენიმე დაწყებითი სკოლა, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ვოლსკის მეცადინეობით გაიხსნა ქალთა გიმნაზია, დააშრეს ჭაობი, ქუჩები მოკირწყლეს, მოაასფალტეს... მოკლედ, ოთხ წელიწადში ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეს.
საზოგადო საქმეებით გატაცებული გრიგოლი დაღლას ვერ გრძნობდა. სულდგმულობდა ლიტერატურით, რომელიც ზედმიწევნით იცოდა. ხშირად ჩაუჯდებოდა "ივერიის" და "კვალის" ნომრებს და ასწორებდა ენას. ამ შენიშვნებით ავსებულ ფურცლებს უგზავნიდა რედაქტორებს - ილია ჭავჭავაძეს და გიორგი წერეთელს. ისინიც სთხოვდნენ, ხშირ-ხშირად მიეწოდებინა ამგვარი შენიშვნები.
როცა ლუკა ასათიანი გარდაიცვალა, გრიგოლ ვოლსკი ორჯერ წამოაყენეს ქალაქის თავის თანამდებობაზე, მაგრამ პირველად არ დაამტკიცეს "თავის ხასიათის" ანუ პირდაპირობის გამო - ის ქართული ეროვნული თავმოყვარეობის შელახვას არავის აპატიებდა, სულ ერთი იყო, ეს შავრაზმული გაზეთის რედაქტორი პალმი იქნებოდა თუ როტშილდის ინჟინერი ზრდილოვსკი. მეორედაც არ უნდოდათ მისი დამტკიცება და მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ მეფისნაცვლის ჩარევამ უშველა. მაგრამ ქალაქის თვითმმართველობაში დიდხანს ვეღარ გაჩერდა. აიძულეს, თბილისში გადმოსულიყო და სათავადაზნაურო გიმნაზიაში დაეწყო ქართული ენის მასწავლებლად მუშაობა.
დიდად აფასებდა გრიგოლს, მის ეროვნულ საქმიანობას მოწინავე ქართული ინტელიგენცია, ბათუმში კი უბრალო ხალხიც "ჩვენს გრიშას" ეძახდა. ბათუმში ჩასული ილია და აკაკი აუცილებლად ვოლსკის უნდა წვეოდნენ. მთელი დღე ლაპარაკობდნენ საქართველოს ამბებზე, მასპინძელი ამ დროს "უპრავაშიც კი არ წავიდოდა". გრიგოლს საფიქრალი და სადარდებელი ბევრი ჰქონდა. თუნდაც ის, რომ ქართველი ერის წარსულს სათანადოდ მზრუნველი არ ჰყავდა. გულს უკლავდა იმდროინდელ ქართველთა ფუქსავატობა და სულიერი სიღატაკე.
1882 წლის 9 მაისს თბილისის სათავადაზნაურო სხდომაზე უარყვეს ქართული ენის სწავლება ქართულ სკოლებში. კენჭისყრის დროს 131 თეთრ კენჭთან ერთად 14 შავი კენჭიც ამოსულა. "თოთხმეტი შავი დაღი" - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გრიგოლ ვოლსკიმ წერილი გაზეთ "შრომაში": "ცხადი შეიქმნა, რომ საქართველოს თავადაზნაურობას ურევია თოთხმეტი იმისთანა ადამიანი, რომელთაც არ აეწვათ პირის კანი და ხელისგული იმ წამს, როცა გაშავება დაუპირეს თავის წმინდა წინაპართა ენას. ეს თოთხმეტი შავი კენჭი თოთხმეტ შავ დაღად აზის დღეიდან მოკიდებული საქართველოს თავადაზნაურობას". ეს ის პერიოდია, როცა რუსულმა თვითმპყრობელობამ განსაკუთრებით ქართულ ენაზე მიიტანა იერიში.
გრიგოლი იბრძოდა უგვარტომო კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგაც. მისი აზრით, უცხოელთა წინაშე მონური ქედის მოხრა იმიტომ არის შეუწყნარებელი და მოუთმენელი, რომ იგი ამცირებს ჩვენი ხალხის წიაღში წარმოშობილ მრავალსაუკუნოვან კულტურას. კოსმოპოლიტიზმთან ერთად გრიგოლი წინააღმდეგი იყო მეორე "მახინჯი" უკიდურესობისა - სლავოფილობისა, იმ ცრუ პატრიოტებისა, სხვის ეროვნულ კულტურას, სხვის სიწმინდეს არად რომ აგდებენ და ამცირებენ.
მრავალმხრივი იყო გრიგოლ ვოლსკის მოღვაწეობა. "მუდამ საზოგადო აზრით მცხოვრები, მუდამ აღგზნებული მოტრფიალე ჩვენი განვითარებისა, გატაცებული და მოხარული, როცა რაიმეს საკეთილოს დაინახავდა ჩვენში, გულნატკენი და შეწუხებული, როცა ჩვენში სიგლახეს ხედავდა. აურაცხელ მელათა და ქვემძრომთა შორის მუდამ პირდაპირი და გულახდილი, უშიშარი და შეუპოვარი, როცა სხვები სდუმდნენ. მტერთან მბრძოლი, მოყვარესთან გულის გამთბობი, გამამხნევებელი და სულის ჩამდგმელი" (ალმანახი "ქართველი ერი", 1909, #1) - აი, ასეთი იყო გრიგოლ ვოლსკი, ერთი იმათგანი, ვინც ქართველებს ქართველობა შემოგვინახა.
"მე დავბერდი, მოვიღალე, ძარღვები სულ აშლილი მაქვს და სრული მოსვენება მჭირია. ბევრი ვიტანჯე, ბევრი გამოვცადე და გამოვიარე. მეყოფა, აწ ვეღარ გავუძლებ ამდენ მწუხარებას", - წერდა გრიგოლი. დამაშვრალ, ძალღონეგამოლეულ გრიგოლს თბილისში დიდხანს არ უცოცხლია, გარდაიცვალა 1909 წლის 5 ოქტომბერს (ძვ.სტ.). ბათუმის საზოგადოებამ ვოლსკის ცხედარი თბილისიდან ბათუმში გადაასვენა და დიდი პატივისცემით დაასაფლავა ქართული ეკლესიის შესასვლელ კართან. 1928 წელს კი მისი ნეშტი გადაასვენეს ბათუმის სასაფლაოზე. ანტონ ფურცელაძე წერდა: "ღმერთმან ჰქმნას, როგორც მესმის და საქმეებიდან დავინახე ბათუმში მყოფობის დროს, ბევრი მისცეს ჩვენს ქვეყანას ისეთი გულწრფელი მოღვაწე, როგორც ვოლსკი, რამეთუ იგინი არიან მარილნი სოფლისანი..."