ბერები შინ კონსტანტინოპოლის გავლით ბრუნდებოდნენ, იქ კი ბერძენთა მეფემ ალექსი ანგელოსმა, "ანგარად" წოდებულმა, მათ თამარის ბოძებული ყოველივე წაართვა. ეს რომ თამარ მეფემ შეიტყო, წმინდა მამანი კიდევ უფრო გულუხვად დაასაჩუქრა, მცირეოდენი ჯარით კი ლაზეთი, ტრაპიზონი, ლიმონი, კერასუნდი, სინოპი, არაკლია, პონტო აიღო და ყოველივე თავის ნათესავს ალექსი კომნენოსს უბოძა. ასე წარმოიშვა ტრაპიზონის სამეფო. ამას ისიც დაერთო, რომ კონსტანტინოპოლი ლათინებმა აიღეს და საბრალო ალექსი ანგელოსმაც თავი საკუთარ სიძეს შეაფარა. ბულგართა მეფემ ის ერთ ციხეში შეიყვანა და წინ ოქრო დაუფინა. უთხრა; "აჰა, საჭმლისა და სასმლის წილ გქონდეს, განა ამისთვის არ წარწყმიდე ქრისტიანთა სამეფო სახლიო?!" საცოდავი შიმშილით მოკვდა. ასე დამთავრდა ღვთისთვის შეწირული საგანძურის მიმთვისებლის ამბავი.
ლომისის სალოცავისთვის, მისი ძალმოსილება რომ უგრძნია, შაჰ-აბასსაც შეუწირავს თვალ-მარგალიტნი. როცა მის ხალხს არაგვის პირი დაურბევია, გაუძარცვავთ ლომისის სალოცავიც და იქიდან ხატები წამოუღიათ (მათ შორის - ხატი ფერისცვალებისა). ამის მოქმედნი დაბრმავებულან, შაჰს კი, ეს ამბავი რომ შეუტყვია, ხატები უკან დაუბრუნებია და თან შესაწირი ოქრო-ვერცხლიც გაუგზავნია. ამ ამბავს პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს, რომელიც შაჰის სხვა შესაწირზეც გვიამბობს: აბასმა წმინდა შიოს წმინდა ნაწილები სპარსეთში წააღებინა. ქვეყანას უმალ ღვთის რისხვა მოევლინა. როცა შაჰი თავს დამტყდარი უბედურების მიზეზს მიმხვდარა, ღირსი მამის წმინდა ნაწილები მონასტრისთვის დაუბრუნებია, ფულიც უბოძებია, წმინდა შიოს მღვიმისთვის კი მშვენიერი თლილი ქვის კარი შეუბამს.
შაჰმა გორთან ახლოს ერთაწმინდის ტაძარს მოჰკრა თვალი. რომ შეიტყო, რა ძვირფასი იყო იგი ქართველთათვის, ჯარს მისი დანგრევა უბრძანა. ისინიც ავიდნენ გუმბათზე და მისი ბრძანების აღსრულებას შეუდგნენ. ამ დროს ქრისტიანული სიწმინდეების სიძულვილით ავსებულმა შაჰმა იგრძნო, რომ მხედველობას კარგავდა. დამწუხრდა ირანის მბრძანებელი, მიეძინა. სიზმრად ნახა: იარაღშემართული გოლიათი სიკვდილით ემუქრებოდა და მზად იყო, მისთვის გულში მახვილი ჩაეცა. ირანელმა ასტროლოგებმა სიზმარი ვერ აუხსნეს. მაშინ მის წინაშე ვინმე ერთაწმინდელი წარდგა, მუხლებზე დაემხო და მოახსენა: თვალთა სინათლე მხოლოდ მაშინ დაგიბრუნდება, თუ ტაძრის ნგრევას შეწყვეტ. ძილში ნანახი გოლიათი კი წმინდა ევსტატეა, რომლის სახელზეცაა აგებული ტაძარიო. მერე კი შაჰს ეკლესიაში შეუძღვა და წმინდა ევსტატეს ხატი აჩვენა. შეძრწუნდა შაჰი - სწორედ ის "წინასწარმეტყველი" ამოიცნო, სიზმრად რომ ნახა. მყის ტაძრის ნგრევის შეწყვეტა ბრძანა, მერე კი თავისი ხმალი ერთ დიდებულს გადასცა და უბრძანა, მისთვის ძვირფასი ქვებით გაწყობილი ბუნიკი და ვადა მოეხსნა, რათა ტაძრისთვის შეეწირა. ამის გარდა სხვა სიმდიდრეც ბევრი გაიღო. ძვირფასეულობა დიდხანს ეწყო ტაძარში დაცულ წმინდა ევსტატეს წმინდა ნაწილებზე, 1794 წელს კი ისინი წმინდა ნაწილებთან ერთად, როგორც კურნების მადლმოსილი სიწმინდე, მეფე ერეკლემ თავისი სნეული ქალიშვილის თეკლას განსაკურნებლად მოითხოვა. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას სიწმინდეები დაიკარგა. ერთი წლის შემდეგ მხოლოდ წმინდა ევსტატეს მარჯვენა გამოუსყიდიათ.
როცა შაჰს მრავალძალის წმინდა გიორგისადმი იმერელთა განსაკუთრებული სიყვარული შეუტყვია, ტაძრისთვის თავისი ხმალი შეუწირავს. "არა თუ სარწმუნოებით, არამედ ჰცნან, რამეთუ ხმალი მისი ჰკიდავს მუნ" (ვახუშტი ბატონიშვილი).
1735 წელს, აბასის მიბაძვით, ნადირ-შაჰსაც შეუწირავს 300 მარგალიტი წმინდა ევსტატეს ტაძრისთვის. ისინი მატყლის თოკზე ყოფილა ასხმული, რომელიც შაჰის ბრძანებით მის ჰარამხანაში მყოფ ქართველ ქალს მოუქსოვია. ეს თოკი, კათოლიკოს ნიკოლოზის კურთხევით, წმინდა ევსტატეს ხატს ამშვენებდა და 40 წლის შემდეგ, ლეკების შემოსევისას, დაკარგულა.
ამ შესაწირმა ვერც ერთ შაჰს არგო რამე და ვერც მეორეს, მათ ხომ მთავარი - გული არ შესწირეს უფალს, ამიტომაც მათი მსხვერპლი დარჩა ვითარცა კაენის მსხვერპლი.
წმინდა ექვთიმე მთაწმინდელს ბიზანტიური საეკლესიო სამართლის ძეგლების მიხედვით შეუდგენია "მცირე სჯულის კანონი". ამ კრებულს იმდენად ფართოდ იყენებდნენ საეკლესიო ცხოვრებაში, რომ იგი არსენ იყალთოელის მიერ ნათარგმნ "დიდი სჯულის კანონსაც" კი ვერ განუდევნია ხმარებიდან. წმინდა ექვთიმემ საეკლესიო სამართლის ძეგლები ქართულ სინამდვილეს მიუსადაგა, კრებულში ქართული მასალა შეიტანა და სჯულის კანონის სრულიად ახალი, ქართული რედაქცია შექმნა. "მცირე სჯულის კანონში" პირუტყვის შეწირვის შესახებ ვკითხულობთ: "ხოლო საკლველსა თუ დაჰკლავდეს, ლოცვათა წართქმაი საკლველისა ზედა არა განწესებულ არს, არამედ თვით იგი, რომელი დაჰკლვიდეს, მადლობაი თქუას და დაკლას, გინათუ ცხოვარი იყოს, გინათუ ზროხაი, და დაკლას იგი გარეშე საზღვარსა ეკლესიისასა და ხორცი იგი, გინათუ მგბარი (მოხარშული), გინათუ უმგბარი, განუყოს გლახაკთა, ანუ ტაბლასა დააგოს და წოდებულნი ისტუმრნეს გარშე ეკლესიისა. და მღვდელთა თუ ნაწილსა მისცემდეს, სახლსა წარსცეს, რომელიცა ჯერ უჩნდეს სახსენებელსა მოქმედსა მას, ხოლო რომელნი ამას წესსა გარდახდნენ და ძუელისა შჯულისა წესთა იქმოდინ, უზიარებლობაი დაესაჯოს".
ძველ "კურთხევანებში" შეტანილიც კია "ლოცვაი მსხვერპლსა ზედა პირუტყვთასა უფლისა მიმართ" (იხილეთ "სინის მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა", 1947 წლის გამოცემა, გვ. 116).
1748 წელს საქართველოს საეკლესიო კრება გაიმართა, რომელმაც დაადგინა: "სრულიად განჩინებითა განაგდებს საღმრთო კრება ამას, რათა ამიერიდგან არავინ იკადროს შეყვანება ზვარაკისა, გინა ცხვრისა, ანუ სხვა პირუტყვისა კარიბჭესა შინა ეკლესიისასა და დაკლვა მას შინა, გინა სისხლის ცხება კართა და ზღურბლთა ეკლესიისათა, რამეთუ კერპთმსახურთა არს საქმე ესე და არა წეს არს ქრისტეანეთა. უკუეთუ კულა ვინმე გამოჩნდეს ესევითარისა ცთომილისა საქმისა მოქმედი, ვამცნებთ ეპისკოპოსთა, რათა განაძონ ეკლესიით, ვითარცა შეურაცხის-მყოფელი ქრისტეს შჯულისაი".
ჩვენდაწილად კი ვიტყვით: თუმცა კომუნისტებმა საქართველოში მღვდლებიც ამოხოცეს და ტაძრებიც დაანგრიეს, მაგრამ მთავარ მიზანს მაინც ვერ ეწივნენ - ღვთის რწმენა ვერ აღმოფხვრეს ხალხში. მარიამობას, გიორგობას თუ ელიაობას ქართველები გაიგდებდნენ წინ კურატს, მივიდოდნენ ეკლესიასა თუ ნაეკლესიართან და ღმერთს საკლავს, საკმეველსა და სანთელს შესწირავდნენ. ბოლშევიკი მეცნიერები კი თავგამოდებით ამტკიცებდნენ, მთაში ქრისტიანობამ წარმართობას ვერ სძლიაო. საქართველოში მთაც და ბარიც ქრისტიანული იყო და ახლაც ქრისტიანულია. თუკი ზოგიერთ წესს თავისებურად, "ხალხურად" აღასრულებენ, ეს უმოძღვრობის ბრალია და ამას მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით თუ გამოვასწორებთ. მთაში კი სალოცავში დაკლული ზვარაკის ხორცი დღესაც არ შეაქვთ სახლში - სირცხვილად ითვლება. ხორცის ნაწილით მოყვასს უმასპინძლდებიან, ნაწილს კი მოწყალებად გასცემენ: მარტოხელა მოხუცებს, ავადმყოფებსა თუ მრავალშვილიან ოჯახებს უნაწილებენ.
განუზომელია ფასი გოლგოთაზე დაღვრილი მაცხოვრის სისხლისა; მის ერთ წვეთთან ქრისტეს მოწამეთა სისხლისა და ღირს მამა-დედათა ცრემლ-ოფლის მდინარეებიც კი ვერ მივა, ვერც საუკუნეების მანძილზე უფლისთვის შეწირული საკმევლისა თუ სანთლის მთები და ზეთის ტბები გადასწონის და ვერც ზვარაკთა ფარები - დაკლულისა თუ ცოცხლად შეწირულისა.