თქვენ მერე დააფასებთ ნიკოლოზ აღმაშენებლის ღვაწლს
თქვენ მერე დააფასებთ ნიკოლოზ აღმაშენებლის ღვაწლს
გავიხსენოთ ნიკოლოზ ცხვედაძე - კიდევ ერთი მამულისთვის დამაშვრალი ქართველი.
ცხვედაძეები სოფელ თაგვიეთიდან (გორის მაზრა) ყოფილან, საიდანაც "მებატონეებისგან შევიწროების გამო" აყრილან დ სოფელ ღილოვანს (თბილისის მაზრა) გადასახლებულან. ნიკოს მამას - ზებედეს სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში მიუღია, მღვდლად უკურთხებიათ და ცხინვალის ხეობაში სოფელ სოჭინში გაუმწესებიათ. ნიკოც ამ სოფელში დაბადებულა 1845 წლის 27 იანვარს. მღვდელი ზებედე თავისი დროისთვის განათლებული კაცი ყოფილა, ღრმად ჰქონია "გულში ჩანერგილი ქართული მწიგნობრობისა და განათლების სიყვარული". ნიკოს დედა, მარიამ კავსაძე, დიდად სათნო ადამიანი იყო, "მწიგნობარი და მოყვარული წერა-კითხვისა".

ბავშვობის წლები ნიკომ ჯერ სოჭინში და შემდეგ კავთისხევში გაატარა, სადაც მამამისი იყო მღვდლად. 8 წლისა თბილისის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. ბიჭი ხარფუხში, ერთი სომხის დედაკაცის სახლში ცხოვრობდა და იქიდან დადიოდა სასწავლებელში. სასულიერო სასწავლებლისა და სემინარიის წარმატებით დამთავრების შემდეგ, როგორც საუკეთესო კურსდამთავრებული, 1865 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში გაიგზავნა სახელმწიფო ხარჯით. მარტო აკადემიაში მოსმენილით არ კმაყოფილდებოდა ნიკო, მოსკოვის უნივერსიტეტის მოწინავე და წამყვანი პროფესორების ლექციებსაც ესწრებოდა. ნიჭიერმა ახალგაზრდამ მოსკოვში ჩასვლისთანავე გააჩაღა მუშაობა სტუდენტების მაშინდელ წრეებში და რეფერატების კითხვით და პირადი მსჯელობით სულ მოკლე ხანში დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. "დროებაში" გამოგზავნილი მისი პირველი წერილებიც ქართველი სტუდენტობის შეჭირვებას ეხება: "ბევრი ქართველი ყმაწვილი გულითა და სულით მიელტვის დიდ სასწავლებელში სწავლის მიღებას, მაგრამ, საუბედუროდ, სიღარიბე უკან ახევინებს. ვისაც კი უყვარს მამული, სურს თავისი ქვეყნის კეთილდღეობა, ის უნდა ცდილობდეს ახალგაზრდა ყმაწვილების შემწეობას, რადგანაც ესენი უნდა შეიქმნენ გამავრცელებელნი განათლებისა მომავალ შთამომავლობაში", - მოუწოდებდა ნიკო იმდროინდელ შეძლებულ ქართველობას. მისი აზრით, უნდა შექმნილიყო შეგნებულ და დაინტერესებულ პირთა საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც შეძლებისდაგვარი ყოველწლიური დანაზოგების გაღებით შექმნიდა ისეთ ფონდს, რაც ათობით სტუდენტს შეინახავდა რუსეთისა და დასავლეთ ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში. ნიკოს იდეა მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა კიდეც 1879 წელს - შეიქმნა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება".

1870 წელს ნიკომ წარმატებით დაიცვა დისერტაცია მოსკოვის სასულიერო სასწავლებელში, მიიღო ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი. სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის სასულიერო სემინარიაში დაინიშნა მასწავლებლად, სადაც მანამდე მარტო სწევდა ჭაპანს იაკობ გოგებაშვილი. მათ შეადგინეს სემინარიის რეფორმების პროექტი, სადაც გათვალისწინებული იყო ქართული ენის დამოუკიდებელი კათედრის დაარსება. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია წმინდა სინოდს და სასულიერო სემინარიაში საგანგებო რევიზორი, ვინმე კერსკი გამოაგზავნა, რომელსაც დაავალეს ყველა საშუალებით აღმოეფხვრა სეპარატიზმი სასწავლებელში და "ქართული პარტიის" ლიდერები გოგებაშვილი და ცხვედაძე გაეძევებინა იქიდან. იაკობი და ნიკო ჩამოაშორეს საყვარელ საქმეს, ერთი - სამუდამოდ, მეორე - დროებით. ამან ძალზე იმოქმედა ისედაც დასნეულებული იაკობის ფსიქიკაზე და თავის მოკვლა გადაწყვიტა. ამ დროს ვერის სასაფლაოს დაღმართზე ნიკოს უმცროსი ძმა, სანდრო ჩადიოდა. დაინახა, რომ მტკვარში ვიღაც ტანსაცმლიანი შევიდა... სანდრო მაშინვე შევარდა წყალში, გამოიყვანა, დახედა და ხელში იაკობი შერჩა. მან სასწრაფოდ იხმო ნიკო. ძმებმა იაკობი მიხეილის საავადმყოფოში წაიყვანეს. ერთი თვის შემდეგ იაკობი მომჯობინდა. როცა საავადმყოფოდან გამოწერეს, ნიკომ თავისთან გადაიყვანა საცხოვრებლად. ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ უფრო გაამტკიცა მათი ძმობა, რომელიც მათი ყმაწვილობიდან იღებდა სათავეს. ერთხელაც სახლში მისულ ნიკოს იაკობი ძალზე მხიარულად შეხვდა და მიაგება, - ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმაროო. "გაუმარჯოს იაკობს, გაუმარჯოს,P- შესძახა აღტაცებით ნიკომ, - ქვეყნის სამსახურს არც მე გავექცევი, ჩემო იაკობ, ვფიცავ პატიოსნებას და ქვეყნის მომავალს". თუ როგორ შეასრულეს მეგობრებმა ეს ფიცი, საყოველთაოდ ცნობილია. იაკობი ცდილობდა, ყოველთვის ნიკოს სიახლოვეს ეცხოვრა. ნიკოს აზრს, რჩევას დიდ ანგარიშს უწევდა და არც ერთ საქმეს არ დაიწყებდა მასთან შეუთანხმებლად. დღე ისე არ გაივლიდა, ერთმანეთი არ მოენახულებინათ. ნიკოს ქალიშვილი ელენეც ხომ იაკობის ხელში გაიზარდა. ზაფხულობითაც ერთად ისვენებდნენ კავთისხევში, ნიკოს მამისეულ სახლში.

იაკობ გოგებაშვილი და ნიკოლოზ ცხვედაძე ერთი მსოფლმხედველობის, იდეის და მისწრაფებების ადამიანები იყვნენ. "როგორც ილია და აკაკი ერთად იხსენიებოდნენ, ვით ქართული ლიტერატურის მესვეურნი, - წერს ილია ზურაბიშვილი "მოგონებაში", - ისე - იაკობ გოგებაშვილი და ნიკოლოზ ცხვედაძე, ვით ქართული განათლების მესვეურნი". ამის დასადასტურებლად მსახიობ მაკო საფაროვა-აბაშიძის მონათხრობი გავიხსენოთ. ერთხელ თურმე ვანო მაჩაბელს მისთვის იაკობი გაუცვნია. მაკოს ძალიან გახარებია და ხელის ჩამორთმევისას ღიმილით უთქვამს, - ეს თქვენა ბრძანდებით ცხვედაძე-გოგებაშვილიო? - სრულიად დარწმუნებულს იმაში, რომ ერთი ადამიანი ატარებდა ამ ორ გვარს. "არასოდეს ეს გვარები ცალ-ცალკე არ გამეგონა, ყოველთვის ერთად იხსენიებდნენ, ასე რომ, ჩემს წარმოდგენაში ისინი გაერთიანებულნი იყვნენ", - ამბობდა საფაროვა. "არა, ბატონო, მე მე გახლავართ და ცხვედაძე - თავისთავად ცხვედაძე. ორივესთვის ესეც საკმარისიაო", - მიუგია ღიმილით იაკობს. ზოგჯერ მართლაც ძნელი იყო მათი პოზიციების და მოქმედებების ერთმანეთისგან გარჩევა. აკაკის უთქვამს კიდეც ამაზე:

"ვინღა გაარჩევს პედაგოგს, უგვაროსა და გვარიანს,
როდესაც ერთი ფასი აქვს კავთისხევსა და ვარიანს".

"ისინი იყვნენ ქართული სკოლის ფანატიკოსები და მისი ნამდვილი შემქმნელები - ეს იყო მათი სიცოცხლის მიზანი", - ბრძანებს არტურ ლაისტი. ილია ზურაბიშვილი კი ერთ სახალისო ამბავს იხსენებს: "ერთხელ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურების წინამძღოლი, კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრან-ბატონი, თურმე სადარბაზოდ იყო საქართველოს მაშინდელ ეგზარქოსთან (სადღესასწაულო დღე იყო - სლავების განმანათლებელ მოციქულთა სწორ კირილესა და მეთოდეს). ეგზარქოსმა ჰკითხა მუხრან-ბატონს: - "თავადო, განა ქართველები არ დღესასწაულობთ განმანათლებელ წმინდა კირილეს და მეთოდეს დღეს?

- არა, თქვენო მაღალუსამღვდელოესობავ, ჩვენ ჩვენი განმანათლებლები - კირილე და მეთოდე გვყვანან, - უპასუხა წინამძღოლმა.

- განა ვინა? - გაიკვირვა ეგზარქოსმა.

- ცხვედაძე და გოგებაშვილი, - უპასუხა მოულოდნელად მუხრან-ბატონმა".

...თბილისის სასულიერო სემინარიიდან გაძევებული ცხვედაძე ერთხანს კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. 1874 წელს ცნობილი საზოგადო მოღვაწის ბესარიონ ღოღობერიძის დახმარებით ამიერკავკასიის საქალებო ინსტიტუტში მიიწვიეს მასწავლებლად. ასევე ასწავლიდა შეთავსებით წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზიაში. 23 წელი იმუშავა საქალებო ინსტიტუტში და აქედან გავიდა პენსიაზე. ის, რომ იმ პერიოდში სამეურნეო სასწავლებელში სწავლის დონემ საგრძნობლად აიწია, ნიკოს კალმის დამსახურებაც არის. წმინდა ილიამ საახალწლოდ (1894წ.) მიულექსა ნიკოს თავის "ორხმიან საახალწლო ოპერეტში":

"საჭირო არის წვრთნა, სწავლა,
ვითა ფარ-ხმალი ბრძოლასა,
სჯობს ყოლა უწვრთნის ძაღლისა
უწვრთნელი შვილის ყოლასა".

იოსებ მამაცაშვილის ოჯახში იკრიბებოდა ხოლმე ქართველი ინტელიგენცია და ამ დროს გაჩნდა იდეა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებისა. ამ საქმის აღსრულებას საშველი 1876 წელსღა დაადგა. ნიკო ცხვედაძე თავიდანვე მონაწილეობდა საზოგადოების წესდების შემუშავებაში. იყო საზოგადოების მუდმივი წევრი და საზოგადოების თავმჯდომარის (ილია ჭავჭავაძე) უცვლელი ამხანაგი (მოადგილე) 1885 წლიდან 1907 წლამდე. რადგან ილია სხვადასხვა (ლიტერატურული თუ საბანკო) საქმის გამო ფრიად დატვირთული იყო, ამ საზოგადოების მრავალმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო და სასწავლო-პედაგოგიური საქმიანობის ძირითადი სიმძიმე ნიკოს დააწვა. მისი უშუალო მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეიქმნა ქართული სკოლები, რომლებშიც 1907 წლამდე ოცი ათასამდე ახალგაზრდამ მიიღო განათლება მშობლიურ ენაზე. ცხვედაძე განსაკუთრებით დიდ მზრუნველობას იჩენდა აჭარაში გახსნილი სკოლების მიმართ, რომლებიც მისი მონდომებით გაიხსნა. მან დაარწმუნა ადგილობრივი გავლენიანი პირები სკოლების გახსნის აუცილებლობაში, მერე კი მოუწოდა ქართველობას ქველმოქმედებისკენ. მართლაც, ბათუმში იმხელა შენობა აშენდა, რომ სასწავლებელი ერთდროულად ორას ბავშვს იტევდა. "ნიკო ცხვედაძე შეუდარებელი ენერგიის ადამიანი იყო, - იხსენებს გ. ლასხიშვილი, - მგონი, არასდროს დაჰკლებია გამგეობის სხდომებს, ზეპირად იცოდა ყველა მისი საქმეები და თუ საზოგადოებამ რაიმე გააკეთა და ერთგვარი სიმპათია დაიმსახურა ქართველ ერში, უდიდესი ღვაწლი ნიკო ცხვედაძეს მიუძღოდა".

ამ "საზოგადოებამ" დააახლოვა ნიკო წმინდა ილია მართალს. ამდენი ხანი ერთად მუშაობდნენ და ერთმანეთში არათუ შეხლა-შემოხლა, ოდნავი უსიამოვნებაც კი არ ჰქონიათ. ნიკო ხშირი სტუმარი იყო ილიას ოჯახისა, არ აკლდებოდა თბილისსა თუ საგურამოში ილიასეულ თავყრილობებს. ქაშვეთიდანაც თავისი მხრით გამოასვენა წმინდა ილიას კუბო. მერე კი გვერდში შეუდგა აკაკის და ერთად ააბრძანეს საქართველოს უგვირგვინო მეფის ცხედარი ქართველთა ოლიმპოზე, მთაწმინდაზე. ნიკო დასტრიალებდა ილიას საფლავს, ამშვენიერებდა. ერთხელ პროკლე ტაბიძე ასეთ რამეს შესწრებია: ვინმე მუშას ილიას საფლავისთვის ფეხი დაუდგამს. ეს თურმე ნიკომ დაინახა და "უეცრად მოხუცი მთელი ტანით აკანკალდა, სახე შეეცვალა, თვალებზე ცრემლები მოადგა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მორთო ყვირილი: - რას შვრები, ადამიანო! რას სჩადი, ვის ადგამ გულზე ფეხს, ვისა? გაგება გაქვს, ვინ არის ეს?" მუშა კი, რომელმაც საფლავის შუა ადგილს უნებურად ფეხი დაადგა, შეწუხებული იდგა. დიდი ბოდიში დასჭირდათ მოხუცთან, - "რა ექნა, ბატონო, ფეხი რომ არ დაედგა, ისე ვერ გააკეთებდაო".

ნიკო ცხვედაძე ჩვეული ენერგიით მოღვაწეობდა მეორე ქართულ საზოგადოებაშიც - "ღარიბ მოწაფეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებაში". მისი ინიციატივით დაარსდა თბილისში პირველი ქართული სკოლა, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა.

გიმნაზიას თავისი შენობა არ ჰქონდა და ერთი ნაქირავები სახლიდან მეორეში გადაჰქონდათ. საქმე რომ გაჭირდა, "საზოგადოებამ" გადაწყვიტა, გიმნაზიისთვის ცალკე შენობა აეგოთ. ეს საკითხი 1897 წლის 22 მაისს თვითონ ცხვედაძემ დააყენა "საზოგადოების" სხდომაზე. ამ დროს მან გერმანიიდან მიიღო სხვადასხვა სასწავლებლის ალბომი უცნობთა გეგმით და თვითონაც ენერგიულად შეუდგა გეგმის განხორციელებას.

ნიკომ გიმნაზიის შენობისთვის ვერაზე, ვარაზისხევთან, გაბაშვილებისგან 12 დღიური მიწა შეიძინა, სადაც მხოლოდ პურის ყანა ეთესა. ეს კი ისე მოაგვარა, რომ ბევრს არ სცოდნოდა, რადგან ეშინოდა, საქმეს ჩამიშლიანო. მართლაც, ატყდა ერთი ამბავი: "ვერის ტურებისა და მელებისთვის უყიდნია სკოლის ადგილი და ქართველი ყმაწვილები ელებუა მენახშირისა და მეშეშეებისკენ უნდა გარეკოსო" და პირში აგონებდნენ დაცინვა-საყვედურებს.

1899 წელს ნიკომ მოიწვია მაშინ საკმაოდ ცნობილი ახალგაზრდა ქართველი ხუროთმოძღვარი სვიმონ კლდიაშვილი (1865-1920) და მანაც 1900 წლის შემოდგომისთვის უკვე დასრულებული პროექტი წარადგინა. 1900 წლის 14 ოქტომბერს ქართული გიმნაზიის ახალი შენობის საძირკველი აკურთხეს. კურთხევის ბოლოს ნიკო ცხვედაძემ ახალგაზრდებს უთხრა: "ყმაწვილებო, გირჩევთ შეიძინოთ აქვე სამოსახლო ადგილები, ახლა იაფია, მერე ათ თუმნადაც არავინ მოგცემთო". ისინი კი იცინოდნენ: რას ამბობს ეს ადამიანი, აქ დასახლება როგორ შეიძლებაო. ნიკოს რჩევით, სხვადასხვა კერძო სკოლისთვის მიწები შეიძინეს და მალე ვაკეში მიწის ფასმა ერთიოცად აიწია.

KARIBCHE KARIBCHE

უნივერსიტეტის მშენებლობა

მიწა კი შეიძინეს, მაგრამ შენობას აშენება ხომ უნდოდა. ნიკოსაც მადა გაეხსნა, ორსართულიან შენობას კიდევ ორი სართული მიუმატა. წვრილ-წვრილად შეგროვებული შემოწირულობა ხარჯებს ვეღარ ფარავდა. სხვა გზა უნდა მოეძებნა. ამ გზამ ნიკო დავით სარაჯიშვილთან მიიყვანა. დავითის სასახელოდ უნდა ითქვას, მან უხვად გაშალა ხელი და არას ზოგავდა საქმისთვის. მარტო სარაჯიშვილის ფული რას ეყოფოდა და ცხვედაძემ "ყაჩაღობას" მიჰყო ხელი, "ძარცვავდა" ყველას - თავადაზნაურობას, ბანკს, მდიდარ ვაჭრებს საქართველოსა თუ უცხოეთში. ვისაც ცოტა სიმდიდრეს შეამჩნევდა, ნიშანში ამოიღებდა, ესტუმრებოდა და ისე ოსტატურად წარმართავდა საუბარს, რომც არ ნდომოდა "მსხვერპლს", ფულს მაინც წაართმევდა. უყვარდა ეს პროცესი და "მოწინააღმდეგის" დაძლევა. "მე მას "ბანდიტს" ვუწოდებდი, - ყვებოდა გ. ბაგრატიონ-დავითაშვილი, - მართალია, მას არა ჰქონდა თან რევოლვერი და ჯერ არ შესჩვეოდა გამოთქმას, "ხელები ზევით", მაგრამ... მან შექმნა ბანდიტიზმის ისეთი კატეგორია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სთესავს მხოლოდ ბედნიერებასა და სიხარულს". ბევრს დასცინოდნენ ნიკოს: "გიჟია ზებედეს ძე, შენობის აშენებასთან ერთად ჩვენ დაგვანგრევსო". თბილისელები ვერაზე უნდა რომ დაასახლოს. ფულს ფანტავს, ვინ იცის, რაშიო. სხვები ამბობდნენ: "არა უშავს, მაინც არ აშენდება, ნახევარი შენობა გავყიდოთ და ფული ისე ამოვიღოთო", რაზეც ნიკო პასუხობდა: ყულაბებს დავდგამ ქუჩაში, სულ გროშებს მოვაგროვებ და ასე დავამთავრებ ამ შენობასო. ქართველ თავად-აზნაურთა ნაწილი არ ცხრებოდა, აშკარა პროტესტს გამოთქვამდა, - ჩვენი ბანკი ამდენ ფულს გასცემს, მშენებლობა ჭიანურდება, ფული უაზროდ იყრება. ეს ვიღაც ცხვედაძეა, ილიამ გაათამამა და რასაც უნდა, იმას სჩადისო. მოიწვევდნენ თავიანთ კრებაზე. ეს აღელვებული ხალხი ერთბაშად მიჩუმდებოდა ხოლმე, როცა თვალწინ წარმოუდგებოდა გულკეთილი, გულუბრყვილო, მუდამ მოღიმარი კაცი და დაიწყებდა ლაპარაკს ტკბილად, ისე გატაცებით, რწმენით, რომ ეს საქმე საშვილიშვილოა, საჭიროა ქართველებისთვის და ხარჯს არ ეღალატებაო". ძალზე ახლობლებს კი ერთხელ უსაყვედურა კიდეც: "რას ჩამაცივდით თქვენი სათავადაზნაურო გიმნაზიით, თითქოს მაზედ ჩამოწყვეტილიყოს ქვეყნის ბედი? ნუთუ უკეთესის, უფრო დიდი რამის წარმოდგენის უნარი დაგკარგვიათ? ნუთუ სამუდამოდ გამოეთხოვეთ იმ იმედს, რომ ქართველებს შეიძლება თავიანთი უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდეს. მე რომ ვარაუდში მარტო სათავადაზნაურო გიმნაზია მქონდეს, ხვალვე გადავხურავდი შენობას, რადგან ისიც დაიტევს გიმნაზიას, რაც გაკეთებულია... მაგრამ სად მოათავსებთ უმაღლეს სასწავლებელს (უნივერსიტეტს, - კ.კ.), ვინიცობაა, დადგა ის სანეტარო წამი? ახალს ააშენებთ? ვაი, რომ ვერ ააშენებთ". ამაზე მეგობრებმა ურჩიეს: "შენ ეგ არსად თქვა, თორემ თავადაზნაურობა არარსებული უმაღლესი სასწავლებლისთვის ფულს არ გაიღებს და გიჟობად ჩათვლისო". "ოღონდაც, ოღონდაც! არავინ არ უნდა იცოდეს ეს", - დაუდასტურა ნიკომ მწარე ღიმილით. ყველაფერს ინიშნავდა: ზუბალაშვილისა და სარაჯიშვილის შეწირულობით დაწყებული, ორიოდე კილო ლურსმანი რომ შემოსწირა, იმით დამთავრებული. მაგრამ ხარჯთაღრიცხვას არ აჩენდა. მანსვეტაშვილს უთხრა: მე რომ ნამდვილი ხარჯთაღრიცხვა წარმედგინა, თქვენ ამ შენობას თვალითაც ვერ ნახავდითო. ერთხელ ნიკოს სიმწრით მოგროვილი ფული მოიპარეს კიდეც. გაიგო, ვინც იყვნენ ქურდები, მაგრამ არ უჩივლია მათთვის - "სინდისმა გაასამართლოსო". ეს შენობა მილიონ ოქროს მანეთზე მეტი დაჯდა. ამოდენა ფულის შოვნას მაშინდელ საქართველოში ფიქრადაც ვერავინ გაიტარებდა, მაგრამ ნიკო ცხვედაძემ ეს შეძლო. "ქართველებს მოწყალების გაღება ასწავლაო", - ამბობს მასზე ზაქარია ჭიჭინაძე. მშენებლობაზე მისვლა ჰყვარებია წმინდა ილია მართალს, ახალგაზრდებს ხშირად ეუბნებოდა: "თქვენ მერე დააფასებთ ნიკოლოზ აღმაშენებლის ღვაწლსაო".

ამდენმა შრომამ, ნერვიულობამ, ტვირთმა დაასნეულა ნიკოლოზი. მაგრამ საქმე მაინც ბოლომდე მიიყვანა. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებშიც ისევ თავისი წამოწყების სრულყოფილად დამთავრებაზე ფიქრობდა. უკანასკნელად, როდესაც მომაკვდავი კავთისხევიდან ეტლით თბილისში მოჰყავდათ, კვლავ მომავალი უნივერსიტეტის შენობაზე ფიქრობდა. "საქართველოს სამხედრო გზიდან რაღაც გრძნობით იცნო ის ადგილი, - გადმოგვცემს ბაგრატიონ-დავითაშვილი, - საიდანაც ჩანდა გიმნაზიის შენობა, გაიღიმა, წამოდგა, დიდხანს უცქეროდა შენობას და გაბრწყინვებული სახით, დაღლილი, უსიტყვოდ დაეცა ეტლში".

ნიკო ცხვედაძე 1911 წლის 30 ოქტომბერს (ძვ. სტ.) გარდაიცვალა და მადლიერმა ქართველებმა დიდუბის პანთეონში, დავით სარაჯიშვილის ანდერძის თანახმად, მის გვერდით დაკრძალეს (საგულისხმოა ისიც, რომ დავითის დაკრძალვა დიდუბეში მხოლოდ ნიკოს დაჟინებული თხოვნით მოხდა, თორემ სარაჯიშვილის ახლობლებს სხვაგან სურდათ მისი დამარხვა). როცა მიცვალებული სახლიდან (ბელინსკის ქუჩიდან) ქაშვეთისკენ გამოასვენეს, კუბოს ქართული გიმნაზიის მოწაფეები შეუდგნენ და ტაძრამდე ხელით მიასვენეს. წირვა აღავლინა და მიცვალებულს წესი აუგო ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა. მწარედ დაიტირა მეგობარი იაკობ გოგებაშვილმა, ნიკოს დაკრძალვის შემდეგ ინახულა დიდუბის ტაძრის დეკანოზი ნიკიტა თალაკვაძე და სთხოვა, ნიკო ცხვედაძისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის საფლავებს შორის ადგილი დამიტოვეო. დაკრძალვისას სიტყვა წარმოუთქვამს აკაკი წერეთელს: "ნეტავ იმას, ვინც საზოგადო მოღვაწის სახელი სიცოცხლეშივე მოიპოვა და სიკვდილის შემდეგაც კვალი დასტოვა! ამგვართაგანს ეკუთვნოდა ის, ვის ცხედარსაც დღეს სამარადისოდ ვკრძალავთ... საქმე მისი ყველასთვის ცხადი იყო! ის იყო თავისი თავის განხორციელებული ბიოგრაფია და მიტომაც არ არის საჭირო ბევრის ჩამოთვლა! საკმარისია მივუთითოთ მხოლოდ ერთს - იმ შენობას, რომელიც მან საოცარი ენერგიით აუგო მოზარდ ახალ თაობას თავშესაფრად, იმავე დროს აიგო თავისი ძეგლიც. საუკუნოდ იყოს მაგის სახსენებელი".

გავიდა ხანი. 1918 წლის 26 იანვარს (ძვ. სტ.) თბილისში უნივერსიტეტი გაიხსნა სწორედ ქართული გიმნაზიის შენობაში. ასრულდა "სკოლის ფანატიკოსის", ნიკოლოზ ცხვედაძის ოცნება. ღმერთმა გვიმრავლოს დღესაც მისნაირი მამულიშვილები.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat