რწმენა ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობისა ისე შეეზარდა ქართველი ერის ცნობიერებას, რომ არასოდეს, უმძიმესი გასაჭირის ჟამსაც კი, სამეფო დინასტიის შეცვლაზე სიტყვაც არავის დასცდენია. ბაგრატიონთა ხელმწიფობაში ღვთაებრივი ნების გაცხადებას ხედავდა ქართული ეკლესიაც.
აშოტ I ბაგრატიონიც თავდაპირველად ქართლის ერისმთავარი ყოფილა. "სახლად მისა იყო ბარდავი და ტფილისი, და ჰქონდა მას ქუეყანა, რომელ არს გარემოს მისსა". ამ დროს უკვე "მოუძლურებულ იყვნენ სარკინოზნი", თუმცა თბილისის ამირა ქართლის ერისმთავრის ძლიერ მეტოქედ რჩებოდა. არაბი მმართველები ყოველთვის ეჭვით უყურებდნენ წარჩინებულ და პირადი ღირსებებით გამორჩეულ ქრისტიანებს და მათ გადაბირებას ან მოსპობას ყოველი გზით ცდილობდნენ. ასეთ შევიწროებას განიცდიდა აშოტ ბაგრატიონიც, რადგან თანამედროვეთა შორის გამორჩეულმა, მამაცმა და მოქნილმა პოლიტიკოსმა დაქუცმაცებული ქვეყნის გაერთიანებისათვის დაიწყო ბრძოლა და რამდენიმე გამარჯვებასაც მიაღწია. იგი ქართლში არაბთა წინააღმდეგ მომხდარი აჯანყების სულისჩამდგმელი იყო. ამიტომ არაბებმა "იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა. და ვერა უძლო წინააღდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან და წარემართა, რათა წარვიდეს საბერძნეთად". ბიზანტიისაკენ მიმავალ გზაზე ერისმთავარი ოჯახითა და მხლებლებითურთ ღამის გასათევად ფარავნის ტბასთან შეჩერდა. როცა გრძელი გზით დაღლილებს რული მოერიათ, თავს მოულოდნელად არაბთა მარბიელი ლაშქარი დაესხათ. უთანასწორო ბრძოლა გაუმართეს ქართველებმა მომხდურებს. "მაშინ შეეწია აშოტს ღმერთი და მცირედითა სპითა მოსწყვიდნეს სარკინოზნი ურიცხვნი და წარიოტნა ყოველნი". ღრმად მორწმუნე აშოტ ბაგრატიონმა ამ გამარჯვებაში უფლის ნება და მხარდაჭერა დაინახა და სამშობლოს დატოვება გადაიფიქრა. იგი ბიზანტიის ნაცვლად ტაო-კლარჯეთში, ბაგრატიონთა საგვარეულოში, დაემკვიდრა.
მურვან-ყრუს მიერ აოხრებული ტაო-კლარჯეთის მკვიდრნი "მოეგებნენ აშოტსა და შეიყუარეს ფრიად". სამხრეთ საქართველოში აღმშენებლობა დაიწყო. აშოტმა უწინარეს ყოვლისა ნანგრევებად ქცეული არტანუჯი "აღაშენა ეგრეთვე ციხედ და წინა კერძო მისსა, ქუშეთ აღაშენა ქალაქი". ზოგი სოფელი იყიდა, ზოგი ახლად დააფუძნა, ზოგი ბრძოლით წაართვა სარკინოზებს; შეაკეთა და გაამაგრა სამხრეთ საქართველოს ციხესიმაგრეები.
დიდ სავაჭრო გზასაყარზე მდებარე არტანუჯი მალე დაწინაურდა და სამხრეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ქალაქად იქცა. აშოტ ბაგრატიონის ხელშეწყობით ტაო-კლარჯეთში ფართოდ გაიშალა საეკლესიო მშენებლობაც, რომელსაც გრიგოლ ხანძთელი ედგა სათავეში. მანამდე კაცთაგან მიუვალ ადგილებში აშენდა ეკლესიები, აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება.
თანდათანობით გაძლიერდა ტაო-კლარჯეთი და დაქუცმაცებული და დამონებული საქართველოს სამხრეთში ახალი, ძლიერი და დამოუკიდებელი სამთავრო შეიქმნა, რომელიც VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე უკვე ქართველთა სამეფოდ იწოდებოდა, ხოლო თავად აშოტ ბაგრატიონი - მეფედ. ბიზანტიის კეისარი მას არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში დასაყრდენად მიიჩნევდა, ამიტომ კურაპალატობა უბოძა.
არაბი მმართველები იოლად არ შეგუებიან სამხრეთ საქართველოში გავლენის დაკარგვას. ბევრჯერ სცადეს ტაო-კლარჯეთის ომით დაბრუნება, მაგრამ "მრავალგზის მოსცა ღმერთმან ძლევა ძლიერი სარკინოზთა ზედა" აშოტ ბაგრატიონს. ამის შემდეგ არაბებმა ქართლის დიდი ნაწილი კახეთის მთავარს გრიგოლს დააპყრობინეს. აშოტ კურაპალატს ბრძოლით მოუხდა კანონიერი სამთავროს დაბრუნება. ეს იყო პირველი ნაბიჯი საქართველოს მომავალი გაერთიანებისაკენ.
არაბებმა ცხადად დაინახეს საფრთხე, რომელიც სამხრეთ საქართველოდან ელოდათ. და აი, 825 წელს "მოვიდა ხალიდ იაზიდის ძე არაბი" და ტაო-კლარჯეთში დიდი ლაშქრობა განიზრახა. წარუმატებლობის შიშით არაბებმა ნაცად ხერხს მიმართეს - აშოტ კურაპალატს მოსყიდული მოღალატეები მიუგზავნეს. 826 წლის 29 იანვარს ქალაქიდან მცირე ამალით გამოსულ მეფეს მკვლელები დაესხნენ თავს. აშოტ კურაპალატმა ბრძოლით გაიკაფა გზა არტანუჯისკენ, მაგრამ ციხეში შესვლა ვეღარ მოასწრო. როცა მდევრები წამოეწივნენ, მეფემ თავი ეკლესიას შეაფარა, მაგრამ მოღალატეები ფეხდაფეხ მიჰყვნენ და ტაძარში, საკურთხეველთან, მოკლეს.
როგორც მემატიანე იტყვის, "სისხლი მისი, რომელი მაშინ დაითხა, აწცა იხილვების, ვითარცა ახალი".
"ჰოი, მეფეო ჩემო, ძლიერო და დიდებულო, სიმტკიცეო ეკლესიათაო და ზღუდეო ქრისტეანეთაო!" - ასე გამოეთხოვა თურმე წმინდა გრიგოლ ხანძთელი ღვთისმოსავ ხელმწიფეს. აშოტ კურაპალატი არტანუჯის ტაძარში დაკრძალეს. ქართულმა ეკლესიამ მოწამებრივად აღსრულებული მეფე წმინდანად შერაცხა და ხსენება მისი მოკვდინების დღეს, 29 იანვარს (ახალი სტილით - 11 თებერვალს), დააწესა.
ერეკლე ბიბიჩაძემ