დავწვი ჩემი გემები, რომ უკან დაბრუნება აღარ შემეძლოს
დავწვი ჩემი გემები, რომ უკან დაბრუნება აღარ შემეძლოს
ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო
14 ივნისი (ახ. სტილით) იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების დღეა. თუმცა კი დაგვიანებით, მაგრამ მაინც გავიხსენოთ ეს დიდებული ქართველი, რომლის წინაშე თითოეული ჩვენგანი ვალშია.

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 27 ოქტომბერს, გორიდან 7-8 კილომეტრის მოშორებით, მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სოფელ ვარიანში. მამამისი სიმონი ახალდაბელი ყოფილა, მაჩაბლიანთ ყმა, ბატონს გამოქცევია და აქ დასახლებულა. კარგა ხნის შემდეგ შეურთავს დირბელი ბეჟან კალმახელიძის ქალი მარიამი და მღვდლადაც უკურთხებიათ. რვა შვილი შესძენიათ. მაგდანა (ასე ეძახდნენ მარიამს), მეტად პატიოსანი, შვილების მოყვარული და გულკეთილი ქალი, ჭირსა თუ ლხინში მამა სიმონის მრევლის ნუგეში და შემწე ყოფილა.

შვიდი წლის იაკობმა ზეპირად იცოდა დედის მიერ ნაამბობი ქვეყნიერების გაჩენის ამბავი, იესოს ცხოვრება, იგავ-არაკები, ხალხური ლექსები. ტოლ-ამხანაგებში რომ გაერეოდა, სახლში გაგონილს ახლა მათ ასწავლიდა ხოლმე.

სოფელ ვარიანს სამხრეთით დიდი ჭაობი ეკვროდა. ამის გამო სოფელში არაჯანსაღი ჰავა იყო. სწორედ ეს გახდა მიზეზი იაკობის ფილტვებით გამუდმებული ავადმყოფობისა. მისი დედა, ძმა და დაც ჭლექმა გამოასალმა სიცოცხლეს.

რვა წლის იაკობი მამამ გორის სასულიერო სემინარიაში შეიყვანა. ბიჭი მონდომებით დაეწაფა სწავლას. მხოლოდ მისი სუსტი ჯანმრთელობა აწუხებდათ. გორში იაკობი ერთი რუსის ოჯახს მიაბარეს, სადაც რუსული წერა-კითხვაც შეისწავლა. ერთი წლის შემდეგ იაკობმა სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. პირველიდან უკანასკნელ კლასამდე ერთ-ერთ საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა. ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ბუნებით იყო მშვიდი, სულგრძელი, კაცთმოყვარე, ძალზე ღვთისმოშიში, დიდად მლოცველი და მემარხულე. ღვთისმეტყველებას უდიდეს მეცნიერებად რაცხდა და წმინდა მამათა ცხოვრებას დღედაღამ გატაცებით კითხულობდა. იმ დროს ბერობა ენატრებოდა, ყველაზე უფრო ძნელი მოღვაწეობა - ბერობა-მესვეტეობა.

1961 წელს იაკობმა წარჩინებით დაამთავრა სემინარიას და მოისურვა, სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განეგრძო. ამის ნება რომ მიეცათ, საჭირო გახდა, სემინარიის ადმინისტრაციისთვის ჯანმრთელობის ცნობა წარედგინა. ექიმს გაუსინჯავს და უთქვამს: ამჟამად სრულიად ჯანმრთელი ხარ, მაგრამ ფილტვები დაბადებიდანვე სუსტი აგებულებისა დაგყოლია, რუსეთის სიცივეს ვერ აიტან და შეიძლება დასნეულდეო. ცნობაშიც ასეც ჩაუწერია. სემინარიის ადმინისტრაციას არჩევანი იაკობისთვის მიუნდვია და ისიც უყოყმანოდ გამგზავრებულა კიევში.

დაიწყო სწავლა და დაიწყო იაკობის უძილო ღამეებიც. წლის ბოლოს უკვე მეორე სტუდენტი იყო და აკადემიაში ამბობდნენ, კურსის დამთავრების შემდეგ "ქართველი" აკადემიაში დარჩება ბაკალავრადო.

იმდროინდელი ახალგაზრდები გატაცებულნი იყვნენ პიროგოვისა და უშინსკის თხზულებებით. როგორც ამბობენ, მათი გავლენით გაუჩნდა გოგებაშვილს პედაგოგობის სურვილი.

წლის დამლევს იაკობი ტვინის ანთებით გახდა ავად. იყო ჟამიც, როცა მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. რამდენიმე კვირაში თავი დააღწია ამ ავადმყოფობას, მაგრამ ახლა სხვა მტერი გამოუჩნდა: დააწყებინა ხველება, თანდათან უმატა, ზედ დაერთო გამუდმებული სიცხე... მესამე წელს უკვე სისხლს აღებინებდა. ჭლექის სხვა ნიშნებიც ცხადად გამოაჩნდა. იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

KARIBCHE KARIBCHE

1863 წელს იაკობი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად დანიშნეს. იმ დროს სასულიერო სასწავლებელი და სემინარია ერთ შენობაში იყო მოთავსებული. ამ შენობაში დაბინავდა იაკობიც. საშინელ მდგომარეობაში ყოფილა იმხანად სემინარია - ბავშვებს მთავრობისგან სწავლისთვის გამოყოფილ ფულს ჰპარავდნენ, მაგრამ ამაზე უარესი ის იყო, რომ სულიერებისგან ძარცვავდნენ. სემინარიის ხელმძღვანელი ვინმე კუვშინსკი გახლდათ. "იმ წყეულმა ყველაფერი ისე მოაწყო, - წერს თავის მოგონებებში ვასილ ბარნოვი, - რომ გულიდან აღმოფხვრა ყოველგვარი ნასახი ქართველობისა. სწავლა - რუსულად, სიმღერა-გალობა - რუსულად... არასოდეს სემინარიის კედლებში სისაძაგლე ისე არ ყოფილა, როგორც მაშინ". და აი, ამ ზნეობრივ წყვდიადში გამოაშუქა განათლების, ქველობისა და კაცთმოყვარეობის ბრწყინვალე ლამპარმა - ეს იყო იაკობ გოგებაშვილი, რომელიც სასწავლებლის ზედამხედველად განაწესეს.

იაკობმა თანამდებობის ჩაბარებისთანავე აკრძალა სასწავლებელში მოწაფეთა დასჯა. გარდა ამისა, ამოარჩია მოწინავე მოსწავლეები, რომელთაც თავისთან იბარებდა, ჯერ ავარჯიშებდა, მერე გაკვეთილებს ასწავლიდა, რა თქმა უნდა უსასყიდლოდ. იაკობი ენერგიას არ იშურებდა, რომ მოწაფეებისთვის წიგნის სიყვარული ჩაენერგა. გაკვეთილებზე თავისუფალ დროს მსჯელობაში მთელ კლასს აიყოლიებდა. ყველას ჰქონდა უფლება, გამოეთქვა თავისი აზრი. ეს მეორე კლასიდან თითქმის წესად აქცია და ამით მოსწავლეთა დიდი სიყვარული დაიმსახურა. მალე მისი მოწაფეები მთელს საეგზარქოსოში აღარავის უთმობდნენ პირველობას.

ზედამხედველის მძიმე და შრომატევად საქმიანობასთან ერთად იაკობი ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდა. 1865 წელს მან გამოსცა პირველი სასწავლო-საანბანო წიგნი "ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის". იაკობი თავისი სახელმძღვანელოს მთავარ ღირსებად იმას მიიჩნევდა, რომ მოსწავლე ანბანით კი არ იწყებდა სწავლას, არამედ სიტყვებით, რის შედეგადაცო, - ამბობდა გოგებაშვილი, - ის "პირველვე დაინახავს სწავლაში აზრსა, ამიტომ რომ ყველა სიტყვა ხატავს რაიმე აზრსა, აჩვენებს რომელიმე საგანს".

იაკობმა სასწავლებელში თითქმის გაამეფა ქართული სული. სწორედ იმ ხანებში მივიდნენ სემინარიაში მასწავლებლებად რუსეთიდან ახალდაბრუნებული ნიკო ცხვედაძე და გიორგი იოსელიანი.

სასწავლებელს ეგზარქოსი ევსევი რომ ეწვეოდა, ყველას შიშის ზარი დაეცემოდა. მასწავლებლები მონებივით ეხვეოდნენ გარს, იაკობი კი ყოველთვის ამაყად თავაწეული, წარბშეკრული, ხმამაღლა და თამამად ელაპარაკებოდა. ევსევს ეს არ მოსწონდა, მაგრამ იაკობს ვერაფერს უბედავდა.

1874 წელს, როცა იაკობი თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა, ამ სასწავლებლის რევიზია მოახდინა უწმინდესი სინოდის ობერპროკურორის რწმუნებულმა კერსკიმ. რევიზიის დროს იაკობი ავად იყო, ფილტვებიდან სისხლს აღებინებდა და სასწავლებელში მისვლა ვერ შეძლო. ამით ისარგებლა სასწავლებლის ადმინისტრაციამ და კერსკის საიდუმლო მოხსენებაში დააწერინა, თითქოს იაკობ გოგებაშვილი თავის ბინაზე ფარულად აწყობდა ახალგაზრდების შეკრებას. გადასწვდნენ ქართველ მასწავლებლებსაც - სასწავლებლიდან რუსი პედაგოგების გაყრა უნდათ, სემინარიაში ქართული ენის კათედრის დაარსებას ცდილობენ, მოსწავლეებს ქართულად ელაპარაკებიან და გამოცდებზეც არ ერიდებიან ქართული ენის ხმარებასო, იაკობს კი, როგორც თვითონ ამბობდა, "პოლიტიკურ ორგულობასა და სეპარატიზმს სწამებდნენ". იმასაც არ მოერიდნენ - სასწავლებლის შემოსავალ-გასავლის წიგნი მოიპარეს, რომ გოგებაშვილისთვის თანხების გაფლანგვა დაებრალებინათ.

კერსკის რევიზიამ გაჭრა: იაკობი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, თანამდებობიდან მოხსნეს.

გოგებაშვილი რამდენიმე დღე საშინლად ღელავდა, ერთ დღეს კი ძლივძლივობით წამოდგა ფეხზე, ჩაირბინა ვერის დაღმართი, მტკვრის ნაპირას ჩავიდა და თავის მოსაკლავად წყალში შევიდა. ამ ამბავს შემთხვევით შესწრებია ნიკო ცხვედაძის მამა და გრძნობადაკარგული იაკობი წყლიდან გამოუყვანია.

მთელი თვე იწვა გოგებაშვილი წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოს ნერვულ განყოფილებაში. მოკეთდა, დამშვიდდა. თანამდებობიდან მოხსნისთანავე მთავრობამ ბინა ჩამოართვა, ამიტომ ნიკო ცხვედაძემ, ერთგულმა მეგობარმა, გადაიყვანა თავისთან და დროებით შეიფარა.

იაკობმა გადაწყვიტა, ოფიციალურ სამსახურში აღარ ჩამდგარიყო და ზამთრის ერთ საღამოს მთელი ბღუჯა საბუთები შეუძახა ბუხარში. "რა იყო, იაკობ? რა ქაღალდები უთავაზე ამ ჩვენს მხიარულ ბუხარს?" - ჰკითხა ღიმილით ნიკომ. "დავწვი ჩემი გემები, რომ უკან დაბრუნება აღარ შემეძლოს, - წარმოთქვა იაკობმა, - ატესტატი სემინარიისა, მოწმობა აკადემიისა, ნამსახურობის სია და სხვა საბუთის ქაღალდები - ყველანი ცეცხლს მივართვი. ვაი თუ მაგათ წყალობით კიდევ გამღვიძებოდა სურვილი სამსახურში შესვლისა... ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმაროო". გახარებულმა ნიკომაც შეჰფიცა: "ქვეყნის სამსახურს, იაკობ, არც მე გავექცევი, ვფიცავ პატიოსნებას და იმ ქვეყნის მომავალსო". ეს მათი ძმობის ფიციც იყო.

1976 წელს იაკობი "ქართული ანბანის" ნაცვლად უკვე "დედა ენას" გამოსცემს და ამავე წელს ნიკო კეცხოველთან ერთად შეუდგება "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" შექმნას. საზოგადოების ჩამოყალიბების იდეა სამოციანი წლების მეორე ნახევარში გაჩნდა, იოსებ მამაცაშვილის ბინაზე არსებულ ლიტერატურულ სალონში, სადაც იკრიბებოდნენ დიმიტრი ბაქრაძე, კონსტანტინე მამაცაშვილი, ვახტანგ თულაშვილი, ანტონ ფურცელაძე, თვითონ იაკობი და ნიკო და სხვანი. ამ სალონმა რამდენიმე კერძო სკოლა დააფუძნა, მაგრამ საქმის ვითარებამ ყველა დაარწმუნა, რომ ამ მამულიშვილური საქმისთვის თითო-ოროლა სკოლა არ კმაროდა, ფართო საზოგადოების დაარსება იყო საჭირო. ასეთი საზოგადოება უკვე არსებობდა უკრაინაში. წრის წევრებმა ვახტანგ თულაშვილს დაავალეს, თავისი სიმამრის ზაქარია ერისთავის დახმარებით რუსეთიდან საზოგადოების წესდება გამოეთხოვა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა იაკობის ზემოხსენებული ავადმყოფობა. ჩამოვიდა წესდება, მაგრამ ამ საქმით არავინ დაინტერესებულა, სანამ ისევ გამოკეთებულმა იაკობმა არ ამოაძვრინა თულაშვილის მაგიდის უჯრიდან ეს დოკუმენტი.

საზოგადოებას სამსახურიდან დათხოვილი გოგებაშვილი რომ ჩასდგომოდა სათავეში, წესდებას ალბათ არავინ დაამტკიცებდა. დიდი განსჯის შემდეგ იაკობმა და ნიკომ "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხელმძღვანელობა ყველასგან პატივცემულ დიმიტრი ყიფიანს შესთავაზეს.

KARIBCHE

გაჩაღდა "შაბათის კრებები". წესდების შემუშავებისას მცირე უთანხმოებამ იჩინა თავი: იაკობს სურდა, მასში საგნების დედა ენაზე შესწავლის მუხლი შეეტანათ. დიმიტრი ყიფიანის აზრით, მთავრობა ამ მუხლს არ დაამტკიცებდა, იაკობი კი ამბობდა, მეფისნაცვალი საქართველოდან დროებით წასულია და მისი თანაშემწე სტაროსელსკი, რომელსაც მეორე სამშობლოდ მიაჩნია საქართველო, მისი მოვალეობის შემსრულებელს წესდებას უთუოდ დაამტკიცებინებსო. მართლაც ასე მოხდა. საზოგადოების კრებაზე გამგეობის თავმჯდომარედ დიმიტრი ყიფიანი აირჩიეს, მდივნად - იონა მეუნარგია.

1879 წლიდან საზოგადოება შეუდგა ხანგრძლივ და ნაყოფიერ საქმიანობას. მას იმთავითვე დიდად შეეწია სათავადაზნაურო ბანკი, რომელმაც ილია ჭავჭავაძის მოწოდებით 11 000 მანეთი გაიღო საზოგადოებისთვის.

იაკობის წინადადებით 1880 წელს თბილისში გაიხსნა პირველი ქართული სახალხო სკოლა.

80-იანი წლებიდან დაიწყო იაკობ გოგებაშვილის ნაყოფიერი პედაგოგიურ-ლიტერატურული მოღვაწეობის ახალი პერიოდი. ამავე წლებში მან საფუძვლიანად გადააკეთა თავისი სახელმძღვანელოები. სტამბაში "დედა-ენის" შეკვრას ვერ აუდიოდნენ, შეუკვრელს იტაცებდა ხალხი. თვითონაც მთელი პასუხისმგებლობით უდგებოდა წიგნების ბეჭდვას, სტამბაში ხუთ შაურს აძლევდა ყველას, ვინც წიგნში გაპარულ შეცდომას აღმოაჩენდა.

იაკობმა კარგად იცოდა დედა ენის ფასი. მშობლიურ მეტყველებას ის "სულის ენას" უწოდებდა, სხვა ენების ცოდნას კი "მეხსიერების მონაპოვრად" მიიჩნევდა. მრავალი წერილი უძღვნა ქართული ენის უუფლებო მდგომარეობას და მშობლიური ენის სწავლების მეთოდებს. მისი აზრით, ძალზე ცდებოდნენ ის მშობლები, რომლებიც შვილებს ადრეულ ასაკში მშობლიურთან ერთად რამდენიმე უცხო ენას ასწავლიდნენ, რადგან "შთაბეჭდილებანი უცხო ენისა ასუსტებენ და ჰშლიან დედაენის შთაბეჭდილებათა... დედა-ენის გაცვლა უცხო ენაზედ მაშინაც კი ადაბლებს კაცის გონებას და უსუსტებს ზნეობრივ ძალასა, როდესაც იგი სტოვებს თავის სამშობლო ქვეყანას, შორდება მის ბუნებას და ვარდება უცხო ცხოვრებისა და გავლენის ქვეშ". მართლაც რომ სადღეისოდ არის ნათქვამი იაკობის ეს სიტყვები... მკითხველს ვურჩევთ, მოიძიოს გოგებაშვილის მშვენიერი წერილი "ბურჯი ეროვნებისა", წაიკითხოს კიდევ ერთხელ და წააკითხოს ემიგრანტ ქართველებს, რომელთა ნაწილს უჭირს უკვე ქართულად ლაპარაკი.

იმ მძიმე წლებში, როცა ყოველივე ქართული იდევნებოდა, "არნოლდ ჩიქობავას მოხდენილი თქმით, გოგებაშვილის "დედა ენა" და "ბუნების კარი" ქართული ენის ბურჯი იყო და სახალხო განათლების ფარ-ხმალს წარმოადგენდა. ამ წიგნების ღირსება და იაკობის ავტორიტეტი იყო მიზეზი, რომ მისმა მტრებმა ვერ შეძლეს ამ სახელმძღვანელოების სკოლიდან გაძევება, თუმცა მთავრობა ზოგჯერ საგანგებო ბრძანებითაც კი კრძალავდა მათ.

იაკობი 22 წლის განმავლობაში (1879-დან 1901 წლამდე) "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო. მისი უშუალო ინიციატივით გამგეობის სხდომებზე მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული. მაგალითად, პეტრე უმიკაშვილს ხალხური სიტყვიერების შეკრება დაევალა, სხვებს - სახელმძღვანელოების თარგმნა, საქართველოს სხვადასხვა სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკები...

გოგებაშვილმა თავისი ქართულად და რუსულად დაწერილი წიგნებიც და მთელი ქონებაც ანდერძით წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა.

ერთხელ პეტრე მირიანაშვილს იაკობისთვის შეუჩივლია: განჯაში ნიკო ბარათაშვილის საფლავი ობლად არის მიგდებულიო. გოგებაშვილი მაშინვე დაფაცურდა: ეს რა კარგი აზრი მოგსვლია, ბარათაშვილი უნდა გადმოვასვენოთო. გაქცეულა ილიასთან. ისიც აღფრთოვანებულა, მოუწვევია საზოგადოების სხდომა და ეს მამულიშვილური საქმეც აღსრულებულა. 1893 წლის აპრილში ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტი თბილისის მიწას მიაბარეს. ეს დღე ეროვნული გრძნობების დიად დემონსტრაციად იქცა და კიდევ ერთხელ შეაკავშირა ქართველობა.

მრავალმხრივი იყო იაკობის ერისმსახურება. აკაკი წერეთლისთვის მიუწერია ერთხელ: "საზოგადოდ უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ჩემს წიგნსაც (თავის ნაწარმოებთა ახალგამოცემულ პირველ ტომს ახსენებს - კ.კ.) არ მოეპოვება არც ერთი სიტყვა, არც ერთი ფრაზა, რომელიც ნათქვამი იყოს სახელის გულისთვის. ყოველ შემთხვევაში, მე სახეში მქონდა და მაქვს სიკეთე ჩემი ტანჯული ერისა და სხვა არაფერიო". იაკობი დიდ ილიასთან ერთად იმდროინდელი ქართველი საზოგადოების ნამდვილი პატრონი, მოამაგე და ჭირისუფალი იყო. თუ პოლიტიკის შესახებ წამოიჭრებოდა საკითხი და მტრისთვის პასუხი იყო გასაცემი, ქართველები ჭავჭავაძეს მისცვივდებოდნენ, გვიშველეო, ხოლო როცა სწავლა-აღზრდის საკითხი წამოიჭრებოდა და ქართული ენის სწავლების აუცილებლებლობის საქმე იყო გასარჩევი, იაკობ გოგებაშვილს დაუწყებდნენ ცქერას. "ის იყო ქართველთა საესავი, მისგან მოელოდნენ გაჭირვებისგან ხსნას" (თ. სახოკია).

KARIBCHEმტერი კი ბევრი იყო, შინაური თუ გარეული, გარუსებული ქართველები და ქართველთმოძულე რუსები, იანოვსკი თუ ვოსტორგოვი, ჯაბადარი თუ გიორგი მუხრან-ბატონი. ამ ბრძოლამ დააკავშირა იაკობი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსთან. ისინი გაჭირვების ჟამს მუდამ გვერდით ედგნენ ერთმანეთს. ჯერ კიდევ 1875 წელს წმინდა გაბრიელი ცდილობდა იაკობი ევსევის რისხვისგან დაეცვა. გოგებაშვილიც სიყვარულით შესცქეროდა დიდ მღვდელმთავარს, მისი ინიციატივით წმინდა გაბრიელი "წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" საპატიო წევრად აურჩევიათ. მღვდელმთავარსაც კარგად ესმოდა ამ ორგანიზაციის მნიშვნელობა და შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა.

დიდად განიცადა იაკობმა გაბრიელის ავადმყოფობა. მასთან ეპისკოპოსის მესენაკე მამა მარკოზ სხირტლაძე მისულა და გაბრიელის დავალებით ყველაფერი დაუფარავად უთქვამს მღვდელმთავრის სნეულებაზე. იაკობს ცხარე ცრემლები უფრქვევია და აკანკალებული ხელით დაწერილი უსტარი გაუტანებია მამა მარკოზისთვის ძვირფას ადამიანთან. "ორი-სამი კურცხალი ნაწერზეც დაეცა, მაგრამ გოგებაშვილს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიაო", - იგონებს მესენაკე.

გაბრიელის გარდაცვალებამ (1896 წ. 26 იანვარს) ძალზე შეაწუხა მისი საამაყო მოწაფე. იაკობმა რამდენიმე გულთბილი წერილი მიუძღვნა გაბრიელის ხსოვნას და მრავალი გონივრული ღონისძიებაც დასახა წმინდა მღვდელმთავრის ხსოვნის უკვდვსაყოფად.

ბევრი რამ შეიძლება ითქვას წმინდა ილია მართლისა და იაკობის ურთიერთობაზე. ჩვენ მხოლოდ ორ ეპიზოდს გავიხსენებთ. ალ. ფრონელი (ყიფშიძე) ჰყვებოდა: "მე და გიგა (მისი ძმა - კ.კ.) ერთ საღამოს ილიასთან ვიყავით. შემოიტანეს იაკობ გოგებაშვილის სასწრაფო წერილი. სასწრაფო იმიტომ, რომ პასუხს ახლავე მოითხოვდა, წერილი მრისხანე იყო და უკმეხად დაწერილი. ილია თავის კაბინეტში შევიდა პასუხის დასაწერად, გაიარა ერთმა საათმა, გაიარა მეორემ, მაგრამ ილია არ გამოდიოდა. ჩვენ გაკვირვებაში ვიყავით, - განა რას სწერდა იმოდენას... ბოლოს, როგორც იყო გამოვიდა და წაგვიკითხა, რაც დაეწერა, სულ რამდენიმე სტრიქონი იყო, ხუთი თუ ექვსი. პასუხი მეტისმეტად თავაზიანი და მტკიცე იყო. როცა მე და გიგამ განცვიფრება გამოვხატეთ პასუხის მეტისმეტი თავაზიანი კილოს და პაწია ბარათზე დახარჯული დიდი დროის გამო, ილიამ გვიპასუხა: იაკობ გოგებაშვილი პატარა კაცი კი არ არის, ბევრი რამ, რასაც ის მოიწერება, ან რასაც იმას მისწერენ, შეიძლება ისტორიის ხვედრი გახდესო... შემდეგ კაბინეტში რომ შევიხედე, მთელი იატაკი გადახეული ფოსტის ქაღალდებით იყო სავსეო.." ილიას მკვლელობა რომ შეიტყო, ბევრი უტირია იაკობს, მის ცხედართან კი მშვენიერი სიტყვა წარმოუთქვამს.

რამდენიმე წლის შემდეგ ილიას მკვლელები დაიჭირეს. სასამართლომ მათ სიკვდილი მიუსაჯა. ამან ძალზე შეაწუხა იაკობი: ილიამ ხომ დიდი ხნით ადრე ლექსში "მამაო ჩვენო" მიუტევა თავის მკვლელებს, ეს ხომ ილიას ანდერძის დარღვევა იქნებაო, იმ ილიასი, რუსეთის სათათბიროში სიტყვა რომ წარმოთქვა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგო. იაკობმა და მისმა მეგობრებმა ითათბირეს და გადაწყვიტეს, ილიას მეუღლეს ოლღას (თუ, რა თქმა უნდა, მოისურვებდა) ეშუამდგომლა მკვლელებისთვის. ოლღას იაკობი ეწვია. როგორც ბავშვს, ნელა, გარკვევით აუხსნა, რისთვის იყო მისული. ოლღა ბეჯითად უსმენდა, ლოყებზე ცრემლი ჩამოსდიოდა და თანხმობის ნიშნად თავს აქნევდა. როდესაც იაკობმა შუამდგომლობა წაუკითხა, ტირილით თქვა: რასაკვირველია, მე თვითონაც ვფიქრობდი ამას, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ რა მექნაო, - და უყოყმანოდ მოაწერა ხელი შუამდგომლობას.

მას შემდეგ, რაც ფლტვები დაუავადდა და ჭლექის ნიშნები გამოაჩნდა, იაკობი სულმთლად შეიცვალა. თავიდან განდეგილივით ცხოვრობდა, მაგრამ საზოგადოებრივმა საქმიანობამ ხალისი დაუბრუნა და მანაც თავისი "ჭლექი გაკირა", თუმცა ეს მრავალი სურვილის შეზღუდვის ფასად დაუჯდა. ძალზე ეშინოდა ორპირი ქარის, დახუთული ჰაერის, უმნიშვნელო გაციებისაც კი. ხუმრობდნენ მასზე; ერთხელ იაკობმა თავის მოკვლა გადაწყვიტა, ფეხი მტკვარში ჩაყო და უკანვე ამოვიდა - ფილტვები გამიცივდებაო. ფილტვების ტუბეკულოზი იყო მიზეზი, რომ ცოლი არ მოუყვანია, თუმცა უნაზესი გრძნობით უყვარდა იოსებ მამაცაშვილის ასული დარია - მიიჩნევდა, რომ ჭლექი მემკვიდრეობით გადაეცა და ამიტომ ცოლის შერთვის უფლება არ ჰქონდა: "მეც მინდოდა ვყოფილიყავი ცოლ-შვილით ბედნიერი კაცი, მაგრამ რომ დავფიქრდი, თუ რა მოვალეობას ვკიდებდი ხელს და როგორ დიდ ბოროტმოქმედებას ჩავიდენდი... ცოლის შერთვით, უკან დავიხიე. ის არ იყო საკმარისი, რომ მე ავადმყოფი, ფილტვებშეშინებული ადამიანი ვიყავი, რომ სხვა ავადმყოფი ხალხი არ გამეჩინა ქვეყანაზეო", - უთქვამს ერთხელ. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული. ბავშვები კი ძალიან უყვარდა. სხვანაირი ურთიერთობა იცოდა მათთან - თბილი, ალერსიანი. ბავშვების წრეში ყოფნა, თამაში, გართობა სიამოვნებას ჰგვრიდა, აცოცხლებდა. ბავშვებიც ასეთივე განწყობით პასუხობდნენ, მისდამი სიყვარულს დიდხანს ინახავდნენ.

მეტად ჰყვარებია იაკობს სიმღერა. ხმა კარგი ჰქონია და მუშაობასა და მუშაობას შუა, თავისუფალ დროს, მუდამ ღიღინებდა თურმე. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: "ფილტვებშეშინებული" იაკობი იღლიაში თერმომეტრგაჩრილი ოთახში მიდი-მოდის და თან "ამირან გადინადირას" მღერის... ძალიან ბევრს წერდა, მუშაობდა დღეში ათ საათზე მეტს. მუდამ სწავლობდა და სხვასაც ასწავლიდა. უყვარდა მშვიდი და წყნარი, ზომიერი ცხოვრება. შინ ზედმეტი არაფერი ჰქონდა, თვით ლოგინიც კი, სტუმარი რომ დაეწვინა. რაც სახელმწიფო სამსახურს თავი დაანება, თავისი გაყიდული წიგნების საფასურით ცხოვრობდა. შემოსავლის უმეტეს ნაწილს ქველმოქმედებას ახმარდა: შეეწეოდა აკაკის, ეგნატე ნინოშვილს. თუ გაიგებდა, სადმე ვინმე ღარიბ ახალგაზრდას სწავლა უნდაო, თავისი ხარჯით მიაღებინებდა საშუალო და უმაღლეს განათლებას, ეხმარებოდა ფულით, წიგნებით, ტანსაცმლით; შეეწეოდა ფულით სახალხო მასწავლებლებს, სხვადასხვა კერძო პირსა თუ საზოგადოებას. თან სთხოვდა, ეს ამბავი არავისთვის ეთქვათ. ჰყავდა საკუთარი სტიპენდიანტები, რომელთაც მალულად უგზავნიდა ფულს. ხშირად უნახავთ იაკობის საწერ მაგიდაზე გამზადებული ფულიანი კონვერტები, რომლის ფოსტაში წაღებას მხოლოდ თავის მსახურს ანდობდა იმის შიშით, რომ მისი ქველმოქმედების ამბავი არ გამჟღავნებულიყო.

ნელ-ნელა გაიკრიფნენ ამ ქვეყნიდან მისი მეგობრები... დიდუბის ეკლესიის უფროსი მღვდლისთვის უთხოვია, ადგილი ნიკო ღოღობერიძის (მისი გულითადი მეგობარი იყო) გვერდით შემინახეო. 1912 წლის 28 აპრილს მოულოდნელად გახდა ავად და ლოგინად ჩავარდა. ცნობილი ექიმი ტიტე ქიქოძე ადგა თავს, მაგრამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ავადმყოფობამ ძალზე დაასუსტა (თურმე ნაწლავის კიბოც ჰქონია). ივნისის საღამო იყო (სხვა ვარიანტით - 31 მაისისა ძვ. სტილით). ახლობელს კიდევ ერთხელ წააკითხა თავისი ანდერძი: მინდა შევამოწმო, ხომ არავინ გამომრჩა, ან საზოგადოებას რამე ხომ არ დავაკელიო. ანდერძის წაკითხვის შემდეგ უთქვამს: "მოვრჩი ჩემი სამსახური ხალხის საქმისთვის, მისი სიკეთისთვის. რაც რჩება ჩემი სიკვდილის შემდეგ, დიდი ნაწილი ისევ ხალხსვე მოხმარდესო". ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები. მიმწუხრის ჟამს სამუდამოდ დახუჭა თვალები.

კვირას, 10 ივნისს, ქაშვეთის ეკლესიაში, სადაც დასვენებული იყო იაკობის ცხედარი, დილის რვა საათზე დაიწყო წირვა. მწირველი გახლდათ გორის ეპისკოპოსი ანტონი. წირვაზე ოთხი გუნდი გალობდა. წირვის შემდეგ სიტყვა წარმოუთქვამს დეკანოზ კალისტრატე ცინცაძეს. გაუხსენებია, რა ხშირად მიდიოდა და უცქერდა ქაშვეთის მშენებლობას იაკობი. ერთხელ კი, როცა შეუტყვია, რომ მისთვის ლოცულობდნენ: "იაკობი, ღმერთო, გამოაკეთეო", - უთქვამს: მადლობა ღმერთს, ჩემთვის ლოცულობენ, ეს კარგის ნიშანია, ვინაიდან სხვისთვის ლოცვა მარტო ზნეობრივად განვითარებულ არსებათა კუთვნილებააო.

დღის 11 საათზე სამგლოვიარო პროცესია დაიძრა და მიაღწია დიდუბის ეკლესიამდე. უამრავი სიტყვა წარმოითქვა. ყველას სურდა, უკანასკნელად მიჰფერებოდა დიდ ადამიანს.

ნიკო ღოღობერიძის გვერდით გათხრილ სამარეს მიაბარეს დიდი იაკობი. გავიდა ხანი. 1940 წელს მისი სხეულის ნაშთი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. გადასვენების ერთ-ერთი მონაწილის, პროფესორ იოსებ ბოცვაძის ზეპირი გადმოცემით, მიცვალებულს დაკერებული ფეხსაცმელი სცმია...

ფოტო მოგვაწოდა ლუარსაბ ტოგონიძემ
ბეჭდვაელფოსტა
15.09. 2014
ზაზა
- "ამ წიგნების ღირსება და იაკობის ავტორიტეტი იყო მიზეზი, რომ მისმა მტრებმა ვერ შეძლეს ამ სახელმძღვანელოების სკოლიდან გაძევება, თუმცა მთავრობა ზოგჯერ საგანგებო ბრძანებითაც კი კრძალავდა მათ." - ის რაც ვერ შესძლო რუსეთის იმპერატიულმა რეჟიმმა, შეძლო და განახორციელა "ჩვენმა ნაციონალურმა" მთავრობამ!
11.08. 2014
ელენე ბუზალაზე
ati celia casuli var samshoblodan magram sakutar enas arsad vgalatob, kargad vici sakutari qveynis fasi da arc davkargav, ucxo ena shemshi mxolod sashiroebis shemtxvevashia sashiro, namdvil qartvels es ar unda sheeshalos
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat