საგუშაგო კოშკის საზოგადოება - იეჰოვას მოწმეები
(გაგრძელება)
იეჰოველთა ღვთისმსახურება ჟურნალ "საგუშაგო კოშკს" ეფუძნება
და მას "სამეუფო დარბაზებში" აღასრულებენ. მაგალითისთვის, მოსკოვში 1996 წელს, დაახლოებით, 60 მსგავსი დარბაზი არსებობდა. რაც შეეხება მათ "ღვთისმსახურებას", ძალზე მოგაგონებთ მათსავე აგებულ შენობებს, რომელნიც უკიდურესად მოსაწყენნი არიან. ადგილობრივ პროფესიონალ სასულიერო პირთა დეფიციტი ფორმალიზმისა და უსიცოცხლო მოწყენილობის ატმოსფეროს ქმნის მათ დარბაზებში. თეორიულად, ოც წელზე მეტი ხნის ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია წამყვანობა, თუმცა, სინამდვილეში, ყოველივეს ზემდგომი აქტივისტები, ე. წ. "უხუცესები" განაგებენ. დამახასიათებელი ციტატაა: "სამღვდელო დასის ღმერთი კი, რაც სრულიად აშკარაა, იეჰოვა არ არის, ის ძველი, წარმართული ღვთაებაა, უსჯულოებით დამძიმებული ისა ბაალი, რომელიც თვით ეშმაკია" (სიტყვა "ეშმაკი" იეჰოველთა ტექსტებში მუდამ დიდი ასოთი იწერება). გამოდის, რომ მათთვის სამღვდელო დასის არსებობა ეშმაკის თაყვანისცემის კრიტერიუმია.(გაგრძელება)
იეჰოვას მოწმეებს ევალებათ კვირაში ერთხელ წიგნების შესწავლის განსაკუთრებულ შეკრებაზე დასწრება, კვირაში ორჯერ კი - "სამეუფეო დარბაზის" ღონისძიებებში მონაწილეობა.
ქალები ღვთისმსახურებაში აქტიურ როლს არ ასრულებენ, ლიდერობა მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ. ზოგადად, მათი დამოკიდებულება სუსტი სქესისადმი ქედმაღლურია, რადგან სექტის დამაარსებელი, რასელი მათ უმდაბლეს არსებებად მიიჩნევდა.
იეჰოველები ამგვარად "ინათლებიან": - შთაფლავენ "სახელითა მამისა და ძისა და სულის მიერ მართული ორგანიზაციისა", ნათლობა კონვენციებსა და კონგრესებზე ყველაზე თვალსაჩინო ადგილას მოთავსებულ რეზინის დასაბერ აუზებში ხდება.
იეჰოვას მოწმენი სიტყვა "რელიგიას" უარყოფენ და კერპთა და ქმნილებათა თაყვანისცემას უწოდებენ, თუმცა ეს ხელს სრულიადაც არ უშლით, ორგანიზაციისათვის რელიგიური სტატუსის მოსაპოვებლად იბრძოლონ.
"საგუშაგო კოშკის" ანონიმ ავტორთა აზრით, ყველა რელიგია, "მოწმეთა" გამოკლებით, "კოკაინს ჰგავს". ქრისტიანებს ღვთის გამყიდველებად და მატყუარებად იხსენიებენ, ხოლო ქრისტიანულ სწავლებასა და ტრადიციას - "ძველ ცრუ რელიგიათაგან წარმომდგარს". შეცთომილ რელიგიათა თავკაცებს კი "წყალწაღებულ ცრუპენტელებად" ნათლავენ.
თუ "საგუშაგო კოშკს" დავესესხებით, ქრისტიანი მღვდლები "ინტოქსიკაციის მდგომარეობაში არიან გაშეშებულნი", ამასთან, უსაფუძვლოდ სდებენ ბრალს პედოფილიაში, რის საფუძველზეც ასკვნიან, რომ "სამღვდელოება განაგდებს ღმერთს, უარყოფს რა... ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრებას".
იეჰოველები ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ "ქრისტიანული სამყაროს ტაძრები... ინფიცირებულია სქესობრივი გარყვნილებით" და რომ "ეკლესიის მრევლი და თვით მღვდლებიც კი თავს გარყვნილი ცხოვრების, მრუშობის, შუღლის, ლოთობის, სიძუნწის, სიცრუის, სპირიტიზმისა და კერპთაყვანისმცემლობის ნებას აძლევენ". ჟურნალი იუწყება, რომ "ქრისტიანული სამყარო და სხვა რელიგიები მალე სრულიად განადგურდება".
მგავსი განცხადებები იეჰოველებს სხვა რელიგიათა მიმდევრების წინააღმდეგ განაწყობს, უპირველესად კი იმ ქვეყნის ტრადიციულ კონფესიათა მიმდევრების წინააღმდეგ, სადაც სექტა მოქმედებს. ამგვარი აგრესია კი, ბუნებრივია, საპასუხო რეაქციას წარმოშობს.
იეჰოველთა სარწმუნოებრივი სწავლების შესახებ მსჯელობა საკმაოდ რთულია, რადგან ეს უკანასკნელი მუდმივად იცვლება. ამ სექტის არსებობის (საუკუნეზე ცოტა მეტის) მანძილზე მათი სწავლება რამდენიმეჯერ ძირეულად შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ იეჰოველთა სწავლების ყველაზე მდგრადი მახასიათებელი მისი არამდგრადობაა, ამასთან, ყოველგვარი ცვალებადობა მხოლოდ ორგანიზაციისაგან მომდინარეობს, რომელიც წყვეტს, თუ რისი უნდა სწამდეთ მის წევრებს დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. ასე რომ, შეგვიძლიათ დავასკვნათ: ერთადერთი, რისიც იეღოველებს უპირობოდ და აბსოლუტურად სჯერათ, თავად ორგანიზაციაა, რწმენის დანარჩენი ობიექტები კი (თვით იეჰოვას, მისი თვისებების, ღირსებების და ბრძანებების ჩათვლით), ისტორიიდან გამომდინარე, შესაძლოა, ორგანიზაციის ხელმძღვანელთა მიერ შეიცვალოს, თუმცა იეჰოველთა ახალ თაობებს ვერც წარმოუდგენიათ, რომ ცოტა ხნის წინ მათი ორგანიზაცია სრულიად სხვაგვარ რწმენას ქადაგებდა.
***
სექტანტები გამუდმებით აღნიშნავენ, რომ უფალს იეჰოვა ჰქვია და ეს მისი ერთადერთი სახელია, რომელზეც ყველა ეკლესიამ უარი თქვა. იეჰოველთა აზრით, ეს ამ უკანასკნელთა სატანიზმისკენ მიდრეკილებას ადასტურებს."იეჰოვა", როგორც ცნობილია, "არსებულის", "მყოფის" აღმნიშვნელი ძველებრაული სიტყვის დამახინჯებული ფორმაა. "მყოფი, რომელი ვარ", ანუ, "ვარ ის, ვინც ვარ", ამგვარად ბრძანა უფალმა, როდესაც მოსეს მაყვლოვანში გამოეცხადა, თუმცა, სახარების მიხედვით, სიტყვა "მყოფი" ძე ღმერთს, იესო ქრისტესაც მიემართება და მამა ღმერთსაც.
სექტანტთა იეჰოვას კი საერთო არაფერი აქვს არც ქრისტიანთა მამა ღმერთთან და არც იუდეველთა ღმერთთან. იეჰოველთა წარმოდგენა თავიანთი ღმერთის შესახებ უხეში და მატერიალისტურია. იგი შეზღუდულია სივრცეში, ლოკალიზებულია, არც ყველგან მყოფია და თან დროში არსებობს, ანუ უცვლელი არ არის.
"...სადაც ინტელექტია, იქ გონებაცაა, სადაც გონებაა, იქვეა ტვინი გარკვეული ფორმის სხეულში... ღმერთი პიროვნებაა სულიერი სხეულით... ცა ღმერთის "საცხოვრებელია"...
ელექტროსადგური ქალაქში ან მის მახლობლად მდებარეობს, მაგრამ ელექტროენერგიით მთელ მიდამოს ამარაგებს. მსგავს რამეს ვაწყდებით ღმერთის შემთხვევაშიც. იგი ცაში ბინადრობს, მაგრამ მისი წმინდა სული, მისი უხილავი მოქმედი ძალა, შეიძლება, ყველგან შევიგრძნოთ.
წმინდა სულის მეშვეობით შექმნა ღმერთმა ზეცა, დედამიწა და ყოველი ცოცხალი არსება. ამის შესაქმნელად ღმერთისთვის აუცილებელი არ იყო პირადად იქ ყოფნა, შეუძლია, გაგზავნოს თავისი სული, თავისი მოქმედი ძალა და დიდ მანძილზეც აღასრულოს ის, რაც სურს".
იეჰოვას წინ არა მხოლოდ დრო უძღოდა, არამედ სივრცეც: "სანამ ქმნილებათა შექმნას შეუდგა, იეჰოვა სრულიად მარტო იყო კოსმიურ სივრცეში". მეტიც, იეჰოველთა ბროშურა მას უზენაეს ეგოისტად გვისახავს: "ამავდროულად, მას არ ძალედვა შეგრძნება მარტოობისა, რადგანაც სრულქმნილია და არავინ სჭირდება".
უშუალო ურთიერთობა თვითკმარ იეჰოვასთან ადამიანს არ ძალუძს. "სულიერი სხეულით" მოსილი ღმერთი პირდაპირ კონტაქტს მხოლოდ თავის მსგავს, "სულიერი სხეულის" მქონე პიროვნებებთან (იეჰოველთა ტერმინოლოგიით კი - ღმერთებთან) ამყარებს. რაც შეეხება ადამიანს, მის შესახებ ცოდნის მოპოვება სხვა გზებით, მაგალითად, მისი შექმნილი სამყაროს შესწავლით და ბიბლიის კითხვით შეუძლია, რომელიც რჩეულთ ტელეპატიის საშუალებით გადასცა. "იმის გათვალისწინებით, რომ ღმერთმა შექმნა გონება, რაღა თქმა უნდა, არ გაუჭირდებოდა მსახურთა გონებასთან კავშირის დამყარება და მათთვის ჩასაწერად აუცილებელ ცნობათა მიწოდება".
რასაკვირველია, იეჰოვას სრულყოფილად შეცნობა მხოლოდ იეჰოველთა გამოცემული ბიბლიითაა შესაძლებელი.
***
იეჰოველები იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად არ მიიჩნევენ, არამედ ერთგვარ უზენაეს ქმნილებად: "პირველი სულიერი პიროვნება, რომელიც ღმერთმა შექმნა, მისთვის თითქოსდა პირმშო ძეა". ამ არსებას თავიდან თურმე ლოგოსი ერქვა, შემდეგ მიქაელის, ზეციური მხედართმთავრის სახელით გახდა ცნობილი, შემდეგ კი დროებით ადამიანი გახდა. ბუნებრივია, იგი არასოდეს ყოფილა და ვერც იქნებოდა ღმერთი, რადგან ადამიანის გამოსყიდვა ოდენ ადამიანს შეეძლო. სამაგიეროდ, ღმერთს იგი ძალიან უყვარს და ბოროტი ადამიანების წარსაწყმედად და დამჯერთა საცხოვნებლად გამოიყენებს".უცნაურია ის სიყვარული, რომლითაც იეჰოვა თავის "თითქოსდა" შვილს ჰყვარობს და ჯალათის მისიას აკისრებს...
საყურადღებოა, რომ იეჰოველთა ტექსტებში სიტყვა "ბოროტის" ანტონიმი "კეთილი" კი არა, - "დამჯერია".
უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ იეჰოველები ვერ ასხვავებენ ცნებებს: "შობა" და "შექმნა".
პროიეჰოვური წყარო ქრისტეს ამქვეყნიური მისიის მეტად გულისამაჩუყებელ აღწერას გვთავაზობენ:
"დედამიწაზე ცხოვრებისას იესო სასწაულებს აღასრულებდა, რომ გლახაკთ შესწეოდა და ნათელეყო, რომ ძეა ღვთისა და ყველასათვის ემცნო იმ შესაძლებლობათა შესახებ, რომელთაც დედამიწაზე გამეფების შემდგომ განახორციელებდა".
მოკლედ, სხვა სიტყვებს თუ ვიხმართ, იეჰოველთა ქრისტე დედამიწაზე სამაგალითო წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა.
***
იეჰოველები უარყოფენ იესო ქრისტეს ხორციელ აღდგომას. ადამიანი იესო ქრისტე სამუდამოდ მკვდარია და იგი სულიერი სხეულით აღდგა, - აცხადებენ ისინი. ცარიელი საფლავის ფაქტს კი ამგვარად ხსნიან: - სხეული ან გაზების სახით აორთქლდა, ან იეჰოვამ იგი საშინელ სამსჯავროზე წარსადგენად შეინარჩუნა. იეჰოვას მოწმენი უარყოფენ ქრისტეს ჯვარს და ამტკიცებენ, რომ ქრისტე ბოძზე აცვეს, თუმცა 1931 წლამდე ისინი ჯვარს ცნობდნენ და არც ესოდენ აშკარა ფაქტის თაობაზე დავობდნენ. თუმცა ამ დროიდან მოყოლებული "საგუშაგო კოშკის" ყდიდან გაქრა ჯვრისა და გვირგვინის გამოსახულება. რამდენიმე წლის შემდგომ კი "იეჰოვას ერმა" პირველად გაიგო, რომ "იესო არ აცვეს ხის ჯვარს, რომელიც მრავალ ხატსა თუ ფერწერულ ნამუშევარში გამოისახება... იესო ხეს მილურსმული აცვეს".
ამ დროიდან მოკიდებული "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" ჯვარს ხშირად შეურაცხყოფენ და (შეგვინდოს უფალმა, მ. ტ.) წარმართულსა და ფალოსის სიმბოლოსაც კი უწოდებენ.
რატომ აქვთ იეჰოველებს ქრისტეს ჯვრის მიმართ ასეთი სიძულვილი? პავლე მოციქულმა კარგა ხნის წინ უპასუხა: "რამეთუ სიტყუაი იგი ჯუარისაი წარწყმედულთა მათთვის სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთვის ძალ ღმრთისა არს" (1 კორ. 1:18).
***
იეჰოველები წმინდა სამებასაც უარყოფენ. მათ გამოცემებში წაიკითხავთ, რომ ყოველგვარი სწავლება სამების შესახებ სატანისაგან მომდინარეობს, მაშინ, როცა, როგორც წინათ ვთქვით, სიტყვა "სატანა" მათ ტექსტებში მუდამ დიდი ასოთი იწერება, სიტყვა "სამება" კი - მუდამ პატარა ასოთი.ისინი იუწყებიან, რომ იესო ქრისტე ღმერთი არ იყო, წმინდა სული კი არა მხოლოდ ღმერთი არ არის, საერთოდ, პიროვნებადაც კი არ ითვლება, რადგან უპიროვნო ძალაა, ამიტომ ის, ვინც სამებას აღიარებს, თურმე წმინდა წყლის სატანიზმს სცემს თაყვანს.
ზეცაში არსებულ ღვთის სასუფეველს იეჰოვას მოწმენი "ღვთის მთავრობად იხსენიებენ, უკანასკნელი ჟამის შესახებ მათივე სწავლების თანახმად, იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლა რამდენჯერმე მოხდა: პირველი - მისი ნათლობიდან გარდაცვალებამდე გრძელდებოდა, მეორე - 1914 წელს დაიწყო, როდესაც სულიერად აღმდგარმა ამქვეყნიურ საქმეებს მოხედა და თიკანთაგან კრავთა გამორჩევა და ჭეშმარიტ ქრისტიანთა აღზრდა იწყო, რომ მომავალი არმაგედონისათვის მოემზადებინა, ანუ სადღეისოდ კრავების თიკანთაგან გამორჩევის პროცესის მოწმენი ვართ.
იმავე წელს იეჰოვამ ქრისტე მეფედ, თავისი სასუფევლის მთავრობის მეთაურად დანიშნა.
"მეფის ხარისხში მოღვაწე იესომ სატანა და მისი ქვეშევრდომები, ანუ განდგომილი ანგელოზები მიწაზე დასცა, რამაც კაცობრიობას აურაცხელი უბედურება მოუტანა (მოწყალე მეუფე ყოფილა, ვერაფერს იტყვი! - ა. დ.). სატანა, რომელიც "ამა სოფლის ღმერთია", უკიდურესად განრისხებულია. მის ქვეშ არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებები აღმოჩნდნენ, არამედ მთელი ერებიც, ამქვეყნიური ხელისუფლებანი, სახელმწიფო სტრუქტურები, ეკონომიკური სისტემები, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციები: მსოფლიო სისტემას ადამიანები მართავენ, რომლებმაც მემკვიდრეობად არასრულქმნილება მიიღეს. მრავალი მათგანი კორუმპირებულია, ზოგი კი - აშკარად ბოროტი და არც ერთი მათგანი არ მიმართავს იეჰოვას სიბრძნისათვის, რაც უამრავ ადამიანურ ტანჯვას იწვევს... ბიბლია გვასწავლის, რომ ამ სამყაროს მიღმა მდგარი გაბატონებული ძალა სატანისაგან მომდინარეობს ("საგუშაგო კოშკი", 1997 წ.).
ჯერ პირველი მსოფლიო ომი გაჩაღდა, შემდეგ - მეორე. დაიწყო უამრავი ადგილობრივი კონფლიქტი, რევოლუცია და აჯანყება. მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისები და ეკოლოგიური კატასტროფები არყევდა, კაცობრიობას ეპიდემიები ანადგურებდა. მილიონობით უპოვარი სიღარიბისა და შიმშილისთვისაა განწირული... ყოველივე ამის მიზეზი სატანა გრძნობს, რომ მისი ძალაუფლება დედამიწაზე სამარადჟამო არ არის და სწორედ ამიტომ მძვინვარებს ასერიგად, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი უბედურებანიც მოწმობს, რომლებსაც კაცობრიობა 1914 წლიდან განიცდის, თუმცა იეჰოვამ დაადგინა დღე, როდესაც ამქვეყნიურ საქმეებში ჩაერევა და სატანის ძალაუფლებას დედამიწაზე ბოლო მოეღება".
"მოწმეებმა" არაერთხელ "იწინასწარმეტყველეს" დანამდვილებით იესო ქრისტეს ხორციელად მოსვლა და ქვეყნიერების აღსასრული, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პირველად, 1914 წელს, შემდეგ კი - 1925 წელს, რა დროსაც მკვდრეთით უნდა აღმდგარიყვნენ აბრაამი, ისააკი, იაკობი და სხვა წინასწარმეტყველნი და ეს მოვლენები წინ აღსრულდებოდა (თუმცა მსგავსი რამ არ მოხდა).
***
ზოგიერთი სექტისგან განსხვავებით, რომლებიც მსგავს შემთხვევებში საკუთარ ცთომილებას აღიარებდნენ ხოლმე, იეჰოველები ყოველ ჯერზე გამოსავალს ეძებდნენ და "წინასწარმეტყველებებს" სახეს უცვლიდნენ. აქედან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ 1914 წელს "ქრისტეს მოსვლა სულში" აღსრულდა, 1918 წელს კი იგი "შევიდა სულიერ ტაძარში და მისი განწმენდა დაიწყო", როგორც "წინასწარი სამსჯავროს" დასაწყისი, რომლის დასასრულიც 1975 წელს იწინასწარმეტყველეს, თუმცა კვლავ არაფერი მომხდარა.პირველი წინასწარმეტყველების ჩაფლავების შემდგომ იეჰოველებმა უარი განაცხადეს მოსაზრებაზე, რომ მეორედ მოსვლისას ქრისტე ხორციელად გამოცხადდება.
სადღეისოდ იეჰოველებს სწამთ, რომ ამქვეყნიური ისტორია სისხლიანი არმაგედონით უნდა დასრულდეს, როდესაც მეორედ მოსვლისას ქრისტე მთავარანგელოზ მიქაელის სახით ჩამოვა დედამიწაზე, სათავეში ჩაუდგება იეჰოვას მხედრობას და ფიზიკურად გაანადგურებს "უსჯულოებს".
ზოგიერთი ცნობის თანახმად, სექტა ადრე ასწავლიდა, რომ ამ ბრძოლაში იეჰოველები ღმერთის მხარეზე იბრძოლებდნენ და ქრისტე - მიქაელს ყოველგვარ უსჯულოებასთან გამკლავებაში დაეხმარებოდნენ. თუმცა დღეს ამტკიცებენ, რომ ისინი პირადად არავის მოკლავენ, მხოლოდ ზეციური მხედრობის მიერ მტერთა განადგურების სურათით დატკბებიან და როდესაც ყველაფერი დასრულდება, დედამიწას დარჩენილი "ნაგვისაგან" (როგორც ჩანს, მილიარდობით გვამის) გაწმენდენ.
ამ წიგნის ავტორს ჰყავს დანიელი ნაცნობი, რომელიც იეჰოველების ოჯახში დაიბადა... ამ უკანასკნელმა საკუთარ თავში იპოვა ძალა, სექტასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და დღეს სრულიად სხვა ცხოვრებით ცხოვრობს. აი, როგორ იხსენებს თავის ბავშვობას: - სკოლაში სხვა ბავშვებთა ნაკლებად ურთიერთობდა (ყოველგვარი დღესასწაული, მათ შორის, დაბადების დღეები, ისევე აკრძალულია მათთან, როგორც "უსჯულო" ბავშვებთან თამაში), იცოდა, რომ სადაცაა, მოვა ქრისტე, ხელში ავტომატურ იარაღს ჩაუდებენ და ყველას მოკვლას აიძულებენ, ვინც მასთან ერთად სწავლობდა. ასეთი მსოფლმხედველობით აღიზარდა...
ძნელი წარმოსადგენი არ გახლავთ, თუ რა გავლენას მოახდენდა ეს ბავშვის ფსიქიკაზე.
***
იეჰოველებს არ სწამთ სულის უკვდავების, რომელიც, მათი არაბიბლიური სწავლების თანახმად, სხეულთან ერთად კვდება. მათ არც ჯოჯოხეთის სწამთ და ამბობენ, რომ ღმერთი ვერ მისცემს ადამიანებს საუკუნო სატანჯველს, იგი მოწყალეა, მოწყალე ბატონი კი ცოფიან ძაღლს კი არ ტანჯავს, არამედ ერთი გასროლით კლავს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღდგებიან (უფრო ზუსტად კი, სულიერადაც და ხორციელადაც ხელახლა შეიქმნებიან) და ცხონდებიან, დანარჩენები კი - სამუდამოდ წარწყმდებიან.
გაგრძელება იქნება