(დასასრული)
მორმონთა ეკლესია ძალზე მდიდარია (მისი საბაზისო კაპიტალი 30 მილიარდ დოლარს აღემატება), რადგანაც მისი წევრები ვალდებულნი არიან, მას შესწირონ მეათედი
(მთლიანი შემოსავლის ათი პროცენტი, გადასახადების ჩაუთვლელად). მაგრამ ამით შეწირვები არ მთავრდება: მორმონები ამბობენ, რომ მეათედი ნებისმიერ შემთხვევაში ღმერთს ეკუთვნის, თუ რაიმეს შეწირვა გინდა, მაშინ მეათედზე მეტი შესწირე. მათ აქვთ სხვადასხვა მოსაკრებლები. ზოგიერთი ცნობით, საშუალო მორმონი თავისი შემოსავლის 27%-ს იხდის. 1996 წელს სოლტ-ლეიკ-სიტიში მეათედიდან 5,2 მილიარდი დოლარი შემოვიდა.უზარმაზარი შემოსავალი შემოაქვს მორმონულ მრეწველობას, საბანკო, სადაზღვევო, სასტუმრო და სხვა სახის საქმიანობას. "უკანასკნელი დღეების იესო ქრისტეს ეკლესია" ფლობს სუპერმარკეტების ქსელის აქციებს, ზოგიერთ გაზეთს (ნაწილობრივ "ლოს ანჯელეს თაიმსს"), თერთმეტ რადიოსადგურს, ორ ტელეარხს და შაქრის იმპერიას. მას ეკუთვნის იუტას შტატის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი (მათ შორის ამ შტატის უძრავი ქონება), მნიშვნელოვნად დიდი მონაკვეთი ჰავაიზე, სასტუმროთა ქსელი "მარიოტი" და მრავალი სხვა. ბუნებრივია, მორმონებს დავალებული აქვთ, მხარი დაუჭირონ თავიანთ მრეწველობას და მხოლოდ მათთან იყიდონ პროდუქცია.
მორმონი მისიონერები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუშაობენ. 1998 წელს რუსეთში მორმონთა მისიის პრეზიდენტმა დონალდ ჯავრისმა ილაპარაკა ისლამურ ქვეყნებში მორმონთა მისიაზე. კითხვაზე, თუ როგორ ახერხებენ მუსლიმანების თავიანთ სარწმუნოებაზე მოქცევას იმ ქვეყნებში, სადაც ამის გამო მათ კანონით მკაცრად სჯიან, ცინიკურად თქვა, რომ მისი ეკლესია არ აპირებს საფრთხეში ჩააგდოს თავისი მისიონერის სიცოცხლე, რომელსაც ნაბრძანები აქვს, მხოლოდ ადგილობრივ ქრისტიანებში იქადაგოს. ამგვარად, მორმონები პროზელიტიზმს ეწევიან ქრისტიანებს შორის (მათ შორის მართლმადიდებლებში), რომელთაც ხშირად დევნიან და უთვალთვალებენ და უმცირესობაში არიან ისლამურ ქვეყნებში, ცდილობენ, წაართვან ბოლო და უძვირფასესი საგანძური, რომელიც შემორჩათ - მამა-პაპათა რწმენა! ნებისმიერი კომენტარი და ზნეობრივი შეფასება ამგვარი საქმიანობისა ზედმეტია.
მთავარია, რომ გვახსოვდეს: მორმონები ქრისტიანები არ არიან, მათ ორგანიზაციას ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ღრმად ოკულტური ნეოწარმართული სექტაა ძალზე სერიოზული ტოტალიტარული ტენდენციებით და მასში მოხვედრილი შორდება არა მარტო თავის ხალხს, თავის ისტორიასა და კულტურას, არა მარტო მსოფლიო ქრისტიანულ მემკვიდრეობას, არამედ თვით იესო ქრისტესა და მის ეკლესიას.