თავიდან ისე გაიტაცა ტექსტის სიძველემ და გამოცემის უნიკალობამ, რომ შინაარსისათვის დიდი ყურადღება არც მიუქცევია, თუმცა სულ მალე, როგორც თავად მომითხრო, ისეთმა ძრწოლამ და შიშმა შეიპყრო, ყოველ ფურცელს დიდი დაძაბულობის ფასად შლიდა, მაგრამ კითხვას თავს დიდი და შეუცნობელი ინტერესის გამო ვერც ანებებდა...
- იმ დრომდე ეკლესიური არ ვყოფილვარ, შესაბამისად, რწმენაც ზედაპირული მქონდა და ვერც მართლმადიდებლობის საფუძვლების ცოდნით დავიკვეხნიდი, მაგრამ ამ გამოცემამ იმდენად შემძრა, ცხადად ვიგრძენი, რომ არა უფალი, რა საშინელი ძალებია ჩვენს ირგვლივ ხილულად თუ უხილავად და რა შთანთქავდა სამყაროს... ეს ჩემთვის დიდი გამოფხიზლება იყო, სწორედ აქედან დაიწყო ჩემი შემობრუნება და ვმადლობ უფალს, რომ არ დამკარგა და გზა მასწავლაო, - გამომიტყდა.
მაცაცოს ისტორიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, იმისთვის, რომ ჭეშმარიტებას უერთგულო და სიმართლე შეიყვარო, რწმენასთან ერთად ბევრი რამის ცოდნაც არის საჭირო. ქვემოთ მოყვანილი მცირე და ძალზე არასრულყოფილი მასალის მიზანიც, ვიმედოვნებ, სწორედ ამაში მდგომარეობს...
***
შეიმჩნევა მცდელობა ლუციფერის თაყვანისცემისადმი ინტერესის გაღვიძებისა. დაცემული ანგელოზის თაყვანისცემა ქრისტეს შობიდან მეორე საუკუნეში ძველ გნოსტიკურ კულტებში მიღებული იყო, მოგვიანებით, მეთოთხმეტე საუკუნეში აღორძინდა საიდუმლო მოძრაობის - "ლუციფერიანელების" მიერ. მოძრაობა ნიუ ეიჯმა კი ლუციფერისადმი თაყვანისცემა სრულიად მისაღებ და მოდურ პრაქტიკად აქცია.
ეკლალ კუეშანას წიგნში "უკანასკნელი საზღვარი", რომელიც უცებ იქცა ბესტსელერად, გამოცხადდა, რომ ლუციფერი - მეთაურია სულთა საიდუმლო ძმობისა, უმაღლესი ორდენისა, სადამდეც ადამიანს თავისუფლად ძალუძს თავის ამაღლება... სხვა ნიუეიჯელმა მწერლებმა მკრეხელურად აღამაღლეს ლუციფერი, რათა არა მხოლოდ მისდამი თაყვანისცემა ექციათ საპატიო საქმედ, არამედ ეშმაკისადმი თაყვანისცემის ბეჭედიც ჩამოეცილებინათ. მაგალითისთვის მომყავს ციტატა დევიდ შპენგლერის წიგნიდან "ფიქრები ქრისტეს შესახებ" (მოგვიტევოს უფალმა ამგვარი მკრეხელობის განმეორება, მ. ტ.): "ქრისტე იგივე ძალაა, რაც ლუციფერი. ეს უკანასკნელი ადამიანს ქრისტესთან გასაიგივებლად ამზადებს. ლუციფერი - ადამიანის შინაგანი ევოლუციის ანგელოსია და ყოველი ჩვენგანის შიგნით მოქმედებს, რომ მთლიანობამდე მიგვიყვანოს, რისი მეშვეობითაც ახალ ერაში შევძლებთ შესვლას.
სწორედ ამ თეორიულ საფუძველზე გახდა შესაძლებელი სატანიზმისადმი საყოველთაო გატაცების გაძლიერება და მრავალრიცხოვანი სატანური სექტისა და წრის წარმოშობა.
ამგვარ სექტათა გაძლიერება, უპირატესად, იმან განაპირობა, რომ სატანიზმი დღეს მოდად იქცა, მოდაშია ახალგაზრდული სამოსი, მუსიკა, ქცევის მანერა, სიმბოლიკა და ის ატმოსფერო ყველაფრის ნებადართულობისა და გარყვნილებისა, რომელიც დღევანდელმა მსოფლიომ გააბატონა.
ახალგაზრდული სატანური ჯგუფები, ძირითადად, მცირე წრეებია, რომელნიც ან იმ მოზარდთა მიერაა დაფუძნებული, ტვინი "მძიმე მეტალის" მოსმენით რომ აქვთ გადატვირთული, ან ე. წ. "მაგნიტურ პიროვნებათა" მიერ, რომელნიც, უმეტესწილად, სწორედ მოზარდებს იზიდავენ, აღასრულებენ მკრეხელურ ადათებს და სექსუალურ გარყვნილებებს, ვანდალურ აქტებს სასაფლაოებზე, ბილწავენ ეკლესიებს და სიცოცხლეს ასალმებენ ადამიანებსა და ცხოველებს, რომელთა შესახებ პრესა ხშირად გვამცნობს.
როგორც ცნობილია, 1993 წელს, აღდგომა ღამეს, სატანისტებმა ოპტის უდაბნოში სამი მღვდელმონაზონი გამოასალმეს სიცოცხლეს. თუ სექტას მოზრდილი "მოძღვარი" თავკაცობს, ძალაუფლებით ტკბობის მიზნით სწრაფად აჩვევს მცირეწლოვნებსა და ახალგაზრდა ქვეშევრდომებს კრიმინალურ საქმიანობას.
დასავლეთში სატანისტთა ყველაზე ცნობილი დანაშაულები ჩარლზ მენსონის სექტის, "ოჯახის" მიერაა ჩადენილი, რომლის წევრებმაც მრავალი ადამიანი მხეცურად დახოცეს, მათ შორის - ცნობილი კინომსახიობი შერონ ტეიტი, რომელიც ფეხმძიმობის უკანასკნელ თვეს ითვლიდა...
***
თანამედროვე სატანიზმის მამად ინგლისელი ალისტერ (ალექსანდრე) კროული (1875-1947 წწ.) ითვლება, რომელსაც სატანიზმის ფუძემდებლური ნაშრომი ეკუთვნის. იგი მრავალი წლის განმავლობაში თავკაცობდა საერთაშორისო სატანისტურ ლოჟას "ორდო თემპლი ორიენტის" ("აღმოსავლური ტაძრის ორდენი"). კროული თვლიდა, რომ "ადამიანის მტერი სატანა კი არა, ცხოვრება, ნათელი და სიყვარულია". ალისტერ კროულმა, "მეოცე საუკუნის დიდებულმა მაგმა", როგორც ცხოვრებაში უწოდებდნენ, მხოლოდ თეორიული შრომებით კი არა, სახელი სექსუალურ-მაგიური ორგიებითაც გაითქვა, სადაც ნარკოტიკებსა და ჰალუციოგენებს იყენებდნენ...
კროული საკუთარ თავს "აპოკალიფსურ მხეც 666"-ს უწოდებდა და ანტიქრისტეს დაბადების მისაღწევად საშინელ სექსუალურ-მაგიურ რიტუალებს იგონებდა...
როდესაც სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ჰკითხეს, თუ რატომ უწოდა თავს "აპოკალიფსური მხეცი", უპასუხა, რომ ასე დედა ეძახდა, როდესაც უყურებდა, თუ როგორ აწყვეტდა მტრედებს თავებს და სისხლს სწოვდა...
კროული მდიდარ, მკაცრად პურიტანულ ოჯახში დაიბადა, პრესტიჟული კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა (სადაც თავისი პირველი ჰომოსექსუალური გამოცდილება შეიძინა) და დიდხანს მოგზაურობდა აღმოსავლეში, სადაც ტანტრიზმის მაგიურ პრაქტიკას სწავლობდა. სწორედ მაშინ დაიწყო სექსუალური მაგიის გამოყენება. თავის ნაშრომებში სატანიზმის მთავარი მცნება ჩამოაყალიბა: "აკეთე ის, რაც გსურს: ესაა მთელი სჯული".
კროული ეშმაკის მსახურების რიტუალს მისთვის თანამედროვე ოკულტურ პრაქტიკასთან აერთიანებდა, ააღორძინა ნარკოტიკების (ჰაშიში, ოპიუმი, შხამასოკოს ნაყენი, კაქტუსი "პეიოტლი" და აცტეკური სოკოები) გამოყენება ჯადოქრულ რიტუალებში. არ არსებობდა სექსუალური გაუკუღმართება, რაშიც არ მონაწილეობდა.
კროულმა სატანური სექტები ნიუ იორკსა და სინგაპურში, მაკაოსა და რომში, ბუენოს-აირესსა და მონტევიდეოშიც შექმნა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სიცილიაში "პერდურაბოს ძმის" სახელით დასახლდა და "ტელემის სააბატო" დააარსა, სადაც მაგიური ძიებები განაგრძო, "სრულყოფდა" სექსო-მაგიურ რიტუალებს (რომლებსაც იზიდასა და ადონისის მისტერიებს უწოდებდა) და ექსპერიმენტებს ნარკოტიკების გამოყენებით ატარებდა.
1922 წელს კროული "აღმოსავლეთის ტაძრის ორდენის" დიდებული მაგისტრი გახდა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული გერმანულ ოკულტურ ჯგუფებთან (ამაზე ქვემოთ მოგითხრობთ, მ. ტ.), რომლებშიც ეს-ესის მაღალჩინოსანი ფუნქციონერები შედიოდნენ.
ბარფომეტს (კროულის მისტიკური სახელი ორდენში) გადამეტებული სიმპათია ახასიათებდა ნაცისტებისა და პირადად ჰიტლერის მიმართ. Mმეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას კროულმა უკანასკნელი თხზულება შექმნა, ჰყავდა მრავალრიცხოვანი მოწაფე, რომელთაგან ერთ-ერთმა, რომ ჰაბარდმა საიენტოლოგიის სექტა დააარსა, სიცოცხლის ბოლოს კი თავი ანტიქრისტედ გამოაცხადა.
კროულის კიდევ ერთმა მოწაფემ, "სატანური ბიბლიის" ავტორმა, ენტონი შანდორ ლავეიმ "სატანის პირველი ეკლესია" დააფუძნა, რომელიც რეგისტრაციაში სან-ფრანცისკოში გაატარა... სხვადასხვა მონაცემის თანახმად, მის წევრთა რიცხვი ხუთასიდან ორიათას კაცამდე მერყეობს. ლავეიმ სახელი იმითაც გაითქვა, რომ სატანის როლი შეასრულა რომან პოლანსკის ცნობილ ფილმში "როზმარის ბავშვი", რომელმაც მის სექტაში უამრავი ადამიანი მიიზიდა.
***
ახლა - რაც შეეხება ნაცისტურ ოკულტურ ჯგუფებს. ბევრმა არ იცის, რომ ნაცისტურ მისალმებას – ხელის აწევას თავისი მისტიკური ფესვები აქვს. ასეთივე მისალმება იცოდნენ "ოქროს განთიადის" მასონური საძმოს წევრებმა, საიდუმლო ლოცვებში მიწის საიდუმლო ძალებს რომ იძახებდნენ ხოლმე. რაც შეეხება ნაციზმის სიმბოლოს – სვასტიკას, მას ლიარუსის ლექსიკონი ასე ხსნის: ეს არის ჯვარი მარყუჟებით, რომელიც ბერძნული ასოს, გამას მსგავსადაა მოხრილი, რაც ინდუსების რელიგიური ნიშანია. ეს უკანასკნელი აზიაშიც და ევროპაშიც მაგიურ საიდუმლო სიმბოლოდ მიიჩნეოდა და იყო მზის, ანუ სიცოცხლის და ნაყოფიერების წყარო და ელვის, ანუ ზეციური მრისხანების ნიშანი. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის წინ ბერლინში თურმე ტიბეტელი ლამა ცხოვრობდა, "მწვანეხელთათმანიან ადამიანს" რომ უწოდებდნენ. ამ უკანასკნელმა სამჯერ შეუმცდარად იწინასწარმეტყველა, თუ რამდენი ნაცისტი გავიდოდა რეიხსტაგში. ამ ბერლინელ ლამას ჰიტლერი თურმე რეგულარულად ხვდებოდა. 1926 წელს ბერლინსა და მიუნხენში ტიბეტელებისა და ინდუსების მცირერიცხოვანი კოლონები გამოჩნდა. ნაცისტები ტიბეტში ექსპედიციებს გზავნიდნენ და მათთან კავშირი 1943 წლამდე არც შეწყვეტილა. აღსანიშნავია, რომ წითელი არმიის მეომრებმა ბერლინში შესვლისას ეს-ესელის ფორმაში გამოწყობილი უამრავი ტიბეტელის გვამი ნახეს, რომლებმა თვითმკვლელობით თითქოს საკუთარი ბნელი მისიის წარუმატებლობა აღიარეს. ოკულტურმა რაიხმა მხოლოდ 12 წელიწადს იარსება.
ჰიტლერს ნერონსა და ლენინზე არანაკლებ სძულდა ქრისტიანობა. როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, დაიშალა კათოლიკური ახალგაზრდობის კავშირი, ხოლო კათოლიკური გამოცემები განადგურდა. გავიდა კიდევ ერთი წელიწადი და სიცოცხლეს გამოასალმეს გერმანიის კათოლიკური ეკლესიის მეთაური, ხოლო მღვდლები და ბერ-მონაზვნები დააპატიმრეს. არც პროტესტანტები აღმოჩენილან უკეთეს დღეში. რივენსკროფტი ჰიტლერის სიტყვებს იხსენებს: "ქრისტიანობამ მხოლოდ ხრწნის თესლი დათესა. პატიება, სისუსტე და ყალბი მორჩილება ძლიერთა, მამაცთა და ნიჭიერთა გადარჩენის ევოლუციური კანონების უარყოფაა... ყველა რელიგია ერთნაირია, სულერთია, საკუთარ თავს რას უწოდებენ. მათ მომავალი არ გააჩნიათ, მით უმეტეს, გერმანიაში. ძველი და ახალი აღთქმა ებრაელების ტყუილებია. შეუძლებელია, ერთდროულად გერმანელიც იყო და ქრისტიანიც. ჩვენ თავისუფალი ადამიანები გვჭირდება, რომლებიც გრძნობენ, რომ ღმერთი თვით მათშივეა. ჩვენს გლეხს ჯერაც ახსოვს ჭეშმარიტი რელიგია. მან უნდა იცოდეს, თუ რა დაანგრია ეკლესიამ: ბუნების ერთიანი, საიდუმლო შენობა – ღვთაებრივი, უფორმო, დემონური... მოვიშოროთ ქრისტიანობის საფარველი და ჩვენი რასისათვის დამახასიათებელ რელიგიას აღმოვაჩენთ. ჩვენ გლეხების მეშვეობით გავანადგურებთ ქრისტიანობას, რადგან მათშია მიწის შვილების ნამდვილი რელიგია, ბუნებასა და სისხლში რომაა დაფუძნებული".
ჰიტლერის მითითებით, როზენბერგმა ნაცისტური რაიხის მომავალი ეკლესიის შესახებ დადგენილების პარაგრაფები შეიმუშავა, რომლებიც ქრისტიანობის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლის სულისკვეთებას ეფუძნება. ბიბლია უნდა აკრძალულიყო და იგი ჰიტლერის "ჩემი ბრძოლით" ჩანაცვლებულიყო.
ეკლესიის სიძულვილი ჰიტლერს რუსეთისადმი სიძულვილშიც "დაეხმარა". ინგლისელი ისტორიკოსი, არნოლდ ტოინუბი 1936 წელს ჰიტლერთან აუდიენციის შემდეგ წერდა, რომ ფიურერი ყოველნაირად ცდილობდა, კარგი გამოჩენილიყო, ხმასაც კი ირბილებდა, მაგრამ სიტყვა "რუსეთის" წარმოთქმისთანავე ხრინწიან ყვირილზე გადადიოდა.
სატანური და ოკულტური იყო ჰიტლერის გარემოცვა. ჰერმან გერინგი სკანდინავიური მასონური ორგანიზაციის – "ედელვაისის" წევრი გახლდათ და არიული მისტიციზმის იდეას ქადაგებდა, ჰიმლერს პირადი ასტროლოგი ჰყავდა და რელიგიური მოძრაობა "არტმანის" წევრი გახლდათ. მოგვყავს მისი გამონათქვამი ასტროლოგიის შესახებ: "ნაციონალ-სოციალისტურ სახელმწიფოში ასტროლოგია პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა იყოს, იგი ფართო მასებისათვის არ არის განკუთვნილი". მარტინ ბორმანის აზრით, ქრისტიანობისა და ნაციონალ-სოციალიზმის შეთვისება შეუძლებელი იყო, იოზეფ გებელსი კი ცივად აცხადებდა: "ჩვენ შეგვიძლია, დავაჩოქოთ ეკლესია და ჩვენს მსახურად ვაქციოთ იგი". ძალზე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ნაცისტური პარტიის შემქმნელთა უმრავლესობა "ტულეს საზოგადოების" წევრი იყო, მაგალითად: ალფრედ როზენბერგი, რუდოლფ ჰესი, გოტფრის ფედერი, კარლ ხარერი, დიტრიხ ეკჰარტი... მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათ იდეოლოგიაც ჰქონდათ, რიტუალებიც, სიმბოლოებიც და სხვა ატრიბუტებიც, ნაციზმი ჰიტლერის გარეშე ვერ ჩამოყალიბდებოდა.
რაუშინგი იხსენებს საუბარს, რომელიც ჰიტლერსა და ბერნარდ ფოსტერს შორის შედგა. მაშინ ჰიტლერმა განაცხადა, რომ თავისი უნიკალური მისიის აზრის გახმოვანება ჯერ არ შეეძლო, მაგრამ დადგებოდა დღე, როდესაც იგი სამყაროს ახალ რელიგიას აზიარებდა, აღადგენდა კაცობრიობის ღვთაებრივ მდგომარებას, რომლის დროსაც ადამიანებს გაუქრებოდათ შიში, დაუჯერებდნენ ინსტინქტებს და ერთი საუკუნო ცხოვრება ექნებოდათ.
ჰიტლერი პლანეტის ცხოვრების შეცვლის იდეითაც იყო შეპყრობილი. რაუშინგთან საუბარში მან თქვა: "ჩვენი რევოლუცია ახალი ეტაპია, უფრო ზუსტად, საბოლოო ეტაპი, რომელიც ისტორიის მსვლელობას წერტილს დაუსვამს. სამყარო თავისი შემობრუნების წერტილამდე მივიდა. ჩვენ დროის გასაყართან ვართ... პლანეტაზე მოხდება გადატრიალება, რომელსაც თქვენ ვერ გაიგებთ... მოხდება იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ახალი რელიგიის გამოცხადებაა".
უამრავი დამკვირვებლის აზრით, ჰიტლერი იესოს პაროდია იყო. ერთ-ერთი გამოსვლისას მან ასეთი რამ თქვა: "ვინც ჩემთან კავშირში იქნება, ის თავის რჩეულობას დაამტკიცებს". საბავშვო ბაღებში კი გერმანელ ბავშვებს ასეთ ლოცვას ასწავლიდნენ: "ფიურერი ჩემი ნათლია და ჩემი რწმენაა. კურთხეულ იყოს შენი სახელი, ჩემო ფიურერო!"
ჰიტლერი ყოველთვის ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, რაც 1945 წლის 30 აპრილს განახორციელა კიდეც. როგორც ამერიკელი დ. ბრენანი მიიჩნევს, "ბოროტების მისტერიას ნაზიარებმა ჰიტლერმა ბოლომდე უერთგულა თავის ბნელ რწმენას და ყველაფერი ისე მოაწყო, რომ მისი თვითმკვლელობა ბნელ ძალთა მსხვერპლად ქცეულიყო. მისი სიკვდილის დღეს – 30 აპრილს ძველად სატანის დღესასწაულს – ვალპურგის ღამეს უწოდებდნენ.
ნიურბერგის პროცესზე ჰანს ფრანკმა ასეთი სიტყვები წარმოთქვა: "ჩვენ ღმერთს განვუდექით... ჰიტლერული გზა დაწყევლილი იყო... ეს იყო უღმერთობისა და ქრისტესაგან განდგომის გზა".
მაგრამ რატომ დაატყდა ასეთი სასჯელი რუსეთს – მართლმადიდებლურ ქვეყანას? როგორც ბევრი თვლის და არცთუ უსაფუძვლოდ, ქრისტესაგან განდგომისათვის, ომისწინადროინდელი ე. წ. "უღმერთო ხუთწლედისათვის", მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის დაქცევისათვის, იმისათვის, რომ ბევრმა ვერ გაუძლო გამოცდას და უღმერთოთა ბანაკში გადავიდა და იმისათვისაც, რომ ბევრმა საკუთარი ნებით უარყო ქრისტე.
ეს საშინელი სასჯელიც ისევე იქნა თავიდან აცილებული, როგორც წარსულ შემთხვევებში – ღვთივსათნო ადამიანთა ლოცვით (როგორნიც იყვნენ ნეტარი მატრონა და მაკარი, ლიბანის მთების მიტროპოლიტი ილია, ღირსი ლუკა და სხვანი), სინანულით, 1942 წელს ტაძრების გახსნით და ღვთისმსახურთა გათავისუფლებით, დიდ სამამულო ომში მასობრივად დაღვრილი მოწამებრივი სისხლით, იმ ჯარისკაცთა თავდადებით, რომელნიც მართლმადიდებლური ეკლესიის ლოცვა-კურთხევით იბრძოდნენ.
მეორე მსოფლიო ომს ეკლესიამ წმინდა ომი უწოდა...
ა. დვორკინისა და ინტერნეტის მასალებზე დაყრდნობით