თავი 12
მორმონთა ესქატოლოგია, ისევე როგორც სხვა აპოკალიფსური სექტებისა, როგორიცაა: "მეშვიდე დღის ადვენტისტები", "იეღოვას მოწმეები", "ღმერთის მსოფლიო ეკლესია"
ანდა "გაერთიანების ეკლესია", დაფუძნებულია განსაკუთრებულ გამოცხადებაზე მკვეთრად შემოხაზულ გეოგრაფიულ და ქრონოლოგიურ საზღვრებში მყოფ ადამიანთა შეზღუდული ჯგუფებისთვის. მორმონთათვის ამგვარი რამ გახლავთ "იესო ქრისტეს გამოცხადება თავის მსახურ ჯოზეფ სმიტისადმი" 1832 წელს, როცა ის ჯერ კიდევ ოჰაიოს შტატში კოტლანდში ცხოვრობდა. სმიტის თანახმად, ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ მომავალში მისი წმინდანები შეიკრიბებიან "სიონის წმინდა მთაზე, რომელზეც იქნება ქალაქი ახალი იერუსალიმი, ეს ქალაქი აშენდება და მშენებლობა დაიწყება უფლის ხელით ნაჩვენები ტაძრისთვის განკუთვნილი უბნით, მისურის შტატის დასავლეთ საზღვრებში და იკურთხება ჯოზეფ სმიტ-უმცროსისა და სხვათა ხელით, რომელზეც იყო წყალობა უფლისა. ჭეშმარიტად ეს არის სიტყვა უფლისა, რომ ქალაქი ახალი იერუსალიმი აღიმართება წმინდათა კრებულის მიერ დაწყებული ტაძრისთვის განკუთვნილი ადგილიდან და აღიმართება ამ თაობაში" (სწავლება და აღთქმანი 84, 2-5).
იმავე კარში ჯოზეფი წინასწარმეტყველებს, რომ ამ ადგილას ამავე თაობის სიცოცხლეშივე მეორედ მოვა ქრისტე. მაგრამ ტაძარი იქ დღემდე არ აშენებულა, თუმცა მას მერე მრავალი თაობა დაიბადა და ჩაწვა საფლავში, ჯოზეფთან ერთად, რომელიც ჰპირდებოდა, რომ საკუთარი ხელით აკურთხებდა ტაძარსა და ქალაქს. ცხადია, არც ქრისტე მოსულა მეორედ. საქმე ისაა, რომ მომავალი ტაძრის ადგილი ქალაქ ინდეპენდენსში ეკუთვნის მორმონთა სექტისგან ჩამოცილებულ ე.წ. "ქრისტეს ეკლესიას" (ლოთის ტაძარი), რომელიც სამი ათას წევრს ითვლის. მორმონებმა არაერთხელ სცადეს მიწის ამ მონაკვეთის ნებისმიერ ფასად ყიდვა, თუმცა "ქრისტეს ეკლესია" (ლოთის ტაძარი) აცხადებს, რომ იუტას შტატის მორმონებს მიწას არასგზით არ დაუთმობენ. ამ გარემოებათა ძალით ქრისტეს მეორედ მოსვლა გვიანდება, ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე მაინც, ვიდრე მორმონთა ეს ორი სექტა არ შერიგდება. მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი ტაძრის აშენება და მორმონთა ქრისტე შეძლებს დაიკავოს იგი, როგორც თავისი რეზიდენცია.
მორმონთა აზრით, კაცობირობის ისტორია ამერიკაში დაიწყო და აქვე დასრულდება. ადამი და ევა ედემის ბაღში ცხოვრობდნენ, რომელიც მისურის შტატში ჯექსონის საგრაფოში მდებარეობდა. როცა ისინი იქიდან გამოაძევეს, მათ ფეხით გაიარეს 85 მილი ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით და მიაღწიეს ველს, რომელიც დღეს დევისის საგრაფოშია. თავიანთ "ადამიანურ" ენაზე მათ მას "ადამ-ონდი-ამან" უწოდეს, რომელიც თითქოსდა ნიშნავს "საღვთო ადგილს, სადაც ადამი ცხოვრობდა".
უახლოეს მომავალში ადამ-ონდი-ამანში უნდა შედგეს სამღვდელოების დიდი კრება. ადამი (იგივე "ძველ დღეთა") როგორც კრების თავმჯდომარე ხელისუფლებას გადასცემს იესო ქრისტეს, რომელიც ასევე იქ იქნება. შეკრებაზე მოვა ლუციფერიც, რომელიც ქრისტეს დაუბრუნებს მის მიერ მოტყუებით მიტაცებულ ხელისუფლებას ამ სამყაროში. შემდეგ ყველა იქ მყოფი, მორმონთა წინასწარმეტყველთა ხელმძღვანელობით, ოფიციალურად დანიშნავს ქრისტეს თანამდებობაზე.
ქრისტეს მეორედ მოსვლა ათასწლეულის დასაწყისი უნდა გახდეს, როცა ცოცხალი და გარდაცვლილი მორმონები აღტაცებული იქნებიან ზეცაში ქრისტეს შესახვედრად. შემდეგ კი დაბრუნდებიან დედამიწაზე მშვიდობიანი, მდიდრული, ბარაქიანი ათასწლოვანი არსებობისთვის: "ყველა ქედმაღალი და ბოროტების მოქმედი იქნება ვითარცა ბზა; და მე მათ დავწვავ, - ამბობს უფალი საბაოთი" (სწავლება და აღთქმანი 29:9), ამის დასასრულს კიდევ ერთხელ მკვდრეთით აღდგებიან იმის საცდელად, რომ გამოსწორდებიან.
ათასწლეულის დასასრულს საბოლოოდ გადაწყდება თითოეული ადამიანის ბედი. მამაკაცის უმაღლესი მიზანია - გახდეს ღმერთი და ქმნას ახალი სულიერი არსებანი, ჩაასახლოს ისინი სხეულში, დატკბეს საკუთარი ჰარამხანით და თაყვანისცემულ იქნეს მისთვის შექმნილი პლანეტის მკვიდრთაგან. ქალის უმაღლესი მიზანია, ასეთი წარმატებული კაცის ჰარამხანაში აღმოჩნდეს. ქალისთვის სამოთხეში არსებობა - ეს არის იმის საშუალება, რომ მუდმივად ფეხმძიმედ იყოს.
მაგრამ ყველა კაცს არ ძალუძს ღმერთობა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას გააკეთებს ის სიცოცხლეში. ამისდა მიხედვით ის სიკვდილის შემდეგ შეიძლება მოხვდეს ოთხიდან ერთ-ერთ ადგილში:
მართალი მორმონი, რომელიც ყველა დადგენილებას აღასრულებს, დამსახურებულად ხვდება უმაღლეს სამეფოში, რომელსაც ეწოდება "ცელეტიალური (ზეციური) სამეფო", ანდა "მზის სამეფო". ის იყოფა სამ ქვესამეფოდ: ისინი, რომელთაც ტაძარში საიდუმლო წეს-ჩვეულებები (რიტუალები) გამოიარეს (ყველა მორმონი არ გაივლის ამ რიტუალებს), ხდებიან ღმერთები და იგზავნებიან თავიანთ პლანეტაზე, ისინი კი, ვინც კარგი მორმონები იყვნენ, მაგრამ საიდუმლო რიტუალები არ გამოუვლიათ, მომსახურე არსებები ხდებიან, რომლებიც არცთუ ურიგოდ ცხოვრობენ და ურთიერთობა აქვთ წმინდა სამებასთან. ისინი ორ ჯგუფად იყოფიან. პირველი მეორეზე აღმატებულია... ორ ქვედა ქვესამეფოს შორის გრადაციის პრინციპის შესახებ მორმონთა წიგნები არაფერს გვიხსნიან.
მეორე ადგილია - "ტერესტრიალური (ანუ მიწიერი) სამეფო", ანდა "მთვარის სამეფო", სადაც ხვდებიან არცთუ მთლად მართალი მორმონები და ზოგიერთი მართალი არამორმონი. ეს ერთგვარი განსაწმენდელია, არსებობის რიგიანი პირობებით, სადაც არ შედის მამა ღმერთი, არ შედის ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი.
შემდეგი ადგილი - "ცელესტიალური სამეფოა" ანუ ჯოჯოხეთი, იგივე "ვარსკვლავთა სამეფო", სადაც ხვდებიან ცოდვილები: მატყუარები, მკვლელები, მრუშები. იქ ისინი მიეცემიან ყველანაირ სატანჯველს, მაგრამ არსებობს მცირეოდენი ნუგეშინისცემა, ვინაიდან ჯოჯოხეთშიც ჩადის სულიწმინდა, რათა იქ ანუგეშოს გატანჯული ცოდვილები.
როგორც გვაუწყებენ მკვლევრები, რომელთაც ღრმად შეისწავლეს მორმონთა დოქტრინები (მათ შორის საიდუმლოც), არსებობს მეოთხე ადგილიც, ეს არის ჯოჯოხეთის ქვედა წრე, რომელსაც "შინაგანი უკუნი" ეწოდება, რომლის სიახლოვეს წმინდა სამების არც ერთი წევრი არ გაივლის. იქ მეფობს საშინელება და უკუნი სიბნელე. ეს არის ადგილი, სადაც ბინადრობენ მხოლოდ დემონები და განმზადებულია თავისი რწმენის უარმყოფელი მორმონებისთვის.
თავი 13
მორმონთა კულტის უმთავრესი ნაწილი გახლავთ ტაძარი, მაგრამ ის სულაც არ ჰგავს სამლოცველო დარბაზებსა და სახლებს, რომლებსაც მორმონები აშენებენ თავიანთი კრებებისთვის. რუსეთში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სამლოცველო სახლია მათ მიერვე აშენებული, სხვაგან კი იჯარით აღებულ შენობებს იყენებენ, სადაც კვირაობით იკრიბებიან და თავიანთ "ღვთისმსახურებას" ატარებენ. ეს დარბაზები ღიაა ყველასთვის, სადაც შეუძლიათ მივიდნენ და მორმონებთან ერთად იმღერონ, შემოკრან ტაში და "კარგად" გაატარონ დრო. აქ ტარდება ზიარების მორმონული ვერსია, რომელიც ბევრს არაფერს ნიშნავს - წყალი და პური მხოლოდ ფორმალობაა. საინტერესოა, რომ "შიგნითა" მორმონების ზიარებისთვის, როგორც ამბობენ, გამოიყენება ყურძნის წვენი, ანუ იგივე ღვინო. მაგრამ უმეტესად იყენებენ წყალს, რომელიც საერთოდ არანაირი წერილით არ დასტურდება, არც ქრისტიანული, არც მათივე საკუთარი "წმინდა" წიგნებით. საკვირაო მსახურებები ჩვეულებისამებრ სამი საათი გრძელდება. თავიდან ჰიმნებს მღერიან, მერე რიგდება "ზიარება" (პური და წყალი), შემდეგ ტარდება საერთო გაკვეთილი "წმინდა წერილის" ("მორმონის წიგნები", "მოძღვრება და აღთქმები" და სხვა) შესასწავლად. ამის მერე ყველა განაწილდება ჯგუფურ მეცადინეობებში: "ახალგაზრდა მამაკაცთა (ყმაწვილთა) საზოგადოება", "ახალგაზრდა ქალთა საზოგადოება", "ქალთა საზოგადოება", "მღვდელთა საზოგადოება" (მამაკაცები) და "ეკლესიის მეგობართა საზოგადოება" (სტუმრები და შეკრებაზე პირველად მისულნი).
მონათვლის მსურველებთან მუშაობენ მორმონთა მისიონერები (ახალგაზრდა ვაჟები - უხუცესები). ისინი მათ სახლში 12 აუცილებელ გაკვეთილს უტარებენ - ექვსს - "ნათლობამდე" და ექვსს - მერე. "ნათლობა" უნდა შესრულდეს ერთი სრული შთაფლვით.
აღმოსავლეთ ევროპაში მორმონებს ერთი ტაძარი აქვთ, ერთი - აღმოსავლეთ გერმანიაში და ერთიც - შვედეთში. თურმე პეტერბურგში აპირებდნენ ტაძრის აშენებას, მოლაპარაკება არ შედგა. ახლა კიევში გადაუწყვეტიათ ტაძრის აშენება. ის, რომ მორმონები მზად არიან უზარმაზარი თანხა ჩადონ ასეთი ძვირფასი ნაგებობის ასაშენებლად, გვიჩვენებს იმ სერიოზულ ინტერესს, რომელიც მათ აქვთ ჩვენი რეგიონისადმი.
ტაძრის შესასვლელი არამორმონთათვის დაკეტილია. თვით ყოველ მორმონს არ შეუძლია შესვლა ტაძრის შიგნითა ნაწილში. სტუმარს სასტუმრო დარბაზში შეიყვანენ, აჩვენებენ ნახატებს, მაგრამ ტაძარში არ შეუშვებენ. თვითონ მორონებიც კი ამას ორი პირის რეკომენდაციით ეღირსებიან: სამრევლოსა (განყოფილების) და პალოს პრეზიდენტებისა, და ეს ჯერ უნდა დაიმსახურონ: კარგების სიაში უნდა იყვნენ, რეგულარულად იხდიდნენ მეათედს, დაიცვან "სიტყვა სიბრძნისა", დაეხმარონ "ეკლესიას" სხვადასხვა საშუალებით და ა.შ. არსებობს ასაკობრივი ცენზიც: სატაძრო ცერემონიებში მონაწილემ უნდა მიაღწიოს შეგნებულ ასაკს - 18 წელს.
ტაძრის შესასვლელთან ტარდება ჭეშმარიტ მორმონად კურთხევა. ასევე საქორწინო ცერემონია, რომლის მერეც მორმონს შეუძლია თავისი პლანეტისათვის პრეტენზია განაცხადოს. საკუთრივ ტაძარში ტარდება სამი საიდუმლო ცერემონია: "წილის დადება" (რუსი მორმონები მას "შემოსვას" ეძახიან), "ქორწინების აღბეჭდვა" და "მონაცვლე ნათლობა". ნათლობა და ქორწინება ტაძრის გარეთაც შეიძლება მოხდეს (მაგრამ, თუ მორმონი მხოლოდ ტაძრის გარეთა ქორწინებებშია, ის ვერასდიდებით ვერ მოხვდება ცელესტიალური სამეფოს უმაღლეს წრეში, ანუ ვერ გახდება ღმერთი და ვერ მიიღებს თავის პლანეტას).
ყველა სატაძრო ცერემონია შეიმუშავა ჯოზეფ სმიტმა 1842 წლის მერე. ცნობილია, რომ 1842 წლის 15 მარტს ჯოზეფ სმიტი ნავუს მასონური ლოჟის წევრი გახდა. 1840 წელს ბევრი მასონური ლოჟა გაერთიანდა ილინოისის შტატში ე.წ. დიდ ლოჟად, შტაბბინა სპრინგფილდში ჰქონდათ. რამდენიმე მორმონმა ხელმძღვანელმა, რომლებიც ადრევე გახდნენ "თავისუფალი კალატოზები", მიმართეს ლოჟის მაშინდელ დიდოსტატს აბრაჰამ ჯონას, ნავუში ადგილობრივი ლოჟის დაარსების ნებართვა მიეცა. 1841 წლის ოქტომბერში ამას მოჰყვა ადგილობრივი კრების გამართვის ნებართვა, ხოლო 1842 წლის 15 მარტს დიდოსტატი თვითონვე გამოცხადდა ნავუში ახალი ლოჟის და ჯოზეფ სმიტის სამსახურებრივი შენობების საზეიმოდ გასახსნელად. მაშინ სმიტი და სიდნი რიგდონი მიიღეს მასონებად და აიყვანეს პირველ საფეხურზე, მალევე აიყვანეს მეორე და მესამე საფეხურებზე. ექვსი თვის მერე, 1842 წლის 4 მაისს, ჯოზეფ სმიტმა წამყვან მორმონთა ჯგუფი (ისინი თითქმის ყველანი მასონები იყვნენ) აკურთხა (გაანდო) თავის სატაძრო რიტუალში.
ყოველივე ეს ცნობილია მორმონთა "წილის ყრის" რიტუალად. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მასში პირველ რიგში ნაკურთხნი (განდობილი) იყვნენ ის მორმონები, რომლებიც უკვე შედიოდნენ მასონურ ლოჟებში. მეტიც, კურთხევისთვის გამოიყენებოდა მასონური რიტუალების შენობა. მორმონთა ისტორიკოსი რობერტსი წერს, რომ ოთახი, "რომელშიც ტარდებოდა წმინდა ცერემონიები", არა მარტო მორმონთა პირველი ტაძრის მაგივრობას სწევდა (ეს იყო ჯერ კიდევ ნავუში მორმონთა ტაძრის აგებამდე), "ნავუში ფრანკმასონთა ლოჟის შეკრების ადგილიც იყო".