1. თუ შეგიძლიათ, ადამიანი აიძულოთ, ისე მოიქცეს, როგორც თავად გსურთ, მაშინ იმასაც შეძლებთ, რომ ნებისმიერ რამეში დაარწმუნოთ.
2. გარემოს უეცარმა, მკვეთრმა ცვლილებებმა ადამიანზე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს და სამყაროს შემეცნების, ფასეულობათა სისტემისა და რწმენის მოულოდნელ, რადიკალურ ცვლილებამდე მიიყვანოს.
სექტას ძალუძს, ხანგრძლივად აკონტროლოს თავისი წევრები, რისთვისაც იყენებს შემდეგს:
იზოლაცია: - თუ ჩვეულ გარემოს და გარშემომყოფთ ფიზიკურად დაშორდით, შესაძლოა, რეალობა სუბიექტურად ვეღარ აღიქვათ.
სოციალური, ჯგუფური წნეხი: - თუ ბუნებისგან მონიჭებული ის შეგრძნება, რომ სოციუმის კუთვნილება ხართ, თქვენში ექსპლუატაციას განიცდის, შესაძლოა, საკუთარ თავში ჯგუფის იდეებისადმი გაჩენილი ეჭვი ან ის წინააღმდეგობა დათრგუნოთ, რომელსაც სხვა გარემოში უცილობლად გამოამჟღავნებდით.
დანაშაული: - ჯგუფის სწავლება "გადარჩენის" შესახებ თქვენი წარსული ცხოვრების "ცოდვების" უცილობელი გაზვიადებით არის გამყარებული.
შიში: - ჯგუფის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება და მისი წესებისა და იდეოლოგიისადმი მორჩილების მიღწევა შესაძლებელია დაშინებით და მოსალოდნელი სულიერი თუ ფიზიკური შედეგების მუქარით.
სიყვარულით "დაბომბვა": - ერთი ოჯახის კუთვნილების შეგრძნება შეიძლება ხელოვნურად შეუქმნას გამუდმებული სენტიმენტალური ხვევნა-კოცნითა და განუწყვეტელი მლიქვნელობით.
ყოველივე პირადულის გამორიცხვა: - თუ საკუთარი თავისთვის დროს არ გიტოვებენ, თუ თქვენთვის მარტო დარჩენა არ შეიძლება, ობიექტურად აზროვნებისა და სიტუაციის "გვერდიდან", "პერსპექტივაში" შეფასების უნარს დაკარგავთ.
დაღლილობა: - თუ დასვენებას ვერ ახერხებთ, შესაძლოა, დაკარგოთ გარემოში ორიენტაციის უნარი და სრულებით მოექცეთ ვინმეს ზეგავლენის ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმავდროულად მუდმივად ხვდებით ახალ-ახალ, თქვენთვის უჩვეულო გარემოებებში და საპირისპირო ინფორმაციას გთავაზობენ.
დასავლელი ქრისტიანი სექტოლოგები ტოტალიტარული სექტის ოთხ ძირითად თვისებას გამოყოფენ:
1. გურუს (ლიდერის) არსებობას:
თუ რელიგია (შეჭმარიტი არსით) ღმერთთან კავშირისაკენ მისწრაფებით ხასიათდება, სექტაში ყველაფერი ლიდერით იწყება და მისითვე მთავრდება. სექტანტთა წარმოდგენით, ღმერთთან ლიდერის გარეშე არანაირი კავშირი არ არსებობს. გურუს სიკვდილის შემდეგ მრავალი სექტა იშლება და თუ ეს არ ხდება, მაშინ იქ გურუ-მემკვიდრე ჩნდება (გავიხსენოთ: "სტალინი - ეს არის ლენინი დღეს!"), ან თავად ორგანიზაცია იტვირთავს ხოლმე გურუს ფუნქციებს. ორგანიზაციის ზრდასთან ერთად გურუს მრავალი თანაშემწეც გამოუჩნდება ხოლმე, - "დაახლოებული პირები", რომელნიც რიგითი სექტანტებისათვის "პატარა გურუს" როლს ასრულებენ და გურუს ბაძავენ, თავად სექტანტები კი - მათ. ამგვარი პირამიდული სტრუქტურა კონტროლის სიმკაცრესა და ორგანიზაციის ერთსახოვნებას უზრუნველყოფს.
ნათქვამი ფუჭად რომ არ მოგეჩვენოთ, კრიშნაიტების საპროგრამო წიგნიდან მოგიყვანთ ციტატას, რომელსაც გურუს ფერხთით გართხმული მოწაფე წარმოთქვამს: - "შენ ჩემი სულიერი მზე ხარ, მე კი - შენი ბრწყინვალების უმნიშვნელო ნაპერწკალი. შენ ჩემი უფალი ხარ, მე კი - შენი მსახური მარად. შენი ლოტოსის ნატერფალის ნექტარი ჩემს გრძნობებს ათრობს და მხოლოდ შენი წმინდა სახელის უსაზღვრო სიტკბოებას ვსასოებ. მე, დაცემულს, რისი თქმა ძალმიძს ჩემი პირადი მოსაზრებით? აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რომ შენი ნება აღვასრულო. უდიდეს კმაყოფილებას განვიცდი, როდესაც ამ სიტყვებს წარმოვთქვამ, რომელსაც შენ ჩემს ბაგეებს აწვდი, თან არც კი დავფიქრდები იმაზე, სწორია თუ არა ისინი" (ბხაკტივინოდა ტაკური. "შრი ხარინამა ჩინტამანი". ბომბეი).
უკანასკნელი ფრაზა მეტად დამახასიათებელია. მართლმადიდებლური კანონებისაგან განსხვავებით, რომელნიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მორჩილება გაცნობიერებული უნდა იყოს და იქ უნდა დასრულდეს, სადაც ცოდვა, ერესი ან ეკლესიის სწავლებისაგან ნებისმიერი განდგომა იწყება, სექტას მაგალითად გურუსადმი ბრმა მორჩილება და ღვთაებრივი თაყვანისცემა მოჰყავს, რაც პრინციპულად განსხვავდება მართლმადიდებელი სულიერი მოძღვრისაგან, რომელიც მუდამ იმისკენ ისწრაფვის, სამწყსო უფალთან მიიყვანოს, ცხონებაში დაეხმაროს და მარადიული ცხოვრებისათვის მოამზადოს.
კონტრასტისათვის შეგახსენებთ კრიშნაიზმის დამფუძნებლის, ბხაკტივედანტა სვამი პრაბხუპადას გამონათქვამს: - "თუ ღმერთთან პრობლემა გაქვთ, მხოლოდ გურუ დაგეხმარებათ და თუ გურუსთან გექნებათ პრობლემა, მაშინ თქვენ შველას ვეღარავინ შეძლებს".
იმავდროულად, მისწრაფება ახლობელი, გასაგები, ხილული და ხელშესახები ღმერთისაკენ ერთ-ერთი მთავარი ცთუნებაა დაცემული კაცობრიობისა. ამ თვალსაზრისით, აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ სექტანტური აზროვნება სრულიად არ არის აუცილებელი მხოლოდ სექტის წევრებისთვის იყოს ნიშანდობლივი: - ადვილი შესაძლებელია, ამას პოპ-ვარსკვლავის გარემოცვაში, შრომით კოლექტივსა და ზოგიერთ მართლმადიდებლურ მრევლშიც კი წავაწყდეთ.
როდესაც ე. წ. "რეფორმატორული", "პროგრესულ-მისიონერული" თემის წარმომადგენელი ქალბატონი აცხადებს: - "არც ერთ ეპისკოპოსს არ ვცნობ და მხოლოდ ჩემს მოძღვარს ვაღიარებო", იძულებულნი ვართ, გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაშიც სექტანტურ მენტალიტეტთან გვაქვს საქმე. სწორედ ამას ეფუძნება საეკლესიო ცხოვრებაში დღეს საკმაოდ გავრცელებული ფენომენი - ფსევდომოძღვრობა (მლადოსტარჩესტვო), მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ჩვენს ეკლესიაში ყველა ეს გაუკუღმართება პერიფერიული მოვლენაა, რომელიც სჯულის კანონით გაკიცხულია, ტოტალიტარულ სექტებში კი იგი ნორმად ითვლება და მათი არსებობის საფუძველია.
ამ თვალსაზრისით, სექტანტური თეორიებისა და პრაქტიკის შესწავლა ჩვენთვისაც საინტერესო იქნება: - თუ ეს გვეცოდინება, უკეთ შევძლებთ იმ გაუკუღმართების შემჩნევას, რომელიც ამა სოფლიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში ლამობს შემოჭრას.
ა. დვორკინის მასალებზე დაყრდნობით
(გაგრძელება იქნება)