ალექსანდრე დვორკინი, "სექტოლოგია"
გაგრძელება
2. ზოგიერთი მკვლევარი საუბრობს ჯოზეფ სმიტის ანდამატიზმზე
და მის განსაკუთრებულ ნიჭზე - "ხილვის ხილვა" აეძულებინა ადამიანებისთვის. ეს მოწმდება რვათაგან ზოგიერთის მოწმობით, რომელთაც ჯოზეფმა ფირფიტები აჩვენა:გაგრძელება
"მოწმეებს ებრძანა, განუწყვეტლივ ელოცათ და სხვა სულიერი საქმეები შეესრულებინათ. დიდი ხნის მერე მან (ჯოზეფმა) ოთახში ყველა შეგვკრიბა და სკივრი გამოიღო, რომელშიც, მისი თქმით, ფასდაუდებელი განძი იყო; მოწმეებმა შიგ ჩაიხედეს და იქ ვერაფერი აღმოაჩინეს, რადგან სკივრი ცარიელი იყო და იყვირეს: - ძმაო ჯოზეფ, ჩვენ აქ ფირფიტებს ვერ ვხედავთო. წინასწარმეტყველმა მათ უპასუხა: "ჰოი, მცირედ მორწმუნენო! რამდენ ხანს უნდა მოუთმინოს ღმერთმა ამ გარყვნილსა და მზაკვარ მოდგმას! მუხლებზე დაემხეთ! ილოცეთ წმინდა და ცოცხალი რწმენის მოსაპოვებლად". ორი საათის ლოცვის მერე კვლავ სკივრში ჩაახედა და ნება მისცა, დარწმუნებულიყვნენ, რომ ფირფიტები შიგ იდო".
1831 წელს სმიტს და ქაუდერს მეოთხედ დაასხეს ხელი "უმაღლესი ხარისხის მღვდლად მელქისედეკის წესით. ამჯერად მათ გამოეცხადნენ მოციქულები: პეტრე, იაკობი და იოანე", რომელთაც "ხელი დაასხეს" მათ. ამგვარად, "აღდგენილ" იქნა მღვდლობა, რომელიც ნელ-ნელა ეკლესიაში დაიკარგა. ის 18 საუკუნე არ არსებობდა, მაგრამ ახლა, როგორც უკვე ითქვა, უკანასკნელ ჟამამდე არ შეწყდება.
სამთაგან ერთი მოწმე, დევიდ უიტმერი, წინ აღუდგა ამ სიახლეების შემოტანას, მან ჯოზეფ სმიტი დაადანაშაულა - ეს თვითონვე გამოიგონე შენი ახალი გავლენიანი მიმდევრის, სიდნი რიგდონის რჩევითო. რიგდონამდე ახალ ეკლესიას ჰყოფნიდა ხუცესები. უიტმერმა თქვა, რომ სწორედ რიგდონმა მიაქცია ჯოზეფის ყურადღება ძველი აღთქმის მელქისედეკის, მღვდელმთავრის ფუნქციაზე და დაარწმუნა, ღმერთისთვის ეკითხა ახალი სახის მღვდლობაზე. ღმერთმა მორჩილად მაშინვე გამოცხადებით უპასუხა და რიგდონი მართალი გამოდგა. მას მერე რიგდონის წყალობით მორმონთა სექტას ორი ხარისხის მღვდლობა აქვს.
სიდნი რიგდონი ერთ-ერთი რივაივული სექტის წევრი იყო. მის მეთაურს ეჩხუბა და მას სწამდა, რომ ისრაელი კვლავ უნდა შეკრებილიყო. რიგდონი დარწმუნებული იყო ადრინდელი ეკლესიის კომუნური მოწყობის სისწორეში, მზად იყო მორმონთა "ახალი გამოცხადების" მისაღებად. სამ კვირაზე მცირე ხანში სიდნი რიგდონი და მთელი მისი კომუნა კირტლანდსა და ოჰაიოში მორმონმა მისიონერებმა მონათლეს, რიგდონი მათთან ერთად ნიუ-იორკის შტატში გაემგზავრა, სადაც ის გულითადად მიიღო სმიტმა. მალე მან დაარწმუნა "წინასწარმეტყველი" და მისი მიმდევარნი, 60 კაცის შემადგენლობით კირტლანდში გადასულიყვნენ - ნიუ-იორკის დასავლეთით თითქმის 300 მილის დაშორებით - რათა შორს ყოფილიყვნენ "მდევნელთა და "გახრწნილი პრესისგან".
ამგვარია სმიტის ადრინდელ გამოცხადებათა ისტორია, რომელთა შესახებაც სხვადასხვანაირი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება. თვითონ ჯოზეფი მოგვიანებით მათზე ბევრს ჰყვებოდა და ამ მონათხრობთა დეტალები ერთმანეთისგან დიდად განსხვავდებოდა. ის ურევდა დროს - 1832 წელს თქვა, პირველი გამოცხადება 16 წლისას მქონდაო. რაც მთავარია, გამოცხადების შინაარსს ცვლიდა. თავიდან ამბობდა, იესო გამომეცხადაო, მერე - ანგელოზიო, ბოლოს კი იმ ვერსიამდე მივიდა, რომელიც დღეს წერია მორმონთა წიგნებში და მოგითხრეთ.
არის სერიოზული უთანხმოებები, მეორე ხილვაზე მონათხრობშიც: თავის სიცოცხლეშივე გამოცემულ პირველ მონათხრობში ჯოზეფი ამბობს, - ანგელოზი ნეფიად წარმომიდგაო, 1851 წლის მერე ნეფია მორმონი გახდა. მოვლენათა ერთადერთი მოწმის ასეთი არათანამიმდევრულობა გვაეჭვებს როგორც მის მონათხრობში, ისე ხილვის ნამდვილობაში.
შეიძლება ითქვას, რომ თავიდან ჯოზეფმა, თავის ოჯახთან ერთად, თავისებური თამაში წამოიწყო, მაგრამ მოულოდნელად დაუჯერეს. სხვა რა გზა ჰქონდა - თამაში უნდა გაეგრძელებინა და მადაც მოუვიდა.
მეორე მხრივ, ამ გამოცხადებათა აღწერილობა საკმაოდ დამახასიათებელია. ისინი ძალზე ჰგვანან იმათ, რაც ვიცით მართლმადიდებლური ასკეტიკის მიხედვით ბნელ ძალთა გამოცხადებაზე, ასე რომ, შესაძლებელია, მას მართლაც ვინმე გამოეცხადა. ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ეშმაკური გამოცხადება მთელ ამ ბნელ ამბავში არ გამორიცხავს შარლატანობასაც. მაგრამ რამდენი პროცენტია თანაფარდობა ეშმაკეულობასა და შარლატანობას შორის, ალბათ ვერასოდეს გავიგებთ.
3. 1830 წელს "მორმონის წიგნის" "თარგმნა" დასრულდა. მორმონი კვლავ გამოეცხადა ჯოზეფს და ოქროს ფირფიტები გამოართვა: ისინი საჭირო დროს გამოეცხადება ახალ წინასწარმეტყველს, რომელიც წიგნის იმ დანარჩენ ნაწილს თარგმნის, რომლის თარგმნაც მორმონმა ჯერჯერობით აუკრძალა სმიტს. წიგნი 5000 ეგზემპლარად სმიტის მიმდევრებმა გამოსცეს და თითო 1,2 დოლარად გაიყიდა, რაც იმ დროს ძალზე შთამბეჭდავი თანხა იყო. "მორმონთა წიგნი" გარეგნულად ბიბლიას ჰგავს - მუქლურჯგარეკანიანი სქელი ტომია. სტილი ფსევდობიბლიურია და გადმოღებულია მეფე იაკობის თარგმნილი ბიბლიიდან (king james bible) - ბიბლიის იმ ერთადერთი ვერსიიდან, რომელიც ჯოზეფისთვის იყო ცნობილი. ამ ნაწარმოების კითხვა ძალზე მოსაწყენია. მარკ ტვენმა მას "ქლოროფორმი და არა წიგნი" დაარქვა და დაუმატა, რომ მისი დაწერა შეიძლება სასწაულად ჩავთვალოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯოზეფ სმიტს არ ჩაეძინა მისი შედგენისას.
ეს ფსევდობიბლიური მოთხრობა დაფუძნებულია იმ დროს ამერიკაში ძალზე პოპულარული თემის სპეკულაციაზე, ანუ თუ რა ბედი ეწია ისრაელის დაკარგულ ათ ტომს. სწორედ მაშინ გამოჩნდა და განვითარდა "ბრიტანოისრაელიზმის" თეორია, რომლის თანახმადაც, ეს ტომები ბოლომდე არ გამქრალან, მათი საუკეთესო წარმომადგენლები ხომალდებით ბრიტანეთში (თვით ამერიკაშიც კი) გაემგზავრნენ და ფუძემდებელნი (მამამთავარნი) გახდნენ დიდებული ანგლო-საქსური რასისა.
ეს იდეა აღაფრთოვანებდა ჯოზეფ სმიტსაც და აისახა მის თხზულებებში. "მორმონის წიგნი" მოგვითხრობს ადამიანთა ორი ჯგუფის მიგრაციაზე ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკის კონტინენტზე - პირველი მიგრაცია თითქოსდა მოხდა ენათა აღრევისთანავე, ბაბილონის გოდოლის აშენებისას ვინმე იარედმა, თავის ძმასთან ერთად, შესთხოვა ღმერთს, რომ მათი ენებიც არ აერია. თხოვნის შესრულების მერე იარედის ნათესავთა კლანი (იარედელები) თავიანთი ბარგი-ბარხანითა და შინაური ცხოველებით ამერიკაში მივიდნენ ნოეს კიდობნის მსგავსი ხომალდით. მათმა შთამომავლებმა შემდგომში ახალ მიწაზე შექმნეს აყვავებული ცივილიზაცია: "მათ დაამუშავეს რკინის მადანი და ადნობდნენ ოქროს, ვერცხლს, რკინას, სპილენძს და სხვა ლითონებს, მოიპოვებდნენ მადანს... ქსოვდნენ ყველანაირი სახის მაუდს... აკეთებდნენ იარაღებს მიწის დასამუშავებლად, მეცხოველეობისთვის, სამხედრო იარაღს (ესთერი 10,23-27; ესთერის წიგნი "მორმონის წიგნის" ერთი ნაწილია, რომლიდანაც, ბიბლიის წიგნების მსგავსად, ვხვდებით შენიშვნებს მორმონთა ლიტერატურაში).
აქვე აღსანიშნავია, რომ ჯოზეფმა საკმაოდ უდარდელად აირჩია შინაური ცხოველები: მისმა ლტოლვილებმა ამერიკაში თან წაიყვანეს: ცხენები, ღორები, ცხვრები, ძროხები, ვირები და სპილოები. თუმცა ცნობილია, რომ კოლუმბამდელ ახალ სამყაროში ასეთი ცხოველები არ იყო. "(იარედელებს ჰქონდათ) სხვადასხვა ჯიშის ხილი, თხილი, აბრეშუმი, ნაზი ქსოვილის ტილოები, ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ნივთები; ასევე ჰყავდათ ხარი, ძროხა, ცხვარი, ღორი, თხა და მრავალი სხვა ჯიშის საქონელი, ასევე ცხენი და ვირი, სპილოც" (ესთერი 9:17-19).
თუმცა იარედელები ბოლოს ამოიხოცნენ. წიგნის უმეტეს ნაწილში უკვე სხვა ხალხის ამბავია აღწერილი. ამგვარად, ქრისტეშობამდე დაახლოებით 600 წლით ადრე იერუსალიმელი ლეგიას ოჯახი, ქალაქის დანგრევის წინ, ხომალდით უცნობი მიწისკენ გაემართა. მათ გადაკვეთეს ინდოეთის და წყნარი ოკეანეები, გადასახლდნენ მაშინ ჯერ კიდევ უკაცრიელ ამერიკაში და იქ განაგრძეს ცხოვრება. მათ იქ ხელახლა ააშენეს იერუსალიმის ტაძარი, გამრავლდნენ და მთელი მიწა დაიკავეს.
მერე ლეგიას შთამომავლობა დაიყო: ერთი მათგანი, დამანელები - ლეგიას ცუდი შვილის, დამანის, შთამომავლობა, აუჯანყდა ნეფის - ლეგიას კარგ შვილს, რისთვისაც ღმერთმა დასაჯა და გამუქდნენ, სხვები კი თეთრები დარჩნენ. შემდგომში "მორმონის წიგნი" ასევე ფსევდობიბლიური სტილით მოგვითხრობს "ისრაელის ნაწილის" შემდგომ ცხოვრებაზე ამერიკაში. მიმზიდველი ისტორია ცუდად მთავრდება: ინდიელი ლამანელები გამრავლდებიან და ამოხოცავენ თეთრ ნეფიელებს.
მეცნიერები მიგვითითებენ ბიბლიიდან უამრავ ნასესხებ სიუჟეტზე. იარედის ქალიშვილი, სალომეას მსგავსად, ცეკვავს მეფის წინაშე და მამის მითითებით, ჯილდოდ ითხოვს მისი მტრის თავს. ამინადი დანიელივით გაშიფრავს კედლის წარწერას, ხოლო ალმა იმავე მდგომარეობისას პავლე მოციქულივით მოიქცა. ლამანელების ქალიშვილები იმგვარადვე მოიტაცეს, როგორც სილომის ქოროში მოცეკვავე ქალიშვილები. ამონმა, დავითის ამერიკელმა ორეულმა, შურდულით ნასროლი ქვით მოკლა მამამისის ფარის ექვსი გამტაცებელი. ქრისტე აღდგომის შემდეგ ასევე იყო ამერიკაში, სადაც გამოეცხადა თეთრ ისრაიტელებს, მათ შორის 14 მოციქული გამოარჩია, გაიმეორა მთის ქადაგება და თქვა, რომ მეორედაც გამოეცხადებოდა. "მორმონის წიგნის" 25000 სიტყვა აღებულია ძველი აღთქმის "მეფე იაკობისეული თარგმანიდან" და 2000 სიტყვა - ახალი აღთქმის იმავე თარგმანიდან. იმავე დროს, მათ შორის მცირე განსხვავებაა, რათა თავიდანვე აღკვეთილიყო კრიტიკული შენიშვნები, თუ როგორ გამოიცნო ძველმა ამერიკელმა წინასწარმეტყველმა სიტყვასიტყვით მისი სიკვილიდან ათასი წლის მერე გაკეთებული ინგლისური თარგმანის ტექსტი.
მკვლევრებმა მარტო ოთხასამდე პარალელი დაითვალეს "მორმონის წიგნისა" ახალ აღთქმასთან. ერთი ნაწილი (7:45-47) შეიცავს რამდენიმე სიტყვასიტყვით ნასესხებ ტექსტს კორინთელთა მიმართ I ეპისტოლეს მე-13 თავიდან. საინტერესო ახსნას უძებნის ამას სიდნეი სპერი: "მე არ ვფიქრობ, რომ პავლე იყო პირველი შემდგენელი ტექსტისა. მისი პირველწყარო გახლდათ თვით მაცხოვარი. პავლესთვის ხელმისაწვდომი იყო მისი სიტყვები და იყენებდა მათ, თანაც მცირედითაც არავინ საყვედურობდა, ნაქურდალიაო. როცა უფალი ჩვენი მოვიდა ამერიკაში, მკვდრეთით აღმდგარი და განდიდებული, მან აქ იგივე რწმენა, იმედი, სიყვარულის ქადაგება მოიტანა. მორმონისთვისაც ხელმისაწვდომია ეს ქადაგება, როგორც თავის დროზე პავლესთვის გახლდათ, მაგრამ არ იცოდა, რომ ნაადრევი იყო და სხვა კონტინენტზე იმავე ქადაგებით ისარგებლა პავლემ".