ალექსანდრე დვორკინი, "სექტოლოგია"
მორმონები წარმართული სექტაა და არა პროტესტანტიზმი
ახლა ჩვენ ვისაუბრებთ ახალ სექტათაგან "უძველესზე"
- მორმონებზე. ის შეიძლება დავახასიათოთ როგორც სინკრეტული ნეოწარმართული ოკულტური სექტა ქილიასტური გადახრით, რომელიც აქტიურად ეწევა პროზელიტურ საქმიანობას.მორმონები წარმართული სექტაა და არა პროტესტანტიზმი
გენერალი ლებედი, როცა უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა, პატრიოტული განცხადებით გამოვიდა სექტების წინააღმდეგ და ამ გამოსვლისას მორმონებს "დახავსებული" სექტა უწოდა. მალე ძალზე ინანა: მაშინვე ძლიერი ზეწოლა წამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სადაც მორმონები ხელისუფლების ყველა ორგანოსა და სახელისუფლო სტრუქტურაში არიან. მალე ლებედმა დამამცირებელი ბოდიში მოიხადა და ინციდენტიდან რამდენიმე წლის მერეც განაგრძობდა მობოდიშებას. სამწუხაროდ, ამან მეტი რეკლამა გაუწია მორმონებს.
მორმონ მისიონერებს ყოველთვის ერთნაირად აცვიათ: შავ შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილნი, უბრალო ჰალსტუხით, მკერდზე შავი საჭდეებით, რომელზეც აწერია, მაგალითად, "უხუცესი ჯონსონი" ანდა "უხუცესი სტივენი". დადიან წყვილ-წყვილად, მხარზე შავჩანთაგადაკიდებული. ჩვეულებისამებრ ახალგაზრდები არიან, 19-20 წლისანი.
რუსეთში მორმონებს ერთ-ერთ პროტესტანტულ დენომინაციად იღებენ. მათ ეს ძალზე უხარიათ და ყოველთვის ცდილობენ დაგარწმუნონ, რომ ქრისტიანები არიან და სხვებისგან გამოირჩევიან, ისიც მხოლოდ ხაზგასმული კონსერვატიზმით, იდეალური ოჯახური გარემოთი, მკაცრი ზნეობრიობით და სამაგალითო ურთიერთობით, ყოველთვის სუფთად გაპარსულნი, კოხტად თმაშეჭრილნი, მკაცრად ჩაცმულნი - მაგალითნი კონსერვატორი, კეთილწესიერი ადამიანისა და მოქალაქისა.
მორმონთა მთელი ცხოვრება მკაცრად რეგლამენტირებულია: კვირას მათთან ღვთისმსახურებაა, ზიარება და საეკლესიო სკოლა, ორშაბათს - ოჯახის დღე, რომელიც ყველამ ოჯახურ წრეში უნდა გაატაროს და სპორტით გაერთოს, უფრო ხშირად ფრენბურთით (და ყველა თამაშობს). სპეციალურად დადგენილი ზედამხედველები (რუსეთში მათ "ოჯახის მასწავლებლებს" ეძახიან) ყოველთვიურად სტუმრობენ თითოეული მრევლის ოჯახს და ამოწმებენ, ცხოვრობენ თუ არა ჭეშმარიტი მორმონის შესაფერისად.
საინტერესოა ისიც, რომ თითოეული მორმონი ვალდებულია, შინ პროდუქტის ერთი წლის ხელუხლებელი მარაგი ჰქონდეს. ყოველწლიურად ეს მარაგი ახლდება. პროდუქტების საცავი (ასევე სამოსი და ყველაფერი, რაც მეურნეობისთვის არის აუცილებელი) არის თითოეულ მორმონულ სოფელსა და ქალაქში, რაც განკუთვნილია მეორედ მოსვლის წინა მძიმე დღეებისთვის, როცა დანარჩენი ხალხი შიმშილით დაიხოცება. ამ მარაგის წყალობით მორმონებს უმტკივნეულოდ შეუძლიათ მძიმე დღეების გადატანა, შიმშილისაგან მომაკვდავ "წარმართებს", ანუ არამორმონებს შორის (მორმონები ყველას, ვინც მათი სექტის წევრი არ არის, ინგლისური სიტყვით - გენტილედ მოიხსენიებენ, ისევე როგორც იუდეველები ყველა არაებრაელს გოებს უწოდებენ) მშვიდად დაელოდებიან მეორედ მოსვლას და საშინელ სამსჯავროს, რომელიც კეთილწესიერი მორმონისათვის სულაც არ უნდა იყოს საშინელი. მათ ასე სწამთ.
ერთმა მოსკოველმა მღვდელმა შემატყობინა, რომ მართმადიდებლობაზე მოქცეული ყოფილი მორმონები ეკლესიაში მირონცხებით მიიღო, ნათლისღების გარეშე, როგორც "რეფორმატორები". ეს შეცდომა იყო, რადგან მორმონები არც რეფორმატორები არიან და არც პროტესტანტები, არამედ წარმართული სექტაა და ამიტომაც ეკლესიაში მხოლოდ ნათლისღებით უნდა მიიღონ, ისე როგორც წარმართებს იღებენ. საინტერესო ისაა, რომ ეს თვით ლუთერანებმაც აღიარეს. გერმანიის "ევანგელური ეკლესიის საბჭოს" მიერ დანიშნულმა კომისიამ, რომელსაც კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უნდა შეემუშავებინა კრიტერიუმი "მორმონული ნათლობის ქრისტიანულად აღიარებისა ან უარყოფისა", რამდენიმე სხდომის შემდეგ (1989) დაასკვნა: მორმონთა ოფიციალური სწავლებიდან გამომდინარეობს, რომ მორმონული ნათლობის სიტყვა "მამა, ძე და სულიწმინდა" სრულიად სხვა სუბიექტებს ეხება და არა სამება-ერთარსება ღმერთს, რომელიც დამოწმებულია ნათლისღების ბიბლიურ ბრძანებაში. ამ მიზეზით მორმონული ნათლობის შემთხვევაში, ჩვენ არ შეგვიძლია ტრინიტარული ფორმულა მოვიხმოთ და, შესაბამისად, ნათლისღების სინამდვილის ნიშანიც აქ არ არსებობს. ამგვარად, მორმონთა აღსრულებული ქმედება არ შეიძლება ქრისტიანულ ნათლისღებად ჩაითვალოს.
ჯოზეფ სმიტი სიყრმიდანვე ოკულტიზმს მისდევდა, რისთვისაც მეთოდური ეკლესიიდან განდევნეს
ამ სექტის ოფიციალური დასახელებაა "იესო ქრისტეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა ეკლესია". მისი დამაარსებელია ჯოზეფ (იოსებ) სმიტი. იგი 1805 წელს დაიბადა აშშ-ში, ვერმონტის შტატში, დაბა შარონში. 1816 წელს მისი ოჯახი გადავიდა ნიუ-იორკის შტატის პატარა ქალაქ პალმირში. აქ გაიარა მომავალი მორმონელი "წინასწარმეტყველის" სიყმაწვილემ. აი, როგორ აღწერს იმ წლების მდგომარეობას ამერიკელი მკვლევარი:
XIX საუკუნის I ნახევარი ძალზე ნაყოფიერი იყო როგორც ახალი რელიგიური მოძრაობების გამოსაჩენად, ასევე სხვადასხვა რელიგიური დენომინაციების გაფართოებისთვის. 1817 წელს ჯენიმ უილკინსონმა, რომელიც თავის თავს ქრისტედ თვლიდა, ქალაქ პალმირის მახლობლად დააარსა რელიგიური კოლონია, იერუსალიმად წოდებული სათემო. ჯენიმის ჯგუფი ცნობილი გახდა როგორც "საყოველთაო მეგობართა საზოგადოება". ბაპტისტები ნიუ-იორკის შტატში დასახლდნენ და პატარა სექტებად დაიყვნენ. 1814-1830 წლებში შეიქმნა ჯგუფები: "რეფორმირებული ბაპტისტები", "მკვრივჯავშნიანი ბაპტისტები", "თავისუფალი ნების ბაპტისტები", "მეშვიდე დღის ბაპტისტები", "ფერხთ განმბანველნი" და სხვები.
1830 წლის ბოლოს აშშ-ში ყველაზე მრავალრიცხოვანი დენომინაცია მეთოდისტებისა გახდა. მათი რიცხვი 1785 წელს 15 000-მდე იყო, 1839 წელს - 900 000-მდე. პრესვიტერიანელები 19-ე საუკუნის დასაწყისში კომპაქტურად ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ სანაპიროზე. მათი რამდენიმე ეკლესია მხოლოდ კენტუკისა და პენსილვანიაში იყო. 1820 წლისთვის მათ იმდენად მოახდინეს ევანგელიზება რაიონისა ალეგანის მთებიდან დასავლეთისკენ, რომ უფლება მოიპოვეს პიტსბურგის სინოდის დაარსებისა. დაარსების პერიოდში სინოდი 216 სათემოსა და 94 პასტორისგან შედგებოდა.
ჯოზეფ სმიტი მთელ ამ რელიგიურ დუღილში გაიზარდა. მისი ოჯახი იმდენად ღარიბი გახლდათ, რომ მეზობელ ფერმერებს მათთან დიდი ურთიერთობა არ ჰქონიათ, მიუხედავად იმისა, რომ არც თვითონ იყვნენ დიდად მდიდრები, თუ გავიხსენებთ, რომ ამერიკაში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ შტატებში გაბატონებული იყო შეხედულება, რომ ჭეშმარიტი ღვთისმოშიშება ღვთისაგან ჯილდოვდება და ღარიბი ხალხი უიღბლონი არიან, რომლებიც ცოდვების გამო ისჯებიან, მაშინ გასაგები ხდება სმიტების ოჯახთან მეზობლების დამოკიდებულება. შესაძლოა, ამ შემთხვევაში მათი აზრი სამართლიანი იყო, ვინაიდან ეკლესიაში ისინი არ დადიოდნენ. ამბობდნენ, არც ერთი ეკლესია ჭეშმარიტებას არ ფლობსო. ჭეშმარიტება მხოლოდ იქითა სამყაროსთან პირადი ურთიერთობით შეიძლება გეპოვა. მთელი ოჯახი მიდრეკილი იყო რელიგიური ეგზალტაციისა და სხვადასხვა "ხილვისკენ". ჯოზეფ სმიტის დედის თქმით, ასეთი "ხილვები" ჰქონდა მამამისს ძილსა თუ ცხადში. ცოლ-ქმარი თურმე თავის შვიდ შვილთან ხშირად საუბრობდა ინდიელთა საგანძურზე, რომელიც სადღაც იყო ჩაფლული, უნდა გეპოვა და უცილობლად გამდიდრდებოდნენ. ჯოზეფი ბავშვობიდან ყველგან დაეძებდა განძს. მას "მაგიური ქვაც" (ადგილობრივი წარმოშობის, დაუმუშავებელი კრისტალი) კი ჰქონდა, რომელსაც უნდა ეჩვენებინა მისთვის, სად იყო განძი დაფლული. მას არსად უსწავლია, მცირედ განთლებული დარჩა. სამაგიეროდ, დარწმუნების დიდი ძალა გააჩნდა, რითაც შთააგონა გარშემომყოფთ, რომ ამ მაგიურ ქვას განძის მოძებნა შეეძლო. ვიღაც ფერმერი შორიდანაც კი მოვიდა და ჯოზეფს თავის მიწაზე მინერალური წიაღისეულის პოვნა სთხოვა.
ქ. პალმირის 62 მკვიდრის მნიშვნელოვანი მოწმობა სმიტების ოჯახზე: "ჩვენ ვიცნობდით სმიტების ოჯახს. უყოყმანოდ ვაცხადებთ, რომ მათ ყოველგვარ მორალურ თვისებებს მოკლებულად ვთვლით, საზოგადოების ნდობას არ იმსახურებენ. ისინი განსაკუთრებით ცნობილნი იყვნენ თავიანთი ილუზიური პროექტებით და მრავალ დროს ატარებდნენ განძის ძიებაში, რომელიც, მათი აზრით, მიწაში იყო. მათი სახლის გვერდით დღემდე შემორჩენილია ნაკვალევი, დამალული საგანძურის მუდმივი ძიების დამადასტურებელი. იოსებ სმიტი-უფროსი და მისი ძე იოსები უზნეონი იყვნენ და გახრწნილებისკენ მიდრეკილნი.
ცოტა ხნის წინ ნაპოვნი დოკუმენტებით (მორმონები, ბუნებრივია, უარყოფენ მის ნამდვილობას) შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჯოზეფი სიყმაწვილიდანვე ოკულტიზმს ეთაყვანებოდა, იწვევდა სულებს განძის ძებნაში დახმარების იმედით. არაფერი გამოუვიდა, რადგან 1826 წელს სასამართლოში წარდგა შარლატანობისთვის, რისი დახმარებითაც იგი ფულს "გამოიმუშავებდა". ჯოზეფ სმიტის ბიოგრაფიის ამ ფაქტების გათვალისწინებით გასაგებია მისი სახელგანთქმული ხილვები.
მისი თქმით, ჯოზეფს ხილვა 15 წლისას ჰქონდა. ეს 27 წლისამ გაამხილა - მონათხრობი რამდენჯერმე შეცვალა. დღეს მორმონები მის ხილვაზე ასე ჰყვებიან: ერთხელ 14 წლის ჯო ტყეში სალოცავად წავიდა. უეცრად ის საშინელმა, ბნელმა ღრუბელმა დაფარა, შეშინდა. "საშინელმა ძალამ დამთრგუნა, ენა ჩამივარდა". როცა სასოწარკვეთილი ბიჭი სიკვდილს ელოდა ამ უხილავი არსებისაგან, ღრუბლის შუაში გაჩნდა სინათლის სვეტი, რომელშიც ორი მბრწყინავი სპეტაკამოსლიანი პიროვნება დაინახა. ერთი იმგვარი დიდებულებით იყო მოსილი, რომლის წარმოსახვაც ადამიანურ გონებას არ შეუძლია. მან მეორეზე მიუთითა და უთხრა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მისი ისმინეთ". ჯოზეფი ასკვნიდა და ამტკიცებდა, რომ მას მამა ღმერთი და იესო ქრისტე გამოეცხადნენ.
ახალი აღთქმიდან ჩვენთვის ცნობილია, რომ ღმერთთან ჭეშმარიტი შეხვედრისას ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, სურვილი უჩნდება, პირქვე დაემხოს, ხელებით თავი დაიფაროს და თქვას: "განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო" (ლუკა 5,8). საშინელებაა ცოცხალი ღმერთის დანახვა. მაგრამ არა ჯოზეფისათვის: მას თავის უღირსობაზე ფიქრიც არ გასჩენია, ოდნავაც არ შემცბარა, ისე გაუბა "ღვთაებას" საუბარი. პირველი შეკითხვა ამგვარი გახლდათ: არსებული ეკლესიებიდან რომელი შეიძლება ჩავთვალოთ ჭეშმარიტად? საოცარია, რომ პასუხად მან სწორედ ის გაიგონა, რაც ბავშვობაში არაერთხელ მოუსმენია მშობლებისგან: არც ერთი. ყველა ქრისტიანული ეკლესია სისაძაგლეა ჩემს თვალთა წინაშე. არც ერთში არ შეხვიდე! ეს იყო არსი მისი ხილვისა. სხვა სწავლება ჯოზეფისთვის არ მიუციათ.