ნაწილი I. თავი I
5. "ზეციური კარიბჭე"
გაუგონარი სექტანტური თვითმკვლელობა მოხდა 1997 წლის გაზაფხულზე.
პოლიციამ სამხრეთ კალიფორნიის ქალაქ სან-დიეგოს ელიტურ გარეუბან სან-ტაფეში 26-დან 72 წლამდე მამაკაცებისა და დედაკაცების 39 გვამი აღმოაჩინა. თითოეული მათგანი იწვა საწოლზე, ხელები სხეულის გასწვრივ ეწყო. ეცვათ შავი მაისური, შავი შარვალი და ახალთახალი "ნაიკის" შავი ბოტასი. თავზე წამოცმული ჰქონდათ პლასტიკური ტომარა, სახესა და წელზევით რომბისებური იისფერი მანდილი ეფარათ. თითოეულის საწოლთან იდო ფაქიზად ჩალაგებული სამგზავრო ჩანთა, ჯიბეში ედოთ ხუთდოლარიანი ბანკნოტი, რამდენიმე ოცდახუთცენტიანი მონეტა, სათვალე. გვამების დათვალიერებამ აჩვენა, რომ ექვსი მამაკაცი კასტრირებული იყო. 5. "ზეციური კარიბჭე"
ეს ერთ თემად მცხოვრები ადამიანები მაღალი კლასის პროგრამისტები იყვნენ, ბევრს მუშაობდნენ ინტერნეტში და ქმნიდნენ კომპიუტერულ საიტებს. საკუთარი საიტიც ჰქონდათ, რომელსაც, როგორც მათ თემს, "ზეციური კარიბჭე" ერქვა. ამ საიტზე ბევრს წერდნენ უცხოპლანეტელებზე, დედამიწის გარდაუვალ, უეცარ განადგურებაზე, ჩვენი სამყაროს გადასარჩენად მოვლენილ არამიწიერ ცივილიზაციასა და სხვა თემებზე, რომლებიც აინტერესებდა მათ გურუსა და მასწავლებელს - უფოლოგიური მიმართულების სექტის შემქმნელ მარშალ ეპლუაიტს. მას სექტანტები დოს ეძახდნენ. "გინდა მოხვდე ზეცაში? მე ამ მისიის აღსასრულებლად ვარ მოვლენილი. შენ ვის მხარეზე ხარ? გინდა, შემდეგი დონისკენ წახვიდე, ანდა იქნებ მტვრად გადაქცევას ამჯობინებ? მე გულმოდგინედ ვცდილობ, დაგეხმარო, რომ აქაურობას მოშორდე", - ასე მიმართავდა მომხმარებელს ეპლუაიტი თავის საიტზე.
ოდესღაც მარშალ ეპლუაიტი მუსიკას ასწავლიდა უნივერსიტეტში, საიდანაც თავის სტუდენტთან ჰომოსექსუალური ურთიერთობის გამო გააგდეს. 1970 წელს ჰალუცინაციები დაეწყო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა: ის "სექსუალურ დემონებს" ხედავდა და ხმები ესმოდა. ირწმუნებოდა, რომ განიცადა საკუთარი სხეულიდან გამოსვლის მომენტი. საავადმყოფოში მან გაიცნო მედიცინის და ბონი ლუ ნეტლე, რომელიც შემდგომში მისი პლატონური ცოლი გახდა. ისინი ერთმანეთს დოსა და სის ეძახდნენ, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ სახელებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ორივემ შეიმუშავა რთული თეორია იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვრო დედამიწაზე, როგორ უნდა მოშორდე აქაურობას და წახვიდე სხვა სამყაროში. ისინი თავს სხვა სამყაროდან მოსულებად თვლიდნენ და მხოლოდ გარეგნულად ჰგავდნენ ადამიანებს. კოსმოსური ხომალდით ისინი აქ გამოგზავნეს "ზეციური სამეფოდან", "შემდეგი ზეადამიანური დონიდან". მათი მისია იყო, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი წაეყვანათ უკან, "შინ".
დო და სი მუდმივად აქვეყნებდნენ სტატიებს თავიანთ ხილვებზე უფოლოგიურ ჟურნალებში, ძალზე ბევრს მოგზაურობდნენ, საუბრობდნენ უფოლოგიაზე, ეკოლოგიურ კრიზისზე, ცდილობდნენ ხალხის გადაბირებას. ადამიანს, რომელსაც მათთან ერთად ზეცაში ასვლა სურდა, ყველაფერზე უარი უნდა ეთქვა. უარის თქმის საშუალებათა შორის იყო კასტრაცია (კასტრაცია პირველმა ეპლუაიტმა ჩაიტარა - ეტყობა, ჰომოსექსუალისტობის გამო სინდისი ქენჯნიდა და ამიტომ მიიღო ეს რადიკალური გადაწყვეტილება). ასეთ ადამიანებს მარტო რაიმეს გაკეთება არ უყვართ.
დომ შეიმუშავა უკიდურესად ასკეტური ცხოვრების წესი: ყველა გამომუშავებულ ფულს, და არცთუ ცოტას, ეპლუაიტი განაგებდა. სექტის 39 წევრი აუზითა და ვრცელი ბაღით დამშვენებულ მდიდრულ ვილაში ძალზე სპარტანულად ცხოვრობდა - თითოეულ ოთახში რამდენიმე კაცს ეძინა ერთ ან ორსართულიან ვიწრო საწოლებზე, მამაკაცებს - ცალკე და ქალებს - ცალკე. მათი საკვები ვეგეტარიანული გახლდათ, ძირითადად ხილის წვენები და მარცვლეული. აუზს არავინ იყენებდა და მასში წყალი არ ესხა. ბაღში, ხეების ჩრდილში არავინ ისვენებდა. დღის სინათლეზე სექტანტები თითქმის არასოდეს გამოდიოდნენ.
სექტის წევრები დღე-ღამის უმეტეს დროს კომპიუტერთან მუშაობაში ატარებდნენ - ფული იყო საშოვნელი. გათენებისას ორ-სამ საათზე დგებოდნენ, ერთად მიდიოდნენ ბაღში, უცქერდნენ ვარსკვლავს და ცდილობდნენ, არ გამოჰპარვოდათ უცხოპლანეტელთა მოახლოება. გათენებისას საუზმობდნენ წვენითა და წყლით, ამის მერე გვიან საღამომდე საჭმელს პირს არ აკარებდნენ. ზოგჯერ დღესასწაულებზე ეპლუაიტი სექტანტებს ნებას აძლევდა, მაგალითად, ვეგეტარიანული პიცის ნაჭერი ეჭამათ. ზოგჯერ სექტანტები უმასპინძლდებოდნენ თავიანთ მეზობლებს უგემრიელესი რომიანი ნამცხვრებით ანდა ღვეზლებით, თუმცა თვითონ მას არასოდეს მიირთმევდნენ. ნასაუზმევს ეპლუაიტის მოწაფეები ინტერნეტში დაძვრებოდნენ და ეძებდნენ კოსმოსური სტუმრების გამოჩენას.
ისინი თავს "კიბერმონაზვნებს" ეძახდნენ, აბსოლუტურად ერთნაირად იცვამდნენ - უსქესობის ხაზგასმით - ჯვალოს შარვლებს ანდა კომბინეზონებს. თმას ზღარბივით მოკლედ იჭრიდნენ. ეპლუაიტის აზრით, სექსი საშინელი ბოროტება იყო და ყველა საშუალება უნდა ეხმარათ, აღმოეფხვრათ ადამიანში სქესობრივი იმპულსები. კაცი ქალისგან არაფრით უნდა განსხვავდეს და პირიქით. მართლაც, სიკვდილისწინა ფოტოებზე აღბეჭდილ "ზეციურ კარიბჭელებს" შორის, შეუძლებელია დარწმუნებით თქვა, რომელია ქალი ან კაცი. დღის სინათლეს გადაჩვეულნი ძალზე ფერმკრთლნი იყვნენ. ეპლუაიტს ხშირად "ფერმკრთალ ღმერთს" ეძახდნენ.
"ზეციური კარიბჭელები" თვლიდნენ, რომ კიბერსივრცეში მცხოვრები არსება თავისუფლდება მატერიალურობისგან, ხორციელებისგან. თვით მათი სულებიც მათ არ ეკუთვნოდათ და წარიგზავნებოდნენ თავიანთ სხეულში შემდეგი "ზეადამიანური დონის" უფროსი წევრისაგან. ფიზიკური სხეული ითვლებოდა კონტეინერად, რომელშიც ადამიანი დროებით არის. სექტანტები თავს "სხეულთა დამპყრობლებს" ეძახდნენ, რადგანაც "სულებს" შეეძლოთ მათში ჩასახლებულიყვნენ და მათი ფიზიკური სხეული დაეპყროთ. თვითონ ეპლუაიტი თვლიდა, რომ მის სხეულში ახალი სული 1975 წელს ჩასახლდა. მათ დოქტრინაში რეინტეგრაცია არ იყო დაკავშირებული ახალ შობასთან.
როგორც ხელმძღვანელები, ასევე სექტის რიგითი წევრები თავს დედამიწაზე მასწავლებლებად და კაცობრიობის განმანათლებლად წარმოგზავნილ არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლებად თვლიდნენ. დოსა და სის სწამდათ, რომ ისინი უკვე იყვნენ დედამიწაზე მოსულები ქრისტიანული ერის დასაწყისში. მაშინ თითქოსდა დაიტოვეს ენერგიის მარაგი, რათა ახლა, მათი მიწიერი ცხოვრების ბოლო პერიოდში, გამოეყენებინათ. ეპლუაიტი თავს დედამიწაზე "ზეციური სამეფოს" მიერ კვლავ წარმოგზავნილ ქრისტედ მიიჩნევდა. "ვერავინ მოხვდება ჩემს მამასთან და ვერავინ შევა ზეციურ სამეფოში, თუ არა ჩემს მიერ", - წერდა ეპლუაიტი საკუთარ თავზე. მათ მიერ შემუშავებული "ზეციური კარიბჭის" მითოლოგია ნეოინდუისტური იდეისა და "ნიუ ეიჯის" მოძრაობის პოპულარიზებული ეკლექტიკაა.
"ზეციური კარიბჭის" წევრებს სწამდათ, რომ სამყარო ხანგრძლივი ციკლური განვითარების დასასრულს მიუახლოვდა. 2000 წელს დედამიწას, მეორედ გამოსაყენებლად, განადგურება და გადამუშავება ელის. კაცობრიობა დაიღუპება თავის პლანეტასთან ერთად. ასეთ დასასრულს რომ გაექცნენ, ერთადერთი შანსია, დაემორჩილონ არამიწიერი ცივლიზაციების წარმომადგენლებს (ანუ ეპლუაიტს) და "გავიდნენ" მასთან ერთად. ეპლუაიტმა თვითმკვლელობის წინ დამამშვიდებელი ეპისტოლე დაწერა: "ჩვენ მოვედით შემდეგი ზეკაცობრივი დონიდან, შორეული კოსმოსური ქვეყნიდან, ახლა კი გამოვედით სხეულებიდან, რომელთაც ვატარებდით, რათა დავბრუნდეთ სამყაროში, საიდანაც მოვედით. ჩვენი მისია დასრულებულია". მის სხვა ეპისტოლეში ვკითხულობთ: "ჩვენ ვცხოვრობთ ერის დასასრულს ანდა სხვა ცივილიზაციის დასასრულს... სამსჯავროს დროში... ჩვენი აქ ყოფნისას ჩვენი აკუმულირებული არჩევნები განსაზღვრავს სამსჯავროს გადაწყვეტილებას".
"ზეციური კარიბჭის" წევრები ისწრაფიან ამ სამყაროდან გასვლისკენ და არა მისი აღორძინებისთვის. მათ სურდათ დაეტოვებინათ მიწიერი ცხოვრება და მისი გადარჩენისთვის არ ეზრუნათ. სექტანტები აღსასრულის მოახლოების მრავალ ნიშანს ხედავდნენ. 1994 წელს ლოს-ანჯელესის ქუჩებში ზოგიერთი მათგანი ფურცლებს არიგებდა, სადაც მიწიერი ცივილიზაციების მოახლოებულ აღსასრულზე იუწყებოდნენ. ბედის ირონიით, ორი დღის მერე ქალაქში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრიდან რამდენიმე საათში სექტანტები კვლავ ქუჩებში გამოვიდნენ. "ჩვენ გაფრთხილებდით!!!" - ამჯერად ეს წაეწერათ ფურცლებზე. 1995 წელს, როცა აპლუაიტის ერთგული მეგობარი სი კიბოთი გარდაიცვალა, მისი ფიქრები უკვე მოკლე ხანში გარდაუვალ დაღუპვას დასტრიალებდა. ეჭვიანი კაცი გახლდათ და რატომღაც ფიქრობდა, რომ თვითონაც სასიკვდილოდ იყო ავად. მარტო წასვლა კი არ უნდოდა - თან მთელი თავისი "კოსმოსური გუნდი" უნდა გაჰყოლოდა. ამისათვის "კოსმოსური ხომალდით მოფრენილთა" ნიშანს უნდა დალოდებოდნენ.
როცა დედამიწიდან შეამჩნიეს კომეტა ჰეილი-მოპი, ვიღაც ინტერნეტხუმარამ დაწერა, კომეტის კუდზე გიგანტური კოსმოსური ხომალდი იმალებაო. "კარიბჭელებმა" ეს ლიდერს შეატყობინეს. ეპლუაიტმა უყოყმანოდ თქვა: "როგორც იქნა, ჩვენი დროც დადგა!" სექტის ინტერნეტგვერდზე გამოჩნდა შეტყობინება: "ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ჩვენმა უფროსმა წევრმა ევოლუციურ ზეკაცობრივ დონეზე ნათლად განგვიცხადა კომეტა ჰეილი-მოპის მოახლოება. ამ ნიშანს ველოდით... ჩვენ ბედნიერები ვართ და მზად ვართ, დავტოვოთ ეს სამყარო და გავფრინდეთ".
დანიშნული დღის წინა საღამოს სექტის წევრები რამდენიმე მიკროავტობუსით წავიდნენ კინოთეატრში. 48-ჯერ ნახეს საყვარელი ფილმი "იმპერიის საპასუხო დარტყმა", მერე პიცერიაში შევიდნენ. თითოეულმა მათგანმა მთლიანი ვეგეტარიანული პიცა შეუკვეთა (მოგვიანებით ოფიციანტები იხსენებდნენ, როცა 39 ავადმყოფურად ფერმკრთალ ადამიანს ჯვალოს კომიბნეზონები ეცვა და ისინი სასიკვდილოდ გადადებული ავადმყოფები ეგონათ). ნავახშმევს "ზეციური კარიბჭის" თითოეულმა წევრმა 7 დოლარი და 39 ცენტი გადაიხადა. შინ დაბრუნდნენ და "სხვა პლანეტაზე გაფრენის" რიტუალს შეუდგნენ. დაწერეს გამოსამშვიდობებელი წერილები ინტერნეტში, უკანასკნელი ვიდეომიმართვა. ვიდეოფირზე ისინი მშვიდად გამოიყურებიან და ხუმრობენ კიდეც.
15-15 კაცად წავიდნენ. მიირთვეს ბარბიტურატშერეული (ძლიერი საძილე საშუალება) ტკბილი კრემი, დალიეს არაყი და დაწვნენ. მძინარეთYძმები თავზე აცვამდნენ პლასტიკურ ტომრებს და აფარებდნენ აბრეშუმის ქალაღაიებს.
მეორე დღეს კიდევ 15 კაცი "გაფრინდა", შემდეგ - შვიდი, ორმა თავი მეოთხე დღეს მოიკლა, ისინი თავზე ტომრების გარეშე იპოვეს - ჩამომცმელი აღარავინ ჰყავდათ...