კარი I. რელიგია, რომელიც კლავს
თავი I. "სახალხო ტაძარი". 1978 წელს სამყარო შეძრა სექტა "სახალხო ტაძრის" საშინელმა აღსასრულმა, რომელსაც ჯიმი ჯონსი ხელმძღვანელობდა. წამყვანმა მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა აჩვენეს საზარელი კადრები - შუა ტროპიკულ ტყეში, მინდორზე არაბუნებრივ პოზაში დასვენებული მამაკაცთა, ქალთა და ბავშვთა უსულო ცხედრები. სულ 912 ადამიანი. ისინი თვალდახუჭულნი გაჰყვნენ თავიანთ ლიდერს გაიანის ჯუნგლებში და შეუდგნენ იდეალური ქალაქის მშენებლობას, რომელსაც სექტის ხელმძღვანელის სახელის მიხედვით ჯონსთაუნი დაარქვეს, მერე კი დაემორჩილნენ მის ბრძანებას და შხამი დალიეს. ვინც შეეწინააღმდეგა, კეფაში ტყვია მიიღო. ბავშვების აზრს არავინ კითხულობდა. ჩვილებს სითხეს ხახაში ასხამდნენ, უფრო მოზრდილები კი თამამად სვამდნენ დედების მიერ მიწოდებულ სითხეს. სვამდნენ, რათა რამდენიმე წამით დასცხრობოდათ საშინელი ტკივილი, რომელიც მთელ შინაგანს უგლეჯდათ და მერე სამუდამოდ დადუმებულიყვნენ.სამყარომ ცხადად დაინახა ტოტალიტარული სექტიდან მომდინარე საფრთხე.
ახალი რელიგიური მოძრაობების ახალმოქცეული წევრების მშობლები და ახლობლები უჩიოდნენ სექტებს, ჩვენს ახლობლებს "ტვინს ურეცხავენ" და ისე ცვლიან, რომ მათ ვეღარ ვცნობთო, გამოჩნდა პუბლიკაციები არაერთი ახალი სექტის კრიმინალურ ქმედებებზე და მათგან ადამიანთა უფლებების დარღვევაზე, გაიმართა საპარლამენტო გამოძიებები ამა თუ იმ სექტის საქმიანობაზე, რაც საზოგადოებასა და სახელმწიფოს აშფოთებდა, გაიმართა პირველი სასამართლო პროცესები, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად განყენებული იყო, რომ შესაძლოა დაეეჭვებია ადამიანი. ახლა კი ყველამ დაინახა, რომ სექტა ხალხს ხოცავდა.
ყველაფერი კი მინეაპოლისში დაიწყო და გაგრძელდა სან-ფრანცისკოში, სადაც ჯონსის "ევანგელური ჯგუფი" ძალზე შეიყვარეს ლიბერალმა პროტესტანტებმა "სოციალური" მიმართულებისა და ღარიბი და უსახლკარო მოსახლეობისადმი დამოკიდებულების გამო. ქალაქის მემარცხენე ხელისუფლება თავდაპირველად მხარს უჭერდა "სახალხო ტაძარს" და მისი ლიდერი საპასუხისმგებლო სოციალურ პოსტებზეც კი დანიშნა.
რამდენიმე წლის მერეღა გამოჟონა ხმებმა ჯონსის სექტაში მორწმუნეთა მკაცრ კონტროლზე, მძიმე ფინანსურ გადასახადზე, ლიდერის გაღმერთებაზე, ადამიანების მკაცრად დასჯაზე, სექსუალურ ძალადობასა და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებზე. სკანდალი მწიფდებოდა და ამ დროს ჯონსმა გამოაცხადა ახალი, "ზეითგან შთაგონებული" გადაწყვეტილება - ყველას უნდა დაეტოვებინა ეს გახრწნილი ქალაქი და წასულიყვნენ ლათინურ ამერიკაში, გაიანაში, სადაც მშვენიერი თბილი ჰავა იყო, უღრან ტყეებში, სუფთა ჰაერზე, ამერიკული ქალაქების ჭუჭყს, გარყვნილებას, რასიზმსა და სოციალურ უთანასწორობას განრიდებული ჭეშმარიტი მორწმუნეები სამოთხეს აიშენებდნენ დედამიწაზე. თავიანთი ღვთისმსგავსი ლიდერებისგან გონდაბინდულ და დაშინებულ მორწმუნეთა დიდი ნაწილი მას გაჰყვა.
ამ დროისათვის ჯონსმა უკვე საქვეყნოდ გამოაცხადა თავი ქრისტეს, ბუდას, წინასწარმეტყველ ბაბას (ბაჰაიზმის დამფუძნებელი), ლენინის და თვით ყოვლისშემძლე ღმერთის (ბუნებრივია, ქრისტეს ის ღმერთად არ თვლიდა, მხოლოდ დიდ სოციალურ რეფორმატორს უწოდებდა) რეინკარნაციად. სექტის ადეპტთა შეკრებებზე, ცეკვისას, ქოროს თანხლებით მღეროდნენ მარტივ ლექსებს და თავი ექსტაზამდე მიჰყავდათ:
მე შენ უნდა გითხრა,
მე შენ უნდა გითხრა,
მე შენ უნდა გითხრა,
მე შენ უნდა გითხრა,
ჯონსმა თუ როგორ შეცვალა
ჩემი ცხოვრება.
ადრე მე დათრგუნული ვიყავი,
სასოწარკვეთილი ვიყავი,
მაგრამ მოვიდა წინასწარმეტყველი
და დამიხსნა მე.
მე შენ უნდა გითხრა,
მე ვიცი, რომ ის ღმერთია,
ყოვლისშემძლე ღმერთი.
მე ვიცი, რომ ის ღმერთია,
ყოვლისშემძლე ღმერთი.
მე ვიცი, რომ ის ღმერთია,მე ვიცი, რომ ის ღმერთია,
მე ვიცი, რომ ის ყოვლისშემძლე ღმერთია,
ყოვლისშემძლე ღმერთია,
ყოვლისშემძლე ღმერთია, ღმერთია!
"ყოვლისშემძლე ღმერთმა" იმით დაიწყო, რომ იდეალური ქალაქის მშენებლობის ადგილი ეკლიანი მავთულხლართებით შემოღობა და საგუშაგოებზე კბილებამდე შეიარაღებული მცველები დააყენა. ის მათ თავის "ანგელოზებს" ეძახდა და აფრთხილებდა, - თუ ვინმე მოისურვებს ამ მიწიერი სამოთხის დატოვებას, ჩემი ანგელოზები ამაზე იზრუნებენო. ახლა გაუვალ ჯუნგლებში შეიარაღებული "ანგელოზების" გარემოცვაში მას შეეძლო სრულად ეკონტროლებინა თავისი მიმდევრები.
ყოველდღე ტროპიკულ მზეში თორმეტი საათი მუშაობდნენ. ხალხს სულს უხუთავდა ჭაობიანი ადგილის სინესტე, სამუშაოს მცველები აკონტროლებდნენ ჯონსის ისტერიული შეძახილების თანხლებით, რომელიც ჩანაწერის სახით ხმის გამაძლიერებლით გადმოიცემოდა. დაოჯახებულთა საბინადროს (თუ ერთად ცხოვრების ნება ჰქონდათ) სხვებისგან ფარდით გამოჰყოფდნენ. ადამიანები ბარაკებში ცხოვრობდნენ ორ-სამსართულიან ნარებზე. მათ აჭმევდნენ მოხარშულ ბრინჯს, ბულიონის ბრიკეტითა და ფქვილით მომზადებულ საწებელს, განსაკუთრებულ დღეებში უმატებდნენ ცოტაოდენ ცერცვსაც. ჯონსს კი საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშებზე ათობით მილიონი დოლარი ჰქონდა, რომელიც მან თავისი მიმდევრებისგან მიიღო, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, მთელი ქონება ლიდერისთვის გადაეცათ და მერე მასთან უფასოდ მუშაობდნენ.
თვითონ ჯონსი განცალკევებულ ქოხში ცხოვრობდა, გემრიელად ჭამდა, დიდხანს ეძინა და სექსსაც არ იკლებდა სექტის მიერ საამისოდ გამოყოფილ კაცებსა თუ ქალებთან. სამუშაო დღის დამთავრებისას შეზარხოშებული გარეთ გამოდიოდა და იწყებოდა ლოცვითი შეკრება, რომელიც ღამის 2-3 საათამდე მიმდინარეობდა. სექტის წევრები მზის ამოსვლისას უნდა ამდგარიყვნენ. ბუნებრივია, თვითონ ჯონსს ეს არ ეხებოდა.
მცირეოდენი დარღვევისათვის ხალხს სასტიკად სჯიდნენ, ზოგს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და აწამებდნენ. სასჯელს თავს ბავშვებიც ვერ არიდებდნენ, რომელთაც დასასჯელად ჭაში ჩაუშვებდნენ და ვიდრე გაგუდვას არ დაიწყებდნენ, ზევით არ ამოსწევდნენ. დასჯის შემდეგ ცოცხალმკვდარ კაცს ჯონსისთვის ხმამაღლა უნდა მიემართა: "გმადლობ შენ, მამაო!"
ყველა კონატაქტი გარე სამყაროსთან მკაცრად კონტროლდებოდა. წერილებს ხსნიდნენ, ორიოდე სტუმარს, თუკი შეუშვებდნენ ჯორჯთაუნში, საგულდაგულოდ ამოწმებდნენ და წამითაც არ ტოვებდნენ მარტო. თუმცა საქმის ჭეშმარიტ არსზე ახალმა ამბავმა მაინც გამოჟონა. ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ამერიკელი კონგრესმენის ლეო რაიანის ხელმძღვანელობით გაიგზავნა ჟურნალისტებისა და ადვოკატებისგან შემდგარი საინსპექციო კომისია.
თავიდან ჯგუფის წევრებს ძალზე მოეწონათ ნანახი. დაკრიალებული ქუჩები, გულღია ხალხი, რომლებიც მუდმივად უმტკიცებდნენ, რომ ისინი თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილნი იყვნენ, უბრალო, მაგრამ ნოყიერი საკვები (ჯონსი ამ შემთხვევისთვის საგანგებოდ მოემზადა), შესანიშნავი ბავშვთა კონცერტი და ყველა შემხვედრის წრფელი ენთუზიაზმი. კონგრესმენი ლეო რაინი უკვე ბრაზობდა ცილისმწამებლებზე, რომლებიც ყველანაირ საშინელებას წერდნენ ამ შესანიშნავ კომუნაზე.
გვიან ღამით, როცა დასაძინებლად ემზადებოდა, რაიანმა თავის ქოხში რამდენიმე ჩანაწერი ნახა, რომლებიც ჯორჯთაუნის ნამდვილ ცხოვრებას აღწერდნენ. კიდევ რამდენიმე კაცმა სიბნელით ისარგებლა, მასთან ქოხში შეიპარა და ისეთი რამ მოუყვა, კონგრესმენმა დაძინება ვეღარ შეძლო. დილით მან სთხოვა ჯონსს, ხალხი დაემწკრივებინა. "ვის სურს ჩემთან ერთად წამოსვლა? - იკითხა ლეო რაიანმა, - ნუ გეშინიათ, ვიდრე მე აქ ვარ, არაფერი შეგემთხვევათ". წინ ერთი კაცი გადმოდგა, მერე მეორე, მესამე...
"წაგვიყვანეთ აქედან, - აყვირდა ყველა, - აქ თუ დავრჩით, დავიღუპებით, დაგვხოცავენ". ხალხი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე რაიანის ორი თვითმფრინავი დაიტევდა. მან ავადმყოფები გადაარჩია, დანარჩენების სახელები ჩაიწერა, დაჰპირდა, თქვენს წასაყვანად ზეგ ჩამოვალო. მიუხედავად ამისა, ყველანი საფრენი ზოლისკენ გაემართნენ.
ამ დროს ჯონსს ნერვებმა უმტყუნა. ისტერიკაში ჩავარდნილმა მდევარი დაადევნა "მოღალატეებს". თვითმფრინავები ჯერ არ იყვნენ აფრენილი, მდევარმა მათ ცეცხლი გაუხსნა. რაიანი და რამდენიმე ჟურნალისტი მოკლეს, მაგრამ მფრინავებმა მაინც მოახერხეს თვითმფრინავების აფრენა.
ჯონსი მიხვდა, რომ მისთვის ყველაფერი დასრულდა, მან ჯორჯთაუნის მთავარ მოედანზე მოუხმო ხალხს და გამოუცხადა სარწმუნოების ბოლო აქტზე, რომელიც ყველას გადაარჩენდა კაპიტალიზმის, რასიზმის და მსოფლიო ბოროტების აგენტთა შეტევისგან. ყველას უნდა შეესვა "სიცოცხლის ელექსირი" და ტკბილი ძილით დაეძინა. "მოვკვდეთ რევოლუციური სიკვდილით - ეს ნიშნავს, რომ საუკუნოდ ვიცხოვროთ", - გაჰყვიროდა ჩახლეჩილი ხმით. ამ სცენის რეპეტიცია მათ უკვე ბევრჯერ გაიარეს: ჯონსი განგაშით შეკრებდა ხოლმე ხალხს, განახურვებდა მათ თავისი ქადაგებებით, მოუწოდებდა ერთგულნი ყოფილიყვნენ და შეესვათ სასმისი. პატარა ქვაბურადან მათ უსხამდნენ წითელ ტკბილ სასმელს "კულ ეიდს", ხალხი სვამდა და სიკვდილისთვის ემზადებოდა. შემდეგ ჯონსი მათ უცხადებდა, რომ ეს მხოლოდ შემოწმება იყო. ახლაც არავინ იცოდა, რეპეტიცია იყო თუ არა. ხალხი მდუმარედ იდგა რიგში, თითოეულ მათგანს ჭიქით სასმელს აძლევდნენ. მხოლოდ მაშინ, როცა პირველნი დაეცნენ მიწაზე კრუნჩხვითა და ყვირილით, რაც კალიუმციანიდის მოქმედების დამახასიათებელი ნიშანია - ყველა მიხვდა, რომ რეპეტიცია რეალობაში გადაიზარდა. თუ კაცი ყოყმანობდა, მას შხამს შპრიცით პირში ძალით ასხამდნენ, ანდა ტყვიას კეფაში ესროდნენ. მხოლოდ რამდენიმემ შეძლო გაქცევა ან დამალვა. ჯონსმა და მცველებმა უკანასკნელებმა მოიკლეს თავი. ზოგიერთი ცნობით, ჯონსი დამალვას ცდილობდა, მაგრამ მცველებმა მოკლეს.
მეორე დღეს მოსულ საზღვაო ქვეითთა რაზმს მინდორი გვამებით მოფენილი დახვდა. პათოლოგანატომებმა დაადგინეს, რომ 912 მსხვერპლიდან 700 კაცი მოკლული იყო, დანარჩენებმა კი სიცოცხლე "ნებაყოფლობით" დატოვეს. ყოვლისშემძლე ღმერთის - ჯონსის 236 მსხვერპლი ბავშვი იყო. ბევრი მათგანი ვერ ამოიცნეს და ისე დამარხეს საძმო საფლავში.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მთელმა სამყარომ დაინახა რელიგიური ტოტალიტარიზმის მომაკვდინებელი საფრთხე. ეს იყო პირველი შემთხვევა, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ერთადერთი...