ადამიანებს თავიანთი თავი ყოვლისმცოდნედ, ყოვლისშემძლედ მიაჩნიათ. მატერიალისტური და ათეისტური აზროვნება, უღმერთობა ძალზე აქტუალური ხდება ჩვენს საზოგადოებაში
ათეიზმი ღვთის არსებობის უარყოფაა. ათეისტური ხანა, ადამიანთა მასებში რელიგიური გრძნობების, ღვთის არსებობის რწმენის დაქვეითება XVII საუკუნიდან დაიწყო ევროპაში.
საინტერესოა, რამ განაპირობა ადამიანის ათეისტურ აზროვნებამდე მისვლა. გვესაუბრება საბურთალოს პანთეონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, ისტორიის დოქტორი, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი:- ისტორიას დასაბამიდან არ ახსოვს პერიოდი, რომ კაცობრიობის რომელიმე ნაწილი ყოფილიყოს არელიგიური; მთელი თავისი განვითარების განმავლობაში კაცობრიობა რელიგიური იყო - მას სწამდა ღმერთის არსებობის. სხვა საკითხია, რამდენად ჭეშმარიტი იყო კაცობრიობის გარკვეული ნაწილის რწმენა.
რაც შეეხება ათეიზმს, მას ძალზე მოკლე ისტორია აქვს. იგი იწყება დაახლოებით XVII-XVIII საუკუნეებიდან, როდესაც ევროპაში ე.წ. განმანათლებლობა შემოდის. დღეს კი ათეიზმს რენესანსის, აყვავების ხანა უდგას. მეტსაც გეტყვით - ათეიზმი ყველაზე პერსპექტიული რელიგიაა. თუ რატომ არის რელიგია, ამაზე ცალკე ვისაუბროთ.
სიტყვა ათეიზმი, სიტყვასიტყვით, უღმერთობას ნიშნავს. ეს სიტყვა საკმაო ხანია არსებობს, მაგრამ ასეთი რელიგიური ცნობიერების მატარებელ ადამიანთა ჯგუფი მსოფლიოში არ იყო. მაგალითად, ძველი რომაელები ქრისტიანებს ათეისტებს უწოდებდნენ - მათი აზრით, ქრისტიანები იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ მხოლოდ ერთი ღმერთი ჰყავდათ და ამას უკვე ათეიზმად თვლიდნენ. ამდენად, ეს სიტყვა არსებობდა, მაგრამ მას სრული მნიშვნელობითი დატვირთვა არ ჰქონია, მხოლოდ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების გამოსახატავად იყენებდნენ. თუკი ადამიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება სურდათ, მას უღმერთოს უწოდებდნენ, როგორც რომაელები "შეურაცხყოფდნენ" ქრისტიანებს.
რამ განაპირობა ამ ტერმინის ქვეშ ადამიანთა რეალური დაჯგუფების გაჩენა და ათეისტური იდეოლოგიის ჩამოყალიბება, რომლის თანახმადაც ღმერთი არ არსებობს? - მიზეზი ამისა გახლდათ დასავლეთის ეკლესიის განდგომა. ვიცით, რომ XI საუკუნეში დასავლეთის ეკლესიის დოგმატური ცდომილებებისა და პოლიტიკური მიზეზების გამო აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები გაიყო. შედეგად მივიღეთ აღმოსავლეთის ეკლესია, რომელიც იწოდა მართლმადიდებელ ეკლესიად, და დასავლეთის ეკლესია, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეწოდა. თითქოსდა უმნიშვნელო დოგმატურმა ცვლილებებმა კი, რომლებიც დასავლეთის ეკლესიამ მიიღო, ევროპა ინკვიზიციამდე მიიყვანა. დაიწყო მოედნებზე ცეცხლის გიზგიზი, ადამიანთა დაწვა, შეუწყნარებლობა, ქრისტეს სახელით მოკვდინება... თავის მხრივ, ამგვარმა დამოკიდებულებამ, ქრისტესთან ამგვარმა გაუცხოებამ შეუწყო ხელი ათეიზმის წარმოშობას. მართლაც რომ ქრისტესგან გაუცხოებამ, რადგან არ შეიძლება ადამიანი მოკლა მხოლოდ იმის გამო, რომ სხვაგვარად უყურებს დოგმატურ საკითხს, ან ეჭვი მიიტანო, რომ კუდიანია და ამის გამო დაწვა. ამ მიმართულებით მართლმადიდებელი ეკლესია უპრეცედენტოდ დემოკრატიული ორგანიზმია. დავუშვათ, თუკი ვინმე არ ეთანხმებოდა მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა განაწესს - გინდაც დოგმატურ საკითხებს, გინდაც იერარქიას, ეს საკითხი მარტივად გვარდებოდა, ისევე, როგორც ნებისმიერ დაწესებულებაში ხდება დღეს: ვინც არ ეთანხმება ორგანიზაციის წესდებას, კანონებს - განიკვეთება. ადამიანზე არავითარი ძალადობა არ ხდებოდა. გინდა თუ არა, უნდა გადაგარჩინო, ამისთვის კი უნდა დაგწვაო - ამგვარი დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიაში არასოდეს ყოფილა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით დასავლეთის ეკლესიაზე. მთავარი მიზეზი ათეიზმის წარმოშობისა და გაფურჩქვნისა სწორედ ეს გახლდათ.
უკვე გვიან შუა საუკუნეებში - XVII-XVIII საუკუნეებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც თქვეს - თუკი ღმერთი არსებობს, ამგვარ დამოკიდებულებას არ დაუშვებდა, შეუძლებელია მორწმუნე ორგანიზაციამ ღმერთის სახელით ამხელა სისასტიკე ჩაიდინოს, ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროსო. ცხადია, ეს მოსაზრება არ იყო მართებული, მაგრამ ათეიზმის ტალღა გახლდათ ერთგვარი პროტესტი იმ რეალობის მიმართ, რომელიც მაშინდელ ევროპაში არსებობდა. წარმოიშვა ე.წ. განმანათლებლობა, რაც გულისხმობს, რომ ღმერთი არ არსებობს და ყველა ამქვეყნიური პროცესი ბუნებრივი ძალებით მიმდინარეობს. ამდენად, სიტყვა "ათეიზმის" უკან უკვე რეალური ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ მდგომარეობამდე იმდროინდელი ევროპის სასტიკმა, შავბნელმა და არაადეკვატურმა რეალობამ მიიყვანა.
- რატომ არის ათეიზმი რელიგია და რა არგუმენტებით ცდილობენ ათეისტები იმის დამტკიცებას, რომ ღმერთი არ არსებობს? საინტერესოა ისიც, რატომ გახდა ათეიზმი მასებისთვის მისაღები...
- ქრისტიანს სწამს იესო ქრისტესი, სხვას - ბედის, ვიღაცას - მუჰამედის, კრიშნასი... ათეისტს სწამს, რომ ღმერთი არ არსებობს, მაგრამ რადგან რაღაცის სწამს, ეს უკვე რელიგიური განცდაა ადამიანის აზროვნებაში. ათეიზმი რელიგიაა, თუმცა ჩამოყალიბებული კონცეფცია არ გააჩნია. მეტიც, ათეისტსაც და მორწმუნესაც ერთნაირი მაგალითების მოყვანა უხდებათ თავიანთი პოზიციების დასამტკიცებლად - ერთმა უნდა დაამტკიცოს, რომ ღმერთი არსებობს, მეორემ - რომ არ არსებოს. რა მაგალითებია ეს? - ეკლესიური ცხოვრება და რელიგიური გამოცდილება. მორწმუნე ადამიანისთვის ეკლესიური ცხოვრება მაგალითია იმისა, რომ ღმერთი არსებობს, ათეისტი კი ეკლესიური ცხოვრებიდან გამომდინარე ცდილობს ღმერთის არარსებობის დამტკიცებას. ათეიზმს მსოფლმხედველობა, ჩამოყალიბებული სწავლება არ გააჩნია, მარტოოდენ არსებული რელიგიური გამოცდილებისა და ეკლესიური ცხოვრების კრიტიკითაა დაკავებული, ხოლო დასაბუთებული არგუმენტები, რომელთა მეშვეობითაც შეძლებს დაამტკიცოს, რომ ღმერთი არ არსებობს, არ გააჩნია. თუმცა ათეიზმს საკმაოდ ბევრი მომხრე გამოუჩნდა, რადგან ათეიზმის რელიგია მეტად "კომფორტულია". ათეისტად ყოფნა კომფორტულია იმ გაგებით, რომ ადამიანი შეზღუდული არ არის მოქმედებაში.
მორწმუნე ქრისტიანიც და ათეისტიც თვლის, რომ თავისუფალია, ორივე აღიარებს, რომ თავისუფლების იდეალები აღმატებული, მისაღები და პრიორიტეტულია კაცობრიობისთვის, მაგრამ თავისუფლების გაგება სხვადასხვაგვარი აქვთ. ათეისტისთვის თავისუფლება გულისხმობს შემდეგს: ვაკეთო ის, რაც მსურს. რაც სიამოვნებას მანიჭებს, კარგია, მისაღები და გამართლებულია, რაც ტკივილს მაყენებს, ყველაფერი ცუდია. თუმცა თავისუფლების ცნებაც ვერ ჩამოაყალიბეს მოძღვრების დონეზე. მშობიარე ტკივილით შობს, მაგრამ ამ დროს ახალი სიცოცხლე იშვება და უდიდესი სიახრული მოაქვს. მაზოხისტს ტკივილი სიამოვნებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაზოხიზმი კარგია. ამდენად, აქაც ვერ თანხმდებიან, რადგან რაც მსიამოვნებს, ყველაფერი აპრიორი კარგი არ არის, ხოლო რაც ტკივილს მაყენებს, ყველაფერი ცუდი როდია. მაგრამ ეს კომფორტული პოზაა. ვთქვათ, ადამიანს სიამოვნებს სიზარმაცე - ძილი, უსაქმოდ ყოფნა. დილით ადრე ადგომა და წირვა-ლოცვაზე დასწრება დისკომფორტულია. ჯობია, კვირა დღეს შინ დარჩეს და გამოიძინოს. ვთქვათ, მრუშობა მინდა და უნდა ვიმრუშო კიდეც, რადგან სასიამოვნოა. ქრისტიანი კი ამბობს - შესაძლოა, მრუშობა მინდოდეს, მაგრამ ვებრძვი ამ ვნებას, რადგან საწინააღმდეგოა ღვთის მცნებებისა. ათეისტისთვის ზნეობრივი ბარიერი არ არსებობს, ყველაფერი, რისი კეთებაც სურს და სიამოვნებს, თავისუფლების საზღვრებში მოათავსა - მათთვის თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ გამოიყენო საკუთარი ნებელობა, საკუთარი არსება, რაც გსურს, იმის საკეთებლად. მორწმუნე ქრისტიანისთვის რეალობა სხვაგვარია. თავისუფალი ვარო, კი ამბობს, მაგრამ მისთვის თავისუფლება ნიშნავს - ფლობდე საკუთარ თავს, შენს ნეგატიურ ემოციებს, მანკიერ სურვილებს, აგრესიას. განა არ გაქვს, მაგრამ გმობ, აკონტროლებ, ებრძვი მათ. სწორედ ამაში ხედავს ქრისტიანი თავისუფლების აზრს და ეს არის მისი თავისუფლების კონცეფცია. აქედან გამომდინარე, ათეისტის თავისუფლება ქრისტიანისთვის მონობაა.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, მთავარი არგუმენტი, რომლის საშუალებითაც ცდილობენ ათეისტები ღმერთის არარსებობის დამტკიცებას, არის ბოროტების პრობლემა: თუკი ღმერთი არსებობს, რატომ უშვებს ყოვლადძლიერი და ყოვლადკეთილი უფალი ბოროტების არსებობას სამყაროში? შეიძლება ითქვას, ბოროტების პრობლემა ათეისტების მთავარი კოზირია, მთავარი არგუმენტია და ამით მანიპულირებენ - თუკი ბოროტება არსებობს, გამოდის, რომ ღმერთი არ არსებობს, რადგან ყოვლადძლიერი და ყოვლადსახიერი შემოქმედი სამყაროში ამდენ ბოროტებას არ დაუშვებდაო. როგორ, ყოვლისშემძლე ღმერთს არ შეეძლო, სრულყოფილი, სრულფასოვანი სამყარო შეექმნა? თუკი ღმერთი არსებობს, რატომ არის ნაკლოვანი, პრობლემებით აღსავსე ეს სამყარო? სხვათა შორის, ამის თაობაზე ევროპელი თეოლოგები ბევრს მსჯელობენ. მათ ამ არგუმენტზე ამგვარი პასუხი აქვთ: ამ სამყაროში, დედამიწაზე იმიტომ არსებობს ამდენი ბოროტება, რომ ადამიანმა დააფასოს სიკეთე, ალტერნატივა არსებობს და შენ უკეთესი უნდა აირჩიო. ეს არასწორი პოზიციაა. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, იგი სამყაროში შემოვიდა ისევ და ისევ ადამიანის მიერ.
ათეისტებისთვის აქ თავს იჩენს ადამიანის თავისუფალი ნებელობის პრობლემა - თუკი ღმერთმა იცოდა, რომ ადამი დაეცემოდა, რატომ შეუქმნა ისეთი გარემო პირობები, რომ დაცემულიყო, შემდეგ დაეტოვებინა სამოთხე და მომხდარიყო ის ყველაფერი, რაც კაცობრიობის ისტორიაში მოხდა? ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია და ამიტომაც მინდა, მასზე გავამახვილო ყურადღება, რათა კარგად გავიგოთ ღვთის განგებულება ადამიანზე და, საზოგადოდ, შემდგომ განვითარებული მოვლენები.
ღმერთმა შექმნა იდეალური და სრულფასოვანი გარემო პირველი ადამიანებისთვის, ჰარმონიული ურთიერთობისთვის ადამიანებსა და ღმერთს შორის, მაგრამ ეს გარემო დაირღვა. რატომ მოხდა ასე? ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ გვაქვს შემოქმედის მსგავსი, და არა მისნაირი, აზროვნების უნარი, გონიერება და თავისუფალი ნებელობა - არჩევანის თავისუფლება. ადამიანი ამ ორი კრიტერიუმით ემსგავსება შემოქმედს და განსხვავდება ყველა სხვა ქმნილებისგან.
ათეისტების პოზიციით - თუკი ღმერთი არსებობს, რატომ დაუშვა ხის არსებობა, რომლის ნაყოფიც იგემეს პირველმა ადამიანებმა? გამოდის, რომ გამიზნულად დაუშვა, რათა ადამიანები შემცდარიყვნენ. სინამდვილეში რა ხდება? - ვიმეორებ, ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლების თვისება და აზროვნების უნარი და ამ კრიტერიუმებით ემსგავსება შემოქმედს. მოვიყვან მაგალითს. რამდენიმე უცხო ენის მცოდნე კაცი მწყემსად რომ გაუშვათ, ექნება ამ ცოდნის, თავისი ნიჭის რეალიზების საშუალება პირუტყვებთან? რა თქმა უნდა, არა; მან ენების ცოდნა უნდა გამოიყენოს იმ ადამიანებთან ურთიერთობისას, რომლებმაც ეს ენები იციან. ანალოგიურად შეიძლება განვმარტოთ ის სიტუაცია, რომელიც სამოთხეში იყო. ადამიანებს კი ჰქონდათ ეს უმაღლესი თვისებები - ანალიტიკური უნარი და თავისუფალი ნებელობა, მაგრამ სად უნდა მომხდარიყო ამ თვისებების რეალიზაცია? სწორედ კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხე იყო ამ ნიჭების რეალიზაციის ბრწყინვალე საშუალება: არ ეხმიათ ამ ხის ნაყოფი - ეს იყო მცნება ღვთისა. ადამიანებს ჰქონდათ უნარი, ანალიზი გაეკეთებინათ - თუ ღმერთთან ყოფნა მსურს, არ შევჭამ. ამასთან, ჰქონდათ თავისუფალი ნებელობაც, რომ ანალიტიკური აზროვნების შედეგად დასკვნები გამოეტანათ და აერჩიათ, რომ არ ეჭამათ. აკრძალული ნაყოფის ხმევაც კი ამ ნიჭის რეალიზაცია იყო. ამდენად, ღმერთმა ადამიანებს შეუქმნა ამ ნიჭების რეალიზაციის საშუალება, თუნდაც ეს არასწორი გზით მომხდარიყო. მართალია, არჩევანის საშუალება ადამიანმა ცუდად გამოიყენა, მაგრამ ესეც არჩევანი იყო. ამდენად, სამოთხის შუაგულში მდგარი ხე ღვთის მიერ დაგებული მახე კი არა, ადამიანის რეალიზაციისთვის საჭირო და აუცილებელი ხე იყო.
ადამიანმა ცუდად გამოიყენა თავისუფლება და პოსტსამოთხისეული შედეგებიც მივიღეთ - კაცი მოკვდავი გახდა, ეკოლოგიაც კი გაუკუღმართდა, ცხოველთა სამყარო აგრესიული გახდა და დაუპირისპირდა ადამიანს, შეიცვალა იდეალური, ჰარმონიული გარემო... თუმცა ამ გარემოშიც აქვს შენარჩუნებული ადამიანს ის თვისებები, რომლებითაც ემსგავსება ღმერთს - აქაც შეუძლია აირჩიოს კარგი ან ცუდი. ამდენად, ბოროტების არსებობით კარგსა და ცუდს არ განვასხვავებთ. ბოროტების შემოსვლა სამყაროში, ერთი მხრივ, ჩვენი საერთო წინაპრების, მეორე მხრივ კი, ჩვენი არასწორი არჩევანის შედეგია. ასეთია ჭეშმარიტი რეალობა, რომლის დანახვაც ათეისტებს არ შეუძლიათ.
- ღვთის არსებობის დამადასტურებელ არგუმენტებზე, დამამტკიცებელ ნიშნებზეც ვისაუბროთ...
- ღვთის არსებობის დამამტკიცებელი რამდენიმე არგუმენტი მოვიყვანე. თუმცა კიდევ უამრავი არგუმენტი არსებობს. ერთ-ერთი, როგორც ვთქვით, ისტორიული გამოცდილება, ისტორიული არგუმენტია - კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა პერიოდი, ადამიანი ათეისტი რომ ყოფილიყო; ყველა რელიგიური იყო, სწამდა ღმერთის არსებობის. სხვა საკითხია, რამდენად ჭეშმარიტი იყო მათი შეხედულება ღმერთის შესახებ.
მეორე და უმთავრესი არგუმენტი არის კოსმოლოგიური, დიზაინის არგუმენტი, რომელსაც თავის დროზე იშველიებდნენ პლატონი, არისტოტელე... უნდა დააკვირდე გარესამყაროს და ნახავ, რა იდეალურადაა მოწყობილი იგი, როგორი ჰარმონიული კანონზომიერებითაა აღსავსე დედამიწაც და კოსმოსიც. ხშირად მოჰყავთ ლეპტოპის მაგალითი: ლეპტოპი დავშალოთ ნაწილებად, ჩავყაროთ ყუთში და ვანჯღრიოთ თუნდაც რამდენიმე წელი. განა აიწყობა? ცხადია, არა. მის ასაწყობად საჭიროა ადამიანური გონება. ნუთუ შეიძლებოდა, ლეპტოპზე უკეთესად აწყობილი და მომუშავე სამყარო თავისთავად დალაგებულიყო? ქაოსი გარდაქმნილიყო კოსმოსად - წესრიგად? უაღრესად მოწესრიგებულია ჩვენი გალაქტიკა, სამყაროში ყოველივე ჰარმონიულ წონასწორობაშია. ყველაფერი რომ ასე წესიერად დალაგებულიყო, ამისთვის საჭირო იყო უმაღლესი გონება. უმაღლესი გონება კი არის სწორედ ღმერთი, რომელმაც მოაწყო ეს სამყარო.
კოსმოლოგიური არგუმენტი ადრიდანვე იყო ცნობილი. ზოგიერთ განმმარტებელს მიაჩნია, რომ თვით აბრაამის მოქცევაც ამ არგუმენტით მოხდა. მან უფალი შეიცნო ულამაზესი სამყაროს შემყურემ და ამ ყველაფრის შემოქმედად აღიარა ერთი ჭეშმარიტი ღმერთი; შეიმეცნა, რომ ეს ყველაფერი ყოვლადძლიერი ღმერთის გარეშე ვერ იარსებებდა. აბრაამი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელი გახდა და მისგან გამრავლდა რჩეული ერი.
- რა ზნეობრივი შედეგები მოჰყვება ათეისტურ აზროვნებას?
- მისი ზნეობრივი შედეგები დამღუპველია, რადგან ათეიზმი ძალიან კომფორტული პოზაა. ათეისტური აზროვნება კომფორტულია საკუთარი ვნებების რეალიზაციისთვის. არ ვამბობ, რომ ყველა ათეისტი ამორალურია, მაგრამ ამ რელიგიას დიდი შესაძლებლობა აქვს, ადამიანი ასეთი გახდეს. დღეს მომსწრენი ვართ რელიგიური ფასეულობების დევალვაციისა და დაკნინებისა. მავანნი თანამედროვე საშუალებების მეშვეობით, - პრესა იქნება ეს, ტელევიზია, კინო თუ სხვა, - ქადაგებენ, რომ შუასაუკუნეობრივმა აკრძალვებმა თავისი დრო მოჭამა; ან სულაც რაღა საჭიროა რაიმე აკრძალვა? როცა ახალგაზრდობას ესმის ასეთი მოძღვრება, ბევრს აღარ ფიქრობს ამ საკითხზე, არ იყენებს ღვთივმინიჭებულ პრივილეგიას - აზროვნებას, ანალიტიკურ უნარს, რადგან არ სჭირდება. სამწუხაროდ, ისეთ დროში ვცხოვრობთ, აღარ გვცალია აზროვნებისთვის. ჩვენც, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ინფორმირებული ერი ვართ, მაგრამ ამ ინფორმაციის გაანალიზების საშუალება აღარ გაგვაჩნია, რადგან დრო აღარ გვაქვს, რომ მიღებულ ინფორმაციას დავუფიქრდეთ და გავაანალიზოთ. ფაქტობრივად, გვართმევენ იმ ფუნდამენტურ თვისებას, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა - ანალიტიკურ უნარს, აზროვნების უნარს. ეს ხდება მოზღვავებული ინფორმაციის მეშვეობით, რომლის გადამუშავებაც ადამიანს აღარ შეუძლია, ამიტომ მზამზარეულ რეცეპტებს იყენებს, რომლებიც მრავლადაა ტელეფილმებში, ტელეგადაცემებში, რეკლამებშიც კი. ამგვარი მზა რეცეპტები ძალზე კომფორტულია. მათი პრინციპია - რაც მსიამოვნებს, კარგია, თავისუფლება კი ის არის, როცა აკეთებ იმას, რაც გსიამოვნებს. ამიტომაც ათეიზმს ძალზე დიდი დასაყრდენი აქვს ამგვარი მედიასაშუალებების სახით.
როცა ახალგაზრდა არჩევანის წინაშე დგას - იყოს თუ არა ეკლესიურად მცხოვრები, რაც თავშეკავებას გულისხმობს, ებრძოლოს ინსტინქტებს, ცხოველურ მისწრაფებებს, მოთოკოს ვნებები, მანკიერი მხარეები, - ბევრი ამ გზას აღარ ირჩევს, რადგან თვლის, რომ არ არის კომფორტული.
ამის საპირისპიროდ აქვს ათეისტური აზროვნება - განთავისუფლდით ყოველგვარი აკრძალვისგან; მიიღეთ მაქსიმუმი ცხოვრებისგან (სლოგანებს რეკლამებიდან და კინოფილმებიდან ვიღებ). რას ნიშნავს მაქსიმუმის მიღება ცხოვრებისგან? - მაქსიმალური სიამოვნების, მაქსიმალური უდარდელობის მიღებას. რაც თავის დროზე, 2000 წლის წინ დაძლია ქრისტიანობამ და მოუტანა კაცობრიობას - უბიწოება, სიკეთე, სიმშვიდე, პატიოსნება, - ამ ყველაფრის დევალვაცია ხდება ათეიზმის ნიღაბს ამოფარებული ადამიანების მიერ. ამდენად, ათეიზმის მიღმა ყველაზე უკეთ იმალება კაცობრიობის მტერი - სატანა, თუმცა ათეისტები ამასაც კი ვერ ხვდებიან, რადგან არ სწამთ მისი არსებობა, თუმცა ბოროტის მანიპულაციის მსხვერპლნი არიან. ეშმაკმა მიაღწია იმას, რომ დაერწმუნებინა თანამედროვე სამყარო თავის არარსებობაში. თუკი ეშმაკი არ არსებობს, ე.ი. არც ღმერთი არსებობს და ადამიანის თითოეული ქმედება თავად ადამიანისგან არის განპირობებული, შესაბამისად, გამოდის, რომ ადამიანი თავად არის ღმერთი. ასე რომ, ისტორია მეორდება. გავიხსენოთ, როგორ მოხიბლა და აცდუნა ეშმაკმა პირველი ადამიანები, რათა აკრძალული ნაყოფი ეხმიათ: ჭამეთ და გახდებით, ვითარცა ღმერთიო. დღესაც იგივე მეორდება. ადამიანებს თავიანთი თავი მიაჩნიათ ყოვლისმცოდნედ, ყოვლისშემძლედ... ეს სხვა არაფერია, თუ არა ბოროტის ძველი ხრიკები. სამწუხროდ, უმეტესობას ამ ყველაფრის დანახვა და ანალიზი აღარ შეუძლია.
- ნაწილობრივ ითქვა, მაგრამ იქნებ უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, რა მდგომარეობაა დღეს ათეიზმის თვალსაზრისით.
- დღეს ამ მხრივ ძალზე მძიმე, სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ. ვთქვი კიდეც - ათეიზმს ამჟამად აყვავების ხანა უდგას. დასავლეთის სამყარო გარეგნულად ქრისტიანიზებულია, მაგრამ ფაქტობრივად ეს არის მატერიალისტური საზოგადოება, მატერიალიზმი კი იგივე ათეიზმია. ამ მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ევროპაში. ეს სიმძიმე საქართველოზე პირდაპირ აისახება. გლობალიზაცია იმდენად აქტუალური თემაა, საქართველო იმდენად ჩართულია მსოფლიოში მიმდინარე ყველა პროცესში, თუნდაც ინტერნეტის საშუალებით, რომ ჩვენი ერი ვერ ასცდება ვერავითარ მიმდინარეობას. თანაც იმდენად ნიჭიერები ვართ, სხვებზე მეტად ავიტაცებთ ხოლმე ყველაფერს. მატერიალისტური და ათეისტური აზროვნება, უღმერთობა ძალზე აქტუალური ხდება ჩვენს საზოგადოებაში. სამწუხარო ტენდენციაა და არა წინასწარმეტყველება - რაც დრო გავა, სულ უფრო მეტად შემცირდება მორწმუნეთა რიცხვი. დრომ, ელექტრონულმა და ტექნოლოგიურმა მიღწევებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ ადამიანი გახდა ინფორმირებული და არა გონიერი. კიდევ ვიმეორებ - ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ მისი ანალიზის უნარი აღარ გაგვაჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ფუნდამენტური ღირსება იკარგება და ამგვარ მდგომარეობაში შეიძლება ნებისმიერი დამოკიდებულება მოახვიო კაცს თავს. ტელევიზიისა თუ სხვა ინფორმაციის წყაროს საშუალებით ადამიანს დრო აღარ აქვს, გააანალიზოს, რა არის კარგი, რა - ცუდი და რა აირჩიოს. ამიტომაც ირჩევს იმას, რასაც აწვდიან ინფორმაციის მომწოდებლები. სამწუხაროდ, ამგვარი ტენდენცია აშკარად შეიმჩნევა.
ათეისტები გვიკიჟინებენ - ღმერთმა რატომ მოუწყო გამოცდა ადამსა და ევას სამოთხეშიო. მათ ღმერთმა არჩევანის საშუალება მისცა, დღეს კი ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ არჩევანის საშუალება აღარ გვექნება და ავირჩევთ მხოლოდ ერთს - უღმერთობას. აქედან გამომდინარე, მის ყველა შედეგს მოვიმკით. მორწმუნეთა რიცხვი ძალზე შემცირდება და მათაც დევნას დაუწყებს საზოგადოება, არა ფიზიკურად, არამედ მორალურად.
- მათთვის, ვისაც გადარჩენა სურს, რა არის გამოსავალი?
- ადამიანი ქრისტეს ეკლესიის ერთგული უნდა იყოს. ერთგულება, ცხადია, არ ნიშნავს ეკლესიის ფიზიკურად დაცვას. თითოეული ადამიანის ეკლესიასთან სიახლოვე განისაზღვრება არა ეკლესიაში გატარებული საათების რაოდენობით, არამედ ინტელექტით, განათლებულობით - რამდენად ესმის, რა არის ქრისტიანობა და რამდენად აქვს ქრისტიანობა გულსა და გონებაში. ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს, რაც თავისთავად განუმტკიცებს რწმენას. ამ ათეისტურ გარემოს სხვას ვერაფერს დაუპირისპირებ. ძალზე დიდია ურწმუნოებისა და ათეიზმის ზღვა და მეტად მცირეა მორწმუნეთა კუნძული, რომელსაც შესაძლოა გადაუაროს და წალეკოს ტალღებმა. ამ ურწმუნოების ზღვაში ერთადერთი საშუალება თავის დაცვისა ღრმად მორწმუნეობაა, რაც განაპირობებს სარწმუნოების მეცნიერულად შესწავლას. გამეცნიერებული სარწმუნოება და გასარწმუნოებული მეცნიერება არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ, ქრისტეს მორწმუნეები, არ დავეცეთ, გადავრჩეთ და გადავარჩინოთ სხვებიც ჩვენ გარშემო.
ჯერ კიდევ XIX საუკუნეში წმინდა ილია მართალი ამბობდა, ხმლებით ბრძოლა წარსულს ჩაბარდა, დღეს კალმით ბრძოლის დროაო. და რაღა ვთქვათ XXI საუკუნეში? ქრისტიანობას დაცვა არ სჭირდება, მას აღმსარებლობა სჭირდება, რათა თვითონ გახდე დაცული და არა დამცველი უღმერთო წუთისოფლისგან.