ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სასტიკი და ულმობელი ხანა, როგორჩ სულიერი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ალბათ მაინჩ მეოჩე საუკუნე იყო. ამ დროს ქართველ ერს კისერზე დააწვა არა მარტო ეროვნული ჩაგვრის, არამედ ათეისტური მსოფლმხედველობის დამღუპველი უღელიჩ. ათეიზმის ბატონობამ 70 წელი გასტანა. ამ ეპოქას უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "მზიანი ღამე" უწოდა. ყველას მოეხსენება, რომ ისტორია არა ქაოსური, არამედ აზრიანი პროჩესია და მასში ყოველი ფაქტი და მოვლენა ლოგიკური კანონზომიერებით არის განპირობებული. მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი XIX-XX საუკუნეებში დატრიალებულ მოვლენებს, გავიაზროთ და შევაფასოთ, თუ რატომ ჩამოწვა საქართველოში ეს "ღამე", რომელიჩ ასე დიდხანს გაგრძელდა; რატომ დაუშვა ღმერთმა ჩვენზე ამხელა სასჯელი და საერთოდ, რა პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ ადამიანს, საზოგადოებას, ერს ისტორიის შემოქმედების პროჩესში. ამ და სხვა თემებზე გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეჩნიერებათა დოქტორი, ბატონი ვახტანგ გურული.
- რა იდეურმა და სოციალურ-პოლიტიკურმა წანამძღვრებმა შეამზადეს საქართველოში ათეიზმი, რომელმაც თითქმის მთელი XX საუკუნე მოიცვა?
- XIX საუკუნის დამდეგს საქართველოს ისტორიაში მოხდა დიდი კატასტროფა: 1801-1802 წლებში რუსეთის იმპერიამ დაიპყრო ქართლ-კახეთის სამეფო, გააუქმა მეფობა და ქვეყანა აქცია რუსეთის გუბერნიად. 1809-1810 წლებში იგივე განმეორდა იმერეთის სამეფოშიც. ამას დაემატა ისიც, რომ 1811 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი - მცხეთის საპატრიარქო, ხოლო 1814 წელს - ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა საკათალიკოსო. ამრიგად, სახელმწიფოებრიობა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია თითქმის ერთდროულად იქნა ლიკვიდირებული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რუსეთის საიმპერატორო კარს სჭირდებოდა ქართველი ერის ასიმილირებისთვის, რათა საქართველო ექცია რუსეთის იმპერიის განუყოფელ ნაწილად. რუსეთის საიმპერატორო კარისა და რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდის პოლიტიკა საქართველოში აბსოლუტურად ერთი იყო. 1700 წლიდან პატრიარქობა რუსეთში უკვე გაუქმებული გახლდათ და რუსეთის უმაღლესი საეკლესიო იერარქი დე ფაქტო და დე იურე იყო იმპერატორი. ამას ემატებოდა ისიც, რომ XIX საუკუნიდან რუსეთში ათეიზმი ეპიდემიასავით გავრცელდა. მეტი რაღა უნდა ითქვას, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სათავეში ორგანიზაციულად იდგა რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდი, რომელსაც ჰყავდა ობერ-პროკურორი ანუ თავმჯდომარე. შესაძლოა, ეს დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ სინოდის წევრები იყვნენ საეკლესიო იერარქები, მაშინ როდესაც ობერ-პროკურორი ყოველთვის საერო პირი გახლდათ. მათ შორის ზოგიერთი ათეისტური აზროვნებით გამოირჩეოდა. ათეიზმი რუსეთში მოდურ გატაცებად იქცა. მართლმადიდებელი და ღრმად მორწმუნე ადამიანი უკვე აღარ ითვლებოდა მისაღებად საზოგადოებაში, მწერალთა, მეცნიერთა, ხელოვანთა წრეში. ეს ყველაფერი რუსეთიდან საქართველოშიც გადმოვიდა, თუმცა მთელი XIX საუკუნის მანძილზე ჩვენთან ამას საყოველთაო სახე არ მიუღია.
დადგა XX საუკუნეც. რუსეთში დაიწყო რევოლუცია, იგივე სამოქალაქო ომი. ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნაწილი დაუპირისპირდა მეორეს. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ვერ შეასრულა სამოქალაქო ომის შემაჩერებლის ფუნქცია, იმიტომ რომ ათეისტური აზროვნება მეტად იყო ფეხმოკიდებული რუსეთის იმპერიაში და მრევლი ეკლესიას აღარ ემორჩილებოდა. უფრო მეტიც, ურწმუნო, ათეიზმის ჭაობში ჩაფლულმა ინტელიგენციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხელი შეუწყო რევოლუციის გაჩაღებას. მან "არა კაც კლა" კი არ დაისახა ქვეყნის გადარჩენის გზად, არამედ კაცის კვლისა და სისხლის დაღვრით მოინდომა საზოგადოებაში თანასწორობის დამყარება. ეს იყო ანტიქრისტესადმი თაყვანისცემის პერიოდი. 1905-1907 წლების რევოლუცია საქართველოსაც მოსწვდა. ჩვენთანაც განმეორდა ძმათამკვლელი ომი. კერძოდ, აჯანყებულმა "მშრომელმა" ხალხმა - მუშებმა და გლეხებმა შექმნეს წითელი რაზმები და ამოჟლიტეს ქართველი თავადაზნაურობის წარმომადგენლები. შემდეგ კი, როდესაც რევოლუცია დაღმავლობის გზით წავიდა, ახლა უკვე თავადაზნაურობამ შექმნა "შავი რაზმები" და შური იძია წითელრაზმელებზე. რა შედეგი გამოიღო ამ სისხლისღვრამ? საბოლოოდ რევოლუცია დამარცხდა. მის მონაწილეთა დიდი ნაწილი დაიხოცა, ნაწილი - ციხეებსა და გადასახლებებში აღმოჩნდა. სოციალური პრობლემები კი, რა თქმა უნდა, ისევ გადაუჭრელი დარჩა, რადგან პრინციპი დაგროვილი პრობლემების გადაჭრისა იყო: "მოჰკალ კაცი!" ხოლო ქრისტიანული მორალი და მისი ერთ-ერთი არსებითი მცნება "არა კაც კლა!" ამ საზოგადოებაში იგნორირებულ იქნა.
- ყოველივე ამან გამოხატულება პოვა ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში. რატომ ვერ დაიცვა ქართულმა საზოგადოებამ ილია?
- როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ამ დროისათვის ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დასნეულებული იყო ათეიზმითა და კოსმოპოლიტიზმით. საზოგადოების დიდი ნაწილი იმდენად გაუცხოებული იყო ეკლესიისგან, რომ ვერც კი ხვდებოდა, კაცის კვლას მონანიება რომ სჭირდებოდა. მკვლელები დაპარპაშებდნენ ქვეყანაში და განსაზღვრავდნენ, საით უნდა წასულიყო ქართველობა. ის ნაწილი, რომელმაც იცოდა, რომ გადარჩენის ერთადერთ გზას ეკლესია, შესაბამისად, ეკლესიური აზროვნება წარმოადგენდა, საერთოდ გაირიყა პოლიტიკური ცხოვრებიდან. ავადმყოფ საზოგადოებას განკურნება ესაჭიროებოდა, მკურნალი კი მოკლეს. ქვეყანა დარჩა ფაქტობრივად ილიასა და ილიასთანა კაცების გარეშე. მთელი უბედურება კი მაინც ის იყო, რომ საზოგადოება ილიას აფასებდა მხოლოდ როგორც დიდ პოეტს, გნებავთ, პროზაიკოსსა და პუბლიცისტს. თითებზე ჩამოსათვლელნი იყვნენ ისინი, რომელთა აზრითაც ილიას სახით ქვეყანამ დაკარგა ერის სულიერი მამა, მისი უგვირგვინო მეფე.
- შემდეგ მოხდა უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში: 1918 წლის 26 მაისს რუსეთის იმპერიის 117-წლიანი ბატონობის შემდეგ ქართველმა ერმა მოახერხა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ბუნებრივია, აქაც ისმის კითხვა: რატომ ვერ შეინარჩუნა ქართველმა ერმა და მისმა პოლიტიკურმა ელიტამ დამოუკიდებელი სახელმწიფო?
- საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ქართველი ერის დამსახურება არ იყო. გარეგანმა ფაქტორებმაც ბევრი რამ განსაზღვრა. კერძოდ, რუსეთის იმპერია დაინგრა 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის შემდეგ; მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე კარდინალურად შეიცვალა საერთაშორისო ვითარება. მიუხედავად ამისა, ქართველი ერი რომ არ ყოფილიყო მზად დამოუკიდებლობისთვის და არ ჰქონოდა დამოუკიდებლობის სურვილი, რა თქმა უნდა, ვერავითარი გარეგანი ფაქტორი გადამწყვეტი ვერ იქნებოდა. მაგრამ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ (1918-1921) ძალიან ცოტა ხანს იარსება. ეს მოხდა იმიტომ, რომ, როგორც ვთქვით, 1905-1907 წლების რევოლუციამ დატოვა ავადმყოფი საზოგადოება. მისი მკურნალი, ილია ჭავჭავაძე, კი მოკლეს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერებს (სოციალ-დემოკრატებს, ეროვნულ-დემოკრატებს, სოციალისტ-ფედერალისტებს...) სურდათ გადმოეღოთ ევროპული მოდელი და დაეფუძნებინათ დემოკრატიული, მაგრამ ათეისტური სახელმწიფო. იმ დროის პოლიტიკური ელიტა ვერ ხვდებოდა, რომ არაეკლესიური აზროვნება დაღუპავდა ქვეყანას და რომ ერის გამაერთიანებელი მხოლოდ ეკლესიური აზროვნება შეიძლებოდა ყოფილიყო. ეკლესიისადმი ხელისუფალთა დამოკიდებულება ნათლად ჩანს შემდეგი ფაქტიდანაც: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონ მეორე მარტყოფში, თავის რეზიდენციაში, მოკლეს და გამოაცხადეს, თავი მოიკლაო. იქვე, მის საწოლთან, ეგდო ბრაუნინგი, რომლითაც კათოლიკოს-პატრიარქმა ვიტომ თავი მოიკლა. მაგრამ ისიც ხომ ცნობილია, რომ უწმინდესსა და უნეტარესს კირიონ მეორეს ინსულტი ჰქონდა გადატანილი და მარჯვენა ხელს ვერ ხმარობდა, კოვზიც კი ვერ მიჰქონდა პირთან (მხოლოდ მორჩილის დახმარებით ახერხებდა ამას). თანაც ბრაუნინგი დაკეტილი იყო და მასრები, რომლებიც იქვე ეყარა, სრულიადაც არ იყო ბრაუნინგისა. ასე რომ, ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი მოკლეს და ისიც, თუ ვინ იყო მკვლელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, გამოძიება არ მიიჩნიეს საჭიროდ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი, სხვა შინაგან და გარეგან ფაქტორებთან ერთად, იყო ის, რომ ერის პოლიტიკური ელიტა, უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება აზროვნებდა ათეისტურად. ისინი ეკლესიის როლს არ აფასებდნენ და ანგარიშს არ უწევდნენ ღვთისგან მოვლენილ ხელისუფალს - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
- ასე რომ, 1921 წლისთვის, როდესაც საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო, ფაქტობრივად, კარგი ნიადაგი იყო მომზადებული ათეისტური აზროვნების საბოლოოდ დასამკვიდრებლად...
- დიახ, ბოლშევიკებმა შესანიშნავად ისარგებლეს იმით, რომ ეკლესია ამ დროისათვის უკვე ძალზე დასუსტებული იყო როგორც ორგანიზაციული, ასევე იდეური და ფინანსური თვალსაზრისით. ქვეყანაში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის მკვლელობა ვერ გამოიძიეს, რომელ საეკლესიო პოლიტიკაზე შეიძლებოდა ლაპარაკი.
შემდეგ დაიწყო საშინელი ეპოქა. საქართველოს ეკლესიას თავს დაატყდა უბედურება, რომლის მსგავსიც მას არ განუცდია არაბების, თურქ-სელჩუკების, მონღოლების, ყიზილბაშების, ოსმალების შემოსევების დროს. მასობრივი ხასიათი მიიღო ეკლესიების დახურვამ, წმინდა წიგნებისა და ხატების ცეცხლში დაწვამ, ეკლესიებიდან ჯვრების ჩამოხსნამ, ღვთისმსახურთა მკვლელობებმა და დაპატიმრებებმა... საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ, მოსკოვის მითითებით, ძირითადად ახალგაზრდებზე აიღო ორიენტაცია. ეს უკვე აპრობირებული მეთოდი გახლდათ რუსეთში. მოგეხსენებათ, 30-40 წლის ადამიანის ცნობიერების შეცვლა არც ისე ადვილი საქმეა. ამ ასაკის ადამიანთა შორის სულ უფრო ნაკლებად მოიძებნებოდნენ ეკლესიის გუმბათებიდან ჯვრების ჩამომხსნელნი. ამ საქმეზე წამსვლელი ადამიანების საგანგებოდ აღზრდა იყო საჭირო. ჰოდა, აღზარდეს კიდეც და ეს 14-15 წლის ახალგაზრდები უკვე 5-10 წლის შემდეგ მოევლინნენ სოფლებს, ქალაქებს, მაზრებს როგორც სახელმწიფოს საყრდენნი, თანამდებობის პირნი. ახლა ისმის კითხვა: სად იყო ამ დროს საზოგადოება? ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ათეიზმის სენით იყო მოწამლული, მათ გარდა იყვნენ არაეკლესიურად მოაზროვნენი. ეკლესიურად მოაზროვნეთა უმრავლესობა ამოჟლიტეს ბოლშევიკებმა ანდა ქვეყნიდან გააქციეს. იყო, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში რაღაც ნაწილი, რომელსაც არ მოსწონდა გამეფებული ვითარება, მაგრამ არც პროტესტს გამოთქვამდა, რადგანაც სიკვდილისა ეშინოდა. ეკლესიური აზროვნება რომ ჰქონოდათ, მაშინ აღასრულებდნენ წმინდა მეფის - ვახტანგ გორგასლის ანდერძს: "ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის!" მაგრამ, მოგეხსენებათ, თუ რაოდენ ძნელია ხორციელი სიკვდილი ადამიანისთვის. ამიტომაც მოწამის გვირგვინი მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილმა დაიდგა. ბოლშევიკების წარმატების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოების საბოლოოდ გადაგვარება მათ მაინც ვერ შეძლეს და სწორედ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არაეკლესიური აზროვნებით გამოირჩეოდა და დამღუპველი ნეიტრალიზმის პოზიციაზე იდგა, ეკლესიის წევრი გახდა, როგორც კი ამის საშუალება მიეცა.
- ყველას დაშინება მაინც ვერ შეძლეს. იმ დროისთვის არაერთმა გამოხატა პროტესტი არსებული რეჟიმის მიმართ და მოწამის შარავანდითაც გაბრწყინდა. ამ მხრივ განსაკუთრებით სამღვდელოებამ გამოიჩინა თავი. რა შედეგი გამოიღო მათმა თავგანწირვამ?
- ბოლშევიკური რეჟიმის უსამართლობა უპირველესად ეკლესიამ არ დატოვა პროტესტის გარეშე. 1921 წელს გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ლეონიდი (ოქროპირიძე) და პატრიარქის მძიმე ტვირთის ზიდვა ღმერთმა ამჯერად უწმინდეს ამბროსი ხელაიას არგუნა. კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი უგანათლებულესი ადამიანი გახლდათ. მან კარგად იცოდა რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა სახელმწიფოს ბუნება, რა თქმა უნდა, იცოდა, თუ რა საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. 1917 წლის რუსეთის საეკლესიო კრებაზე 1700 წლის შემდეგ პირველად იქნა არჩეული მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი. თუმცა ძალზე დააკნინეს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქის როლი. საშინელ მდგომარეობაში ჩააგდეს მთელი სამღვდელოებაც. უწმინდესმა ამბროსიმ კარგად იცოდა, რომ იგივე უნდა მომხდარიყო საქართველოშიც. და რაც ვერ შეძლო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, იმას როგორღა შეძლებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი?! საქართველოდან ხომ ვერ ააგორებდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ტალღას?! ასე რომ, ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ უწმინდესი პატრიარქი ამბროსი უნდა შერიგებოდა ამ ვითარებას და დანებებულიყო. მაგრამ ის მოქმედებდა სწორედ წმინდა ვახტანგ გორგასლის ანდერძიდან გამომდინარე: ეძიებდა სიკვდილს ქრისტესთვის. მას სხვა არაფერი შეეძლო, გარდა იმისა, რომ ებრძოლა და თავგანწირვის მაგალითი მიეცა ქართველი საზოგადოებისთვის. უწმიდესმა კარგად იცოდა, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა პროტესტს, მაგრამ ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა. 1922 წელს იტალიის ქალაქ გენუაში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც საბჭოთა რუსეთიც მონაწილეობდა. ამ კონფერენციაზე უწმინდესმა ამბროსიმ გაგზავნა მემორანდუმი, რომელშიც აღწერილი იყო 1921 წლიდან საქართველოში შექმნილი მძიმე ვითარება. უწმინდესი ამბროსი მეტად მახვილი პოლიტიკური ალღოს მქონე ადამიანი გახლდათ. იგი ითხოვდა, რომ საქართველოში ჩატარებულიყო რეფერენდუმი და ქართველ ხალხს თვითონვე გაერკვია, როგორ სურდა ცხოვრება. მან ზუსტად შეარჩია ფორმულა - რეფერენდუმი ჩატარდეს და ქართველ ერს მიეცეს თავისი ნების გამოხატვის საშუალებაო. ამ ფაქტის შემდეგ ეკლესია ბოლშევიკებისთვის უფრო საშიში შეიქნა. ეს უპრეცედენტო რამ გახლდათ. მოსკოვიდან სასწრაფოდ შეატყობინეს სერგო ორჯონიკიძეს და დაავალეს, გარკვეულიყო საქმის ვითარებაში. გადაწყდა საშინელი სამსჯავროს მოწყობა ქართველი სამღვდელოების წინააღმდეგ. ბოლშევიკების გეგმაში შედიოდა არა იმდენად კათოლიკოს-პატრიარქის სიკვდილით დასჯა, რამდენადაც ის, რომ მას საჯაროდ უარეყო თავისი საქციელი. უწმინდეს ამბროსის მოუწყვეს საჩვენებელი სასამართლო პროცესი, რომელსაც მხოლოდ ბოლშევიკები და საბჭოთა ხელისუფლების მიერ შერჩეული პირები ესწრებოდნენ. სასამართლოს შენობის გარეთ იცდიდა დაქირავებული ხალხი, რომელიც ლანძღავდა და აგინებდა კათოლიკოს-პატრიარქს. ბოლშევიკებს უნდოდათ, უწმინდეს ამბროსის მოენანიებინა თავისი "დანაშაული" და ამის მერე, რაღა თქმა უნდა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ მან არათუ დამნაშავედ არ სცნო თავი, არამედ სასამართლოზე წარმოთქმული დაუვიწყარი სიტყვებით ფაქტობრივად განაჩენი გამოუტანა საბჭოთა წყობილებას. საჯაროდ განაცხადა: "სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, გული - ჩემს სამშობლოს, მძორი, ჯალათებო, - თქვენ და რაც გინდათ, ის უყავით!" რომ სცოდნოდათ, ამ სიტყვებს წარმოთქვამდა უწმინდესი ამბროსი, ბოლშევიკებს ერჩიათ, საერთოდ არ გაესამართლებინათ იგი, მაგრამ ისინი პრიმიტიულად აზროვნებდნენ. ასე რომ, პროცესი, რომელსაც უნდა დაეკნინებინა ეკლესიისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის როლი, დამთავრდა სულ სხვაგვარად - ეკლესიასთან ბრძოლაში ბოლშევიკების უძლურების წარმოჩენით.
გაგრძელება შემდეგ ნომერში