დუხობორების სექტა XVIII საუკუნის 60-იან წლებში რუსეთში, ვორონეჟის გუბერნიაში შეიქმნა. სექტის სახელწოდება წარმოსდგება სიტყვისგან "დუხობორეც", რაც სულისთვის მებრძოლს ნიშნავს. მისი დამაარსებლები არიან გლეხი სილუენ კოლესნიკოვი და ვაჭარი ილარიონ პობიროხინი.
1775 წელს ილარიონ პობიროხინმა თავი მესიად გამოაცხადა, აირჩია 12 მოწაფე და საზეიმოდ შევიდა ქალაქ ტამბოვში მოსახლეობის "სახსნელად", მაგრამ დააპატიმრეს და გააციმბირეს. მიუხედავად ამისა, დუხობორობა ტამბოვის მოსახლეობის ერთ ნაწილში მაინც გავრცელდა.
დუხობორები უარყოფენ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებას, საღვთო ლიტურგიას, ჯვარს, ხატს, წმინდანებს, მარხვას, პირველქმნილ ცოდვას, სინანულს, ზიარებას, სხვა საეკლესიო საიდუმლოებებს... დუხობორებმა უარყვეს ბიბლიაც და იგი შეცვალეს "სიცოცხლის წიგნით". ეს წიგნი შედგება თქმულებებისგან, დუხობორთა სექტის ისტორიისგან და თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემა. დუხობორები თავისებურად განმარტავენ ღმერთსაც. ისინი არ ცნობენ ყოვლადწმინდა სამებას და აცხადებენ, რომ ღმერთი მსოფლიო სიყვარული, სიბრძნე და მარადიული სიკეთეა. მათი აზრით, იესო ქრისტე ძე ღვთისა კი არ არის, არამედ უბრალო ადამიანი, რომელშიც შემდგომ ჩასახლდა ღვთის გონება. ღმერთი დღესაც "სახლდება" მართლმორწმუნე, რჩეულ ადამიანებში, რომლებსაც ღვთის მსგავსი პატივი უნდა მივაგოთ. დუხობორები ასეთ რჩეულებად სექტის ხელმძღვანელებს მიიჩნევენ. სექტანტების აზრით, ყოველი ქალი "ღვთისმშობელია". ამიტომ დუხობორი მამაკაცი ვალდებულია, თავის დაკვრით მიესალმოს ქალს, რითაც სიმბოლურად ღვთისმშობლის მიმართ "პატივისცემას" გამოხატავს. დუხობორები ადამიანს ღვთის მიერ შექმნილ ცოცხალ ეკლესიად მიიჩნევენ. სექტის მოძღვრებით, ეკლესია კაენის შთამომავლობამ შექმნა, სადაც ყველაფერი იყიდება და მახინჯდება. აბელის მემკვიდრეებად დუხობორები ითვლებიან. მათ დევნიან კაენის შვილები ანუ მართლმადიდებელი ქრისტიანები. საბოლოოდ, აბელის მემკვიდრეები "დაამარცხებენ" კაენის მემკვიდრეებს.
დუხობორები სამი მიმართულებისანი არიან: ვერიგინელები, ლუკერიანელები და დამოუკიდებლები.
დუხობორები მკვეთრად უპირისპირდებოდნენ ეკლესიას, სახელმწიფოს, რის გამოც ისინი იმპერატორის მანიფესტით ტავრიის გუბერნიაში ჩაასახლეს. მოგვიანებით, 1839 წელს, რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ათასი დუხობორი საქართველოში, კერძოდ, ჯავახეთში გადმოასახლა. დუხობორების დასახლებები გაჩნდა ნინოწმინდის (ყოფილი ბოგდანოვკის) რაიონში. გადმოსახლების შემდეგ გარდაიცვალა მათი ლიდერი ილარიონ კალმიკოვი, რამაც დააბნია ახალმოსახლენი. გადაწყვიტეს, გამოზამთრების შემდეგ სხვაგან გადაბარგებულიყვნენ, თუმცა თანდათანობით შეეგუენ აქაურობას და წასვლა გადაიფიქრეს. რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში დუხობორებმა პროზელიტიზმი შეწყვიტეს და იზოლირებულად დაიწყეს ცხოვრება (თანაც ისინი მხოლოდ ერთმორწმუნეებზე ქორწინდებოდნენ).
1894 წელს დუხობორთა შორის განხეთქილება მოხდა - ერთ ნაწილს სათავეში ჩაუდგა ილარიონ კალმიკოვის რძალი - ლუკერია ვასილევნა, ხოლო მეორის ლიდერი პეტრე ვერიგინი გახდა.
1895 წელს დუხობორებმა უარი განაცხადეს ჯარში სამსახურზე და დაწვეს საბრძოლო იარაღი, როგორც ძალმომრეობის სიმბოლო. ამის გამო ხელისუფლებამ ბევრი დუხობორი დააპატიმრა.
1899 წელს დუხობორთა ნაწილი (7,5 ათასი კაცი) პეტრე ვერიგინის მეთაურობით საქართველოდან კანადაში გაემგზავრა.
გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დუხობორთა უმრავლესობა რუსეთში გადასახლდა, მათი მიტოვებული სახლების დიდი ნაწილი კი ადგილობრივმა სომხებმა დაიკავეს (ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს, რაც დანარჩენ დუხობორთა შეშფოთებას იწვევს).
ამჟამად დუხობორები ცხოვრობენ რაიონულ ცენტრ ნინოწმინდაში და სოფლებში: გორელოვკაში, ორლოვკაში, ეფრემოვკაში, სპასოვკაში, კალინინოში, როდიონოვკასა და ტამბოვკაში. საქართველოს დუხობორთა თემის თავმჯდომარეა ტატიანა კალმიკოვა. დღეისთვის საქართველოში 500 დუხობორია დარჩენილი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი