მალაკნობა რუსული წარმომავლობის სექტაა, რომლის წინამორბედადაც დუხობორობას მიიჩნევენ. ეს სექტა XVIII ს-ის 60-იან წლებში ტამბოვის გუბერნიაში დააარსა თერძმა სემიონ უკლეინმა, რომელიც დუხობორთა სექტის ერთ-ერთი დამაარსებლის სიძე იყო.
მან თავისი სწავლება დააფუძნა დუხობორთა მოძღვრებაზე, თუმცა მასში ცვლილებებიც შეიტანა.
სახელწოდება "მალაკანზე" სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთი ვერსიით, სექტის წევრები თავიანთ მოძღვარს ადარებდნენ "სუფთა სულიერ რძეს" და სახელი ამ ეპითეტისგან წარმოდგებაო. მეორე ვერსიით, სექტის სახელწოდება აღებულია ტავრიის გუბერნიის მდინარე მოლოჩნიე ვოდიდან, სადაც მალაკანთა თემი ცხოვრობდა. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელწოდება მომდინარეობს მარხვის დროს რძის სმის ჩვეულებიდან. თვით მალაკნები თავიანთ თავს "სულიერ ქრისტიანებსაც" უწოდებენ.
დუხობორებისგან განსხვავებით, მალაკნები არ იზიარებენ პანთეისტურ შეხედულებებს და ცნობენ ბიბლიას, მაგრამ მის ტექსტს თავისებურად, სიმბოლურად იგებენ. მაგალითად, წმინდა სამება მათთვის ასეთია: მამა ღმერთი - მეხსიერება, ძე ღმერთი - ჭკუა, ხოლო სულიწმინდა - ნებისყოფა.
მალაკანთა სწავლებაში, რომელიც გადმოცემულია წიგნში "მალაკნების დოგმატები", დიდი ადგილი ეთმობა იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას და დედამიწაზე ათასწლოვანი სამეფოს შექმნას.
მალაკნები უარყოფენ სამღვდელოებას. მათ თემს მართავენ არჩეული წინამძღოლები და უხუცესები. მალაკნებმა შემოიღეს დამრიგებელ-მქადაგებლებისა და საპატიო უხუცესთა ინსტიტუტი, რომლისგანაც შედგება თემის მმართველი საბჭო.
მალაკნები არ ცნობენ მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოებებს, წმინდანებს, ხატებს, ჯვარს, მონაზვნობას, საღმრთო გარდამოცემას და ა.შ. ისინი უარყოფენ წყლით მონათვლას და თვლიან, რომ რელიგიური სწავლება ჭეშმარიტი სულიერი ნათლობაა. ზიარება მათ ესმით როგორც ღმერთის სიტყვა. მალაკნები ცნობენ მხოლოდ ისეთ "ღვთისმსახურებას", რომელიც გამოიხატება მარტოოდენ წმინდა წერილის კითხვასა და ფსალმუნთა გალობაში. ქრისტეს აღდგომაც ალეგორიულად ესმით: მასში ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა კი არ იგულისხმება, არამედ მისი მოძღვრების აღდგომა და გავრცელება.
მალაკნები კრძალავენ მხიარულებას, სმასა და ბილწსიტყვაობას. მათთვის მიუღებელია სამხედრო სამსახურიც. სექტაში გამოიყოფა ოთხი მიმდინარეობა: დონელები, მოხტუნავეები, საერთო და ძველუკლეინელები.
მეფის რუსეთში მალაკნებს დევნიდნენ, რის გამოც იძულებულნი იყვნენ საცხოვრებელი ადგილი ხშირად შეეცვალათ. ისინი ტავრიის გუბერნიაში, კავკასიაში, ციმბირში დასახლდნენ. რუსეთში ბაპტიზმის გავრცელების შემდეგ მალაკნების დიდი ნაწილი ბაპტისტურ სექტას შეუერთდა. ჩვენს დროში მალაკანთა თემები რეგისტრირებულნი არიან უკრაინაში, მოლდავეთში, კავკასიასა და რუსეთის ზოგიერთ ოლქში. 1994 წლის მონაცემებით, ცნობილია მალაკნების 100-მდე თემი, რომლის წევრთა რაოდენობა 300 ათასს აღწევს. მალაკნები ასევე ცხოვრობენ აშშ-ში, არგენტინაში, ბოლივიაში, კანადაში, ავსტრალიაში. 1991 წელს მოსკოვში გაიმართა მალაკანთა ყრილობა, რომელზეც გამოაცხადეს "სულიერ ქრისტიან-მალაკანთა თემების კავშირის" აღორძინება. აირჩიეს ცხრაწევრიანი საბჭო და მიიღეს ყრილობის წესდება. მალაკანთა ცენტრი მდებარეობს მოსკოვში და გამოსცემს ჟურნალს "სულიერი ქრისტიანები".
საქართველოში მალაკნები XIX ს-ში რუსეთის ხელისუფლებამ გადმოასახლა. 1830 წელს გამოიცა სამთავრობო განკარგულება სექტანტთა ამიერკავკასიაში გადასახლების შესახებ. საქართველოში გადმოსახლებული მალაკნები ძირითადად თბილისში, სიღნაღის რაიონის სოფელ ულიანოვკასა და საგარეჯოს რაიონის სოფელ კრასნოგორკაში დასახლდნენ. თბილისელები ფიროსმანის ქუჩის დასაწყისს ახლაც "მალაკნების ბაზარს" უწოდებენ, რადგან ამ ადგილას მალაკნები ბაზრობას მართავდნენ. საქართველოდან სექტანტთა უმეტესობა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში რუსეთში გადასახლდა. ამჟამად ჩვენში 200-მდე მალაკანი ცხოვრობს. მალაკნები კარჩაკეტილად ცხოვრობენ და პროზელიტური საქმიანობით არ გამოირჩევიან.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი