რეინკარნაცია სრულიად უცხო და მიუღებელი იყო ქრისტიანებისთვის
რერიხიანელობა თანამედროვე ოკულტური მიმდინარეობაა, რომელიც XX საუკუნეში წარმოიშვა. მის წინამორბედად თეოსოფია მიიჩნევა.
თეოსოფია (ბერძნ. ტჰეოსოპჰია) "ღვთის სიბრძნეს" ნიშნავს. ამ უწყინარი სახელწოდების მიღმა ერთ-ერთი ანტიქრისტიანულ-ოკულტური სწავლება იმალება. თვით თეოსოფების განმარტებით, ეს არის მოძღვრება, რომელიც ერთიანი მსოფლიო რელიგიის შექმნას ცდილობს, ხოლო ღმერთი, როგორც სამყაროს ყოვლისმომცველი არსება, ზეშთაგონებითა და მაგიით ვლინდება.
თეოსოფიის ფუძემდებელია ელენა ბლავატსკაია (1831-1891 წ.წ.). ის ახალგაზრდობიდანვე მაგიითა და სპირიტიზმით იყო გატაცებული და ძლიერ მედიუმადაც ითვლებოდა. მოგვიანებით მან საკუთარი ჟურნალი "ლუციფერი" დააარსა, რომელშიც ოკულტიზმსა და დემონურ იდეებს უწევდა პროპაგანდას. ბლავატსკაია ასწავლიდა, რომ "ნამდვილი სატანა ქრისტიანული ღმერთია (!), ხოლო ათეისტები ისინი კი არ არიან, ვინც ღმერთს უარყოფს, არამედ დოგმატიკოსები". ამგვარად, თეოსოფიურ ცრუმოძღვრებაში შემოქმედს დემონად წარმოაჩენენ, ხოლო ამ უკანასკნელს თაყვანს სცემენ როგორც ღმერთს.
ელენა ბლავატსკაიას გარდაცვალების შემდეგ თეოსოფიურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ყოფილი სოციალისტი და ანარქისტი ანა ბეზანტი, რომელიც მანამდე ათეისტურ ლიტერატურას გამოსცემდა.
XX საუკუნის 20-იან წლებში თეოსოფიური მოძრაობა რუსეთში განავითარეს ცნობილმა რუსმა მხატვარმა ნიკოლაი რერიხმა (1874-1947 წ.წ.) და მისმა მეუღლემ ელენა შაპოშნიკოვა-რერიხმა. ნ. რერიხი დიდხანს ცხოვრობდა ინდოეთში. 1924-28 და 1934-35 წლებში ნ. და ე. რერიხებმა ორი ექსპედიცია მოაწყვეს ჰიმალაისა და ტიბეტში, სადაც ისინი ბუდისტი ლამების ოკულტურ ცოდნას ეზიარნენ. ამავე დროს, მათ თითქოსდა მოინახულეს შამბალა - ადგილი, რომელიც არც ერთ რუკაზე არ არის აღნიშნული. ეს ჯადოსნური, უხილავი და საიდუმლო ქვეყანა სულიერ სივრცეში მდებარეობს. ამასთანავე, მას აქვს "ამქვეყნად გამოსასვლელი", დედამიწასთან დამაკავშირებელი წერტილები და ეს წერტილები ამ სამყაროს სწორედ ტიბეტსა და ჰიმალაის მთებში ეხება. ნ. რერიხი ირწმუნებოდა, რომ არსებობდა მღვიმეები, საიდანაც მიწისქვეშა ქვეყანაში - შამბალაში ჩასვლა შეიძლებოდა. სწორედ იქ ცხოვრობდა "სამყაროს მბრძანებელი", რომელიც ღამღამობით დედამიწის ზედაპირზე ამოდიოდა ლამაისტური ტაძრების დასათვალიერებლად.
რერიხის სწავლების თანახმად, ქრისტე მხოლოდ ადამიანის სულის ნაწილია, ამიტომ ადამიანმა ლოცვით ქრისტეს კი არა, კოსმიურ სულებსა და მაჰათმებს (სულიერ მოძღვრებს, ქურუმებს) უნდა მიმართოს. არსებითად, თეოსოფები პრაქტიკული ათეიზმის მქადაგებლებად გვევლინებიან. ელენა რერიხის ერთ-ერთ წერილში მოყვანილია მთავარი ტიბეტელი მაჰათმას სიტყვები: "რაც შეეხება ღმერთს, ჩვენ ვერ განვიხილავთ მას როგორც მარადიულს, უსასრულოს ან თვითმყოფადს. მატერიის გვერდით მისი ადგილი არ არის. მატერიის უცილობელი ღირსებები და მისი თვისებები ჩვენთვის ბოლომდე ცნობილია, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ გვწამს მხოლოდ მატერია, როგორც ხილული ბუნება და ამასთან - განუჭვრეტელი, როგორც უხილავი და ყველგანმყოფი პრომეთეოსი". "ვერავითარი ყოვლისმპყრობელი ღმერთი, რომელმაც მიწა შექმნა და მთვარე და ვარსკვლავები მის მანათობლად დაადგინა, ვერ შეძლებს, მშვენიერებითა და ჭეშმარიტებით გაუთანაბრდეს ამ უდიდეს გონთა ძალასა და ხედვის უნარს, რომლებიც დგანან იმ კიბის საფეხურებზე, რომლის წვერიც უსაზღვროებაში იკარგება", - წერს ელენა რერიხი. თეოსოფ ანა ბეზანტის თქმით კი, "ათეისტი - ეს კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდებულესი წოდებაა, რომელიც კაცთა მოდგმის გმირებს, მოწამეებსა და ქვეყნიერების მხსნელს გამოავლენს. არანაირ ფილოსოფიასა და არანაირ ღვთისმეტყველებას არ მოუტანია რაიმე იმდენად მნიშვნელოვანი, ათეიზმის კეთილ უწყებას რომ შეედრებოდეს. პატივი და დიდება პროგრესის ამ მამაც მებრძოლებს, თავისუფლების არმიის ამ საპატიო ავანგარდს, პატივი და დიდება მას, ვინც ადამიანზე ზრუნვაში ღმერთი დაივიწყა".
რერიხის ცრუ სწავლება, სხვა ოკულტურ მოძღვრებათა მსგავსად, ეფუძნება რეინკარნაციის (სულთა გარდასახვის) თეორიას, რომლის მიხედვით ადამიანმა რეინკარნაციათა წყება უნდა გაიაროს (რეინკარნაცია ნიშნავს სიკვდილის შემდგომ სულის გადასახლებას სხვა არსებებში). ელენა რერიხის აზრით, ადრეული ქრისტიანობა აღიარებდა რეინკარნაციას და ის თურმე მხოლოდ VI საუკუნეში აიკრძალა. სულთა გარდასახვის თეორიის მიმდევრები ამტკიცებენ, რომ რეინკარნაციის საიდუმლო ქრისტემ "განდობილ" მოწაფეებს უანდერძა, რათა მათ იგი სხვა "განდობილებისთვის" გადაეცათ და არ ეუწყებინათ ადამიანებისთვის, სანამ კაცობრიობა ამისთვის არ მომწიფდებოდა. შუა საუკუნეებში "განდობილთა" უმრავლესობა თითქოს დაიღუპა, მემკვიდრეობითობა გაწყდა, ახლა კი კაცობრიობამ ისეთ სულიერ განვითარებას მიაღწია, რომ ადამიანებს ამ ახალი მოძღვრების საშუალებით გაეხსნათ ეს საიდუმლო.
სინამდვილეში რეინკარნაცია, პირველივე საუკუნეებიდან მოყოლებული, სრულიად უცხო და მიუღებელი იყო ქრისტიანებისთვის. ამ ცრუ სწავლებას მკაცრად ამხელდნენ ჯერ კიდევ პირველი ქრისტიანი აპოლოგეტები - იუსტინე ფილოსოფოსი, თეოფილე ანტიოქიელი, ირინეოს ლიონელი, კირილე ალექსანდრიელი, იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე და პირველ საუკუნეთა სხვა წმინდა მამები. რეინკარნაცია, როგორც ერესი, განსჯილ იქნა კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე 543 წელს, ხოლო შემდგომ V და VI მსოფლიო საეკლესიო კრებებმა დაადასტურეს ეს განჩინება და ანათემას გადასცეს ყველა, ვინც სულთა გადასახლების თეორიას იზიარებდა.
თვით საღვთო წერილში არაფერია ნათქვამი გარდასახვის შესახებ. პირიქით, ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ არ არსებობს არავითარი გარდასახვა. "კაცთ ერთხელ უწერიათ სიკვდილი და შემდეგ სამსჯავრო" (ებრ. 9:27). თითოეული ჩვენგანი მიიღებს კუთვნილს, "იმის მიხედვით, თუ რას იქმოდა სხეულში მყოფი - კეთილს თუ ბოროტს" (2 კორ. 5:10) და ეს მისაგებელი იქნება მარადიული (მათ. 3:32).
რერიხიანელები თავიანთ მოძღვრებას მეორენაირად "აგნი-იოგას" ან "ცოცხალ ეთიკას" უწოდებენ. "რერიხის საზოგადოებაში" ახლად გადაბირებულებს რერიხის მიმდევრები აგნი-იოგას მეთოდებს სთავაზობენ და მათი მეშვეობით ყველა სულიერი თუ ფიზიკური პრობლემისგან ხსნას ჰპირდებიან, რისთვისაც "მცირე საფასურის" გადახდაა საჭირო.
საინტერესოა, რომ ბოლო დროს რუსეთში გამოქვეყნდა მრავალი პუბლიკაცია, რომლებიც რერიხების ბოლშევიკებთან კავშირს ააშკარავებს. ნ. რერიხის მიერ ჰიმალაიში მოწყობილ ექსპედიციაში მონაწილეობდნენ DXღ-ს (დროებითი საგანგებო კომისიის) თანამშრომელი იაკობ ბლიუმკინი და ექიმი ფსიქიატრი კონსტანტინე რიაბინინი. ბლიუმკინმა 1918 წელს მოკლა გერმანიის ელჩი მოსკოვში გრაფი მირბახი, ხოლო რიაბინინი თავად იუსუპოვს ჰიპნოზის გამოყენებით რასპუტინის მკვლელობისათვის ამზადებდა. რერიხის ექსპედიციათა მთავარი კონსულტანტი პარაფსიქოლოგი ა. ბარჩენკო გახლდათ, რომელიც DXღ-ჟUGE-ს საგანგებო განყოფილებაში გასაიდუმლოებულ ექსპერიმენტებს ატარებდა ნათელმხილველობასა და ჰიპნოზში.
რერიხის მკვლევარი ოლეგ შიშკინი წერს: "ჩემი ოპონენტები "რერიხის ცენტრიდან" ნიკოლაი რერიხს უწმინდეს ადამიანად მიიჩნევენ, რომელიც აბსტრაქციათა სამყაროში ცხოვრობდა და მსოფლიო ჰარმონიაზე ფიქრობდა. სინამდვილეში, რაც უფრო ახლოს გავიცანი ეს ადამიანი, მით უფრო მეტად დავრწმუნდი: რერიხი რუსი ინდიანა ჯონსი იყო. ის შესანიშნავად იცნობდა აღმოსავლეთს, იქაურ "ცხელ წერტილებს", იყო საოცარი პრაქტიკული ჭკუისა და რკინისებური ნებისყოფის მქონე დახვეწილი დიპლომატი... ჯერ კიდევ 1917 წლამდე იგი ხელმძღვანელობდა როზენკროიცერთა საიდუმლო საზოგადოებას". ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულ ადამიანებს აინტერესებდათ უძველესი სიბრძნის საიდუმლო, მაგია, მისტიკური რიტუალები. DXღ-ს საგანგებო განყოფილების უფროს გლენ ბოკის, ისევე როგორც რერიხს, სჯეროდა ჰიმალაიში ყოვლისშემძლე მაგებითა და ბრძენთაბრძენი ხალხით დასახლებული ქვეყნის შამბალის არსებობა. ბოკის შამბალის საპოვნელად ჩეკისტთა გაგზავნაც კი სურდა, მაგრამ ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ბუდისტი ბერის საფარქვეშ გაგზავნეს ერთი თანამშრომელი ბლიუმკინი. მოგვიანებით ამ უკანასკნელის გავლენით რერიხმა თავისი "შემოქმედებითი მემკვიდრეობა" საბჭოთა კავშირს დაუტოვა. 1926 წლის ივნისში ნ. რერიხმა საბჭოთა მთავრობას მაჰათმების წერილი ჩამოუტანა, რომელშიც ნათქვამი იყო: "ტიბეტში ვიმყოფებით, მაგრამ ვიცით, რაც გააკეთეთ: თქვენ გააუქმეთ სიცრუის ეკლესია". ამასთან ერთად, მაჰათმებმა ლენინის მავზოლეუმისთვის ინდოეთიდან მიწა გამოაგზავნეს, რომელსაც თან ახლდა მიმართვა, სადაც პროლეტარიატის ბელადს "ჩვენს ძმა მაჰათმას" უწოდებდნენ. ნ. რერიხმა საბჭოთა მთავრობას აუწყა, რომ მათ შეეძლოთ, ბუდისტური სამყაროს იმედი ჰქონოდათ და საჩუქრად გადასცა თავისი ნახატი "მესიანური ბუდა".
დღეისთვის რუსეთში არსებობს "რერიხის ცენტრი", რომელიც ყველაზე გავლენიან თეოსოფიურ საზოგადოებას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 2000 წელს რუსეთის რერიხის საზოგადოებამ ბლაგოვეშჩენსკში მოაწყო ფოტოგამოფენა სახელწოდებით "რუსეთი-ინდოეთი". გამოფენაზე წარმოდგენილი გახლდათ ასზე მეტი ნამუშევარი, რომლებიც სამხრეთ ინდოეთის ბუნებასა და აბორიგენთა ცხოვრებას ასახავდა. იქვე გამოფენილი იყო ნახატები იესო ქრისტეს გამოსახულებებით. "გარდასახვის კოსმიური კანონი უნდა დაბრუნდეს ქრისტიანობაში", - განაცხადეს ფოტოგამოფენაზე რერიხის საზოგადოება "ურუსვატის" წარმომადგენლებმა.
ფოტოგამოფენის ხელმძღვანელის ნატალია სმირნოვას აზრით, მსოფლიოში არსებული ყველა რელიგია ჭეშმარიტია, ქრისტეს პიროვნებაში კი იგი მხოლოდ დიდ მასწავლებელს ხედავს, რომელიც ბუდას, კრიშნასა და თვით რერიხის გვერდით დგას(!).
ფოტოგამოფენის მთავარი მიზანი იყო, ადამიანის ცნობიერებამდე მიეტანათ რერიხის "მაღალზნეობრივი" იდეები. ამისთვის ბლაგოვესჩენსკში ჩაიტანეს უამრავი ლიტერატურა, რომელიც ქალაქის ბიბლიოთეკას გადაეცა. თავად ნატალია სმირნოვამ კი განაცხადა, რომ ის ქრისტიანული მრწამსის აღმსარებელია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რერიხის სწავლების მიმდევარი იყოს. უფრო მეტიც - მისი თქმით, სწორედ ნაშრომი "აგნი-იოგა", როგორც რერიხის "ცოცხალი ეთიკის" ელემენტი, იქცა მისთვის ბიბლიის შემეცნების გზად. თუმცა მოგვიანებით "რადიოცერკვის" კორესპონდენტთან ინტერვიუში გამოტყდა, რომ ბიბლიას ბოლომდე არ ენდობოდა.
რამდენიმე წლის წინ "აგნი-იოგას" მეთოდით მკურნალობისა და რერიხის მოძღვრების მიმდევრები საქართველოშიც გამოჩნდნენ.
"რერიხის საზოგადოება" თბილისში გამოსცემს წიგნებს და გაზეთებს - "ოქროს საწმისი" და "რერიხი - სამყაროს დედა".