"ჩვენი ტრადიცია ის არის, რომ არ გვქონდეს ტრადიცია!"
"ადამიანები, რომლებიც დროდადრო ჩნდებიან ჰორიზონტზე და ქრისტიანული ტრადიციის მაგივრად თავიანთ შეთხზულ რელიგიებს გვთავაზობენ, დროს ტყუილუბრალოდ კარგავენ.
ისინი იმ ადამიანს ჰგვანან, ვინც ძველი საველე დურბინდით ცდილობს ასტრონომებისთვის ჭკუის დარიგებას", - წერს სხვა რელიგიური მიმდინარეობების შესახებ ბაპტისტი მქადაგებელი კლაივ ს. ლიუისი, თუმცა მისი სიტყვები თავისუფლად შეიძლება მივუსადაგოთ თვით ბაპტიზმსაც. სწორედ ბაპტიზმის ფუძემდებლებმა უარყვესXVII ს-ში პირველქრისტიანული საეკლესიო ტრადიციები, საღმრთო გადმოცემა და თავიანთ ახალშექმნილ თემში სამოციქულო ეკლესიის სწავლება სარწმუნოებრივი სიახლეებითა და ერეტიკული მოძღვრებებით ჩაანაცვლეს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ახლო წარსულში (შესაძლოა ამჟამადაც) ბაპტისტთა ერთ-ერთი მთავარი ლოცვა იწყებოდა სიტყვებით: "ღმერთო, გვიხსენ ჩვენ ტრადიციებისგან"(!). სხვათა შორის, საქართველოში ბაპტისტთა "ეპისკოპოს-პრეზიდენტი" მალხაზ სონღულაშვილი ხშირად აცხადებს ხოლმე: "ჩვენი ეკლესიის ტრადიცია ის არის, რომ არ გვქონდეს ტრადიცია!" მისი აზრით, ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული საეკლესიო ტრადიცია ძველდება, დრომოჭმული ხდება, ამიტომ ეკლესია დროის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს. "მინდა შეგახსენოთ, რომ სექტანტები უარყოფენ საქართველოს ისტორიას, საქართველოს ტრადიციებს. ქადაგებას ისინი იწყებენ სიტყვებით: "ღმერთო, გვიხსენ ჩვენ ტრადიციებისგან". თუ დავკარგავთ ქართულ ტრადიციებს, წარსულს, ვინ ვიქნებით ჩვენ? და, საერთოდ, ვიქნებით კი ამქვეყნად?" - ამბობს ერთ-ერთ სიტყვაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
ბაპტიზმი წარმოიშვა ინგლისში, XVIIს-ის დასაწყისში. სექტის სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან "ბაპტიძო", რაც წყალში ჩაშვებას, მონათვლას ნიშნავს. ბაპტისტთა წინამორბედები იყვნენ ანაბაბტისტები ("თავიდან მნათლავები"), რომლებიც არ ცნობდნენ მცირეწლოვანთა ნათლობას და სექტაში შესულ ადამიანებს თავიდან ნათლავდნენ. მათ 1533 წელს ამბოხება მოაწყვეს ქალაქ მიუნსტერში, დაიპყრეს იგი და ქალაქის მმართველობა დაამხეს. ანაბაბტისტებმა "ახალი სიონის" მეფედ თერძის ქარგალი, ვინმე იოანე ლეიდენელი გამოაცხადეს. მოგვიანებით მიუნსტერის კათოლიკე ეპისკოპოსის ჯარმა ქალაქს ალყა შემოარტყა. იოანე ლეიდენელი და მისი მომხრეები შეიპყრეს და დახოცეს. ანაბაბტიზმის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ყოფილმა კათოლიკე მღვდელმა სიმონიდ მენონმა, რომელმაც ანაბაბტისტები ერთ თემად გააერთიანა.
ბაპტისტთა პირველი თემი 1612 წელს წარმოიშვა. მის დამაარსებლად ითვლება ყოფილი ანგლიკანი მღვდელი ჯონ სმიტი, რომელმაც თომას ჰელვისთან ერთად ამსტერდამში ანგლიკანებისა და მენონიტების დიდი ჯგუფი მონათლა. ბაპტისტთა მეორე თემი ჰენრი იაკობის მეთაურობით ინგლისში ჩამოყალიბდა. მალე ბაპტისტები გადავიდნენ ამერიკაში, სადაც ბაპტიზმის ცენტრი გახდა როდ-აილენდი. აქ პირველი ბაპტისტური საკრებულო 1639 წელს როჯერ უილიამსმა დააარსა. თავდაპირველად ეს სექტა პოპულარული არ ყოფილა, მაგრამ XVIII ს-ის ბოლოს შექმნილმა "მქადაგებელთა კავშირმა" ფართო მისიონერული საქმიანობა გააჩაღა, კერძოდ, ამერიკელ ზანგებს შორის და ამერიკაში ბაპტისტთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მალე მან მხარდამჭერები ჰპოვა მდიდარ ამერიკელთა შორისაც. 1814 წელს აშშ-ში დაარსდა "ბაპტისტური კავშირი", რომელსაც დიდი მატერიალური სახსრები გაუჩნდა და თავისი პროპაგანდით მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიცვა. XIXს-ის ბოლოს სექტაში უკვე 35 ათასი მისიონერი იყო. 1905 წელს შეიქმნა ბაპტისტთა მსოფლიო კავშირი, რომლის შტაბბინა ვაშინგტონში მდებარეობს. დღესდღეობით ბაპტისტებს აქვთ საკუთარი უნივერსიტეტი, სკოლები, ჟურნალ-გაზეთები, გამომცემლობები და ა.შ. რომლებსაც სექტის მოძღვრების პროპაგანდისთვის იყენებენ.
ბაპტიზმი იყოფა განშტოებებად. დაყოფის პროცესი ჯერ კიდევ XVIIს-ის ბოლოს დაიწყო, როდესაც ბაპტისტები დაიყვნენ "კერძო ბაპტისტებად" (რომელთა აზრით, ქრისტეს მიერ ადამიანთა ცოდვების გამოსყიდვა კაცობრიობის მხოლოდ რჩეულ ნაწილს შეეხო) და "საზოგადო" ანუ "თავისუფალი ნების ბაპტისტებად" (ისინი თვლიდნენ, რომ მაცხოვნებელი მადლი, რომელიც ადამიანის თავისუფალი ნებით მოიპოვება, საყოველთაოა). კერძო ბაპტისტები უარყოფდნენ ფიცს, სამხედრო სამსახურს, სასამართლოს, მაგრამ ამჟამად აშკარად აღარ უარყოფენ სახელმწიფოს და მოქალაქეობრივ ვალდებულებებს. ბაპტისტთა ნაწილს აქვს მიდრეკილება იუდაიზმისკენ, რის საფუძველზეც წარმოიშვა განსაკუთრებული მიმდინარეობები: "მე-7 დღის ბაპტისტები", რომლებიც კვირის ნაცვლად შაბათს დღესასწაულობენ; "6 პრინციპის ბაპტისტები", რომლებიც უარყოფენ სამების დოგმატს, სწავლებას ჯოჯოხეთისა და ეშმაკის შესახებ, კვირას, ქრისტიანულ დღესასწაულებს და სხვ. არიან ასევე ბაპტისტები, რომლებიც ებრაული აპოკრიფული წიგნების მიხედვით ასწავლიან ევას ორი შთამომავლობის შესახებ და ამათგან ერთი თითქოს ეშმაკისგან არის. არსებობს სხვა ბაპტისტური მიმდინარეობებიც.
ბაპტისტთა სექტის ყველა განშტოება ერთსულოვანია ბაპტისტური მიმდინარეობის საფუძვლებში. შინაგანად ბაპტიზმი ერთგვაროვანია და მას საფუძვლად უდევს ლუთერისა და კალვინის სწავლება უცილობელი ბედისწერის შესახებ. ბაპტიზმის ყველა განაყოფს ასევე აერთიანებს ბავშვთა და მცირეწლოვანთა ნათლობის კატეგორიული უარყოფა. ისინი უარყოფენ ჯვრისა და ხატების თაყვანისცემას, სამღვდელო იერარქიას, მიცვალებულთათვის ლოცვას, წმინდანებს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, პირჯვრის გადაწერას, ბერ-მონაზვნობას, საეკლესიო საიდუმლოებებს და ა.შ. მათ სულის ხსნისათვის საკმარისად მიაჩნიათ მხოლოდ ქრისტეს რწმენის აღიარება, ღვთისგან ნამცნები საქმეების აღსრულების გარეშე. ბაპტისტურ სამლოცველოში ღმერთის "თაყვანსაცემად" სრულდება პოპულარული მელოდიები იონიკის ან იამაჰისა და "ლიტურგიული ცეკვის" თანხლებით. ბაპტიზმმა უარყო შვიდი საეკლესიო საიდუმლო და მათ ნაცვლად ოთხი სიმბოლური წეს-ჩვეულება დააწესა: ნათლობა, პურისტეხა, ქორწინება და ხელდასხმა. ბაპტისტებმა მღვდელი არჩეული პრესვიტერით შეცვალეს. პრესვიტერს ირჩევენ თემის კრებაზე, რაც უნდა დაამტკიცოს უფროსმა პრესვიტერმა, რის შემდეგაც სრულდება ხელდასხმის რიტუალი.
საზოგადოდ, ბაპტიზმი პროტესტანტული რეფორმაციის პირმშოა, მას არ გააჩნია I ს-დან მომდინარე უწყვეტი სამოციქულო ხელდასხმა და სამღვდელო იერარქია და თვითმარქვიათა უმადლო საკრებულოს წარმოადგენს. ისინი თვითნებურად ქადაგებენ საკუთარ და არა მოციქულთა მოძღვრებას, უარყოფენ რა მოციქულებრივ გარდამოცემას, რომელიც დღემდე უცვლელად შემოინახა მართლმადიდებელმა ეკლესიამ.
ბაპტისტები მხოლოდ 14-15, ზოგან 18 წლის ასაკს გადაცილებულთ ნათლავენ მას შემდეგ, რაც მის "პიროვნულ საიმედოობაში" დარწმუნდებიან. ეს წესი მენონიტებისგან გადმოიღეს. მოსანათლის გამოსაცდელი პერიოდი 1-2 წელი გრძელდება, ზოგ თემში კი 6 თვემდეა შემცირებული. მხოლოდ ამ პერიოდის გავლისა და გასაუბრების შემდეგ დაიშვება კანდიდატი "ნათლობაზე", რომელიც ბუნებრივ ან ხელოვნურ წყალსაცავებში სრულდება. მანამდე კი კანდიდატმა სამი ეტაპი უნდა განვლოს - "მონანიება", "მოქცევა" და "აღორძინება".
ბაპტისტები აცხადებენ, რომ ბავშვები უკვე განწმენდილნი არიან ქრისტეს სისხლით, მიტევებული აქვთ ცოდვები ქრისტეს დამსახურებით და არ არის საჭირო ადამისეული ცოდვისაგან მათი ნათლობით განწმენდა. არადა წმინდა წერილში ნათლად არის ნათქვამი, რომ "ადამში ყველამ შესცოდა" (რომ. 5,12), ასე რომ, ბავშვებიც, რომელთაც ჯერ არ გააჩნიათ პიროვნული ცოდვები, არ არიან თავისუფალნი ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვისაგან. ბაპტისტებს ავიწყდებათ, რომ ძველი აღთქმის ეკლესიაში ღვთისგან იყო დადგენილი წინადაცვეთა დაბადებიდან მე-8 დღეს და ამ დღეს წინადაცვეთილ ებრაელ ყრმას სახელსაც არქმევდნენ (დაბ. 17,12-14; რომ. 2,28-29). ეს იყო ნიშანი ღმერთთან აღთქმის დადებისა, მის აღთქმათა მემკვიდრედ გახდომისა. ძველ აღთქმაში წინადაცვეთის აღსრულება ყველასთვის აუცილებლად ითვლებოდა: "მერვე დღეს წინადაუცვეთელი სული მოიკვეთება თავისი ხალხისგან". მაცხოვრის მიერ დადგენილმა ნათლისღების საიდუმლომ ძველი აღთქმის წინადაცვეთის წესი შეცვალა, რომელიც ნათლობის წინასახე იყო (II რჯულ. 30,6; იერემ. 4,4; საქმ. 2,38; 22, 16; კოლას. 2,11-12; გალ. 2;3; ფილიპ. 3, 2-3). თუკი ძველ აღთქმაში მე-8 დღეს ჩვილ ბავშვთა წინადაცვეთა შეიძლებოდა, ახალ აღთქმაში ასევე შეიძლება ახალშობილთა ნათლობა. თუ ყრმა ხდებოდა ძველი აღთქმის რჩეული ერის წევრი წინადაცვეთის მეშვეობით და ღმერთის აღთქმას ექვემდებარებოდა, ასევე ახალმონათლულნიც ღმერთის ახალი აღთქმის რჩეული ერის - ქრისტიანთა ერთობის, ეკლესიის წევრები ხდებიან (I კორ. 12, 13); მაშ, რატომღა უნდა რჩებოდნენ ბავშვები ქრისტეს სხეულის - ეკლესიის გარეთ, ანუ ქრისტესმიერი ხსნის, ცხონების გარეშე (ეფეს. 5,23)? აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მისი მონათვლა შეიძლება დაუყოვნებლივ, სიცოცხლის პირველივე საათებში, რათა ბავშვი ღვთის წინაშე ადამის ცოდვებისგან განწმენდილი წარდგეს. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ასეთი ნათლობის შედეგად განწმენდილი ბავშვები გადარჩენილან.
ბაპტისტები ამაოდ ეძებენ თავიანთი სწავლების გამართლებას უფალთან ერთად ჯვარცმული ავაზაკის ამბავში, რომელიც მხოლოდ სარწმუნოებით, ნათლისღების გარეშე ცხონდა (ლუკ. 23, 42-43). ეს არის გამონაკლისი, გამოწვეული იმით, რომ უფლის რწმენითა და სიყვარულით აღსავსე ჯვარცმულ ავაზაკს არ შეეძლო ნათლობისა და ქრისტეს ყველა სხვა მცნების აღსრულება - მან ხომ ჯვარცმულმა ირწმუნა ჭეშმარიტება და გვერდით თვით მაცხოვარი ჰყავდა, რომელმაც უთხრა: "დღეს ჩემთან იყო სამოთხესა" (ლუკ. 23, 42-43).
ნათლისღების საიდუმლოში, ისევე როგორც ეკლესიის სხვა საიდუმლოებებში, უხილავად მოქმედებს სულიწმიდის მადლი, რომელიც ნათლობისას ადამიანს (მიუხედავად მისი ეროვნებისა, სქესისა, ასაკისა, წარმომავლობისა, მდგომარეობისა და სხვ.) მიუტევებს პირველქმნილი ცოდვიდან მოყოლებულ ყოველ პირად ცოდვას. წმინდა წერილში არსად არ არის დადგენილი ასაკობრივი ცენზის მიხედვით ნათლობის შეზღუდვა და არც ჩვილთა ნათლობაა აკრძალული. პირიქით, არსებობს პირდაპირი მითითებები ბავშვთა მონათვლის შესახებ: "მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს. ვინაიდან თქვენ გეკუთვნით აღთქმა და თქვენს შვილებს" (საქ. 2, 38-39). საღმრთო წერილი მოწმობს, რომ პირველი ქრისტიანები ოჯახებით ინათლებოდნენ და მათ შორის ბავშვებიც იყვნენ. მაგალითად, "ნათელიღო მან (ლიდიამ) და მისმა სახლეულმა" (საქ. 16,15; საქ. 16, 33-34). ბიბლიური ტრადიციით, "სახლეულში", პირველ ყოვლისა, ბავშვები იგულისხმებოდნენ (3 მეფ. 17, 9-17; იობ. 21, 19-21). ამასთან, ბიბლიაში მითითებული იყო, როცა სახლეულთა შორის ბავშვები არ იყვნენ (დაბ. 50, 7-8). წმინდა პავლე მოციქული ბავშვებს წმინდანებს უწოდებს: "თქვენი შვილებიც არაწმინდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმინდანი არიან" (1 კორ. 7, 14), ნათლობის გარეშე კი წმინდანი არავის ეწოდება (იოან. 3,5; 1კორ. 6,11; საქ. 22, 16; ტიტ. 3,5-7).
ყრმათა მონათვლის ჩვეულება ეკლესიაში მოციქულთა დროიდან საყოველთაოდ იყო გავრცელებული. წმინდა დიონისე არეოპაგელი წერს: "ჩვენს ღვთაებრივ დამმოძღვრელებს (მოციქულებს) სურდათ ნათლისღებისათვის ბავშვებიც დაეშვათ", ხოლო III ს-ის ქრისტიანი მწერლის ორიგენეს მოწმობით, "ეკლესიამ მოციქულთაგან მიიღო ბავშვთა მონათვლის შესახებ გადმოცემა".
ბაპტისტები (სხვა მრავალ პროტესტანტულ სექტათა მსგავსად) ბავშვთა ნათლობას კრძალავენ მათი საკუთარი რწმენის უქონლობის გამო. ამაზე პასუხს კი თვით წმინდა წერილი იძლევა: ძველ აღთქმაში წინადაცვეთისას 8 დღის ბავშვები "ღვთის ბეჭედს" იღებდნენ ისე, რომ მათ ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არ ეკითხებოდნენ; სამუელ წინასწარმეტყველის დედამ - ანამ ღმერთს თავისი შვილი ჯერ კიდევ დაბადებამდე აღუთქვა და გაჩენიდან ცოტა ხანში საბოლოოდ მიუძღვნა კიდეც ისე, რომ ბავშვისთვის არც კი უკითხავს (1 მეფ. 1, 1-28); ჯერ კიდევ დაბადებამდე, დედის მუცელში მყოფმა იოანე ნათლისმცემელმა იგრძნო ღვთის მადლი და შეტოკდა, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მათ სახლში სტუმრად მიბრძანდა (ლუკ. 1,39-44); ასევე, პავლე მოციქულიც თავის შესახებ წერს: "ღმერთმა დედის საშოდანვე ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, ინება თავისი ძის გამოცხადება ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგი" (გალ. 1,15-16).
ამგვარად, ნათლობის დროს ღვთის მადლი ყველაზე განურჩევლად მოქმედებს, დიდებზეც და პატარა ბავშვებზეც. რაც უფრო ადრე იღებს ადამიანი ნათლობას, მით უფრო ადრე ეზიარება იგი ქრისტესმიერ მადლს და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. ასეთი ნიჭი არც ბავშვებს უნდა მოვაკლოთ, მით უმეტეს, რომ ბავშვი, როგორც უფროსზე ბევრად უფრო ნაკლებად ცოდვილი, ადვილად მიმღებია სულიწმიდისა. ბავშვთა სარწმუნოებას რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლური ნათლობისას ღმერთი ნათლავს. ამ საიდუმლოს შესრულებისას მღვდელი ღვთის ხელში არის იარაღი, ნათლია, ანუ მიმრქმელი კი - მოწმე და ღვთის წინაშე თავმდები ნათლულისა, რომ იგი ქრისტეს ერთგული იქნება და სახარებისეული მცნებების თანახმად იცხოვრებს. როგორც განრღვეული მეგობართა თხოვნით განიკურნა (მარკ. 2,5), მშობელთა ვედრებითა და რწმენით - მათი ეშმაკეული შვილები (მათ. 15,28), ხოლო რომაელი ასისთავის ლოცვით - მისი მონა (ლკ. 7, 1-10), ასევე ნათლიის ლოცვით, თავმდებობითა და დადებული პირობით, რომ გაზრდის ჩვილს ქრისტიანულ-სახარებისეული სულით, უფალი უშვებს ბავშვთა ნათლობას. "აცადეთ ყრმებსა... მოსვლად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ!" - გვეუბნება თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე (მათ. 19,14).
ნათლობის საიდუმლოს მართლმადიდებელი ეკლესია უკვე 2000 წელია ისევე უცვლელად აღასრულებს, როგორც ასრულებდნენ პირველ საუკუნებში ქრისტეს მოციქულები და მღვდელმსახურები.