რას წარმოადგენს "ქრისტიანული მეცნიერება"?!
"ერის მოქცევა მხოლოდ სამღვდელოების საქმე როდია; იგი თითოეული მორწმუნის მოვალეობაა.
შეხედეთ, როგორი გააფთრებით ებრძვის დღეს ბოროტება სიკეთეს. ამაზე ჩვენს ქვეყანაში სექტების არნახული მომრავლება და გაძლიერებაც მეტყველებს. ვის აღარ შეხვდებით საქართველოში: სტაროვერებს, ბაპტისტებს, ორმოცდაათიანელებს, იეღოველებს, კრიშნაიზმის მიმდევრებს. ამიტომ სიკეთის დაცვა ბოროტების შემოტევისაგან ჩვენ გვევალება, ჩვენ უნდა ავუხსნათ ერესის გზაზე დამდგარ კაცს, რა საფრთხეს უქმნის საკუთარ სულსაც და ქვეყანასაც და დავეხმაროთ ბოროტების ტყვეობისაგან განთავისუფლებაში. ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი ამგვარი მოღვაწეობისათვის", - ბრძანებს ერთ-ერთ ქადაგებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. საქართველოში ბოლო წლებში გაჩენილ სექტებსა და რელიგიურ მიმდინარეობებს გასულ წელს ე.წ. "ქრიტიანული მეცნიერებაც" შეემატა. 2005 წლის ნოემბერში თბილისში, "შერატონ მეტეხი პალასში", "ქრისტიანული მეცნიერების" (christian science - ე.წ. "საიენტისტები") სექტის უცხოეთიდან ჩამოსულმა წარმომადგენლებმა რუსულენოვანი ლექცია-სემინარები ჩაატარეს. ასეთივე ლექცია-სემინარები სასტუმრო "ვერე-პალასშიც" ჩატარდა, ოღონდ ინგლისურ ენაზე. სემინარზე დასასწრებად აუცილებელი იყო სექტის დამაარსებლის - მერი ბეკერ ედის წიგნის - "მეცნიერება და ჯანმრთელობა - წმინდა წერილის გასაღების" შეძენა რუსულ ენაზე (სხვათა შორის, ეს წიგნი 30 დოლარი ღირს, მაგრამ სემინარის ორგანიზატორებმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინეს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა დ თბილისში იგი ფასდაკლებით, 5 ლარად გაყიდეს). ლექციებსა და პრაქტიკულ სემინარებს უძღვებოდა ამერიკელი მქადაგებელი, "დოქტორი" ჰილდეგარდ არნესენი, რომელიც "ქრისტიანული მეცნიერების" დირექტორთა მსოფლიო საბჭოს წევრია. იგი ამ სექტის რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეგიონულ ოფისში, სანკტ-პეტერბურგში მუშაობს. არნესენი უკვე 10 წელია, რაც მისიონერული "მოღვაწეობისთვის" ამერიკიდან რუსეთში გადმოსახლდა. იგი ბევრს მოგზაურობს მთელ რუსეთსა და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, სადაც დროდადრო სემინარებს ატარებს და პროპაგანდას უწევს საიენტიზმის სწავლებას.
სექტანტურ სემინარებზე დარიგდა ჟურნალები და მასალები "ქრისტიანულ მეცნიერებაზე". ლექციაზე ბევრი ილაპარაკეს "უნიკალური" 700-გვერდიანი წიგნის - "მეცნიერება და ჯანმრთელობა - წმინდა წერილის გასაღების" ღირსებებზე. თურმე ყველამ, განსაკუთრებით ექიმებმა, "აუცილებლად" უნდა გამოიყენონ ამ წიგნის იდეები და მეთოდები სხვადასხვა დაავადებისაგან განსაკურნებლად(!), ფიზიკური გაჯანსაღებისა და ყოფითი პრობლემების გადაჭრის მიზნით. სემინარის დასასრულს დამსწრეები სპეციალურ სიაშიც შეიყვანეს და სექტის "ღვთისმსახურებაზე" მიიწვიეს, რომელიც თბილისში, დოესის ქუჩაზე, ერთ-ერთ სახლში იმართებოდა.
ვინ არიან საიენტისტები?
ეს რელიგიური მიმდინარეობა XIXს-ის II ნახევარში აშშ-ში წარმოიშვა. "უწყინარი" სახელწოდების მიუხედავად, ამ ტოტალიტარულ სექტას არც მეცნიერებასთან, არც მედიცინასთან და არც ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვს. ის ეფუძნება იდეებს, რომლებსაც ქადაგებდა პოპულარული ამერიკელი ჰიპნოზიორი, ექსტრასენსი და "მკურნალი" ფ. პ. კუიმბი (1802-1866). კუიმბი მიიჩნევდა, რომ ადამიანური უძლურებანი და სნეულებანი არა წამლების მეშვეობით, არამედ მხოლოდ სულიერი ზემოქმედებით უნდა განიკურნოს. ავადმყოფობისა და ტანჯვის მიზეზი არასწორი აზროვნებაა, ამიტომ საჭიროა მისი "პოზიტიურად" შეცვლა. მკურნალობის ამ მეთოდს მან "ქრისტიანული მეცნიერება" დაარქვა. კუიმბის პაციენტმა მერი ბეკერ ედიმ დაწერა წიგნი "მეცნიერება და ჯანმრთელობა - წმინდა წერილის გასაღები", რომელიც მოგვიანებით ამ სექტის მიმდევართა "სახარებად" იქცა. ეს წიგნი პირველად 1875 წელს გამოიცა. ამჟამად იგი 15 ენაზეა თარგმნილი და როგორც საიენტისტები ამტკიცებენ, უკვე 9 მლნ ეგზამპლარია გაყიდული. რუსულად წიგნი 1994 წელს დაიბეჭდა. დაგეგმილია ამ წიგნის ქართულ ენაზე თარგმნაც.
მერი ბეკერ ედი მძიმე ავადმყოფობით იტანჯებოდა - ერთ-ერთი ვერსიით, მას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა. პირველი მეუღლე ეპიდემიით გარდაეცვალა, მეორე კი მიატოვა და თავისი ცხოვრება აზაგელბერტ ედის დაუკავშირა. როგორც თავად მერი ბეკერ ედი აღწერს, 1866 წლის თებერვალში იგი "სასწაულებრივად" განიკურნა, რის შემდეგაც სხვების მკურნალობა დაიწყო (აღსანიშნავია, რომ მას არავითარი სამედიცინო და თეოლოგიური განათლება არ გააჩნდა).
მერი ბეკერ ედიმ აშშ-ში დააარსა საიენტისტთა სექტა, რითაც სათავე დაუდო ამ რელიგიურ მოძრაობას. იგი გახდა ბოსტონის პირველი ეკლესიის დამაარსებელი და "ქრისჩენ საინს ჯორნალის" რედაქტორ-გამომცემელი. ედი ბოსტონში თავის იდეებს აქტიურად ქადაგებდა და ლექციებს კითხულობდა ახალი მიმდევრების მოზიდვის მიზნით. 1867 წელს ედიმ ქალაქ ლინში (მასაჩუსეტსის შტატი) "ქრისტიანული მეცნიერების" შემსწავლელი პირველი სკოლა გახსნა, 1881 წელს კი ბოსტონში "მეტაფიზიკური კოლეჯი" დააარსა. თავისი გამოკვლევების" საფუძველზე იგი აცხადებდა, რომ "შემოქმედი ღმერთი მამაკაცურთან ერთად ქალურ საწყისსაც მოიცავს და ამდენად ის მხოლოდ "მამად" არ უნდა იწოდებოდეს" (ღმერთმა შეგვინდოს ამ მკრეხელობის გამეორება - ს.კ.). მერი ბეკერ ედი საერთოდ უარყოფს ბოროტების არსებობას. "ბოროტება მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია, მას არავითარი საფუძველი არ გააჩნია, - წერდა იგი, - ცოდვას, ავადმყოფობასა და სიკვდილს რომ არაფრად ვაგდებდეთ, მაშინ ისინი გაქრებოდნენ" (Science and Health with Key to the Scriptures). მოგვიანებით მერი ბეკერ ედიმ გამოსცა გაზეთი "ქრისჩენ საიენს მონიტორი" (ეს სწორედ ის ამერიკული გაზეთია, დავით გოგიჩაიშვილი "ღამის შოუში" რომ ხუმრობდა ხოლმე). ედი ამ გაზეთის პირველი რედაქტორი იყო, მაგრამ მისი გამოცემიდან 1 წლის შემდეგ, 1910 წელს, იგი გარდაიცვალა. "ქრისჩენ საიენს მონიტორი" აშშ-ში დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოცემაა. მერი ბეკერ ედიმ ასევე დააარსა "christian sciense sentinel" და "christian sciense sentinel", რომელიც რამდენიმე ენაზე, მათ შორის რუსულადაც გამოიცემა.
ამ სექტის სწავლების განხილვის შედეგად ნათელი ხდება, რომ მას მცირედი კავშირი თუ აქვს ბიბლიასა და მეცნიერებასთან. ბეკერ ედი უარყოფს მედიცინას და თვითშთაგონებით მკურნალობისაკენ მოგვიწოდებს (ამ მხრივ ისინი ძალზე ჰგვანან საიენტოლოგებს, რომლებიც სასტიკად უარყოფენ ფსიქიატრიას).
დღეს "ქრისტიანულ მეცნიერებას" სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივ საკრებულოთა ფართო ქსელი აქვს, რომელსაც მართავს დირექტორთა საბჭო პრეზიდენტის მეთაურობით. სექტის მსოფლიო ცენტრი აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში მდებარეობს. იქვეა XIX ს-ის ბოლოს დაარსებული გამომცემლობა "christian sciense", რომელიც უამრავ წიგნს, ჟურნალსა და გაზეთს ბეჭდავს.
სექტის ადგილობრივ საკრებულოთა მთავარ ფიგურებს წარმოადგენენ მკითხველი, მასწავლებელი და "პრაქტიკოსი ექიმი". ისინი აწყობენ ბიბლიის და წიგნის "მეცნიერება და ჯანმრთელობა - წმინდა წერილის გასაღების" ნაწყვეტების საკვირაო კითხვას და ავადმყოფთა "სულიერი მკურნალობის" სეანსებს.
სექტის დებულების მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ მერი ბეკერ ედის სიცოცხლეში ჩამოყალიბდა, "ქრისტიანული მეცნიერება" არ აქვეყნებს მონაცემებს თავის მიმდევართა რაოდენობის შესახებ.
"ქრისტიანული მეცნიერება", სხვა ტოტალიტარული სექტების მსგავსად, დსთ-ის ტერიტორიაზე პოსტსაბჭოთა პერიოდში გააქტიურდა. როგორც ჩანს, ამიერიდან ეს სექტა საქართველოშიც დაიწყებს აქტიურ "მოღვაწეობას", რისი დასტურიცაა ამა წლის გაზაფხულზე თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მერი ბეკერ ედის სახელობის ბიბლიოთეკის ფილიალის გახსნა, სადაც მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ და შეიძინონ ზემოხსენებული წიგნი და სექტის სხვა "თეოლოგიური" ლიტერატურა. აქვე კვირაობით ტარდება "ღვთისმსახურებაც". საქართველოში საიენტიზმის მიმდევრები ძირითადად უცხოელი მისიონერები არიან, საბედნიეროდ, მას მხოლოდ რამდენიმე ქართველი მიმდევარი ჰყავს.
1-2 ოქტომბერს თბილისში რუსულ და ინგლისურ ენებზე სემინარები ჩაატარა "ქრისტიანული მეცნიერების" ლექტორების საბჭოს წევრმა მერი ჰელმმა. ქართულ პრესაში გამოჩნდა სარეკლამო განცხადებები: "გიწვევთ ლექციაზე "როგორ დავამარცხოთ შიში". საერთაშორისო ლექტორი მერი ჰელმი მოგვითხრობს, როგორ გავთავისუფლდეთ შიშისგან და მივაღწიოთ სულიერ სიმშვიდეს ცხოვრების მეტაფიზიკური აღქმის მეშვეობით(!). იდეები, რომლებსაც ლექტორი გაგვიზიარებს, დაფუძნებულია ბიბლიასა და მერი ბეკერ ედის მსოფლიოში ცნობილ წიგნზე "მეცნიერება და ჯანმრთელობა - საღვთო წერილის გასაღები" (შემდეგ მითითებულია მისამართი და ტელეფონის ნომრები). რა თქმა უნდა, ამ განცხადების შინაარსიდან რელიგიურ საკითხებში გათვითცნობიერებული მკითხველი ვერ მიხვდება, თუ რომელ კონფესიასთან ან სექტასთან აქვს საქმე. ხშირად ასეთი ადამიანები მშვიდი სინდისით მიდიან მოსაწვევებში აღნიშნულ რაღაც "ქრისტიანულ შეხვედრებზე" და "ქრისტიანულ კონფერენციებზე", მაგრამ ადგილზე მისვლისას აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ერთ-ერთი სექტის მორიგი შეკრებაა და მეტი არაფერი. ამიტომ ყოველ მართლმადიდებელს მუდამ უნდა ახსოვდეს წმინდა პავლე მოციქულის შეგონება: "არიან კაცნი, რომელნიც გამღვრევენ თქვენ, და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ თვით ჩვენც, გინდა ანგელოზნი ზეცით, რომ გახარებდეთ არა იმას, რაც აქამდე გვიხარებია თქვენთვის, შეჩვენებულნი ვიყოთ. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: თუ ვინმე გახარებთ სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც მიგიღიათ, შეჩვენებული იყოს" (გალ. 1,7-9), "ნურც ვინ გაცდუნებთ ფუჭი სიტყვით, ვინაიდან ამისათვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე" (ეფეს. 5,6).