კანონის აღსრულება თუ გაუაზრებლად გადადგმული ნაბიჯი?
22 წლის ვარ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტს ვიგებ ჩემი თანამემამულეების შესახებ.
რამდენიმე წელია, ერთმა გარემოებამ მიიქცია ჩემი ყურადღება, უფრო ზუსტად, ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეებისაგან რაღაც თავისებურებებით გამოირჩევიან. საუბარია იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ერთ-ერთი, როგორც თვითონ ბრძანებენ, რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან და მომავალი არმაგედონის შემდეგ "გადარჩენას" მხოლოდ საკუთარი ორგანიზაციის წევრებს პირდებიან. ამ ადამიანებს ხშირად ვხედავთ ქუჩებში, სადარბაზოებში, ისინი ჩვენი ხშირი და მოულოდნელი სტუმრები არიან. ცდილობენ, რელიგიურ თემებზე საუბრით ჩვენი თანამემამულეები დააინტერესონ, არიგებენ ფერად ბუკლეტებს, წიგნებს და იმისათვის, რომ "გადაგვარჩინონ", გვეპატიჟებიან შეკრებებზე. საინტერესოა, მაინც რას გვთავაზობენ და რას ელიან ჩვენგან, რა დგას მათი პროპაგანდის უკან და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ადამიანებთან ურთიერთობამ. ჩვენ ვსაუბრობთ ფსევდოქრისტიანული სექტის, ე.წ. "იეჰოვას მოწმეების" ორგანიზაციის შესახებ. ეს მოძრაობა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია განფენილი და მისი წარმომადგენლები სხვა სექტების წევრების მსგავსად ძალისხმევას არ იშურებენ ორგანიზაციაში სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანის გასაწევრიანებლად.
დასაწყისისათვის მინდა გაგაცნოთ ერთი საგულისხმო ფაქტი, რომელიც ააშკარავებს სექტების მსგავსებასა და მათი საერთო პრინციპების არსებობას. თუ თითოეულს დავაკვირდებით, შემდეგ თავისებურებებს დავინახავთ:
- როგორც წესი, ეს ადამიანები გვარწმუნებენ, რომ ყველა დაიღუპება და მხოლოდ მათი მიმდევრები გადარჩებიან;
- ამ ადამიანებს მიაჩნიათ, ყველა, ვინც არ არის სექტის წევრი (არ აქვს მნიშვნელობა, უპირისპირდება თუ არა სექტას), სატანის გავლენის ქვეშ იმყოფება;
- სექტებში მკაცრად კონტროლდება წევრების აზროვნება და შემოსავლები. ამასთან, მათი ხელმძღვანელობა საკმაოდ კარგ მატერიალურ პირობებში ცხოვრობს და ჩვეულებრივ წევრებთან შედარებით დიდი პრივილეგიებით სარგებლობს;
- ჩვენ გვსმენია იმ მართლმადიდებლების შესახებ, რომლებიც საკუთარ საეკლესიო იერარქიას ღიად აკრიტიკებენ, ვიცით კათოლიკეები, რომლებიც რომის პაპს უპირისპირდებიან და პროტესტანტები, რომლებიც ასევე ხშირად აფიქსირებენ შენიშვნებს საკუთარი ეკლესიის მიმართ, მაგრამ არ არსებობს სექტანტი, რომელიც თავის უარყოფით პოზიციას აშკარად გამოხატავდეს ორგანიზაციის ან ხელმძღვანელის მიმართ (წიგნიდან ქრისტიანობა და მსოფლიო რელიგიები. ავტ. ოლეგ დავიდენკოვი).
ამ მყარი პრინციპების საფუძველზე მოქმედებს ყოველი იეჰოვას მოწმისათვის აუცილებელი, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელი ერთ-ერთი სწავლება, რომელიც სისხლის გადასხმის საკითხს უკავშირდება. საერთოდ, სისხლის გადასხმასთან დაკავშირებული საკითხი არ არის დოქტრინალური. მართალია, ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრება, მაგრამ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, გამოვიკვლიოთ, რამდენად ეთანხმება ჩვენი შეხედულებები იმას, რაც წმინდა წერილშია მოცემული.
კანონი იეჰოვას ორგანიზაციის წევრებს, გარკვეული იდეოლოგიური პრინციპების გამო, უარს ათქმევინებს საკუთარ ორგანიზმში უცხო სისხლის მიღებაზე. აქვე უნდა ვთქვათ, რომ მეორე მხრივ ეს კანონი ამ ადამიანებს აერთიანებს და საზოგადოების სხვა ნაწილისგან გამორჩეულობის ილუზიას უქმნის. თავისი პოზიციების დასაბუთებისათვის "იეჰოვას მოწმეებს" ძველი აღთქმიდან ასეთი ციტატა მოჰყავთ:
"თუ ვინმე მოინადირებს ნადირს ან ფრინველს, რომელიც იჭმევა, სისხლი უნდა გამოუშვას და მიწით დაფაროს. რადგან სული ყოველი ხორციელისა მისი სისხლია, მის სულშია იგი. ვუთხარი ისრაელიანებს: არა ხორციელის სისხლი არ ჭამოთ, რადგან ყოველი ხორციელის სული მისი სისხლია; ყოველი მისი მჭამელი, უნდა მოიკვეთოს". (ლევ. 17 13:14). სხვათა შორის, ძველი აღთქმის ამ მითითებას იუდეველები დღემდე ითვალისწინებენ, მაგრამ სისხლის გადასხმაზე უარის თქმა მათ აზრადაც არ მოსვლიათ. "იეჰოვას მოწმეთა" ორგანიზაცია იმ წამლების მიღებასაც კრძალავს, რომლებშიც მინიმალური დოზით არის სისხლი. ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როდესაც წამალი აუცილებელია ავადმყოფისათვის.
ცნობილია, რომ ხორცი, რომელსაც საკვებად ვიყენებთ 100 000-ობით სისხლით სავსე კაპილარისაგან შედგება. თუკი ღვიძლიდან სისხლს მთლიანად ამოვიღებთ, დარჩება თხელი მშრალი ნარჩენი, რომელსაც მხოლოდ სისხლთან ერთად შეიძლება ვუწოდოთ ღვიძლი.
სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით არსებულ საკითხს ორგანიზაცია განიხილავს მხოლოდ ერთი კუთხით და გამოდის, რომ თუ ადამიანი ყოველდღიურ საკვებად სისხლს იყენებს, მისაღებია, ხოლო ორგანიზმში, სიცოცხლის გადასარჩენად სისხლის გადასხმა - დაუშვებელია.
ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელები სახელმძღვანელოდ მხოლოდ წმინდა წერილს, ანუ ბიბლიას იყენებენ, ხელმძღვანელობენ მხოლოდ საკუთარი იდეოლოგების განმარტებებით და არად მიიჩნევენ მოციქულთა მოწაფეებისა და საერთოდ ეკლესიის წმინდა მამების სწავლებას. ამიტომ ჩვენ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში მოვიშველიებთ მართლმადიდებლურ წმინდა გადმოცემას და ძირითადად ბიბლიით შემოვიფარგლებით.
მოციქულთა საქმეები ახალი აღთქმის ერთ-ერთი წიგნია; მასში ერთდროულად ისტორიულ და თეოლოგიურ ჭრილშია გადმოცემული პირველქრისტიანობის ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენები და აღწერილია წარმართთა გაქრისტიანების პროცესი. წიგნის ავტორია ლუკა მახარებელი, "მოციქულთა საქმენი" მის სახარებასთან აშკარა ერთიანობას ინარჩუნებს.
განვიხილოთ "ახალი აღთქმის" უშუალოდ ის მონაკვეთი, რომლის მეშვეობითაც იეჰოვას მოწმეები ცდილობენ სისხლთან დაკავშირებული საკუთარი მოსაზრება დაასაბუთონ.
ვკითხულობთ: "ვინაიდან მართებულად მიიჩნია წმიდა სულმა და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია: ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ. იცოცხლეთ!" (საქ. 15:28-29), ამ სიტყვებიდან გამომდინარე ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანმა სისხლის გადასხმაზე უარი უნდა თქვას; მიიჩნევენ, რომ ადამიანის ორგანიზმში ნებისმიერი გზით უცხო სისხლის შემოსვლა, სიცოცხლის ფასადაც კი კატეგორიულად მიუღებელია. ცნობილია უამრავი ფაქტი, როდესაც ადამიანის სიცოცხლე სწორედ სისხლის გადასხმის შედეგად იქნა გადარჩენილი და პირიქით, ამ პროცედურაზე უარის თქმის გამო გარდაიცვალა მრავალი იეჰოვას მოწმე". სინამდვილეში აქ საუბარია იმ მითითებაზე, რომლის მიხედვითაც უნდა ეხელმძღვანელათ წარმართებს და ამ დროს მათთვის ვინმეს ზედმეტი ვალდებულებები არ დაეკისრებინა. ოცდამეათე მუხლში დაწერილია: "წარგზავნილები ჩავიდნენ ანტიოქიაში, შეკრიბეს ხალხი და წერილი გადასცეს" (საქ. 15:30).
როგორც ვხედავთ, ფრაგმენტში ძირითადი აქცენტი "ნაკერპალზეა" გაკეთებული. ნაკერპალი შეიძლებოდა ყოფილიყო მსხვერპლად შეწირული ცხოველის ხორცი, ან სხვა პროდუქტი, რომელსაც მსხვერპლშეწირული ცხოველის ან ფრინველის სისხლს მიასხურებდნენ, ამ შემთხვევაში ეს საკვებიც ნაკერპალად ჩაითვლებოდა. შესაბამისად, აქ აქცენტი "სისხლზე", ანუ ნაკერპალ სისხლზეა გაკეთებული. ნაკერპალი და სისხლი, ანუ ნაკერპალის სისხლით დაპკურებული საკვები, დამხრჩვალი და სიძვა ერთნაირად მიუღებელია ქრისტიანისათვის და ამ შემთხვევაშიც კი აქცენტირებულია და ნათქვამია: "თუ ამათგან მოიზღუდავთ თავს, კარგს იზამთ". და კიდევ: "იცოცხლეთ!" და არა იცოცხლებთ!
მაგალითი გვიჩვენებს კანონიკური ტექსტისადმი სექტანტის ტიპურ მიდგომას - ერთი კონკრეტული ციტატის კონტექსტიდან ელემენტია ამოგლეჯილი. იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია მიზანმიმართულად ცდილობს სახარებისეული შინაარსის საკუთარ პრინციპებზე და სურვილებზე მორგებას და მთელი ტექსტიდან მხოლოდ "სისხლზე" ამახვილებს ყურადღებას და მართლაც, თუ ამ სიტყვას ნამდვილ შინაარსს მოვწყვეტთ, მაშინ ნებისმიერი ინტერპრეტაცია ხდება შესაძლებელი. დიდი ხნით, დაახლოებით 1800 წლით ადრე, სანამ ეს ადამიანები დაიწყებდნენ ბიბლიის კომენტირებას, პირველ ქრისტიანებს და მათ მტრებსაც კარგათ ჰქონდათ გააზრებული, როგორც კერპის, ისე "სისხლის" შინაარსი. ქრისტიანები აღასრულებდნენ მოძღვართა მითითებებს, ხოლო მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ წესი მათ საწინააღმდეგოდ გამოეყენებინათ. ეს კარგად ჩანს კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოს ევდოქსის ცხოვრების ერთ-ერთ ფრაგმენტში:
361 წელს ხელისუფლებაში მოვიდა იულიანე განდგომილი. იულიანემ გადაწყვიტა ფარულად შეებილწა ქრისტიანები და ამისათვის კონსტანტინოპოლის გამგებელს უბრძანა, დიდმარხვის პირველ კვირაში ყოველდღე ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა. პირველი კვირა იმიტომ იყო ამორჩეული, რომ იულიანემ იცოდა, ამ კვირაში ქრისტიანები განსაკუთრებული გულმოდგინებით ინახავენ მარხვას. უკეთურმა იმპერატორმა გათვალა, რომ რაკიღა თავისდაუნებურად ქრისტიანები ასეთ საკვებს მიირთმევდნენ, ისინიც წარმართული ღმერთებისათვის მსხვერპლშემწირველები შეიქნებოდნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმიდა მოწამე თეოდორე ტირონი (რომელიც წამებით იქნა მოკლული ცრუ-ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარის თქმის გამო) და უბრძანა, ეცნობებინა მართლმადიდებლებისათვის, არ ეყიდათ ბაზარში სანოვაგე და მხოლოდ კოლიო - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი ეჭამათ. ასე გადაარჩინა წმიდა მოწამემ ქრისტიანები კერპთა თაყვანისცემისაგან. როდესაც ურჯულო მეფე მიხვდა, რომ მისმა ხერხმა არ გასჭრა, ნება დართო, ბაზრებში კვლავ წაუბილწავი სანოვაგე მიეტანათ.
მაგრამ, მოდით, საკითხი იმ ადამიანის პოზიციიდან განვიხილოთ, რომელსაც მოყვასის გადასარჩენად თავისი სისხლის გაცემა სურს. ჩვენ ვიცით, რომ სისხლში არის სიცოცხლე. ე. ი. როდესაც სხვა ადამიანს ვაძლევთ სისხლს, ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას საკუთარი სიცოცხლის ნაწილი სხვის გადასარჩენად გავცეთ. როგორ ფიქრობთ, განიკითხავს უფალი ასეთი სიყვარულის გამოვლინებას? წარმოვიდგინოთ შემდეგი სიტუაცია: თუ თქვენ არ გასცემთ თქვენი სიცოცხლის ნაწილს, თქვენი სულიერი ძმის სიცოცხლეს (ადამის შთამომავლობა ერთარსია, ადამის მთელ მოდგმაში ერთიანი სულია) საფრთხე დაემუქრება. ჩვენ გვაქვს 2 ვარიანტი:
ა) ვეუბნებით უარს და ეს ადამიანი კვდება;
ბ) გავცემთ მისი სიცოცხლისათვის აუცილებელ სისხლს და ის განაგრძობს ცხოვრებას.
ამ ორიდან დავასახელოთ ის, რომელსაც მაცხოვარი მოგვიწონებდა. რომელი გადაწყვეტილება იქნება იმ სიტყვების გამოხმაურება, სადაც უფალი ბრძანებს: "იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ" (იოან.15:13-14). იმ შემთხვევაში თუ თქვენს სულიერ ძმას უარი უთხარით მისი სიცოცხლისათვის აუცილებელ სისხლზე, ეცადეთ ჩამოაყალიბოთ თქვენი სიტყვებით, როგორ აუხსნიდით ამას იესო ქრისტეს? დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვერ იპოვით ისეთ განმარტებას, რომელსაც ქრისტე მოიწონებდა.
"მოწმეებს" ფანატიკურად სჯერათ ყველაფერი იმისა, რასაც ორგანიზაცია უნერგავს და ამის შედეგი შეიძლება მეგობრის ან შვილის მკვლელობაც კი გახდეს (როდესაც შეგიძლია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და შეგნებულად უარს ამბობ ამაზე, დამერწმუნებით, რომ ეს მკვლელობის ტოლფასია). ჩავთვალოთ, რომ მართლაც მცნებად დაგვიდო ღმერთმა სისხლის გადაუსხმელობა - მაგრამ დავაკვირდეთ, კრიტიკულ სიტუაციაში როგორ პოზიციას იჭერს მოციქული პავლე: "ასე რომ, ვისურვებდი თვითონვე ვყოფილიყავი შეჩვენებული და ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების, ჩემი სისხლისა და ხორცის გამო" (რომ. 9:3).
გავიხსენოთ შაბათთან დაკავშირებული ბიბლიური იგავი - სახარებიდან ჩვენ ვიგებთ, რომ იუდეველებს იესოს ქვებით ჩაქოლვა ჰქონდათ განზრახული, რადგან მან შაბათ დღეს ადამიანი განკურნა. ყურადღება მივაქციოთ, როგორ ამართლებს ქრისტე მცნების ასეთ დარღვევას: "მიუგო უფალმა და უთხრა მას: "თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად? ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს? ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა" (ლკ.13: 15-17).
ახლა მსურს წარმოგიდგინოთ შემდეგი ტიპის დოკუმენტი, რომელსაც ყოველი "მოწმე" ჯიბით უნდა ატარებდეს. დოკუმენტის ქართული ვარიანტი სამწუხაროდ ვერ მოვიპოვე და გთავაზობთ რუსულიდან ნათარგმნს (ტექსტი ყველა ქვეყნის იეჰოველისათვის აბსოლუტურად იდენტურია):
"არავითარი სისხლი" მეორე მხარეს წერია: "სამედიცინო განკარგულება პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ. მე (სახელი, გვარი) ვიძლევი განკარგულებას იმის შესახებ, რომ არ გადამისხან არანაირი სისხლი, იმ შემთხვევაშიც კი თუ ექიმები ჩათვლიან, რომ ეს ჩემი ჯანმრთელობისათვის ან თუნდაც სიცოცხლისათვის არის აუცილებელი." შემდეგ წერია: "ეს დოკუმენტი გაფორმებულია საკუთარი ინიციატივით, დამყარებულია ჩემს, პაციენტის უფლებებზე და გამომდინარეობს ჩემი, როგორც იეჰოვას მოწმის შეხედულებებიდან. ბიბლია ამბობს: "ეკრძალეთ... სისხლს!" ეს არის ჩემი რელიგიური პოზიცია (წელი) წლის განმავლობაში. მე ვაცხადებ, რომ არ გამიკეთონ არანაირი სისხლის გადასხმა, თანამხმა ვარ ამის შედეგად გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე. მე ვათავისუფლებ ექიმებს, ანესთეზიოლოგებსა და სამედიცინო პერსონალს ყველა იმ პასუხისმგებლობისგან, რაც შეიძლება მოჰყვეს ჩემს უარს. გონის დაკარგვის შემთხვევაში ვაძლევ სრულ უფლებას ქვემოთ მოხსენიებულ მოწმეებს, ჩემს ნაცვლად მათ მიიღონ ყველა გადაწყვეტილება და გააკონტროლონ ჩემი მოთხოვნის აღსრულება". ამის შემდეგ წერია იეჰოვას მოწმეთა სახელები, გვარები და ტელეფონის ნომრები, რომლებზეც ამ დოკუმენტის მფლობელი საუბრობდა.
***
როდესაც პირველად შევიტყვე "მოწმეების" მიერ სისხლის გადასხმის აკრძალვის შესახებ, მსურდა დავრწმუნებულიყავი ამ ინფორმაციის სისწორეში და მათ შეკრებაზე მისვლა გადავწყვიტე. მართლაც, მალევე მოვახერხე და თბილისის ერთ-ერთ უბანში აღმოვჩნდი დაახლოებით 50 იეჰოვას მოწმის გარემოცვაში. მოვუსმინე მათ სემინარს, სადაც საუბარი ჰქონდათ მართლმადიდებლებზე. ამბობდნენ, რომ მართლმადიდებლები არღვევენ ღვთის მცნებებს, შეცდომას უშვებენ, როდესაც ნათლავენ ახალდაბადებულებს. მათი უხუცესი, რომელიც ამ თემაზე საუბრობდა, 40 წლისა იქნებოდა: მაღალი, მელოტი, დაძაბული თვალები და შეშინებული გამომეტყველება ჰქონდა. ის ნათლობაზე და თავისუფალი ნების წართმევაზე საუბრობდა. მან თქვა, რომ იეჰოველები მხოლოდ მაშინ ინათლებიან, როდესაც ეს მათ თავად სურთ და სრულად აქვთ გაცნობიერებული თავიანთი არჩევანი, ხოლო მართლმადიდებლები ნათლავენ, ისე, რომ არც ეკითხებიან ჩვილს და ამით მას თავისუფლებას ართმევენ. როგორც კი საშუალება მომეცა უხუცესს შევეკითხე, თუ როგორია მათი დამოკიდებულება სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემი თანამოსაუბრე ყველაფერთან ერთად ექიმიც აღმოჩნდა და იმის მოყოლა დაიწყო, რომ დღევანდელი მედიცინის რეალობაში არსებობს უამრავი სხვა საშუალება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სისხლის ნაცვლად შეიძლება იქნეს გამოყენებული. მან ამიხსნა, რომ უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას სისხლის გადაუსხმელობა, ვინაიდან თავისუფლად არის შესაძლებელი პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა სხვა მედიკამენტებით. ამ კაცმა დიდი თავაზიანობა გამოიჩინა და მთელი თავისი ისტორია მომიყვა, ისაუბრა თავისი გამოცდილების შესახებ და ა. შ. როდესაც საუბარი დაასრულა, შევეკითხე, ის, როგორც ექიმი და ამავე დროს მამა, რას იზამდა, თუ დადგებოდა არჩევნის წინაშე და მის პატარას აუცილებლად დასჭირდებოდა სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად და თუ იმ მომენტში ალტერნატიული საშუალება არ იქნებოდა. თანამოსაუბრე ერთ ხანს დაფიქრდა, შემდეგ შემომხედა და ერთმნიშვნელოვნად მიპასუხა, რომ არ გადაუსხამდა და სასიკვდილოდ გაწირავდა, რადგან ბიბლია გვასწავლის, რომ არ უნდა მივიღოთ სისხლი და რადგან მაცხოვარი ამბობს: ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას (ლკ. 9:24).
ლოგიკურად მივყვეთ ამ ტრაგიკული გადაწყვეტილების შინაარსს: "იეჰოვას მოწმეები" ამბობენ, როდესაც მართლმადიდებლები ახალშობილებს ნათლავენ, მათ თავისუფალი ნების უფლებას უკარგავენ, თავისუფალი ნების წართმევა კი ღვთის მცნების დარღვევის ტოლფასია. თუ სისხლის გადასხმის საკითხს ამ თვალსაზრისით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ პატარას არა აქვს გააზრებული თავისი რელიგიური მრწამსი და მშობლები საკუთარი რწმენიდან გამომდინარე, ცალმხრივად ამბობენ უარს მისი სიცოცხლის შენარჩუნებაზე. თვალნათელია, რომ ადამიანის თავისუფლებას უპირველესად ამ სექტის წარმომადგენლები არღვევენ... ამ შემთხვევის გაცნობიერებით მე ვფიქრობ, მათთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ისინი საკუთარ თავს ძალიან მძიმედ უპირისპირდებიან. ერთი მხრივ, მშობლები თუ არ გადაუსხამენ მოზარდს სისხლს, მათი გაგებით, ღვთის მცნებას აღასრულებენ, მაგრამ საკუთარ შვილს სიცოცხლის უფლებას დაუკარგავენ და ეს ყველა უბედურებასთან ერთად, ბავშვის თავისუფალი ნების დარღვევაა (ვინაიდან ცხადია, რომ მოზარდს პატარა ასაკში არ აქვს გააზრებული ის სარწმუნოება, რომლის გამოც სიცოცხლე უნდა დაკარგოს) და ესეც ღვთის მცნების "არა კაც ჰკლა" პირდაპირი დარღვევაა, ხოლო მეორე მხრივ, თუ გადაუსხამენ სისხლს, მაშინაც დაარღვევენ ბიბლიის კანონს, რადგან როგორც ზემოთ განვმარტეთ, მათთვის ეს აკრძალულია. უფრო ნათლად რომ გამოჩნდეს:
იეჰოვას მოწმეს აქვს ორი ვარიანტი:
1) დართოს ნება ექიმებს თავისი შვილისათვის სისხლის გადასხმისა;
2) უარი თქვას ამ პროცედურაზე.
თუ ის პირველს აირჩევს, მაშინ დაარღვევს ღვთის მცნებას (მისი სარწმუნოებიდან გამომდინარე). თუ ირჩევს მეორე ვარიანტს, მაშინ მისი აზრით აღასრულებს ღვთის მცნებას სისხლის მიუღებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ არღვევს უფლის სხვა მცნებას: უკარგავს პატარა ბავშვს (შვილს) თავისუფალ არჩევანს.
შეუძლებელია, რომ სამართლიანმა ღმერთმა ადამიანს არჩევანის საშუალება არ მისცეს, შეუძლებელია, რომ ყველა გზა არასწორი იყოს. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ სწორად ვერ გაგვიგია ღვთის მცნებები. გარდა ამისა, მაცხოვარი ჩვენი პირდაპირ გვეუბნება: "პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს." (მთ. 15:11). ვფიქრობ, იესო ქრისტეს ეს სიტყვებიც საკმარისი უნდა იყოს ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც თავს ქრისტიანად თვლის. ხოლო იმ ხალხზე, ვინც უფლის სიტყვას არ ისმენს, მაცხოვარი ამბობს: "მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან" (მთ.15:14).
დაბოლოს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყრმობის ასაკში მონათლული ადამიანი აბსოლუტურად არ არის შეზღუდული, მას შეუძლია თავისუფლად შეცვალოს თავისი სარწმუნოება და ეს არანაირ პიროვნულ დაბრკოლებას არ უქმნის, ისე როგორც შეუძლია განამტკიცოს თავისი ნათლობა და ღვთის გზას დაადგეს. რაც შეეხება პატარას, რომელსაც მშობლებმა სისხლი არ გადაუსხეს, მას წართმეული აქვს სიცოცხლის უფლება, იმ სიცოცხლისა, რომლითაც ღმერთმა დაასაჩუქრა და აღარ შეუძლია გაგრძელება. თავად განსაჯეთ, ამ ორიდან რომელ შემთხვევაშია დარღვეული ღვთის მცნება?!