"ჩვენ აღმოვაჩინეთ ადამიანთა მონებად ქცევის ხერხები..."
გაგრძელება
"დიანეტიკა" - პოპულარიზებული ფროიდისტული ფსიქოანალიზის, პოპულარიზებული ზოგადი სემანტიკისა და რამდენიმე სხვა წყაროს ნაზავია
, სადაც ჰაბარდის შემაძრწუნებელი არაკომპეტენტურობა მედიცინაში, კონკრეტულად კი - ფსიქიატრიაში, ძალზე თვალშისაცემია. გაგრძელება
წიგნის მთავარი იდეა ფროიდის ადრეული პერიოდის თეორიებიდან გახლავთ ნასესხები: - ჩვენს გონებაში აღბეჭდილი არაცნობიერი მოგონებები ჩვენივე პრობლემების პირველსაწყისია, ამიტომ მათი წაშლა აუცილებელია.
ჰაბარდი ამგვარ მოგონებებს ენგრამებს უწოდებდა და მათგან თავდასაღწევი გზაც გამოიგონა, რომელსაც "აუდიტინგი" დაარქვა.
ამერიკელი ფსიქიატრის, ჯონ გორდონ კლარკის თანახმად, აუდიტინგი სინამდვილეში ადეპტის კონტროლს დაქვემდებარებული ტრანსის მდგომარეობაში შეყვანის ზედმიწევნით შემუშავებული მეთოდია. "მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ვაიძულოთ, თავი სწავლებასთან გააიგივოს... სიყვარულისა და ერთგულების გრძნობები მხოლოდ საენტოლოგიისა და პირადად ლ. რონ ჰაბარდის მისამართით არსებობს".
ზიხართ, თვალები დახუჭული გაქვთ, ხელებში კი თუნუქის ყუთები გიჭირავთ, აუდიტორი კი გეკითხებათ, რა გახსენდებათ ან რას ხედავთ. თქვენ, მაგალითისთვის, იგონებთ, რომ 18 წლის წინ მავანმა დაგიყვირათ, რის გამოც თავი ცუდად იგრძენით. აუდიტორი ამბობს: - კეთილი, ჩაერთეთ ამ მომენტში, ხელახლა განიცადეთ და კვლავ აღწერეთ. ახლა კი გაიმეორეთ (ნათელი ჰიპნოზის ტექნიკა) და თქვენც იმდენჯერ იმეორებთ, სანამ აუდიტორს ელექტრომეტრის ისარი არ აჩვენებს, რომ თურმე, ნუ იტყვით და ყველაფერი წაიშალა...
მას შემდეგ, რაც ყველა მოგონება - ენგრამა წაშლილია, ჰაბარდის სიტყვებს თუ მოვიხმობთ, კლიენტი "ქლირი" ხდება, ანუ, "სუფთა" - სუპერმენი, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილიდან არც ერთი დაავადება არ აწუხებს.
"ქლირს" თურმე უჩვეულო მეხსიერება აქვს, მისი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები საგრძნობლად აღემატება ჩვეულებრივი მოკვდავისას, გარშემომყოფებს სრულად აკონტროლებს და ეს უკანასკნელნიც მისი სურვილისამებრ იქცევიან.
როდესაც ჰაბარდს ასეთი ადამიანების ჩვენება სთხოვეს, მოიყვანა ახალგაზრდა ფიზიკოსი ქალბატონი, რომელიც იმდენად იყო შემცბარი, იმის მიუხედავად, რომ იდეალური მეხსიერების პატრონი უნდა ყოფილიყო, ვერც ერთი ფორმულა ვერ გაიხსენა.
ხალხი დარწმუნდა, რომ ჰაბარდის მიერ მოტანილი სტატისტიკა შეთითხნილი გახლდათ. მოგვიანებით მისი ვაჟიშვილი (პირველი ქორწინებიდან) ამბობდა, რომ ნაშრომთა უმრავლესობას ჰაბარდი ნარკოტიკული თრობისას ქმნიდა, თუმცა, თავად ჰაბარდი მეგობრებს უმტკიცებდა, რომ მის ხელს "იმპერატორი ქალი" მართავდა და "დიანეტიკა" რამდენიმე დღეში შეიქმნა.
მეცნიერებმა ჰაბარდის შეთავაზებული მეთოდის მკაცრი აკადემიური გამოკვლევა ჩაატარეს, რის შედეგადაც ნათელი გახდა მისი სრული უმეცრების შესახებ მეცნიერებაში.
მას შემდეგ ჰაბარდმა ფსიქიატრებიც შეიძულა, ჟურნალისტებიც და მსოფლიოს ის ნაწილიც, რომელმაც მისი სწავლება უარყო.
შემოსავალმა იკლო, თაყვანისმცემლები გაიფანტნენ, ჰაბარდის მეორედ ქორწინებაც დაშლის პირას იყო, მეუღლე მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში, წამებასა და მრავალ სხვა რამეში სდებდა ბრალს, რასაც ჰაბარდმა ჩვეულ სტილში უპასუხა: - დაავლო ხელი მცირეწლოვან ქალიშვილს და კუბაში გადაიხვეწა, საიდანაც გამოძიების ფედერალურ ბიუროს წამდაუწუმ ატყობინებდა, რომ მეუღლე კომუნისტი ჰყავდა... ამ უკანასკნელსაც სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა შვილის დასაბრუნებლად სასამართლოდან სარჩელის გამოტანისა.
ამ ყოველივემ ჰაბარდს ბევრი რამ ასწავლა: - მიხვდა, რომ "ქლირის" მდგომარეობამდე მისასვლელი გზა ბევრად რთული უნდა გამხდარიყო, საგადასახადოს ინსპექტორის თავიდან მოსაცილებლად კი საკუთარი გამოგონებისათვის რელიგიური ხასიათის მინიჭება იყო აუცილებელი. სწორედ ამ დროს გაჩნდა ახალი სახელწოდება "საენტოლოგია", რომელიც აღარ იყო ჰიპნოზის უბრალო ტექნიკა ფსიქოლოგიური ტრენინგის ელემენტებით. მათ გარდა საენტოლოგიამ შეითვისა კროულის ოკულტური იდეები და ნაწყვეტები ჰაბარდის სამეცნიერო-ფანტასტიკურ თხზულებათაგან...
ჰაბარდმა საენტოლოგია რელიგიად გამოაცხადა და რამდენიმე დღეში დაწერა კიდეც სახელმძღვანელო პასტორთათვის, რომელიც ორკვირიანი კურსისათვის იყო გათვლილი. ამის შემდგომ პასტორს თეთრი საყელო და საენტოლოგიური სამკერდე ჯვარი ენიჭებოდა.
ეს სატანისტური სიმბოლო, ჯვარედინად გადახაზული ჯვარი ალისტერ კროულის მიერ შემუშავებული ტაროს ბანქოს გარეკანიდანაა აღებული, რომელშიც ჰაბარდმა სატანისტური სიმბოლიკა გამოიყენა.
ჰაბარდი საენტოლოგიას განმარტავს, როგორც გამოყენებით რელიგიურ ფილოსოფიას, რომელიც სიბრძნესა და სულის მართვის პრაქტიკას ასწავლის. დიანეტიკა - საენტოლოგიის ტექნიკაა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის წევრები, პოლიტიკური მოსაზრებებით ხშირად აცხადებენ, რომ დიანეტიკასა და საენტოლოგიას შორის არავითარი კავშირი არ არსებობს.
საენტოლოგიის გაჩენამდე "დიანეტიკაში" ჰაბარდი წერდა, რომ დიანეტიკა "ნებისმიერ შემთხვევაში, სრული გაჯანსაღების გარანტიას იძლევა", ორიოდ წელში კი განაცხადა, რომ მანამდე არსებული ტექნიკა "ნელი და მდარე" იყო, საენტოლოგიის წყალობით კი "ბრმებს თვალნი აღეხილებათ, მკელობელნი გაივლიან, სნეულნი განიკურნებიან, არანორმალურნი - ნორმალურნი გახდებიან, ნორმალურნი კი - კიდევ უფრო "ნორმალურნი" და აღნიშნა: - "ჩვენ აღმოვაჩინეთ ადამიანთა მონებად ქცევის ხერხები..."
გაგრძელება შემდეგ ნომერში