ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტარული სექტები
"თუ გამდიდრება განიზრახეთ, შექმენით საკუთარი რელიგია"
საენტოლოგიის შესწავლა მისი დამაარსებლის - "ყველა დროისა და ყველა ერის ყველაზე ადამიანური ადამიანის, უდიდესი გენიოსის"
, ლაფაეტ რონალდ ჰაბარდის (1911 - 1986) პიროვნების შესწავლით უნდა დავიწყოთ."თუ გამდიდრება განიზრახეთ, შექმენით საკუთარი რელიგია"
ბევრი ეპითეტის მოსმენა მოგიწევთ მისი "გენიის" შესახებ, რომ ადამიანის სამოღვაწეო ყველა სფეროში წარმატებული გახლდათ: იყო დიდი ფილოსოფოსი, ჰუმანისტი, მოგზაური, კომპოზიტორი, მხატვარი, პედაგოგი, სამხედრო გმირი, ფოტოგრაფი, რეჟისორი და ა. შ.
(გაგრძელება)
კალიფორნიის შტატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, გვარად ბერკენრიჯმა კი 1984 წელს ამგვარად დაახასიათა რონ ჰაბარდი: "სრულიად ნათელია, რომ ეს გახლავთ შიზოფრენიითა და პარანოიით შეპყრობილი ორგანიზაცია და ეს საინტერესო კომბინაცია, როგორც ჩანს, საუკეთესოდ გამოვლინდა მისი დამაარსებლის, რონ ჰაბარდის პიროვნებაში.ამ ადამიანის სახეს ყველა არსებული მოწმობა გვიხატავს: როდესაც საქმე ამ უკანასკნელის ბიოგრაფიას, წარმომავლობასა და მიღწევებს ეხება, იგი, უბრალოდ, პათოლოგიურად ტყუის. გარდა ამისა, წერილობითი საბუთები და დოკუმენტები ათვალსაჩინოებს მის აღვირახსნილ ეგოიზმს, სიძუნწეს, ძალაუფლების ნებისმიერი გზით მოპოვების ჟინს, შურისმაძიებლობასა და აგრესიულობას მათ მიმართ, ვინც, მისი აზრით, მისი პერსონისადმი არასაკმარისად ერთგულნი ან მტრულად განწყობილნი არიან".
საენტოლოგები ჰაბარდის შესახებ კი გიამბობენ, რომ იგი ზღაპრულად მდიდარი ბაბუის რანჩოში დაიბადა, რომელსაც, თურმე, ამ ვრცელი შტატის მეოთხედი ეკავა, ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა უჩვეულო უნარებით, ვიდრე სიარულს ისწავლიდა, ოსტატურად ჯირითობდა, სამწლინახევრისა კი გარეულ მუსტანგებს ხედნიდა: - ქამანდით იჭერდა და არჯულებდა.
რონი ბავშვობაშივე გამხდარა შორიახლოს მკვიდრ "ბლექფუტის" ("შავფეხოსნები") ინდიელთა ტომის ძმანდაფიცი... 12 წლისამ, მათი მტკიცებით, ადამიანის ცნობიერების შესწავლას მიჰყო ხელი, შემდეგ ერთი მეზღვაური გაიცნო, ფროიდის მოწაფე, რომელიც, თურმე, იმდენად აღაფრთოვანა ამ ცნობისმოყვარე მოზარდის გამჭრიახობამ, რომ მას მთელი ფროიდული სიბრძნე გადასცა...
გამოდის, რომ ეს ცოდნა ჰაბარდმა, როგორც იტყვიან, პირველი ხელიდან მიიღო.
იმის შესახებაც გიამბობენ, რომ თოთხმეტიდან ცხრამეტ წლამდე ჰაბარდმა მარტომ იმოგზაურა ჰიმალაის მთების, მონღოლეთის, ინდოეთისა და ტიბეტის ყველაზე მიუდგომელ ადგილებში, სადაც შეხვდა ბრძენკაცებს, რომელნიც თურმე განცვიფრებულნი რჩებოდნენ მისი სიბრძნით და ამიტომ სამყაროს საიდუმლოებებს უზიარებდნენ...
იმ გარემოებას, რომ იმხანად ჩინეთში სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და, აქედან გამომდინარე, იქ მოგზაურობა, განსაკუთრებით, ევროპელთათვის, შეუძლებელი იყო, საენტოლოგებს, როგორც ჩანს, არც გახსენებიათ.
მათივე მოწმობით, 19 წლის ჰაბარდი აშშ-ში დაბრუნდა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც უმაღლესი განათლების ორი ხარისხი მიიღო, მათ შორის დიპლომი ბირთვულ ფიზიკაში...
ამ ამბიდან კი სინამდვილეს მხოლოდ ის შეესაბამება, რომ ჰაბარდი მართლაც 1911 წელს დაიბადა ნებრასკის შტატში. იგი ბაბუამ, სოფლის ვეტერინარმა გაზარდა, რომელსაც არც უშველებელი რანჩო გააჩნდა და არც ზღაპრული ქონება. თანამედროვეთა მოწმობით, ბავშვობაში რონის ცხენების პანიკურად ეშინოდა და რიგითი "სამოსანი" გახლდათ, ამასთან, არც "შავფეხიანთა" ტომის ინდიელები ამოწმებენ მასთან ძმადნაფიცობას და ამბობენ, რომ ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ჰოლივუდში შეთითხნილი ზღაპარია...
ბიჭმა ჩინეთში მხოლოდ ერთხელ, დედასთან ერთად, მამის მოსანახულებლად იმოგზაურა, რომელიც იქ მსახურობდა. მოგზაურობისას რონი დედას არ მოსცილებია და, შესაბამისად, არც ჩინელებთან ჰქონია კონტაქტი.
რაც შეეხება ვაშინგტონის უნივერსიტეტს, ჰაბარდი იქ მართლაც ჩაირიცხა, თუმცა, აკადემიური ჩამორჩენილობის გამო მეორე კურსიდან გაირიცხა... იგი მართლაც ჩაეწერა ბირთვული ფიზიკის კურსზე, მაგრამ გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო, ხოლო მისი შემდგომი ცხოვრება თავგადასავლებითაა აღვსილი...
სინამდვილეში, მის ყოველ მოგზაურობას ერთი მიზანი ჰქონდა: - ფულის შოვნა... გამუდმებით გეგმავდა რაღაცებს, თუმცა, ვერც ერთი განახორციელა... შემდეგ სამეცნიერო-ფანტასტიკური, სათავგადასავლო მოთხრობების შეკოწიწება და იაფფასიან ჟურნალებში გამოქვეყნება იწყო...
ჰაბარდის ოფიციალურ, საენტოლოგიურ ბიოგრაფიაში დაფიქსირებულია მისი საზღვაო ფლოტში გაწვევა ომის დაწყების შემდგომ, სადაც იგი ყველა დროისა და ყველა ერის უდიდეს გმირად იქცა, მარტო, საკუთარი ძალებით ძირავდა იაპონურ ხომალდებს, ომის შემდგომ კი ნაიარევი, თვალისჩინწართმეული და ყველა არსებული თუ არარსებული ჯილდოთი მკერდდამშვენებული ინვალიდობის გამო დაითხოვეს.
ჰაბარდი მართლაც მსახურობდა ომის დროს ფლოტში, მაგრამ ეს დრო თადარიგში დაჰყო და არც ერთი ბრძოლის მონაწილე არ გამხდარა.
ფლოტიდან დათხოვნის შემდგომ მან მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები მიატოვა, რომ "მაგოსნობისთვის" საკმარისი დრო ჰქონოდა. ცნობისათვის, ხსენებული ნეოლოგიზმის ავტორი XX საუკუნის ცნობილი სატანისტი, ალისტერ კროულია. შეგახსენებთ, რომ კროული ოკულტურ-სატანისტური ლოჟის, "აღმოსვლეთის ტაძრის ორდენის" თავკაცი გახლდათ. ხსენებული ლოჟის განყოფილება არსებობდა კალიფორნიაშიც, რომელსაც კროულის მოწაფე, ჯეკ პარსონსი ხელმძღვანელობდა.
ომის დასრულების შემდგომ ჰაბარდი მას დაუმეგობრდა, საავადმყოფოდან გამოწერისთანავე კი მასთან დასახლდა.
თუმცა, ჰაბარდი ჯერ კიდევ ომამდე გაიტაცა ოკულტიზმმა, სწავლობდა ჰიპნოზის ტექნიკას, რაღაც დროით კი როზენკროიცერთა ლოჟის წევრიც გახლდათ. სწორედ ამ დროს ირწმუნა, რომ არსებობს საიდუმლო სული, "იმპერატორი ქალი", რომელიც მასში ისადგურებს და მისი საშუალებით მოქმედებს. კროულის მოთხოვნით, მის "ორდენში" გაწევრების მსურველთ საკუთარი "მფარველი ანგელოზი" (რასაკვირველია, სატანისტური გაგებით) უნდა ეპოვა, რომელთანაც მუდმივი კავშირი ექნებოდა.
ჰაბარდი "ენერგიის შესაქმნელად" სხვადასხვა, ამაზრზენ და გაუკუღმართებულ მაგიურ-სექსუალურ რიტუალებში ჩაერთო, ამ ენერგიას კი ის ქალი უნდა მიეზიდა, რომელშიც უნდა ჩასახულიყო და შობილიყო ბაბალონი (კროულის კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც ანტიქრისტეს ნიშნავს). ამ რიტუალებში კი სამი ადამიანი მონაწილეობდა: - ჰაბარდი, პარსონსი და მისი მეგობარი სარა ნორთრაპი.
მასთან დაახლოებული პირების მოწმობით, ჰაბარდი ცხოვრების ბოლომდე ნარკოტიკებისა და თამბაქოს მონად დარჩა.
XX საუკუნის 40-იანი წლების დასასრულს მუდმივი წარუმატებლობითა და უფულობით დაღლილ ჰაბარდს გაუჩნდა აზრი, რომელსაც შემდგომ ხშირად იმეორებდა: - თუ გამდიდრება განიზრახეთ, შექმენით საკუთარი რელიგია, რადგან ქონების შეძენა ოდენ ამ სფეროში შეიძლებაო....
იდეას ხორცი სულ მალე შეესხა: - 1950 წელს ჰაბარდმა გამოსცა წიგნი "დიანეტიკა: სულიერი ჯანმრთელობის თანამედროვე მეცნიერება" და სწორედ ეს მოვლენა იქცა ახალი საენტოლოგიური ეპოქის საწყისად.
გაგრძელება შემდეგ ნომერში